"ნაკრების შედეგით გული არ უნდა დავიმშვიდოთ, თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად დიდი მუშაობა გვმართებს"

ხანგრძლივი და იძულებითი პაუზის შემდეგ ჯაბა კანკავა ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და ქეცბაიას გუნდში სლოვენიაში პირველად ითამაშა. კოპერში ძველებურად მოთამაშე კანკავა ვერ ვიხილეთ და საინტერესოა, როდის ვნახავთ "ძველ ჯაბას". რას ფიქრობს ფეხბურთელი ნაკრებზე, მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- სამშობლოში გერმანიდან დაბრუნდით. იქ რა მიზნით იყავით?

- მიუნსტერში ვიყავი იმ პროფესორთან კონსულტაციაზე, ვინც ბოლო ოპერაცია გამიკეთა. ტკივილები ისევ მაწუხებს და ვარჯიშებზე ზოგჯერ გამაყუჩებელი ნემსით გავდივარ. მაინტერესებდა, ეს ნემსი საზიანო ხომ არ არის, როდემდე უნდა მქონდეს ტკივილი, ტერფში ლითონის ფირფიტაც მაქვს ჩადგმული და რამდენ ხანს უნდა ვიყო ასე. პროფესორმა მითხრა, ტკივილი ბუნებრივი პროცესია და დროა საჭიროო. ფირფიტაზე კი დამამშვიდეს, რაც უფრო დიდხანს გექნება, უკეთესიაო. ერთი სიტყვით, გერმანიიდან გულდამშვიდებული ჩამოვედი.

- ტრავმამ დიდი დრო დაგაკარგვინათ. ზამთრის შესვენებამდე "დნიპროში" თამაშმა არ მოგიწიათ.

- სამწუხაროდ, ეგრეა. თუმცა ერთი მატჩი მაინც ჩავატარე. თასის მერვედფინალში "კრემლინი" სტუმრად 3:0 დავამარცხეთ და მეორე ტაიმი მთლიანად ვითამაშე.

- მწვრთნელმა რა პოზიციაზე გაგამწესათ?

- ორი საყრდენი ნახევარმცველიდან მე უფრო წინ ვიყავი. შეტევებშიც ვერთვებოდი და ბურთის ართმევაც მევალებოდა. ძალიან მოვინდომე, მაგრამ ამდენი გაცდენის შემდეგ ისე ვერ ვითამაშე, როგორც შემიძლია.

- გუნდის ესპანელი მწვრთნელი ხუანდე რამოსი რამდენად გიცნობს, რას გეუბნება ხოლმე?

- მან ყველაფერი იცის ჩემ შესახებ, ისიც, რომ ტრავმების გამო ბევრი გამიცდა და დაშავებამდე ეროვნულ ნაკრებში რომ ვთამაშობდი. მომთხოვნი კაცია, დავალებას კარგად გვიხსნის. საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი არ არის, მაგრამ დიდად კონტაქტურია-მეთქი, ვერ ვიტყვი. რამოსი უფრო ტექნიკურ ფეხბურთზეა ორიენტირებული, მოკლე პასებით თამაში უყვარს, მოსწონს ტექნიკური და სწრაფად მოაზროვნე ფეხბურთელები, თუმცა ბურთის თრევას ვერ იტანს. რაც მთავარია, უკან პასზე მწვავედ რეაგირებს და ფეხბურთელებისგან მხოლოდ პასის წინ გაკეთებას ითხოვს.

- საკუთარი თამაშით კმაყოფილი არ ხართ.

- დიდი დრო გამიცდა და ოპტიმალური ფორმისგან შორს ვარ. ამჟამად შესაძლებლობების 40 პროცენტს ვავლენ და მომზადება მჭირდება.

- უკრაინაში ჩემპიონატი გაზაფხულზე განახლდება. იქამდე მოასწრებთ ფორმის აღდგენას?

- საკმაო დროა და თუ მოსამზადებელ პერიოდი სტაბილურად გავიარე, ფორმასაც აღვიდგენ.

- სლოვენიასთან მატჩისთვის ნაკრებში გამოძახებამდე თემურ ქეცბაია უკრაინაში ტელეფონით გელაპარაკათ. რაზე ისაუბრეთ?

- ქეცბაიამ ჩემი თამაში წლეულს იანვარში, თურქულ შეკრებაზე ნახა. ეს ბოლო ტრავმამდე იყო და მაშინ უკეთ ვიყავი. ანთალიაში ვილაპარაკეთ კიდეც. რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. ოპერაციასა და სარეაბილიტაციო პერიოდზე მკითხა. ვუთხარი, რომ ფორმაში არ ვიყავი, შიგადაშიგ ტკივილი მაწუხებდა და ტკივილგამაყუჩებელ ნემსს ვიკეთებდი. ერთი სიტყვით, პროფესიული საუბარი გვქონდა.

- სლოვენიასთან მატჩსაც მივადექით. როგორ იხსენებთ ამ შეხვედრას?

- თამაშის ხარისხი ისეთი არ იყო, რაც ჩვენს ნაკრებს თუნდაც იმ შემადგენლობით შეუძლია აჩვენოს. თუმცა შედეგის კარგი ეთქმოდა, მით უმეტეს, რომ ვაგებდით და თამაში შემოვაბრუნეთ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ მთავარი შედეგია...

- ერთი წელიწადია, რაც ქეცბაია ჩვენს ნაკრებს ხელმძღვანელობს და ახლა მართლაც შედეგია მთავარი. ამდენი წაგების შემდეგ გუნდის განწყობა უნდა შეიცვალოს, გულშემატკივარი გავახაროთ და სხვა გუნდებმა სათანადოდ დაგვაფასონ. თუმცა შედეგით გული არ უნდა დავიმშვიდოთ, თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად დიდი მუშაობა გვმართებს.

- კოპერში თამაში ცხადია გაგიჭირდებოდათ. მით უმეტეს, სანაკრებო დონე სხვაა.

- გამიჭირდა, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ისეთი მოტივაციაა, რომ მოედანზე თავი არ დამიზოგავს. რაც გამომივიდა, ყველამ ნახა. რა თქმა უნდა, ჩემი თამაშით კმაყოფილი არ ვარ. ბევრად უკეთ შემიძლია. გაზაფხულისთვის ჩვეულ ფორმაში მინდა ვიყო და ნაკრებს მეტად გამოვადგე.

- ნაკრებში თამაშისთვის კლუბში სტაბილურად ასპარეზობაა საჭირო, საამისოდ კი "დნიპროს" ძირითადში ადგილი უნდა დაიბრუნოთ.

- კონკურენცია ბუნებრივი ამბავია, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებ გუნდის სასტარტოში ადგილის დასაბრუნებლად. იმედი მაქვს, ტკივილი ხელს აღარ შემიშლის. თუ ამას შევძლებ და თამაში მომიწევს, ხომ კარგი, თუ არა, მაშინ სხვა გუნდზე მომიწევს ფიქრი.

- "დნიპრო" შეგელევათ?

- ამდენი დრო გამიცდა და ფიზიკურად რაც უნდა კარგად ვიყო, სათამაშო პრაქტიკა მჭირდება. თუ თამაშმა არ მომიწია, ნაკრებშიც ვეღარ მოვხვდები. ამიტომ, თუ შევატყვე, რომ "დნიპროში" თამაში არ მომიწევს, მაშინ სხვა გუნდში გადასვლაზე ვიზრუნებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის