საქართველოს ნაკრებისა და "ვოივოდინას" ნახევარმცველით "პანათინაიკოსი" და "ოლიმპიაკოსი" დაინტერესდნენ

საქართველოს ნაკრებისა და სერბული "ვოივოდინას" ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა კლუბში პირველი წრე დაასრულა და საშობაო არდადეგებზე სამშობლოში დაბრუნდა. ჩვენებური ექვსი გოლით შეეშველა გუნდს. საინტერესოა, მერებაშვილი კარიერას ისევ სერბეთში გააგრძელებს თუ სხვა ლიგას მიაშურებს - როგორც გავიგეთ, მისით "ვოივოდინაზე" უკეთესი კლუბები დაინტერესდნენ.

- ჩემპიონატის პირველი ნახევარი დადებითად შეფასდა. 32 ქულით მესამე ადგილზე ვართ. "პარტიზანსა" და "ცრვენა ზვეზდას", შესაბამისად, 8 და 3 ქულით ჩამოვრჩებით. ლიდერი "პარტიზანი" შინ 2:0 დავამარცხეთ, "ცრვენა ზვეზდასთან" კი 2:2 ვითამაშეთ. თასის მეოთხედფინალში "იაგოდინო" დავამარცხეთ და ნახევარფინალში ლიგის დებიუტანტ "სევოინოს" ვეთამაშებით. წყვილში ფავორიტებად მიგვიჩნევენ და ეს შედეგით უნდა დავამტკიცოთ. ფინალში გასვლის შემთხვევაში "პარტიზანსა" და "ცრვენა ზვეზდას" შორის გამარჯვებულთან მოგვიწევს დაპირისპირება.

შედეგს თითქმის ახალი გუნდით მივაღწიეთ. გასულ სეზონს თუ შევადარებთ, მწვრთნელის გარდა, ექვსი-შვიდი ახალი ფეხბურთელი გვყავს.

- 14 შეხვედრაში ექვსი გოლი - ამ შედეგით კმაყოფილი ხართ?

- მეტიც შემეძლო. ყველა მატჩში გატანის მინიმუმ ორი შანსი მქონდა, მაგრამ ყველა მომენტი გოლით არ მთავრდება. ექვსი გოლიდან წყვილი დუბლია, "სმედერევოსთან" (4:1) და "იავორთან" (2:0) ორ-ორი ბურთი გავიტანე. ისე კი, "ვოივოდინადან" ყველაზე მეტი გოლი ჩემს ანგარიშზეა, ლიგის ბომბარდირებში კი მესამე ადგილზე ვარ.

- თავიდან პრობლემები გქონდათ, არ გათამაშებდნენ.

- მართლაც მძიმე პერიოდი მქონდა და მის დაძლევაში მეგობრები, "დინამოს" ქომაგები, ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები დამეხმარნენ. ინტერნეტფორუმებსა და ელექტრონულ ფოსტაზე ვნახულობდი მათ ნაწერს და ეს მამხნევებდა, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. თუმცა ეს პრობლემა წარსულს ჩაბარდა. ახალი მწვრთნელი ზორან მილენკოვიჩი მენდობა და ჩემი იმედი აქვს. მწვრთნელის ნდობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი სტიმულია და მეც ყველანაირად ვცდილობ, გავუმართლო.

- თქვენს შესაძლო ტრანსფერზე სეზონის დაწყებამდე, ზაფხულშიც იყო ლაპარაკი. ვერსიები ახლაც გავრცელდა. "ვოივოდინაში" გააგრძელებთ კარიერას თუ გუნდს შეიცვლით?

- საშობაო არდადეგები მაქვს, ვისვენებ და სხვა არაფერზე ვფიქრობ. დავრჩები თუ წავალ, ჯერ ამას გადაჭრით ვერ გეტყვით.

- კლუბთან კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?

- წლინახევრის შემდეგ, მაგრამ, თუ რეალური წინადადება იქნება უკეთესი ქვეყნის კარგი გუნდიდან, არა მგონია, "ვოივოდინამ" შემაფერხოს. როგორც გავიგე, ჩვენი გუნდიდან ფეხბურთელები იტალიიისა და გერმანიის გუნდებში გაუშვეს, მათ კი კლუბთან ხელშეკრულების არცთუ მცირე სახელშეკრულებო ვადა ჰქონდათ დარჩენილი.

- გავიგეთ, რომ სამი კარგი გუნდი დაინტერესდა თქვენით - ბერძნული გრანდები, "ოლიმპიაკოსი" და "პანათინაიკოსი" და ისრაელის ჩემპიონი თელ ავივის "ჰაპოელი". დავიჯერო, არაფერი გსმენიათ?

- თითქმის კვირაა, რაც სამშობლოში დავბრუნდი და არც ამ კლუბებიდან და არც "ვოივოდინადან" არავინ დამკავშირებია. თუმცა, თანაგუნდელებს რომ დავურეკე სერბეთში, მითხრეს, "ოლიმპიაკოსი" და "პანათინაიკოსი" არიან შენით დაინტერესებული და ეს სერბულმა გაზეთებმა დაწერესო. "ჰაპოელის" შესახებ კი არაფერი მსმენია.

- მეტიც ვიცი, ბერძნულმა კლუბებმა "ვოივოდინას" ოფიციალური წერილითაც კი მიმართეს, მერებაშვილზე მოლაპარაკებები დავიწყოთო.

- თუ ასეა, ამას რა ჯობს, მაგრამ, გითხარით, ჯერ არაფერი ვიცი.

- თქვენი სატრანსფერო ფასი ერთი მილიონი ევროა. კლუბთან წლინახევრის შემდეგ გიმთავრდებათ კონტრაქტი. როგორ ფიქრობთ, "ვოივოდინა" თქვენს სანაცვლოდ მილიონზე გაცილებით მეტს მოითხოვს?

- არა მგონია, მილიონ ევროდ შემელიონ. ალბათ, ამ თანხას 300 ან 500 ათასს დაამატებენ. თუმცა, თუ ინტერესი სერიოზულია, მაშინ მოლაპარაკების პროცესში თანხის დაკლებაც შეიძლება.

- თუ ბერძნულმა კლუბებმა "ვოივოდინას" თქვენს თაობაზე უკვე მიმართეს, როდისთვის უნდა ველოდოთ ამ საკითხის გარკვევას?

- თუ საქმე სერიოზულადაა, მაშინ დეკემბერში თუ არა, იანვრის პირველ ნახევარში მაინც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. თუმცა, ხომ გახსოვთ, "დინამოდან" "ვოივოდინაში" სატრანსფერო პერიოდის მიწურულს გადავედი.

- ახლა ნაკრებზე ვისაუბროთ. ლატვიასთან განაცხადში არ იყავით, სლოვენიასთან კი არ გამოგიძახეს. ეროვნულში ბოლოს მალტასთან საშინაო შეხვედრაში ითამაშეთ - პირველად იყავით სასტარტო შემადგენლობაში. თქვენი თამაშით კმაყოფილი ხართ?

- ყოველი მატჩის შემდეგ ვაანალიზებ საკუთარ თამაშს. ზოგჯერ ჩანაწერსაც ვუყურებ ხოლმე და დასკვნები გამომაქვს. მალტასთან ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და ძალიან მინდოდა, კარგად მეთამაშა, მაგრამ... დღემდე ვერ ამიხსნია, რატომ, აშკარაა, თამაში არ წამივიდა და უკმაყოფილო ვარ. ამ მატჩის შემდეგ გაზონის საშინელ მდგომარეობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ბუნებრივია, ამანაც იქონია გარკვეული გავლენა როგორც ჩემს, ასევე გუნდის თამაშზე, მაგრამ გასამართლებელ მიზეზს ნამდვილად არ ვეძებ, უკეთ თამაში მმართებდა. არადა, კარგ ფორმაში ვიყავი, ამ მატჩამდე "პარტიზანს" გავუტანე და "ვოივოდინაში" კარგი შეხვედრები ჩავატარე, თუმცა ნაკრებში ჩემი თამაში ვერ ვაჩვენე.

- 15 მატჩი ეროვნულ გუნდში და არც ერთი გოლი. ნაკრებში გოლების ანგარიშს როდის გახსნით?

- ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერ შევძელი. რა თქმა უნდა, ამით უკმაყოფილო ვარ და ყველანაირად შევეცდები, შანსის მოცემისთანავე პირველი ბურთი გავიტანო ნაკრებში და მერე კიდევ არაერთი მივითვალო.

- ზოგი ამბობს, მერებაშვილს ნაკრებში მარჯვენა ფრთაზე ათამაშებენ, თავის პოზიციაზე არ უწევს თამაში, შუაში ან მარცხნივ რომ იყოს, უფრო სასარგებლო იქნებაო. ამაზე რას იტყვით?

- ნაკრებში რომელ პოზიციაზეც ვიქნები საჭირო, იქ უნდა ვითამაშო, ამას ეროვნულის თავკაცი გადაწყვეტს. რეალურად კი ჩემი აზრიც ასეთია. მარჯვენა ფრთაზე კლუბში არასდროს მითამაშია, შუაში ან მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი და შედეგიანიც ვიყავი. ნაკრებში კუპერიც სულ მარჯვნივ მათამაშებდა, ერთადერთხელ დამაყენა მარცხნივ ალბანეთთან და დვალიშვილმა ჩემი პასით გაიტანა. ეს ჩემი აზრია და რადგან მკითხეთ, ამიტომ ვთქვი.

inkognito
მერება ყველაზე მაგარია
mimino
მერებაშვილი კარგი ფეხბურთელია.დარწმუნებული ვარ იგი თავის სიტყვას იტყვის ქეცბაიას ნაკრებში
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა