ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა გუშინ "გაგრასთან" სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უარესი მატჩი ჩაატარა

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ დინამოელებმა ნაადრევად დაიგულეს თავი საქართველოს თასის ნახევარფინალში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა გუშინ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უარესი მატჩი ჩაატარა. იშვიათად, რომ პირველ შეხვედრაში მოპოვებულ ასეთ კომფორტულ უპირატესობას ანიავებდენენ, მაგრამ ეროვნულ სტადიონზე მოვლენები იმგვარად წარიმართა, რომ 120 წუთისა და თერთმეტმეტრიანების სერიის შედეგად დაფიქსირებული შედეგი აბსოლუტურად ლოგიკური იყო.

"გაგრას" მიმართ კი საქებარი სიტყვების ძებნას აღარ დავიწყებთ, რადგან მისი წევრების თავგანწირვაზე ყველაზე უკეთ ტაბლო მეტყველებს. ანატოლი პისკოვეცის გუნდმა ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო და დაგვიმტკიცა, რომ წამყვანი ქართული გუნდებისთვის წინააღმდეგობის გამწევი მხოლოდ უმაღლეს კი არა, პირველ ლიგაშიც მოიძებნება. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ მცირე საფეხბურთო სპექტაკლი ვიხილეთ. "გაგრას" კი, რომლის უპირველესი მიზანიც აქამდე უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იყო, ახლა უკვე მეორე ამოცანა, ევროტურნირზე გასვლა დაუსახავს. ეს სურვილი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის უკრაინელმა თავკაცმა გაამჟღავნა.

ბუნებრივია, ასეთ ბრძოლებს ერთი და ორი ადამიანის მონდომება ვერ მოიგებს, მაგრამ "გაგრას" შემადგენლობიდან ორი ფეხბურთელი მაინც უნდა გამოვარჩიოთ: მეკარე კოკა სეფიაშვილი, რომელიც აქამდეც მიიჩნეოდა პენალტების "სპეციალისტად" და უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამიტომ ანდეს კარი ("დინამოსთან" პირველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ლადო ნადირაშვილმა ითამაშა) და "გაგრას" კაპიტანი გიორგი ტყეშელაშვილი, რომელმაც იმდენი შეძლო, რომ ანტიგმირიდან გმირად გარდაიქმნა. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველ შეხვედრაში "დინამომ" ორივე გოლი მისი უხეში შეცდომების წყალობით გაიტანა, გუშინ კი ტყეშელაშვილი უნაკლო იყო, დამატებით დროში თამაში სწორედ მისმა ეფექტურმა ჯარიმამ გადაიყვანა და მატჩისშემდგომი პენალტიც აუღელვებლად გაიტანა.

და, რაღა თქმა უნდა, ცალკე უნდა ვახსენოთ პისკოვეცის წვლილი. უკრაინელმა, რომელსაც "დინამო" ეროვნულ სტადიონზე რუსთავის "ოლიმპის" მწვრთნელის რანგშიც ჰყავდა დამარცხებული, ტაქტიკაც სწორად შეარჩია, საჭირო დროს თამამი შეცვლებიც გააკეთა და თავის გუნდს თამაში სამი ნომინალური თავდამსხმელით დაასრულებინა.

"გაგრამ" მატჩი აქტიურად დაიწყო და პირველი მიზანი, ანუ სწრაფი გოლის გატანა წარმატებით შეასრულა. მე-14 წუთზე გველესიანს ბურთი თავზე გადაახტა, რითაც ოვონიკოკომ მშვენივრად ისარგებლა და ანგარიშის გახსნაც არ გასჭირვებია. "გაგრა" ამის შემდეგაც აქტიურობდა და მთლიანობაში თამაში თავისთვის სასურველი სცენარით წაიყვანა. დინამოელები უქმად ნამდვილად არ ყოფილან, მაგრამ სიტუაციის გამწვავებას ეპიზოდურად თუ ახერხებდნენ. შესვენებამდე აღსანიშნავი მხოლოდ კახელიშვილის სახიფათო დარტყმა და სეფიაშვილის საიმედო თამაში იყო.

მასპინძლები, ალბათ, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდნენ მოახლოებულ საფრთხეს და თამაშს არცთუ მაღალ ტემპში აგრძელებდნენ, მუჯირის გოლმა კი მატჩის სადავეები თითქოს "დინამოს" ჩაუგდო ხელში. ვეტერანმა ნახევარმცველმა ანგარიში საჯარიმოს მისადგომებიდან შესრულებული ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა.

მის გამთანაბრებელ ბურთს არცთუ ხეირიანი სანახაობა მოჰყვა, თუმცაღა ორივე გუნდი თავდაუზოგავად იბრძოდა, რამაც პირდაპირპროპორციულად იმოქმედა თავპირდასისხლიანებული ფეხბურთელებისა და მოედანზე შესული სამედიცინო პერსონალის რაოდენობაზე.

"დინამოსი" არ იყოს, მეტოქის მეკარის შეწუხება სტუმრებსაც ძალიან უჭირდათ, მაგრამ ერთადერთი რეალური შესაძლებლობით, რომელიც ძირითადი დროის მეორე ტაიმში მიეცათ, ჩინებულად ისარგებლეს. როგორც უკვე გითხარით, საჯარიმო დარტყმით "გაგრა" ტყეშელაშვილმა დააწინაურა.

ამას მოჰყვა მეტრეველის წაქცევა "გაგრას" საჯარიმოში და დინამოელთა ამაო პროტესტი, დამატებით დროში კი უფრო ნაღდი საგოლე შანსი პისკოვეცის გუნდმა გაუშვა ხელიდან - კონტრშეტევას კვანტალიანი აგვირგვინებდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და ბურთი ლორიას ნადავლი გახდა. ამის საპასუხოდ, კახელიშვილმა მოწინააღმდეგის კარის ბადე გარედან შეარხია, კვარაცხელიამ კი შორიდან ააცილა.

პენალტების სერია ორდინსკის ზუსტი დარტყმით დაიწყო და სლოვენიური მატჩის გმირ ლორიას კიდევ სამმა გაგრელმა აჯობა. კაკუბავას სეფიაშვილმა აუღო, კახელიშვილმა ააცილა და მეოთხედფინალის მთავარი სენსაციის ავტორებს მეხუთე თერთმეტმეტრიანის დარტყმა აღარც დასჭირდათ.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "დინამოს" მთავარი მწვრთნელი თამაზ სამხარაძე არ გამოცხადდა, როგორც ითქვა, შეუძლოდ შეიქნა. ანატოლი პისკოვეცი კი მარცხისასაც ენაწყლიანი მოსაუბრეა და ხომ წარმოგიდგენიათ, "დინამოს" ძლევის შემდეგ როგორ ხასიათზე იქნებოდა.

"როცა "დინამოსთან" შინ 1:2 გაქვს წაგებული, საკუთარ ფეხბურთელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა კატეგორიულად როგორ უნდა მოსთხოვო, მაგრამ მაინც გვჯეროდა, რომ მეოთხედფინალის ბედის შემოტრიალება შეგვეძლო. საგანგებოდ ვივარჯიშეთ პენალტებში და საბოლოოდ, პირველი მატჩისგან განსხვავებით, ღმერთი ჩვენკენ იყო. 62 წლის ვარ, ცხოვრებასა და კარიერაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ დღევანდელ გამარჯვებას მაინც სხვა ფასი აქვს. სულ ერთია, ვინ შეგვხვდება ნახევარფინალში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ჩვენი მიზანი ევროსაგზურია".

16.12. თბილისი. ეროვნული. 800 მაყურებელი

დინამო-გაგრა 2:4 პ. (1:2 ძ.დ.)

(პირველი მატჩი 2:1)

გოლები: 0:1 ოვონიკოკო (14), 1:1 მუჯირი (53), 1:2 ტყეშელაშვილი (77)

პენალტების სერია: 0:1 ორდინსკი, 1:1 ხმალაძე, 1:2 ტყეშელაშვილი, კაკუბავა (მეკარე), 1:3 კვანტალიანი, 2:3 კოშკაძე, 2:4 ხუციძე, კახელიშვილი (ააცილა).

4-2-3-1

დინამო გაგრა

4-4-2

ლორია სეფიაშვილი

თომაშვილი ჯ. გაბუნია

კაკუბავა ტყეშელაშვილი

გ. გველესიანი დ. გიგაური

ხმალაძე ნ. ჯიშკარიანი

გ. კვარაცხელია შარიქაძე

კოშკაძე ნაკონეჩნი

კახელიშვილი ხუციძე

მუჯირი კობერიძე

ჯუსი ოვონიკოკო

მეტრეველი ორდინსკი

მწვრთნელი მწვრთნელი

თ. სამხარაძე ა. პისკოვეცი

დინამო

83. ჯუსი – ლექვთაძე

100. მუჯირი – თექთურმანიძე

სათადარიგოები: შეყრილაძე, ედნილსონი, ფირცხალავა, ვარდოსანიძე, ქანთარია

გაგრა

42. კობერიძე – მოსიაშვილი

67. გაბუნია – კვანტალიანი

88. შარიქაძე – გედენიძე

სათადარიგოები: ნადირაშვილი, ყურულაშვილი, ნათენაძე, ლ. ბაკურაძე

გაფრთხილება: კახელიშვილი (45), გველესიანი (65), ორდინსკი (115)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია