კაჭკაჭთა ახალი მწვრთნელი პრეზენტაციაზე

როგორც მოსალოდნელი იყო, „ნიუკასლ იუნაიტედმა“ თავის ახალ მწვრთნელად ალან პერდიუ დაამტკიცა. მხარეებს შორის ხუთწელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გაფორმდა. პრეზენტაციაზე „ვესტ ჰემისა“ და „ჩარლტონის“ ყოფილმა თავკაცმა თავისი წინამორბედი კრის ჰიუტონი აქო. მან თქვა, რომ ჰიუტონმა „კაჭკაჭებს“ უდიდესი საქმე გაუკეთა - ქვედა ლიგიდან პრემიერლიგაში აღაზევა, შემდეგ კი ხელები მოიფშვნიტა - ერთი სული მაქვს შაბათი როდის დადგება და „ლივერპულს“ როდის შევხვდებითო.

„ლელოს“ მკითხველისთვის ცნობილია, რომ „ნიუკასლის“ ფანებს მწვრთნელად პერდიუს დანიშვნა სულაც არ უნდოდათ. „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ ჰიუტონი უყვარდათ, რომლის მოხსნამ ყველა გააღიზიანა – გულშემატკივარიცა და ფეხბურთელიც - ხოლო როდესაც ცნობილი გახდა რა ხნით დაუდეს ახალ ბოსს ხელშეკრულება, ინგლისური გაზეთების თქმით, მთელმა ქალაქმა წარბები აზიდა.

ასეთი წინაისტორიის შემდეგ პრეზენტაციაზე პერდიუს ფანების მოთაფვლის გარდა სხვა გზა არ რჩებოდა. მან თქვა: ვიცი, აქაურებს შემტევი და შემოქმედებითი ფეხბურთი რომ უყვართ და გუნდს სწორედ ასე ვათამაშებო. „ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი სათავეში ჩავდგომოდი ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიად წარმომადგენელს, „ნიუკასლ იუნაიტედს“ – თქვა პერდიუმ –ძალიან კარგად მესმის რასაც ნიშნავს „ნიუკასლი“ მისი გულშემატკივრისთვის. განა მარტო ინგლისში, მთელ დედამიწაზე იციან, რომ „ნიუკასლს“, მრავალი მიზეზის გამო, საფეხბურთო სამყაროში საგანგებო ადგილი უჭირავს. ამ გუნდს სხვათაგან, განსაკუთრებით, ფანობა გამოარჩევს. „ნიუკასლის“ გულშემატკივარი ერთგულებითა და ჟინით, აღტაცებით არის ცნობილი.

არ შემიძლია არ ვთქვა კრის ჰიუტონზეც, რომელმაც გასულ სეზონში უდიდესი სამსახური გასწია. მისი ხელმძღვანელობით გუნდი პრემიერლიგას დაუბრუნდა. ის მიმდინარე სეზონშიც ჩინებულად მუშაობდა. ახლა, ჩემი ამოცანა მის ჩაყრილ საძირკველზე ახალი „ნიუკასლის" აშენებაა.

მე ჯორდი არ ვარ, მაგრამ ფეხბურთის კაცი გახლავართ და გარწმუნებთ, საქმისადმი ერთგულება არ მესწავლება. სადაც კი მიმუშავია, ჩემს გუნდებს შემტევი ფეხბურთი უთამაშიათ და ვფიქრობ, ეს სწორედ ის არის, რაც „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე უნდათ. გარდა ამისა, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი ხელი შევუწყო „ნიუკასლის“ საყმაწვილო აკადემიის მოსწავლეთა ფეხბურთელებად ჩამოყალიბების პროცესს. ვიცი, რომ კლუბის დირექტორატს ადგილობრივი კადრების აღზრდა მიზნად აქვს დასახული და ამას დიდ ყურადღებას აქცევს. ერთი სიტყვით, ვერ ვითმენ ისე მინდა საქმეს შევუდგე და შაბათს „ლივერპულს“ შევებრძოლო “.

49 წლის პერდიუ „ნიუკასლ იუნაიტედის“ მესაკუთრის, მაიკლ ეშლის კარგი ნაცნობია. სწორედ ამიტომ დაწერეს ინგლისელმა ბუქმეიქერებმა იგი ფავორიტად კრის ჰიუტონის შემცვლელთა შორის. პერდიუს გარდა პრეტენდენტებად მოიხსენიებდნენ მარტინ ო’ნილსა და მარტინ იოლს. ტაბლოიდებისთვის ცნობილი გახდა, რომ პერდიუ „კაჭკაჭების“ შეფებს ოთხშაბათს, გოლფკლუბ „სლეილი ჰოლში“ შეხვდა და საკონტრაქტო დეტალებზე მოილაპარაკა. ცნობილი გახდა, რომ აგვისტოში „საუთჰემპტონიდან“ გაშვებულ სპეციალისტს „ნიუკასლში თავისი ძველი ასისტენტების მოწყობაც უნდოდა, მაგრამ ეშლიმ და მისმა კამპანიამ უარი უთხრა. გაზეთებმა დაწერეს, რომ ადრე პერდიუს მარჯვენა ხელი იყო პიტერ გრანტი, რომელიც შემდეგ „ბირმინგმში“ ალექს მაკლიშის ასისტენტი გახდა. მის გარემოცვაში იყო აგრეთვე უოლი დაუნესი, რომელიც „ვესტ ჰემში“¬ ავრამ გრანტის თანაშემწეა. გარდა ამისა, პერდიუს ყოველთვის მხარში ედგნენ მისი ფავორიტი დიეტოლოგები, მასაჟისტები და ვიდეოანალიტიკოსები.

ამასთან დაკავშირებით, ინგლისური გაზეთები იხსენებენ მაიკ ეშლის პირველ გაკვირვებას, როდესაც „ნიუკასლში“ ახალმისულმა თანადებობიდან სემ ელერდაისი გაუშვა და აღმოაჩინა, რომ მასთან ერთად ადამიანთა მთელი ჯგუფისთვის ჰქონია კომპენსაცია გადასახდელი... კეთილი, მაგრამ, თუკი პერდიუს თავისი ხალხის მიყვანაზე უარი უთხრეს, ვინ იქნება, ვთქვათ, მისი ასისტენტი? ამბობენ, რომ ახალი მწვრთნელის თანაშემწეობას გაუწევს „ნიუკასლ იუნაიტედის“ ოდინდელი ვარსკვლავი, ადამიანი, რომელიც გუნდს ჰიუტონის გაშვების შემდეგ ავარჯიშებდა, პიტერ ბერდსლი. რაგინდ უცნაურად უნდა გეჩვენოთ, ჰიუტონი ბერდსლის ვერ იტანდა და ყველა ღონეს ხმარობდა „სენტ ჯეიმსი’ზ პარკის“ ყოფილი ფავორიტი გუნდს ახლოს რომ არ გაკარებოდა, მან კი, როგორც ხედავთ, მაინც მოახერხა ძირითად შემადგენლობასთან მიახლოება. ეს ამბავი პერდიუს ხელს აძლევს – ასეთ პირობებში მისთვის რომელიმე ადგილობრივი გმირის მეგობრობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სხვათა შორის, ბერდსლის გარდა ადგილობრივ ვარსკვლავთაგან ახალი თავკაცის გარემოცვაში ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სტივ სტოუნიც იქნება.

დაიწერა, რომ პერდიუსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის ხელფასის თაობაზე ვაჭრობა ფაქტობრივად არ გამართულა: ახალ თავკაცს ეშლიმ და კამპანიამ იმდენივე შესთავაზა, რამდენსაც ჰიუტონს უხდიდნენ – წელიწადში 450 ათასი ფუნტი. თუმცა, პრობლემამ შესაძლოა სხვაგან წამოჰყოს თავი: კერძოდ გასახდელში, სადაც პერდიუს ჰიუტონის წასვლით გაღიზიანებული მოთამაშეები დახვდებიან. დიდი ჯაფა ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდის ენდი ქეროლის შენარჩუნებას დასჭირდება. მოდის იანვარი, გაიხსნება სატრანსფერო ბაზარი და ქეროლს თავგზის აბნევას „მანჩესტერ იუნაიტედი“ , „ტოტენჰემ ჰოთსპური“, „ჩელსი“ და სხვები დაუწყებენ...

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა