თუ აზერბაიჯანელები უკმაყოფილონი არიან, ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ, ორი წელიწადია ოქროს მხოლოდ შორიდან შევცქერით

აზერბაიჯანელები რომ წლევანდელი სეზონით ბოლომდე კმაყოფილები არ იყვნენ და ნაკრებ გუნდებში საკადრო ცვლილებებს გეგმავდნენ, ადრეც ვწერდით. მაშინ ისიც გაცნობეთ, რომ იქაურთა პრეტენზიები უფრო მეტად "თავისუფალთა" ნაკრებს ეხებოდა და საკადრო რევოლუციასაც ძირითადად იქ აპირებდნენ, ამის გაკეთებას კი უცხოელთა გადაბირების ხარჯზე გეგმავდნენ.

არადა, კაცმა რომ თქვას, უკმაყოფილების საბაბი არ უნდა ჰქონოდათ, რადგან "თავისუფლებმაც", ბერძენ-რომაელებმაც და ქალებმაც წლეულს ყველაფერი მოიგეს - ამ შეჯიბრებებზე სამივე ნაკრებმა, ჯამში 9 ოქრო და 4-4 ვერცხლი-ბრინჯაო მოიპოვა.

ერთადერთი, ქალებში არ ჰყავდათ მსოფლიოს ჩემპიონი (ფინალისტი კი ჰყავდათ - ბელარუსი ლეგიონერი, მსოფლიოს ჩემპიონი იულია რადკევიჩი (55)), სამაგიეროდ, ვაჟებში ორივე სახეობაში მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავედ იქაურები დაასახელეს - ბერძენ-რომაელებში ეს პატივი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ჰასან ალიევს (60) ერგო, "თავისუფლებში" - ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიურ პრიზიორ ხეთაგ გოზიუმოვს (96). ისინი თუ ამით უკმაყოფილონი არიან, მაშინ ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ, ზედიზედ ორი წელიწადი ამ რანგის შეჯიბრებებზე ოქროს ბრჭყვიალს მხოლოდ შორიდან რომ ვადევნებთ თვალს, მაგრამ აზერბაიჯანელებს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვთ - ოლიმპიადაზე გუნდური პირველობის მოგებას ლამობენ. ალბათ, ამიტომ მოხვდათ გულზე მწარედ "თავისუფალთა" ჩავარდნა ზოგიერთ წონაში და თითი ყველაზე მკაცრად მათ დაუქნიეს, თუმცა მთლად სახარბიელო მდგომარეობა არც ბერძენ-რომაელთა ზედა წონებში აქვთ. ამ ნაკლის გამოსწორებასაც ლეგიონერთა ხარჯზე აპირებენ.

აზერბაიჯანელები რომ აქტიურად იბირებენ უცხო ქვეყნების მოჭიდავეებს და ამ გზაზე მათთვის დაბრკოლება არ არსებობს, ესეც არაერთხელ დაგვიწერია. ამჯერადაც იგივე თემაზე მოგვიწევს საუბარი, რადგან ამ დღეებში ოლიმპიურ კომპლექს "სერხედჯში" ჩატარებულ აზერბაიჯანის თასზე კიდევ ვიხილეთ ახალი ლეგიონერები ორივე ნაკრებში. იმათგან ერთის - თავისუფალ ჭიდაობაში კუბელი მძიმეწონოსანის, მსოფლიოს ჩემპიონ ალექსის ვალერა როდრიგესის მოსალოდნელ ტრანსფერზე ადრეც ვწერდით და მისი გამოჩენა დიდად არც გაგვკვირვებია, მაგრამ მის გარდა იქაურ ტურნირზე პირველად გამოჩნდნენ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სერბი მძიმეწონოსანი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი რადომირ პეტკოვიჩი და ირანელები, "თავისუფლად" მოჭიდავე საიდ მოხამედრზა (84) და ბერძენ-რომაელი გასიმ რზაი (96).

აღსანიშნავია, რომ სამივემ გაამართლა მასპინძელთა იმედები და შეჯიბრება მოიგეს. რზაიმ ფინალში იქაურთა ქართველი ფალავანი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი შალვა გადაბაძე დაამარცხა, რომელიც ამჯერად ახალ წონაში გამოვიდა. ვერ გეტყვით, საბოლოოდ ის აქ აპირებს თუ არა დარჩენას, მაგრამ ირანელები ბედისწერასავით თან დასდევენ - შარშან 84-ში ადგილი კიდევ ერთმა ნატურალიზებულმა ირანელმა, ქურთული წარმოშობის მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა ჰასან სამან ტახმასებიმ წაართვა, ახლა კი ამასთანაც წააგო. პეტკოვიჩმა ფინალში ადგილობრივ ბაშირ ბაბაჯანზადეს მოუგო. ჩემპიონი გახდა მოხამედრზაც, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ კუბელი როდრიგესი დაამარცხა. ცოტა უცნაურია, აზერბაიჯანელებს რაში სჭირდებოდათ ამ კუბელის გადაბირება, თუ პეტკოვიჩიც მიჰყავდათ. გასაგებია, რომ ისინი უკმაყოფილოები იყვნენ წარმოშობით დარგინი (დაღესტანი) ევროპის ჩემპიონ ალი ისაევის ჭიდაობით, მაგრამ როდრიგესიც 32 წლისაა უკვე და მისი საუკეთესო წლებიც ჩავლილია.

უცნობია, რამდენი გადაიხადეს აზერბაიჯანელებმა მისი ან პეტკოვიჩის საფასურად, მაგრამ ამ შემოდგომაზე ბულგარელებს არც მეტი, არც ნაკლები, 2 მილიონი დოლარი შეაძლიეს ქალთა შორის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორის, ევროპის ხუთგზისა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სტანკა ზლატევას (72) სანაცვლოდ. აქედან 1 მილიონს პირადად სპორტსმენი მიიღებდა, დანარჩენს - ბულგარული ფედერაცია, მაგრამ შეთავაზება სპორტსმენმაც იუარა და - ფედერაციამაც. სადღეისოდ მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში ისეთი ვითარება შეიქმნა, ვინმე ასე პირადად თუ ეტყვის უარს აზერბაიჯანელებს, თორემ მათთვის სხვა შეფერხება არ არსებობს - შარშან ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ დაავლეს ხელი ავარელ მაჰმუდ მაგომედოვს (55) დაღესტანიდან და ტრავმირებული ლიდერის შესაცვლელად ისე წაიყვანეს, რუსთა პროტესტს ყურადღებაც არ მიაქციეს (მერე კი დაისაჯნენ ურჩობისთვის, მაგრამ ამითაც უფრო სპორტსმენი დაზარალდა და არა ფედერაცია), მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კი ასევე ექსპრომტად გადაიბირეს ზემოხსენებული ტახმასები. მათთვის არ არსებობს გადაბირების, მოქალაქეობის შეცვლის არანაირი სავალდებულო პროცედურა - უნდათ და მიჰყვათ. თანაც ისე სწრაფად, კვირეები და თვეები კი არა, საათები სჭირდებათ ამ პროცედურის მოსაგვარებლად.

ამ დროს საქართველოსთვის არათუ სხვების, თავისივე სპორტსმენის დაბრუნება გახდა პრობლემატური! ლაპარაკია ცოტნე ბარამიძეზე (66), რომელიც ცოტა ხნით ყაზახეთში იყო წასული, მაგრამ იქ ფეხი ვერ მოიკიდა, მათი სახელით არც უჭიდავია არსად და უკან დაბრუნდა. ის ნოემბერში საქართველოს ჩემპიონიც გახდა, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებში ჩვენს ნაკრებში გამოსვლის უფლებას ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) არ აძლევს. ის მიზეზად მოქალაქეობის შეცვლის შესახებ არსებულ რეგლამენტს იშველიებს და ამბობს, ბარამიძე ორი წელიწადი თქვენი სახელით ვერ იჭიდავებსო. ახლა FILA-ში თხოვნის წერილი ყაზახეთის ფედერაციამაც გააგზავნა, რომელშიც ადასტურებს, რომ ბარამიძეს მათი სახელით არსად უჭიდავია და თხოვს FILA-ს, დართონ საქართველოს ნაკრებში გამოსვლის ნება.

აქ სხვა პრობლემაც იკვეთება - სამწუხაროდ, მოჭიდავეთა გადინება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ ჯერაც ვერ აღკვეთა, თუმცა ეს საუბრის ცალკე თემაა, ამჯერად კი ისევ აზერბაიჯანის თასს დავუბრუნდეთ, რომელიც იქაურებისთვის ერთ-ერთი უმთავრესია, როგორც ევროპის პირველობისთვის შესარჩევი. ამიტომ მასში თითქმის ყველა უძლიერესი ფალავანი გამოვიდა იშვიათი გამონაკლისის გარდა. იჭიდავა გოზიუმოვმაც და საკმაოდ იოლად მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებაც მიითვალა. იასპარეზა ზემოხსენებულმა მაჰმუდ მაგომედოვმაც და მოიგო კიდეც, მაგრამ ეს უფრო საშეჯიბრო პრაქტიკისთვის თუ წაადგება, თორემ ზემოხსენებული ურჩობისთვის მიღებული ორწლიანი დისკვალიფიკაცია (მაშინაც მოქალაქეობის შეცვლის შესახებ არსებული რეგლამენტი დაირღვა) გაისად გაზაფხულზე გაუდის და უცხოეთში მსოფლიოს ჩემპიონატამდე აზერბაიჯანის ნაკრებში ვერ იჭიდავებს. ის ისედაც მსოფლიოს პირველობას უმიზნებს, რომელსაც 12-18 სექტემბერს სტამბოლი უმასპინძლებს. იქ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიების ძირითადი ნაწილიც გაიცემა - ყოველ წონაში 6-6 საგზური.

"თავისუფალთა" ტურნირში აზერბაიჯანის თასის წლევანდელი მფლობელები ასევე გახდნენ ჩეჩენი ლეგიონერი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს პრიზიორი ზელიმხან ჰუსეინოვი (60), ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ჯაბრაილ ჰასანოვი (66), აგილ გულიევი (74) და კიდევ ერთი დაღესტნელ-ავარელი ლეგიონერი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი შარიფ შარიფოვი (84). საინტერესოა, რომ ამ წონაში მესამეზე გავიდა კიდევ ერთი დაღესტნელი, ოღონდ დარგინი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჩამსულვარა ჩამსულვარაევი.

ბერძენ-რომაელებში თასის მფლობელები ელდენიზ აზიზლი (55), ორხან ფაშაევი (60), რუსტამ ალიევი (66), რაფიკ ჰუსეინოვი (74) და ზემოხსენებული ირანელი ტახმასები გახდნენ. სხვათა შორის, ამ წონაში - 84-ში ბრინჯაოს მედალი ვინმე რომან ქამადაძემ მოიპოვა, თუმცა ამ მოჭიდავეს ჩვენთან საერთოდ არ იცნობენ.

ამჯერად არ უჭიდავია მსოფლიოს საუკეთესოდ დასახელებულ ჰასან ალიევს, რომელიც ამ დღეებში უფრო ჟურნალისტებთან ენაწყლიანობით გამოირჩა. მას არც დაუმალავს, რომ გაისადაც აპირებს მსოფლიოს პირველობის მოგებას და ლიცენზიის მოპოვებას, მერე კი - ოლიმპადაზე გამარჯვებას.

"შარშან მსოფლიოს საუკეთესო ბერძენ-რომაელად ჩვენი ნაკრების ახლანდელი მწვრთნელი ფარიდ მანსუროვი დაასახელეს, წლეულს - მე, ეს კი ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ჭიდაობა სპორტის ნომერ პირველი სახეობაა", - განაცხადა ალიევმა. ის წლეულს გამოჩნდა ეროვნულ ნაკრებში და პირველივე სეზონში დუბლი გააკეთა, შარშან კი ორმაგ წარმატებას ახალგაზრდებში მიაღწია.

მაშინ ევროპის პირველობა თბილისში მოიგო, იმ წარმატებიდან რამდენიმე თვეში კი იმხანად აზერბაიჯანის ნაკრების თავკაცად დანიშნულმა ოთარ ტატიშვილმა ვარჯიშზე დაგვიანებისთვის დარბაზი დაატოვებინა. ვფიქრობთ, ქართველი ვარსკვლავებისთვის საინტერესო უნდა იყოს მისი მოსაზრება ჟურნალისტის კითხვაზე, გრძნობთ თუ არა, რომ ვარსკვლავი ხართო, რაზეც ასე უპასუხა:

"ვარსკვლავური ავადმყოფობა არ შემყრია. ჩემმა კონკურენტებმა ყველაფერი იციან ჩემზე. როცა დავიჯერებ ჩემს ვარსკვლავობას, დამეწყება მოდუნების პერიოდი, რაც აუცილებლად აისახება ჩემს ვარჯიშებზე. თუ რაიმე სახის გამარჯვებამ შეიძლება შეცვალოს ადამიანი, ესე იგი, მას სუსტი ხასიათი აქვს. ვიცი, რომ ტიტულის მოპოვება ბევრად ადვილია, ვიდრე - მისი შენარჩუნება, მაგრამ საბრძოლველად მზად ვარ. მინდა, ოლიმპიადას მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის რანგში შევხვდე. მე ახლა დავიწყე კარიერა და ჩემთვის მოდუნება ჯერ ადრეა", - უპასუხა ალიევმა.

გავითვალისწინოთ, რომ ამას ამბობს 21 წლის ბიჭი, ჩვენთან კი უახლესი წარსულიდან რამდენი მაგალითი გვაქვს, როცა ასაკით ბევრად უფროსმა აქაურმა სპორტსმენებმა ერთი, თუნდაც უმაღლესი რანგის შეჯიბრება მოიგეს, მერე არა მარტო მწვრთნელებს, ხშირად ფედერაციებისა და სპორტის უფრო მაღალი რანგის ხელმძღვანელებსაც ვერ შეჰყავდათ დარბაზში სავარჯიშოდ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე