ინგლისმა წააგო - 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდება, თუმცა ბრიტანელები მარცხს ვერ ეგუებიან

ინგლისმა წააგო - 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდება, თუმცა ბრიტანული გაზეთები მარცხს ვერ ეგუებიან. ისინი ფიფას იმ შვიდი ბობოლას ვინაობას ასახელებენ, რომელთაც ფეხბურთის სამშობლოს ხმები აღუთქვეს და მოატყუეს.

რასაკვირველია, ტყუილი ტყუილია, მაგრამ სადღაც, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, ვის უბედავ? როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონსა და პრინც ჰარის ატყუებ, მეტად თავისებური ზნისა და ზურგის მქონე ადამიანი უნდა იყო. თან, ურცხვობის ხარისხი არ მოგწონთ? ქოსატყუილებმა ინგლისის დელეგაციის შეფებს კენჭისყრამდე ორიოდ საათით ადრე უთხრეს, არაფერზე იდარდოთ, ჩვენი ხმები ჯიბეში გეგულებოდეთო, შემდეგ კი მიტრიალდნენ და... როგორც გითხარით, გაერთიანებული სამეფოს პრესა „შესანიშნავ შვიდეულს“ ასახელებს: ფიფას ვიცე პრეზიდენტი ჯეკ უორნერი, ამერიკელი ჩაკ ბლეიზერი, გვატემალელი რაფაელ სალგერო, კორეელი ჩანგ მუნგ-იუნი, კვირპროსელი მარიოს ლეფკარიტისი, თურქი შენეშ ერზიკი, და ჟაკ ანუმა სპილოს ძვლის ნაპირებიდან. საინტერესოა, რომ, გაზეთების თანახმად, ჩამოთვლილთაგან განსაკუთრებული უნამუსობით უორნერი გამოირჩეოდა. მას პრინცისთვის ხელი მოუხვევია და ისე უთქვამს: თქვენ შეგიძლიათ მენდოთ.

პრესა წერს, რომ კენჭისყრის დღეს, ხუთშაბათს დილით, ფიფას აღმასკომის წევრები რუსეთის დელეგაციას შეხვდნენ და, როგორც ჩანს, სწორედ ამ შეხვედრას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან, შუადღისას ჩატარებულ კენჭისყრაზე გაირკვა, რომ 22 ხმიდან ინგლისელებმა მხოლოდ ორი მიიღეს.

აქ, თქვენი ნებართვით ინგლისურ გაზეთებს ერთი წუთით დავხურავთ და რუსულ ინტერნეტ-საიტებს ჩავხედავთ, სადაც წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირისა და შემდგომ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი თავისი ქვეყნის პრემიერს ვლადიმირ პუტინს აქებს - კამპანიის მსვლელობისას ფიფას შეფებს რამდენჯერმე საიდუმლოდ შეხვდაო.

„ჩვენ ამას ვმალავდით, ახლა კი შეგვიძლია ხმამაღლაც ვთქვათ“ - თქვა კოლოსკოვმა და დასძინა, რომ პუტინი მთელი ამ ხნის განმავლობაში 2018 წლის ამბავს ყოველდღიურად კითხულობდა. კოლოსკოვი ამბობს, რომ რუსები სხვებზე უკეთ მიხვდნენ ფიფას პოლიტიკას - მსოფლიოს ჩემპიონატები მუდმივად ხუთ განვითარებულ ქვეყანაში რომ არ უნდა ტარდებოდეს – და განაცხადი კარგ დროს შეიტანეს. თუმცა, განსაკუთრებული მნიშვნელობა შემდგომ მუშაობასა და პუტინის ჩარევას ჰქონდაო, ამბობს საბჭოთა ფეხბურთის ყოფილი ხელმძღვანელი.

თუმცა, ინგლისს დავუბრუნდეთ, სადაც ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე როჯერ ბარდენი თანამდებობიდან გადადგა – ამ ფიფას ვაჭრუკანებთან ურთიერთობა აღარ შემიძლიაო. „ხალხთან, რომელსაც არ ვენდობი, ურთიერთობა ვერ მექნება“, - თქვა მან.

და ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომელმაც ტყუილი არ იკადრა და ინგლისელებს ხმა მისცა? ერთი, რასაკვირველია, თავად ინგლისის წარმომადგენელი ჯეფ ტომპსონი გახლდათ, მეორე კი ან იაპონელი ჯუჯი ოგურა ან კამერუნელი ისა ჰაიატუ. სხვათა შორის, ინგლისში ძალიან გაუკვირდათ თურქი შენეშ ერზიკის საქციელი, რადგან, ის ტომპსონის მეგობარია, რაც, როგორც ჩანს, საქმითაც მრავალჯერ დამტკიცებულა, მაგრამ როდესაც კენჭისყრის შემდეგ მეგობარს თვალი თვალში გაუყარეს, პასუხად მიიღეს ფრაზა, რომელიც ასე ხშირად ისმის ფილმებში მაფიის შესახებ: "პირადი არაფერია, ეს მხოლოდ ბიზნესი იყო".

ამ ისტორიაზე ლაპარაკისას BBC-ის გადაცემა „პანორამას“ და მასთან დაკავშირებულ სკანდალს გვერდს ვერაფრით ავუქცევთ. ჩვენს მკითხველს ამ ამბის დაწვრილებით შეხსენება ნამდვილად არ სჭირდება და ამიტომ მოკლედ ვიტყვით, რომ ხსენებულ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე „პანორამამ“ გადასცა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ფიფას დიდმოხელეებმა, მათ შორის კი ხსენებულმა ჰაიატუმ და უორნერმა ქრთამი აიღეს. ჯამში, ლაპარაკი იყო 66 მილიონ ფუნტზე. თურმე, ციურიხში ინგლისელებისთვის ბევრს უთქვამს, საკუთარმა პრესამ დაგღუპათო, მაგრამ ინგლისური განაცხადის ხელმძღვანელი ენდი ენსონი ამბობს:

„ამის ერთი წუთითაც არ მჯერა. „პანორამის“ ამბავი მხოლოდდამხოლოდ მოხერხებული მიზეზია თავის გასამართლებლად, სინამდვილეში კი ამ ხალხმა რუსეთს ხმა სულ სხვა მიზეზით მისცა“.

უნდა ითქვას, რომ, ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა პირადად უთხრა დევიდ ქემერონს, რომ ტელეგადაცემა კენჭისყრასთან არაფერ შუაშია და ერთი მეორეზე გავლენას ვერაფრით იქონიებდა.

და კიდევ ერთი სასეირო ამბავი: ფიფას ყოფილმა დიდმოხელემ, 40 წლის ამერიკელმა მელ ბრინენმა თავის ზოგიერთ ყოფილ ყოფილ კოლეგას „მექრთამე ტარაკანი“ უწოდა, ხოლო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთვის მიცემას საეჭვო უწოდა. უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა „სანს“ უთხრა:

„დროა ბრიტანეთის, ესპანეთის, აშშ-ის, პორტუგალიის, ჰოლანდიის და სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ლიდერებმა გამოაცხადონ, რომ ფეხბურთი ძალიან მასშტაბური და კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც ნაბიჭვარივით არ უნდა მოვეპყრათ, როგორც ამას ფიფას აღმასკომი აკეთებს. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ფიფას ბობოლებს ყველაზე მეტად მსოფლიოს გამოღვიძების ეშინიათ. სპორტის ბევრმა სახეობამ უკვე გააკეთა ის, რაც ჩვენც უნდა გავაკეთოთ - დაიშალა და თავიდან აღდგა. ამას ძლიერი ნება სჭირდება. ფიფაში მარტო ბლატერები კი არ მუშაობენ. თუ შევუტევთ, ეს ტარაკნები გაიქცევიან“.

სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ