მართალია, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დიდი ვერაფერი ტურნირია, მაგრამ რაფას პოზიციები გაამყარა

"ყოველ კლუბს სამი გზა აქვს. პირველი: 100 პროცენტით დაუჭიროს მხარი მწვრთნელსა და მის იდეებს და იყიდოს ოთხი-ხუთი ძლიერი მოთამაშე, რათა შესაძლებელი გახდეს ტიტულების შესანარჩუნებლად ბრძოლა; მეორე: მოსთხოვოს მწვრთნელს წარმატებები ზემოთ ნახსენები წინაპირობების გარეშე და მესამე: ელაპარაკოს მწვრთნელის აგენტს კონტრაქტის გაწყვეტის პირობებზე", - განაცხადა რაფა ბენიტესმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, რითაც გულში დიდი ხნის დაგროვებული დარდი და წუხილი ამოთქვა. "მასიმო მორატისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ "ინტერისგან" მხარდაჭერასა და პატივისცემას ვითხოვ. მინდა, სიტუაციას მალე მოეფინოს ნათელი და ან მენდონ, ანაც ახლავე გამიშვან", - დაამატა "ინტერის" ესპანელმა დამრიგებელმა.

იტალიაში დაბრუნებისთანავე ბენიტესი "ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატისა და სპორტულ დირექტორ მარკო ბრანკას კლუბის სამოქმედო გეგმაზე ვრცლად დაელაპარაკება და სწორედ მაშინ გაირკვევა ბევრი რამ, მათ შორის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის საკითხიც. მორატიმ კი მწვრთნელის ერთ მოთხოვნაზე უკვე თქვა საჯარო უარი: "ტრანსფერები ის საკითხი არაა, რაზეც სეზონის მსვლელობისას ღირს საუბარი. ბენიტესთან სხვა თემებს განვიხილავ". გუშინვე ბენიტესის აგენტმა მანუელ გარსია კილონმა თქვა, რომ მისი კლიენტი "ინტერში" აუცილებლად დარჩება.

ჯერჯერობით, ბენიტესის გადაყენებაზე საუბარი მართლაც ნაადრევი უნდა იყოს. მართალია, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დიდი ვერაფერი ტურნირია, მაგრამ მისმა მოგებამ იტალიურ არენაზე ხელმოცარული რაფას პოზიციები მცირედით მაინც გაამყარა.

მოკლედ, ბენიტესის თემა უახლოეს დღეებში კვლავ აქტუალური იქნება და სავარაუდოდ, მასზე წერა ინტენსიურად მოგვიწევს. ასე რომ, ახლა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დასრულებულ ჩემპიონატს მივუბრუნდეთ, რომლის ფინალშიც ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებმა აფრიკის საუკეთესო კლუბი იოლად დაჯაბნეს. შეგახსენებთ, კონგოურმა "მაზემბემ" გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მექსიკური "პაჩუკასა" და ბრაზილიური "ინტერნასიონალის" სენსაციური ძლევით მოიპოვა და საინტერესო იყო, ფინალშიც თუ შეძლებდა საფეხბურთო მსოფლიოს გაკვირვებას.

თუმცა ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ნახევარფინალში დაშავებული ვესლი სნეიდერის გარეშე მოთამაშე "ინტერმა" ფინალის ბედი დებიუტშივე გადაწყვიტა. მე-13 წუთზე სამუელ ეტოომ მეკარესთან პირისპირ გორან პანდევი გაიყვანა და მაკედონიელს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. პანდევმა ეტოოს "პატივისცემა" ოთხიოდე წუთში გადაუხადა - საგოლე კომბინაცია კამბიასომ დაიწყო, პანდევმა გააგრძელა და კამერუნელის ძლიერი და გამოზომილი დარტყმით დასრულდა - 2:0.

ამით უკვე ყველაფერი ნათელი გახდა და მატჩი საინტერესო ეპიზოდების გარეშე გაგრძელდა. "ინტერის" მესამე გოლი პირველის ანალოგიური იყო, განსხვავება მხოლოდ მეგოლესა და ასისტენტში იყო - შეცვლაზე ახლად შესულ ჯონათან ბიაბიანის დეიან სტანკოვიჩმა გაატანინა.

საინტერესო იყო დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მარკო მატერაცი საერთოდ არ გამოცხადდა და შემდეგ განაცხადა, არ მაინტერესებს, დარჩება თუ წავა ბენიტესიო, "ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ კი გამარჯვება დაშავებულ თანაგუნდელ და თანამემამულე ვალტერ სამუელს მიუძღვნა. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი მძიმედაა ტრავმირებული, ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავა და შესაძლოა, კარიერა საერთოდ დაასრულოს.

"ვალტერ სამუელი "ინტერისთვის" უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება და ამას კიდევ ერთხელ ვუმეორებ. ეს ჩემს კარიერაში მეთხუთმეტე ტიტულია. ბედნიერი ვარ, ასეთ ფანტასტიკურ წელიწადს კიდევ ერთი ჯილდოთი რომ ვასრულებ. არც ერთ იტალიურ კლუბს არ მიუღწევია იმისთვის, რაც "ინტერმა" 2010 წელს შეძლო. ჩვენმა გულშემატკივრებმა ჩვენით უნდა იამაყონ", - თქვა ვეტერანმა არგენტინელმა.

დაჯილდოვებაზე ჯერ "ინტერს" გადასცეს მთავარი თასი, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი სამუელ ეტოომ მიიღო, მეორე მოთამაშედ მაზემბელი დიოკო კალუიტუკა დაასახელეს, მესამედ კი - "ინტერნასიონალის" არგენტინელი ლიდერი ანდრეს დალესანდრო.

მესამე ადგილისთვის მატჩში "ინტერნასიონალმა" დამაჯერებლად სძლია სამხრეთკორეულ "სეონგნამს". ბრაზილიელთა არგენტინელ კიპერ რობერტო აბონდანსიერის პატივი დასდეს და შეცვლაზე ათამაშეს. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 49 შეხვედრის ჩამტარებელი აბონდანსიერისთვის ეს ბოლო მატჩი იყო პროფესიულ კარიერაში.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი

ფინალი

ინტერი(იტალია)-მაზემბე (კონგო) 3:0

ინტერი: ჟულიო სესარი, მაიკონი, კორდობა, ლუსიო, კივუ (54. სტანკოვიჩი), ძანეტი, ტიაგო მოტა (87. მარიგა), კამბიასო, პანდევი, ეტოო, მილიტო (70. ბიაბიანი).

მაზემბე: კიდიაბა, კიმვაკი, კასუსულა, ნკულუკუტა, სინგულუმა, კაბანგუ, ბედი, კალუიტუკა (90. ნდონგა), მიაიო, ეკანგა, კასონგო (46. კანდა).

გოლები: 1:0 პანდევი (13), 2:0 ეტოო (17), 3:0 ბიაბიანი (85)

არბიტრი: ი. ნიშიმურა (იაპონია)

მატჩი მესამე ადგილისთვის

ინტერნასიონალი (ბრაზილია)-სეონგნამი (ს. კორეა) 4:2

ინტერნასიონალი: რენანი (74. აბონდანსიერი), ბოლივარი, ინდიო, ნეი, კლებერი, პაბლო გუინასუ, ვილსონ მატიაში (81. ანდერზინიო), რაფაელ სობისი (62. ჟიულიანო), დალესანდო, ტინგა, ალეშანდრო.

სეონგნამი: ი. რიონგი, სუნგი, სუნი, კუკი, გეონი, მოლინა, იუნგი (28. რადონჩიჩი (43. კ. რიონგი (78. ჯინი), ჰვანი, ჩული, ვონი, ჩეოლი.

გოლები: 1:0 ტინგა (15), 2:0 ალეშანდრო (27), 3:0 დალესანდრო (52), 4:0 ალეშანდრო (71), 4:1 მოლინა (84), 4:2 მოლინა (90)

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა