მარტინ დემიკელისმა ბაიერნში შვიდი წელი ითამაშა და კარიერას მალაგაში გააგრძელებს

მორჩა, მარტინ დემიკელისი „ბაიერნის“ ფეხბურთელი აღარ არის: არგენტინელმა მცველმა მიუნხენი დატოვა და კარიერას ესპანურ „მალაგაში“ გააგრძელებს. მიუნხენელებმა ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურეს და ისიც თქვეს, რომ „ბაიერნს“ დემიკელისი არ გაუნათხოვრებია, როგორც ამას ჩვენი გერმანელი თუ ესპანელი კოლეგები იტყობინებოდნენ - დემიკელისი სრულფასოვანი მალაგელი გახდა, სატრანსფერო თანხას კი ორივე მხარე საიდუმლოდ ტოვებს.

როცა მარტინ დემიკელისი მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა, რეკორდმაისტერის ღირსებას ისეთი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც იყვნენ ჯოვანი ელბერი, მეჰმეთ შოლი, ტორსტენ ფინკი, ალექსანდერ ციკლერი და ა.შ. არგენტინელი უკანახაზელი ახალ თანაგუნდელებს რომ შეუერთდა, პირველ გუნდში ახალი გადაყვანილი იყო თინეიჯერი ბასტიან შვაინშტაიგერიც, რომელიც ნელ-ნელა უნდა შეჩვეოდა პირველი გუნდის ატმოსფეროს და ხანდახან, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის იმედი ჰქონდათ კრისტიან ლელსა და მიხაელ რენზინგს, ეს უკანასკნელი კი სულაც მხოლოდ ოცნებობდა, რადგან მაშინ რეკორდმაისტერის კარს თვით ოლივერ კანი იცავდა.

ეს ყველაფერი 2003 წელს ხდებოდა და მას მერე, დემიკელისმა „ბაიერნში“ შვიდი წელიწადი გაატარა, რაც ნამდვილად არ არის ცოტა. მარტინი ამბობს, მიუნხენში გატარებული წლები ჩემთვის დაუვიწყარიაო, მაგრამ იქვე დასძენს, რომ „ბაიერნიდან“ ზაფხულში უნდა წასულიყო. ოთხი ჩემპიონობა, ოთხი თასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა - ასეთია დემიკელისის მიუნხენური მონაგარი ხუთი სხვადასხვა მწვრთნელის ხელში.

იყო დრო, როცა „ახალ ბეკენბაუერს“ უწოდებდნენ - ეს მაშინ, როცა მას საფეხბურთო გერმანია მხოლოდ გაზეთის ფურცლებიდან იცნობდა. მერე, როცა დემიკელისმა „ბაიერნის“ ფორმა მოირგო და თამაში დაიწყო, ყველა მიხვდა, რომ მთლად „ახალ ბეკენბაუერთან“ არა, მაგრამ საკმაოდ კარგ, მებრძოლ მცველთან ჰქონდათ საქმე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციების შესრულებაც ძალიან კარგად შეეძლო. თავისი კარიერის საუკეთესო პერიოდში დემიკელისი ლუსიოსთან ერთად დაცვაში ძალიან კარგ ტანდემს ქმნიდა და ძალიან ცოტა აკლდა იქამდე, რომ ბავარიული გრანდის დაცვის ბურჯად მოეხსენიებინათ.

თუმცა დღეს უკვე 30 წლის დემიკელისის კარიერაში ხშირი იყო და არის უსიამოვნო ამბებიც. არგენტინელს არავინ მოუკლავს და არც არავინ უცემია, მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა კი ყოველთვის ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს: კარგად მხოლოდ მაშინ თამაშობს, როცა უნდა და საქმეც ისაა, რომ ყოველთვის არ უნდა. სწორედ ამის გამო დაატყდებოდა ხოლმე თავს კრიტიკის ქარცეცხლი. ყველაფერთან ერთად, მარტინი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია. არაერთხელ უთქვამს, საკმარისია, ერთი არაზუსტი პასი გავაკეთო, რომ მერე მთელი მატჩის განმავლობაში ცუდად ვგრძნობ თავს, რაც ჩემს თამაშზეც თავისთავად აისახებაო. 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რომ არ გაუშვეს, ეს მისთვის „სულისშემძვრელი კატასტროფა“ იყო, ხოლო 2006 წლის მუნდიალზე რომ არ წაიყვანეს, „სერიოზულად ფიქრობდა თავის მოკვლაზე.“

შესაძლოა, „ბაიერნისა“ და არგენტინის გულშემატკირევბს დემიკელისის ასეთი დახასიათება აქამდე არსად წაუკითხავთ და ვერც კი წარმოედგინათ, რომ მარტინის შინაგანი სამყარო საკმაოდ ჩახლართული და მძიმეა, რადგან დემიკელისს არასდროს დასტყობია ის, რომ ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა, რაც დღემდე მოჰყვება და ცხოვრებაში ბოლომდე კარგად მოლხენის საშუალებას არ აძლევს.

დედა მაშინ გარდაეცვალა, როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მამამისმა კი მალევე დაკარგა სამსახური და არგენტინის უმძიმესი ფინანსური კრიზისი მარტინ დემიკელისს ძალიან მაგრად შეეხო. ერთხელ, „ბაიერნის“ საშინელი თამაშის შემდეგ თქვა, დღეს ისე ვითამაშეთ, როგორც ჩემს ბავშვობაში არგენტინას უჭირდაო. გერმანიაში სულ ორი დღის ჩამოსული იყო, როცა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე, რა განსხვავებაა გერმანიასა და არგენტინას შორის, ასე უპასუხა: „ქუჩაში ჩხუბი ვერ ვნახე, ორი დღეა აქ ვარ და ქუჩაში არავის უჩხუბია! არგენტინაში კი ეს ჩვეულებრივი ამბავია.“

მარტინისთვის ძალიან რთული მოსასმენი იყო „ბაიერნის“ თავკაც ლუის ვან გაალის ამასწინანდელი სიტყვები, როცა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა თქვა, დემიკელისზე შემიძლია ვთქვა, რომ აღარ მჭირდება, რადგან ძალიან არასტაბილური გახდაო. მარტინი „ბაიერნზე“ შეყვარებულია, რადგან სწორედ ამ გუნდმა „იშვილა“ (როგორც თვითონ ამბობს) და შესაბამისად, მიუნხენური კლუბის დატოვება კატასტროფულად უმძიმდა. მაგრამ რაკი ვან გაალმა თქვა, არგენტინელს „ზებენერ შტრასეზე“ აღარ დაედგომებოდა. ვერც

ჰოლანდიელს გავამტყუნებთ, რადგან დემიკელისმა ბოლო დროს მართლაც ძალიან უმატა შეცდომებს.

დემიკელისს (174 მატჩი ბუნდესლიგაში) „ბაიერნიდან“ წასვლას აბსოლუტურად ყველა ექსპერტი უწინასწარმეტყველებდა. განსაკუთრებით მას მერე, რაც ვან გაალი საბოლოოდ გაანაწყენა. ეს ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის პირველ ტურამდე მოხდა: „ვოლფსბურგთან“ მატჩის წინა დღეს ვან გაალმა ძირითადი შემადგენლობა ჩამოთვალა და დემიკელისი საუკეთესო თერთმეტეულში მოხსენიებული არ იყო. ამით განრისხებულმა არგენტინელმა თქვა, რომ სათადარიგოთა სკამზეც არ დაჯდებოდა და სწორედ მაშინ დაკარგა ვან გაალის თვალში ბოლო კრედიტი.

ესპანეთში კი დემიკელისის მელოდრამა ბოლოს და ბოლოს დამთავრდება. მარტინს მისთვის უსაყვარლესი მწვრთნელისკენ, მანუელ პელეგრინისკენ მიუხარია – „მალაგას“ სწორედ ეს უკანასკნელი წვრთნის.

ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
მუსიალამ ბოლო სამ დღეში მოედანზე გონება მეორედ დაკარგა - ფეხბურთელმა ამის მიზეზი ახსნა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა