ბრაზილიის ერთ-ერთი უძველესი კლუბის, "ფლუმინენსეს" ტრიუმფს გულშემატკივრები 26 წელი ელოდნენ

დიდი ხანია, ბრაზილიის ჩემპიონატი კადრების ნამდვილ სამჭედლოდ იქცა. აქ იზრდებიან "ბრილიანტები", რომლითაც მთელი მსოფლიო მარაგდება. რთულია თუნდაც ერთი ქვეყნის დასახელება, სადაც ბრაზილიელი ფეხბურთელი არ თამაშობს.

ეს იმიტომ, რომ ბრაზილიელები საუკეთესონი არიან. თვითმყოფადები, რომლებიც ქუჩებში სწავლობენ თამაშს და ოცნებობენ თავიანთი კერპების სიმაღლეებს მიაღწიონ და აჯობონ მათ. ბევრისთვის ეს სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა. შეიძლება ამიტომაც, აქ ტალანტები სოკოებივით იზრდებიან - სტიმული ყველა თასზე და მედალზე მაღლა დგას. სხვა მიზეზიც არსებობს - ბრაზილიაში ფეხბურთს მთელი წელი თამაშობენ, ყოველგვარი პაუზისა და შესვენების გარეშე. არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. ბრაზილიაში კი ეს ნორმაა.

უკვე იანვარში კლუბები ბრძოლას იწყებენ შტატების პირველობებში, ასეთი კი ქვეყანაში 27 (!) პირველობაა. ამის შემდეგ კი ნამდვილი შოუ იწყება, ფეხბურთი ნონ-სტოპით: ბრაზილიის თასი და ჩემპიონატი, კოპა ლიბერტადორესი, კოპა სუდამერიკანა... მხოლოდ დეკემბრის შუაში, როცა ფეხბურთელებს უკვე ნათამაშები აქვთ 70-80 მატჩი, ისინი მცირეხნიან საშობაო არდადეგებს იღებენ. ამდენ მნიშვნელოვან საშინაო თუ საერთაშორისო ტურნირს შორის განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს ბრაზილიის ჩემპიონატი, ანუ Brasiliero, როგორც მას ქვეყანაში ეძახიან.

ეროვნული პირველობა კაზუსებითა და პარადოქსებით არის სავსე. და ამაში მდგომარეობს მისი მიმხიბვლელობა და ღირსება. ჩემპიონატი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია. აქ პრაქტიკულად შეუძლებელია გამარჯვებულის წინასწარმეტყველება. ყოველი ახალი სეზონი თითქოს ახალი ფურცელია ისტორიაში, რომელიც გულწრფელი ფეხბურთის ცხრათვიან მარათონს წარმოადგენს.

ეჭვგარეშეა, რომ "ფლუმინენსე" აბსოლუტურად დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. 38-მატჩიანი დისტანცია "ფლუმ" ლიდერთა ჯგუფში გაატარა. თუმცა მის თამაშში ნამდვილი ბრაზილიური გულწრფელობა ნაკლებად შეინიშნებოდა. ეს იყო "დუნგას სტილის" ფეხბურთი - ჩაკეტილი, ფრთხილი, კონტრშეტევებზე აგებული. თუმცა სხვას რას უნდა ელოდნენ გუნდისგან, რომელიც შარშანდელ სეზონში მხოლოდ ბოლო ტურში გადაურჩა სერია B-ში გავარდნას? მაგრამ თუ ბრაზილიის ნაკრებისთვის ასეთი ფეხბურთი გამოუსადეგარი იყო და სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე "სელესაო" სამარცხვინოდ გავარდა მეოთხედფინალიდან, "ფლუმინენე" ამ სტილით ბოლომდე მივიდა.

ტიტული, რომელიც გულშემატკივრებს ძალიან მოენატრათ (თავისი პირველი და ერთადერთი საჩემპიონო ჯილდო "ფლუმინენსემ" 1984 წელს დაიმსახურა), "ფლუმინენსემ" ბოლო ტურში, სერია B-ში გავარდნილ "გუარანთან" მატჩის 61-ე წუთზე გაინაღდა. "ოქროს ბურთის" ავტორობა ემერსონს ერგო - ზაფხულის მრავალრიცხოვანი ვარსკვლავური შენაძენებიდან ერთ-ერთს ("ფლუში" უკვე მოთამაშე ნაკრების ექსწევრ ფრედს საზაფხულო კამპანიის დროს დაემატნენ დეკუ და ჟულიანო ბელეტი - "ჩელსისა" და "ბარსელონაში" ყოფილი პარტნიორები).

მაგრამ არც "შეიხი" (ასეთი მეტსახელი მისცეს გულშემატკივრებმა ემერსონს საემიროების კლუბ "ალ-აინში" მცირეხნიანი "მივლინების" გამო), არც დეკუ ან ფრედი გამხდარან "ფლუმინენსეს" საჩემპიონო გამოსვლის მთავარი შემოქმედნი. "ფლუსა" და მთლიანად ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა არგენტინელი პლეიმეიკერი დარიო კონკა - ერთადერთი მოთამაშე (მეკარეების გამოკლებით), რომელმაც ოცდათვრამეტივე მატჩში მიიღო მონაწილეობა (ასეთი შედეგი ჰქონდათ "სან პაულუსა" და "ვასკო და გამას" მეკარეებს - როჟერიო სენისა და ფერნანდო პრასს). კონკას როლი ამ ტრიუმფში ოფიციალურად 7 დეკემბერს გამართულ ცერემონიაზე აღიარეს, სადაც 2010 წლის სეზონის ლაურეატები დააჯილდოვეს. ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი კონკა ორი ვერსიით გახდა "წლის მოთამაშე": CBF-ის (ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია) წევრებისა და ინტერნეტში გულშემატკივართა გამოკითხვის (Craque da Galera) შედეგად. შესაბამისად, ის ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა - მარცხენა ნახევარმცველის პოზიცია დაიკავა.

წლის მწვრთნელი გახდა "ფლუმინენსეს" დამრიგებელი მურისი რამალიო - ნანატრი ჩემპიონობის კიდევ ერთი შემოქმედი. შეიძლება ის ამ ზეიმის მთავარი "დამნაშავეც" იყო. სწორედ მას უნდა უმადლოდეს გუნდი თავის ჩაკეტილ თამაშს, რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს ვერც ვერცხლის პრიზიორმა "კრუზეირომ", ვერც მესამეადგილოსანმა "კორინთიანსმა" (აქ კარიერის ბოლო დღეებს ატარებენ ლეგენდარული რონალდო და რობერტო კარლოსი) და ვერც Brasiliero-2010-ის ყველაზე თვითმყოფადმა გუნდმა "სანტოსმა" (სადაც, როგორც იქნა, მთელი ძალით ათამაშდა თანამედროვე ბრაზილიური ფეხბურთის მთავარი იმედი, "ახალ პელედ" წოდებული - 18 წლის ნეიმარი).

რამალიოს კრიტიკა ნაკლებად აღელვებს. ის ზუსტად მიჰყვება ერთხელ არჩეულ სათამაშო სტრატეგიას და რაც ყველაზე მთავარია, თითქმის სულ გამარჯვებული რჩება. დღეს რამალიო ბრაზილიის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რადგან "ფლუმინენსესთან" ერთად ჩემპიონობა მეოთხე იყო მისთვის ბოლო ხუთ წელიწადში. მანამდე მან ზედიზედ სამჯერ (2006-08) "სან პაულუს" მოუტანა ქვეყნის მთავარი ტიტული. მწვრთნელმა ამ გუნდის თამაშის "გაფუჭებაც" მოასწრო მეტისმეტი პრაგმატიზმით.

ორიოდე სიტყვით იმ კლუბზე, რომელმაც რამალიოს "ოქროს" სერია შეწყვიტა - "ფლუმინენსეს" დაუძინებელ მტერ "ფლამენგოზე". შარშანდელმა ჩემპიონმა კინაღამ ბრაზილიის ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა. მხოლოდ ბოლო ტურში "სანტოსთან" ფრემ შეუნარჩუნა "ფლამენგოს" სერია A-ში ადგილი და თავიდან ააცილა ისტორიაში პირველად ჩემპიონის რანგში ქვედა დივიზიონში გავარდნა. აი, კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ბრაზილიის ჩემპიონატი - ყველაზე არაპროგნოზირებადი და დამაინტრიგებელი ტურნირია.

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ