ქართველი წყალმხტომელები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად ბრძოლაში იმედიანად ებმებიან

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 2011 წელი უმთავრესად სალიცენზიო შეჯიბრებების სეზონი იქნება, დრო ძალიან სწრაფად გაირბენს. 2012 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრის კანდიდატებად ქართველ წყალმხტომელებსაც მიიჩნევენ, ამიტომაცაა, რომ ისინი მწვრთნელების - მამა-შვილ ბართაიების ხელმძღვანელობით სადღესასწაულო დღეებშიც კი არ გამოსულან აუზიდან - მონდომებით ემზადებიან წლევანდელი მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისათვის, რომელთა შორის განსაკუთრებული შანხაის სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება.

საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივანთან, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრ ირაკლი ბართაიასთან საუბარი 2010 წლის შედეგების მიმოხილვით დავიწყეთ.

- გასული სეზონი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ საქართველოს ნაკრების წევრებისთვის ახალი პროგრამები შევარჩიეთ და შევამოწმეთ სხვადასხვა ტურნირზე, ფაქტობრივად, განვსაზღვრეთ, რა სირთულის ვარჯიშები გვჭირდება 2012 წლის ოლიმპიადის საგზურების მოსაპოვებლად. ხუთი მნიშვნელოვანი სტარტი გვქონდა. ოთხში ჩვენმა სპორტსმენებმა ისეთი შედეგები აჩვენეს, რომ, განსაკუთრებული თუ არაფერი მოხდა, ლონდონის საგზურები უნდა მოვიპოვოთ. ყველაზე მეტად ჭოლა ჭანტურია გვეიმედება. შარშან მან ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში. რომ არა ერთი დასანანი შეცდომა, რამდენიმე საფეხურით წინ გადაინაცვლებდა. სამაგიეროდ. უფრო სტაბილურად იასპარეზა მსოფლიოს გრან-პრის ეტაპებზე, ჰოლანდიისა და უკრაინის საერთაშორისო ტურნირებზე; კიევში, სადაც პირველობისთვის 5 სპორტის დამსახურებული ოსტატი და 9 საერთაშორისო ოსტატი იბრძოდა, მან მე-6 შედეგი აჩვენა.

გაგვახარა 19 წლის შოთა კორახაშვილმა, რომელმაც სპორტულ კარიერაში პირველად მოაგროვა 360 ქულა და მე-8 ადგილი დაიკავა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან საგრძნობლად გააუმჯობესა საკუთარი მაჩვენებლები, სტაბილურობას ინარჩუნებს.

ჭანტურიას მსგავსად, მასაც გავუზარდეთ ვარჯიშების სირთულის კოეფიციენტი. ახალი პროგრამის დახვეწის შემდეგ კორახაშვილსაც შეეძლება, ლონდონის საგზურისთვის იბრძოლოს. გვყავს კიდევ ერთი კანდიდატი - სალომე ჯუღელი, რომელმაც უფროსებში შარშან პირველად გამოსცადა საკუთარი შესაძლებლობები. ორი ახალი ხტომა გვაქვს დასახვეწი, საშეჯიბრო გამოცდილებაც უნდა შეიძინოს. თუ წლეულს ამას მოახერხებს, 2012 წლის მსოფლიოს თასზე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს საგზურის მოსაპოვებლად მეტოქეობას გაუწევს.

გვყავს იმედისმომცემი ახალგაზრდებიც, რომლებმაც შარშან არაერთ ტურნირზე ისახელეს თავი. დარწმუნებული ვარ, რომ აკაკი ივანიშვილი, თეონა ყაჭეიშვილი, ალექსანდრე გუჯაბიძე, თამარ სიჭინავა და სანდრო მელიქიძე სულ მალე უფრო თამამად იტყვიან თავიანთ სათქმელს საერთაშორისო სარბიელზე.

- წლევანდელი შეჯიბრებებიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას რომელს ანიჭებთ?

- უპირველესად ევროპის ჩემპიონატი მინდა გამოვყო, რომელსაც ტურინი უმასპინძლებს გაზაფხულზე. ამ ასპარეზობისთვის მზადება სექტემბერში დავიწყეთ და სამ ეტაპად დავყავით. პირველი ეტაპი კიევის ტურნირით დამთავრდა. მწირი დაფინანსების მიუხედავად, ყველაფერი ვიღონეთ, დასახული მიზნისთვის მიგვეღწია. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და თბილისის მერიის სპორტის სამსახურის თანადგომით რამდენიმე შეჯიბრებაზე გავემგზავრეთ, საშეჯიბრო გამოცდილებაც შევიძინეთ და უძლიერეს სპორტსმენებთან ჭიდილში გამოვცადეთ ახალი ვარჯიშები. ვაკის საცურაო აუზის ხელმძღვანელობამაც დიდად შეგვიწყო ხელი საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, რომ ნაყოფიერად გვევარჯიშა. კონსულტაციებს გვიწევდა წყალხტომაში ორგზის ევროპის ჩემპიონი გიორგი ჩოგოვაძე. ყოველივე ამის შედეგი იყო, რომ კიევში ჭანტურიამ და კორახაშვილმა შესანიშნავად იასპარეზეს.

მზადების მეორე ეტაპი თებერვლის შუა რიცხვებამდე გასტანს. 14-21 თებერვალს მადრიდის გრან-პრით დასრულდება. ამ ტურნირის შემდეგ, ალბათ, მინსკში გავემგზავრებით ბელარუსებთან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაზე, იქიდან კი ტურინს მივაშურებთ და ევროპის ჩემპიონატში ჩავებმებით.

კონტინენტის პირველობის შემდეგ მზადების ახალი ეტაპი დაიწყება სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელსაც შანხაი უმასპინძლებს.

- იქ ლონდონის საგზურები როგორ განაწილდება?

- საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და საწყლოსნო სახეობათა მსოფლიო ფედერაციას სალიცენზიო ნორმატივები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. საამისოდ სამი ვარიანტი განიხილება.

ყველაზე რთულშიც კი საგზურების მოპოვების რეალურ კანდიდატებად ვრჩებით.

ვფიქრობ, პირველი ეტაპი მსოფლიოს ჩემპონატი იქნება.

საერთოდ, ლიცენზიებისთვის 62 ქვეყანა იბრძვის. ბოლო თორმეტი წლის მონაცემებით ოლიმპიადაზე 25-27 ქვეყნის წარმომადგენლები ხვდებიან. მათ შორის ამჯერად ჩვენც მოვიაზრებით. ალბათ, იმედებს გავამართლებთ. სინქრონულ ხტომებში ჭანტურიას და კორახაშვილის წყვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა. ჩვენ შეგვიძლია ამ პოზიციის შენარჩუნება და ოლიმპიადაზე მოხვედრა, რადგან წინასწარი მონაცემებით ლონდონში ალბათ ამდენი დუეტი გამოვა.

აი, ინდივიდუალურ ხტომებში კი 30-34 საგზური გაიცემა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჭანტურიამ ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო კიევში რამდენიმე ძლიერ მეტოქეს აჯობა, კორახაშვილმაც საგრძნობი პროგრესი განიცადა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საგზურების მოპოვება არ გაგვიჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ახალ სეზონში ჩვენი ორიენტირი 2012 წლის ოლიმპიადა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"