სერია ა-ს ყველა დროის 100 საუკეთესო ლეგიონერის არჩევისას იტალიელებს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუხდათ

გუშინ ჟურნალ "გუერინ სპორტივოს" მიერ შედგენილი ასი იტალიელი ფეხბურთელის სია გაგაცანით, რომლებმაც აპენინების ფარგლებს გარეთ გამოიჩინეს თავი. გაცილებით რთული შესადგენი აღმოჩნდა იტალიის სერია ა-ში მოთამაშე ლეგიონერების რეიტინგი. 100 საუკეთესოს არჩევისას იტალიელებს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწიათ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი ვარსკვლავი მათ უბრალოდ დაავიწყდათ, მაგალითად, ბოლო 15 წლის განმავლობაში "ინტერის" კაპიტანი და სიმბოლო, არგენტინელი ხავიერ ძანეტი ან ჩილელი ივან სამორანო.

ასე იწყებოდა

თავიდან იტალიაში ბრიტანელები გამოჩდნენ, რომლებმაც "ჯენოას" კალჩოში ხანგრძლივი ჰეგემონია მოუტანეს, შემდეგ მოვიდნენ შვეიცარიელები - მათ მილანური კლუბები გააძლიერეს. 20-იან წლებში კალჩოში გარკვეული წესი დამკვიდრდა - შემოიღეს პროფესიონალიზმი და დაწესდა აკრძალვა ლეგიონერებზე. მაგრამ გამოინახა "შემოვლითი" გზა სახელწოდებით - "ორიუნდი". ასე უწოდებდნენ იტალიური ფესვების მქონე სამხრეთამერიკელებს, რომლებსაც მათი წინაპრების სამშობლოში თამაშის უფლებას აძლევდნენ. მიჩნეულია, რომ პირველი მათგანი გახდა არგენტინელი ცენტრფორვარდი ხულიო ლიბონატი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში "ტორინოს" შემადგენლობაში გამოდიოდა. მაგრამ უფრო მეტ პოპულარობას იტალიაში სხვა არგენტინელებმა მიაღწიეს, განსაკუთრებით მცველმა ლუის მონტიმ და თავდამსხმელმა რაიმუნდო ორსიმ - ისინი ტურინის "იუვენტუსში" თამაშობდნენ და ქვეყნის ხუთგზის ჩემპიონები გახდნენ, "რომას" კიდევ ერთ არგენტინელ ენრიკე გუაიტასთან ერთად კი 1934 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს. 1938 წლის მუნდიალზე თავი გამოიჩინა კიდევ ერთმა "ორიუნდიმ" - "ბოლონიას" ურუგვაელმა ნახევარმცველმა მიკელე ანდრეოლომ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აპენინებზე სკანდინავები შემოვიდნენ მოდაში - 1948 წლის ოლიმპიადაზე შვედების "ოქროსა" და დანიის "ბრინჯაოს" შემდეგ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა შვედების შემტევი ტრიო გრე-ნო-ლი (გუნარ გრენი, გუნარ ნორდალი და ნილს ლიდჰოლმი), რომელმაც "მილანს" არაერთი დიდი გამარჯვება მოუტანა. გარდა ამისა, ნორდალი დღემდე რეკორდსმენია სერია A-ში შედეგიანობის მხრივ.

თავი გამოიჩინეს სხვა ფეხბურთელებმაც, ძირითადად თავდამსხმელებმა: შვედმა ლენარტ სკოგლუნდმა და უნგრელმა იშტვან ნიერშმა ("ინტერი"), ურუგვაელმა მსოფლიოს ჩემპიონებმა - ხუან ალბერტო შიაფინომ ("მილანი") და ალსიდეს ხიგიამ ("რომა"), ბრაზილიელმა ჟულინიომ და არგენტინელმა მიგელ მონტუორიმ ("ფიორენტინა"), არგენტინელმა ომარ სივორიმ და უელსელმა გიგანტმა ჯონ ჩარლზმა ("იუვენტუსი"), ბრაზილიელებმა ჟოზე ალტაფინიმ და დინო სანიმ ("მილანი"), ესპანელებმა ლუის სუარესმა ("ინტერი") და ლუის დელ სოლმა ("იუვენტუსი").

თუმცა ვარსკვლავების გარდა, იტალიაში ჩაჰყავდათ მოთამაშეები, რომლებსაც ფეხბურთზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ. ამან ასახვა ჰპოვა იტალიის ნაკრების თამაშზე. რაც უფრო კარგად თამაშობდნენ ლეგიონერები, მით უფრო სუსტად გამოიყურებოდა "სკუადრა აძურა". ბოლო ზღვარი აღმოჩნდა მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატი, სადაც იტალიელებმა სსრკ-სა და ჩრდილოეთ კორეის ნაკრებებთან წააგეს და ჯგუფში ჩარჩნენ. ამის შემდეგ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალ ლეგიონერებზე აკრძალვა შემოიღო.

საზღვრების გახსნა

ამ აკრძალვის გაუქმებას დიდხანს ცდილობდნენ კლუბები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩემპიონატებსა და ევროთასებზე საკუთარი გამოსვლით იყვნენ დაინტერესებულნი. 1980-81 წლებში ლეგიონერები ისევ გამოჩდნენ სერია ა-ში. ესენი იყვნენ - ავსტრიელი ჰერბერტ პროჰაზკა "ინტერში", რომელიც 38-ე ადგილზეა 100 საუკეთესოს შორის, ირლანდიელი ლაიამ ბრეიდი (34) "იუვენტუსში", ბრაზილიელი ფალკაო (4) "რომაში", ჰოლანდიელი მცველები - მიკაელ ვან დე კორპუტი ("ტორინო") და რუუდ კროლი ("ნაპოლი", 67). მაგრამ ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი "ფიორენტინამ" განახორციელა - მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი, არგენტინელი თავდამსხმელი დანიელ ბერტონი (88) გადაიბირა. ფორვარდმა ფლორენციელებს ჩემპიონობა ვერ მოუტანა - 1981-82 წლების სეზონში მათ ქულა არ ეყოთ სკუდეტომდე. ჩემპიონი კი "იუვენტუსი" გახდა, თანაც ბოლო თამაშში გადამწყვეტი გოლი ბრეიდიმ გაიტანა.

შემდეგ მოკრძალებულ "უდინეზეში" გამოჩნდა სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი - 30 წლის ზიკო (15) და 19 გოლით მეორე ადგილი დაიკავა ბომბარდირთა დავაში. ერთი გოლით გაუსწრო მას მიშელ პლატინიმ (2), რომელთან ერთადაც "იუვენტუსში" თამაშობდნენ პოლონელი ზბიგნევ ბონეკი (31) და დანიელი მიკაელ ლაუდრუპი (64). პლატინიმ მოიგო ყველა იტალიური თუ ევროპული ტიტული. გარდა ამისა, ევროპის 1984 წლის ჩემპიონი სამჯერ გახდა "ოქროს ბურთის" მფლობელი. მოგვიანებით "რომაში" გადასული ბონეკის ანგარიშზე ნაკლები გამარჯვებები იყო, მაგრამ ის მხოლოდ პლატინისთან შესაშური ურთიერთშეთამაშებით არ ყოფილა გამორჩეული. სწორედ მისმა გოლმა გადაწყვიტა 1984 წელს თასების თასი ფინალში "იუვენტუსისა" და "პორტუს" დაპირისპირების ბედი. მანვე გამოიჩინა თავი ტურინელების მიერ მოგებულ ევროპის სუპერთასის ფინალში. მაგრამ შემდეგ სეზონში "იუვემ" წაიფორხილა და ამის მიზეზი მოკრძალებული "ვერონა" გახდა, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და იტალიის ჩემპიონობა მოიგო. ოსვალდო ბანიოლის ხელმძღვანელობით მან ბრწყინვალე გუნდური თამაში აჩვენა, ყველაზე მეტი კომპლიმენტი კი გუნდის ლეგიონერებს - გერმანელ ჰანს-პეტერ ბრიგელსა (43) და დანიელ პრებენ ელკიაერ-ლარსენს (53) ერგოთ. ქრესტომატული გახდა გოლი, რომელიც დანიელმა "იუვენტუსს" ფეხშიშველმა გაუტანა.

90-იანების ტრიუმფი

გასული საუკუნის 90-იანი წლები ევროპაში იტალიური კლუბების აშკარა უპირატესობით წარიმართა, რაშიც ლეგიონერების დიდი დამსახურებაა. "მილანის" რიგებში ბრწყინვდა ჰოლანდიური ტრიო: რუუდ გულიტი (6) - მარკო ვან ბასტენი (3) - ფრანკ რაიკაარდი (11). შემდეგ გამოჩნდა ბალკანური დუეტი: ზვონიმირ ბობანი (36) - დეიან სავიჩევიჩი (29), ამას მოყვნენ ფრანგები: ჟან-პიერ პაპენი (72), მარსელ დესაი (28) და პატრიკ ვიეირა (47), ლიბერიელი ჟორჟ ვეა (19) და სხვები. თავისი ვარსკვლავები "ინტერსაც" ჰყავდა, ძირითადად გერმანელები - კარლ-ჰაინც რუმენიგე (60), ანდრეას ბრემე (32), ლოთარ მათეუსი (13), იურგენ კლინსმანი (61). მაგრამ ერთი სკუდეტო (1989) 15 წლის განმავლობაში - ძალიან ცოტაა სახელოვანი გრანდისთვის.

"იუვენტუსმა" 90-იანების მეორე ნახევარში შეძლო "მილანის" ჰეგემონიის დამხობა, როცა "ბოსმანის საქმის" გამო შესამჩნევად გამოცოცხლდა სატრანსფერო ბაზარი. მაშინ ტურინული კლუბის შემადგენლობაში თამაშობდნენ გერმანელი იურგენ კოლერი (40), პორტუგალიელი პაულო სოუზა (37), ურუგვაელები პაოლო მონტერო (26) და დანიელ ფონსეკა (45), ბალკანელები ვლადიმირ იუგოვიჩი (41) და ალან ბოქშიჩი (23), ფრანგები დიდიე დეშამი (24) და ზინედინ ზიდანი (7). 1996 წელს ზიდანს ჯერ არ მოეპოვებინა დიდება. უფრო მეტიც, "ბაიერნსა" და "ბორდოს" შორის უეფას თასის ფინალის სანახავად მისულმა "მილანის" სელექციონერებმა არა ზიზუს, არამედ კრისტოფ დუგარის დაადგეს თვალი.

შთამბეჭდავად გამოიყურებოდა "პარმა", რომელმაც 90-იან წლებში ორ-ორჯერ მოიგო იტალიის თასი და უეფას თასი და თითოჯერ - იტალიისა და ევროპის სუპერთასი. გუნდში თამაშობდნენ შვედი ტომას ბროლინი (62), ბრაზილიელი მეკარე კლაუდიო ტაფარელი (94), კოლუმბიელი ფაუსტინო ასპრილია (93), არგენტინელები ნესტორ სენსინი (46), ერნან კრესპო, ხუან სებასტიან ვერონი (16) და აბელ ბალბო (50), ფრანგი ლილიან ტურამი (20).

ცნობილი ლეგიონერები სხვა გუნდებშიც თამაშობდნენ, მაგრამ ნაკლები რაოდენობით, ვიდრე გრანდებში. ასე მაგალითად, "ფიორენტინაში" ჯერ კიდევ 80-იან წლებში ირიცხებოდნენ ბრაზილიელი სოკრატესი და არგენტინელი დანიელ პასარელა (68), შემდეგ ბრაზილიელები - დუნგა (66) და ედმუნდო (99), ლეგენდარული არგენტინელი ბომბარდირი გაბრიელ ბატისტუტა (14), აგრეთვე პორტუგალიელი რუი კოშტა (17). სწორედ ბატისტუტასთან და რუი კოშტასთან არის დაკავშირებული იმ წლებში "ფიორენტინას" მთავარი წარმატება - იტალიის თასი და სუპერთასი.

ლეგიონერებით გაძლიერდნენ რომაული კლუბები, რამაც ასევე მოიტანა შედეგი. "ლაციალემ" სკუდეტო 2000 წელს მოიპოვა, "რომამ" - ერთი წლის შემდეგ. "ლაციოს" შემადგენლობაში სხვადასხვა წლებში თამაშობდნენ ურუგვაელი რუბენ სოსა (52), გერმანელი კარლ-ჰაინც რიდლე (70), ინგლისელი პოლ გასკოინი (98), შვედი კენეტ ანდერსონი (74), სერბები - ბოქშიჩი, სინიშა მიხაილოვიჩი (27) და იუგოვიჩი, ჩეხი პაველ ნედვედი (12), ჩილელი მარსელო სალასი (30), არგენტინელი მატიას ალმეიდა (44). მაგრამ მხოლოდ სამი არგენტინელის - ვერონის, დიეგო სიმოენესა (42) და სენსინის მისვლის შემდეგ გახდა "ლაციო" იტალიის ჩემპიონი. დაახლოებით იგივე მოხდა "რომაში", რომლის რიგებშიც სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთელები თამაშობდნენ: ბონეკი, გერმანელი რუდი ფიოლერი (59) და ტომას ჰესლერი (89), 13 წლის განმავლობაში დაცვის ლიდერი და სიმბოლო ბრაზილიელი ალდაირი (13), მისი თანამემამულეები კაფუ (21) და ემერსონი (35), არგენტინელები კლაუდიო კანიჯა (92), ბალბო (50) და ვალტერ სამუელი, სერბი მიხაილოვიჩი, ურუგვაელი ფონსეკა, იაპონელი ჰიდეტოში ნაკატა (87). მაგრამ წარმატების მისაღწევად გუნდს რაღაც აკლდა და ეს "რაღაც" ფაბიო კაპელომ იპოვნა - "ფიორენტინადან" შეიძინა "ბატი-გოლი", რომლის 20 გოლმა დიდი წვლილი შეიტანა 2000-01 წლების სეზონის ტრიუმფალურად დასრულებაში.

10 საუკეთესოს შორის პლატინის (2), ვან ბასტენის (3), ფალკაოს (4), გულიტის (6) და ზიდანის (7) გარდა "მილანის" ოთხი ფეხბურთელი მოხვდა. ეს არის ბრაზილიელი რონალდო (5), რომელიც ორივე მილანურ კლუბში თამაშობდა, მაგრამ მაინც სკუდეტოს გარეშე დაასრულა იტალიური კარიერა. "ფენომენისთვის" ერთგვარი კომპენსაცია გახდა "ინტერთან" ერთად 1998 წელს მოგებული უეფას თასი და ფინალში გატანილი გოლი. უფრო მეტს მიაღწია ბრაზილიელმა კაკამ (8), ვინც "მილანის" შემადგენლობაში ჩემპიონიც გახდა, 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და "ოქროს ბურთის" მფლობელი. მეცხრე ადგილზეა უკრაინელი ანდრეი შევჩენკო - იტალიის ჩემპიონი (2004) და სერია A-ს ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (2000 და 2004). ერთგვარი რეკორდი ეკუთვნის შვედ ზლატან იბრაჰიმოვჩს (9): სადაც არ ითამაშა იბრამ, თავის გუნდთან ერთად ყველგან ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო. იტალიაში ასე მოხდა ჯერ "იუვენტუსის", შემდეგ კი "ინტერის" შემადგენლობაში. ახლა ზლატანი იგივეს გაკეთებას "მილანთან" ერთად ცდილობს.

მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ კალჩოს ლეგიონერთა ამ უდიდეს არმიაში პირველ ადგილზე არგენტინის ნაკრებისა და "ნაპოლის" ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა უნდა იყოს.

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია