2004 წელს "ოლიმპიას" წარმატება თუ ბოისას დამსახურება იყო, ამჯერად ამაში წვლილი გიორგიმ შეიტანა

2004 წელს "ოლიმპია" ევროლიგის ტოპ-16-ში ვლადიმერ ბოისამ გაიყვანა - გადამწყვეტ მატჩში ხორვატულ "ციბონას" 26 ქულა ჩაუგდო. მას მერე 6 წელი ისე გავიდა, რომ "ოლიმპიამ" ვერც ერთხელ გადალახა პირველი ეტაპის წინაღობა. ნავსი წლეულს გატყდა - სლოვენიელებმა მილანის "არმანი" "სტოჟიცეს" არენაზე 82:75 დაამარცხეს და ევროლიგის ტოპ-16-ში მოხვდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი შერმადინის გუნდი იანვრიდან ევროპის საუკეთესო 16 კლუბთან ერთად მეორე ჯგუფურ ტურნირში ჩაერთვება და ბრძოლას პლეი ოფის საგზურისთვის განაგრძობს.

2004 წელს "ოლიმპიას" წარმატება თუ ბოისას დამსახურება იყო, ამჯერად ამაში თავისი წვლილი შეიტანა შერმადინმა. მართალია, მან მილანის "არმანისთან" მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, მაგრამ ამ დროში ჟურნალისტების კომპლიმენტიც დაიმსახურა, გულშემატკივრების ოვაციებიც და მატჩის რეპორტაჟის რეჟისორის ყურადღებაც - ბოლო მეოთხედში გიორგის ჩატენვა შეხვედრის ყველაზე ეფექტურ მომენტად აღიარეს. მასპინძელთა მე-16 ნომერმა შერმადინმა 10 წუთში 7 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო) და 2 მოხსნა მოაგროვა. მართალია, მას არასაკმარისი დრო ერგო, მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ მატჩის გადამწყვეტ მომენტში მწვრთნელი ბოლომდე ენდო.

გიორგი მოედანზე პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე შევიდა. ის მეოთხედი "ოლიმპიამ" 21:9 მოიგო. მწვრთნელმა ქართველი ცენტრი სათადარიგოთა სკამზე მე-14 წუთზე დასვა და მეოთხე პერიოდის დასაწყისამდე დაასვენა. როცა შერმადინი მოედანს დაუბრუნდა "არმანი" 57:51-ს იგებდა. ქართველმა ცენტრმა ჯერ ორი საჯარიმო ჩააგდო, შემდეგ ეფექტური ჩატენვა მიითვალა, რასაც ერთი საჯარიმო მიამატა და ანგარიშში სხვაობა ქულამდე შეამცირა - 58:59. თუმცა, "ოლიმპიას" აღმავლობას მცირე ჩავარდნა მოჰყვა - ფინლისა და მანჩინელის აქტიურობის წყალობით "არმანი" 69:60 დაწინაურდა. მატჩის 36-ე წუთზე გიორგიმ მორიგი ჩატენვა მიითვალა, მომდევნო შეტევაში მისმა თანაგუნდელმა გრეგორიმ ორქულიანი გამოიყენა და სწორედ ამ ეპიზოდზე დაიწერა ევროლიგის საიტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში - შერმადინმა და გრეგორიმ "ოლიმპიას" გამარჯვების იმედი დაუბრუნესო.

იმედი რეალობად აქციეს მარკოტამ და იაგოდნიკმა, რომლებმაც სამქულიანებით "ოლიმპია" 74:71 დააწინაურეს. დარჩენილ წუთნახევარში სლოვენიელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში მეხუთე მატჩი მოიგეს. ასევე ხუთი გამარჯვება აქვს გიორგის "მშობლიურ" "პანათინაიკოსს" ("ოლიმპიაში" ათენური გუნდიდანაა განათხოვრებული), მაგრამ რადგან ურთიერთშეხვედრაში ოლიმპიელებმა გაიმარჯვეს, სატურნირო ცხრილს სწორედ სლოვენიელები უდგანან სათავეში. სხვათა შორის, "ოლიმპია" ევროლიგაზე მომდევნო მატჩს საბერძნეთში "პანათინაიკოსთან" ჩაატარებს.

საინტერესოა, როგორ შეხვდება ათენური პუბლიკა ათენში დაბრუნებულ შერმადინს, რომელმაც ლიუბლიანელი ქომაგის პატივისცემა უკვე დაიმსახურა: რამდენიმე ეპიზოდში გიორგის თამაშს ფეხზე წამომდგარი გულშემატკივარი ოვაციებით შეეგება, - ეს ვლადიმერ ბოისას სიტყვებია. მას და შერმადინს ტაში დარბაზის გარეთაც დაუკრეს. ამაზე ინტერვიუში თავად გიორგი მოგვითხრობს. მანამდე გეტყვით, რომ იგი ევროლიგის საამსეზონო რეკორდისკენ მიიწევს - ერთმანეთის მიყოლებით 15 საჯარიმო აქვს ჩაგდებული. "ეფესის" ლიდერმა იგორ რაკოჩევიჩმა უშეცდომოდ ნატყორცნ 15 საჯარიმოს, ბოლო ტურში 2 მიამატა, 17 მოუგროვდა და ქართველ ცენტრს ორით უსწრებს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, აჯობებს თუ არა გიორგი გამოცდილ იგორს, მანამდე შერმადინის ინტერვიუს გავეცნოთ.

- ჩემმა თანაგუნდელებმა მატჩი კარგად დაიწყეს. არც პირველი მეოთხედის ბოლოს შესულ სათადარიგოებს გაგვიფუჭებია საქმე და 21:9 დავწინაურდით. მეორე პერიოდიც სტაბილურად ჩავატარეთ, მესამეში კი ჩავარდნას თავი ვერ ავარიდეთ: დაცვაში გაგვიჭირდა და მილანელებმა რამდენიმე სამქულიანი ჩაგვიგდეს.

- მეოთხე პერიოდში მოედანზე რომ შეხვედი, 6 ქულის სხვაობით აგებდით...

- "მილანთან" მატჩის წაგება არ შეიძლებოდა, ეს ყველას კარგად გვქონდა გაცნობიერებული. მეოთხე პერიოდში მოედანზე შესვლისას ყველანაირად მზად ვიყავი, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ბურთი შესვლისთანავე მოვხსენი, შემდეგ ჯარიმები ჩავაგდე და მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედის შემდეგ დიდი ხნით მომიწია დასვენება, ბოლოს სათანადოდ გავხურდი. მატჩის დასკვნით მონაკვეთში ჩემი გუნდელებიც შესანიშნავად გაისარჯნენ, იაგოდნიკმა და მარკოტამ მნიშვნელოვანი სამქულიანები გამოიყენეს და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

- შენი ერთ-ერთი ჩატენვა მატჩის საუკეთესო მომენტად აღიარეს...

- სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ის ეპიზოდი მწარედ მახსენდება - ჩატენვისას მოწინააღმდეგემ უხეშად ჩამარტყა, რგოლზე ხელი უხერხელად მომიხვდა და თითები ახლაც დალურჯებული მაქვს.

- საქართველოს ნაკრების ყოფილი მეტოქის, ბელგიელი ვან დენ შპიგელის წინააღმდეგ მოგიწია თამაში...

- იგი მილანელებმა შუა სეზონში დაიმატეს. თუმცა, ვერც შპიგელმა და ვერც დანარჩენმა ტანმაღლებმა ფარქვეშ ვერ გვაჯობეს. არადა, "არმანის" ურიგო მეფარეები არ ჰყავს, პირველ მატჩში როკამ ბოლო წუთებზე ხუთი ბურთი მოხსნა, ლიუბლიანაში კი არაფერი გამოუვიდა.

- ტოპ-16-ში გასვლა როგორ აღნიშნეთ?

- დარბაზში 13 ათასი კაცი ეტევა. ევროლიგის თამაშებზე არენა ბოლომდე ივსება (რასაც ვერ ვიტყვი ადრიატიკის ლიგის შეხვედრებზე). მილანის "არმანის" დამარცხებითა და მომდევნო ეტაპზე გასვლით ჩვენი ქომაგი ძალიან გავახარეთ. საოცარი ემოციები იყო. მატჩის შემდეგ გასახდელში შევედით, თუმცა, მალე იაგოდნიკი შემოვიდა და გვითხრა - ისევ მოედანზე უნდა დავბრუნდეთ, ხალხი გველისო. გავედით და მხურვალე ქომაგობისთვის მადლობა გადავუხადეთ. ემოციები რომ ჩაცხრა, მე და ბოისა ჰამბურგერის საჭმელად სახინკლის ტიპის პატარა დაწესებულებაში შევედით (ლიუბლიანაში 22:30 საათისთვის თითქმის ყველაფერი იკეტება). მიახლოვებისას ვოვამ მკითხა - ბევრი ხალხია, შევიდეთო? დაწესებულება კალათბურთიდან წამოსული გულშემატკივრებით იყო სავსე. კარებში ჩვენი შესვლა და ხალხის ფეხზე წამოდგომა ერთი იყო - ტაშით მოგვესალმნენ. საოცარი სანახავი იყო... სურათებისა და ავტოგრაფების გარეშე არავინ დაგვიტოვებია.

გიორგიმ იქვე მოგვიბოდიშა, სატრენაჟორო დარბაზში მეჩქარება, ცოტა ადრე უნდა გავიდე, რომ გზაში არ შევფერხდე, რადგან ლიუბლიანაში დიდი თოვლიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

miriana
კვირას 5 დეკემბერს ტორპედოსპარტაკი.ყველანი სტადიონზე. 18 საათზე
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ