წლეულს, 16 მარტს, სოჭში საზეიმოდ გაიხსნება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 64 მანდილოსანი ნოკაუტსისტემით დაუპირისპირდება ერთმანეთს. ქართველთაგან ტიტულისთვის იბრძოლებენ ბელა ხოტენაშვილი, ნინო ხურციძე, სალომე მელია, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სოფიკო გურამიშვილი. ჩემპიონატში უნდა ეთამაშა ქართველ მოჭადრაკე ქალთა ლიდერ ნანა ძაგნიძესაც, მაგრამ ობიექტური მიზეზით (მეორე შვილს ელოდება) შეჯიბრებაზე ვერ გაემგზავრება.

18-29 აპრილს ჩინეთში მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის მონდომებით ემზადებიან ქართველი დიდოსტატები. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ (პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე) ქალთა ნაკრების წევრებთან სამუშაოდ მოიწვია ცნობილი სპეციალისტი, ჭადრაკში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ორ-ორგზის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი დიდოსტატი ელიზბარ უბილავა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე ესპანეთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ბატონი ელიზბარი წლების განმავლობაში ნონა გაფრინდაშვილთან, ნანა ალექსანდრიასთან, ნანა იოსელიანსა და ზურაბ აზმაიფარაშვილთან ნაყოფიერად თანამშრომლობდა, 1987 წელს ანატოლი კარპოვს უწევდა სეკუნდანტობას მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მატჩში, 1994-დან 2005 წლამდე ინდოელ მსოფლიოს ჩემპიონ ვიშვანათან ანანდს ავარჯიშებდა.

გუშინ ელიზბარ უბილავას თბილისის ჭადრაკის სასახლეში ქალთა ნაკრებთან მორიგი მეცადინეობის შემდეგ შევხვდით.

- მართალია, საქართველოდან დიდი ხნის წინათ წავედი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ჭადრაკის ფედერაციასთან ურთიერთობა არასდროს შემიწყვეტია, - გვითხრა ბატონმა ელიზბარმა. - მოგეხსენებათ, ჩემი საჭადრაკო და სამწვრთნელო კარიერა თბილისში დაიწყო. ახლოს ვიცნობ საქართველოს ქალთა ჭადრაკსა და მის ტრადიციებს არა მარტო იმით, რომ თავის დროზე სახელოვან დიდოსტატებს - ნონა გაფრინდაშვილს, ნანა ალექსანდრიასა და ნანა იოსელიანს ვავარჯიშებდი. საქართველოში ახლა ჭადრაკის ახალი აღმავლობა იწყება. შეიქმნა ბრძენთა თამაშის განვითარების სპეციალური პროგრამა. ჩვენს ქვეყანაში გაიმართება ისეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებები, როგორებიცაა ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება და 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, ქალთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი. ამჟამად ვაჟთა მსოფლიო გრან პრის მე-3 ეტაპი მიმდინარეობს. არაფერს ვამბობ სხვა საჭადრაკო ღონისძიებებზე. სწორედ, ამგვარმა აღმავლობამ გამოიწვია ქალთა ნაკრებთან სათანამშრომლოდ ჩემი მოწვევა. ეს ურთიერთობა აპრილის ბოლომდე გასტანს. ორ საწვრთნელ შეკრებას ჩავატარებთ. ერთი ახლა მიმდინარეობს, მეორეს აპრილში გავმართავთ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის დაწყებამდე. ჩინეთში დიდოსტატ დავით ჯოჯუასთან ერთად მე წავყვები ქალთა ნაკრებს და შევეცდებით, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ცხადია, იმ შეჯიბრებისთვის გვექნება სირთულეები - ქალთა გუნდის ლიდერი ნანა ძაგნიძე ობიექტური მიზეზების გამო არ ითამაშებს, რაც ჩვენს ძალებს საკმაოდ შეასუსტებს. ამის მიუხედავად, მთელი გუნდი ენთუზიაზმით მუშაობს. ვემზადებით თეორიულად - იქნება ეს დებიუტები, შუა თამაში თუ ენდშპილი; ვამუშავებთ ეტიუდებს, სპეციალურ პოზიციებს. ეს საშუალებას მოგვცემს, მხნედ ვიყოთ და ოპტიმისტურად განვეწყოთ. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მსოფლიოს ჩემპიონატის მედლის მოსაპოვებლად. თუკი მიზანს მივაღწევთ, არ არის გამორიცხული, ქალთა ნაკრებთან ჩემი თანამშრომლობა შემდეგშიც გაგრძელდეს.

- შარშან ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულმა ბათუმის `ნონამ~ ზედიზედ შვიდ გუნდს აჯობა. მათ შორის ვარსკვლავებით დახუნძლულ `მონტე კარლოს~, სამ რუსულ კლუბს და ჩემპიონობა მოიპოვა...

- გეთანხმებით, ჩინებული შედეგია, მაგრამ საკლუბო და მსოფლიოს ჩემპიონატებს განსხვავებული დატვირთვა აქვს. ამასთან აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ქვეყნის გუნდების შემადგენლობები, მოჭადრაკეთა მზადყოფნა უშუალოდ შეჯიბრების დაწყების წინ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომზადებას. ჩემპიონატზე ძლიერი გუნდები იასპარეზებენ. მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება ქალთა ჭადრაკის დონე, ამიტომ მონაწილეებს უკვე ვეღარ დაყოფ ლიდერებად და აუტსაიდერებად. სიურპრიზებს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლებისგან უნდა ელოდო. ყოველივეს მიუხედავად, ჩინეთში ფავორიტებად მაინც მასპინძლები, რუსები და უკრაინელები მიიჩნევიან. რასაც ვუყურებ, ჩვენი გოგონების ოსტატობის დონე მაღალია. არც არის გასაკვირი - მათ ხომ მდიდარი გამოცდილება აქვთ და არაერთ ტურნირში მიუღწევიათ წარმატებისთვის. ვიმედოვნებ, რომ სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველდღიური თავდადებული შრომით, გუნდური სულისკვეთებითა და შემართებით მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტებსაც არაფერს დავუთმობთ.

ვაჟა დანელია

ავტორის ფოტო

[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
[PHOTO] პეპესა და პორნო ვარსკვლავის ურთიერთობა - რა ფოტოს აქვეყნებს შეტევაში მიქაუტაძის თანაგუნდელის მეგობარი გოგონა
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა
სიგუას მორიგი საგოლე პასი და "ლოზანას" მორიგი გამარჯვება
"მაკლარენმა" კონსტრუქტორთა თასი მოიგო - "მარინა ბეიზე" ჯორჯს რასელს ვერავინ დაეწია
"ყველა მოთამაშე მის გვერდით ვდგავართ" - მაუნტი ამორიმს გამოექომაგა
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
[VIDEO] შერმადინი მაგრად იწყებს - ქართველის 28 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება "მანრესასთან" პირველ ტურში
"ჩვენ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ" - სლოტი "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ
"მე ქართველი ვარ და ქართველები მებრძოლი ხალხი ვართ" - მერაბ დვალიშვილი
[VIDEO] დომინანტურად - მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა
Sofascore-მ მიქაუტაძე "ვილიარეალში" საუკეთესოდ აღიარა - როგორი შეფასებები მიიღო ქართველმა?
[VIDEO] მიქაუტაძემ კურტუას ლამაზი გოლი გაუტანა - "ვილიარეალი" "რეალთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "სანტიგო ბერნაბეუზე" "რეალს" გაუტანა
[VIDEO] დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ზურიკოს დუბლით "სენტ-ეტიენი" "მონპელიეს" ამარცხებს
მამარდაშვილის დადებითი შეფასებები - მასზე მაღალი ქულები "ლივერპულის" მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო
სათადარიგო სკამზე ბერნაბეუზე - "ვილიარეალისა" და "რეალის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამარდაშვილის კარგი დებიუტი პრემიერლიგაში - "ლივერპული" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
წიტაიშვილი შეცვლაზე და "მეცის" მარცხი "მარსელთან"