მერვედფინალების შედეგები და მეოთხედფინალური წყვილები
დევისის თასის პირველი ეტაპი ძალიან სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა - იყო სენსაციები, გრძელი მატჩები, არაპროგნოზირებადი სიუჟეტები...

აგრძელებს დევისის თასზე გმირობებს ყაზახეთის ნაკრები. გუნდი, რომელიც არ არის დაკომპლექტებული ელიტის წარმომადგენლებით, აბსოლუტურად ყველასთან იბრძვის. გავიხსენოთ თუნდაც გასული წელი, როცა კუკუშკინმა, გოლუბევმა და ნედოვესოვმა ვავრინკასა და ფედერერზეც კი "ასწიეს ხელი". მაშინ ყაზახეთს ორი სეტი არ ეყო ამ დაუმარცხებელი დუეტის გასავლელად.

იტალიასთან საშინაო მატჩში ყაზახები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როცა გოლუბევმა და ნედოვესოვმა წყვილთა მატჩი წააგეს ფონინისთან და ბოლელისთან. ანგარიში მატჩში 1:2 გახდა და თითქოს ამით მასპინძლებმა საკუთარ განაჩენს მოაწერეს ხელი, მაგრამ გუნდის ლიდერმა კუკუშკინმა სასტიკი დღე აყარა ანდრეას სეპის - 7:6(6), 6:0, 6:4.

ყველაფერი მეხუთე შეხვედრას უნდა გაერკვია, რომელშიც გუნდების კაპიტნებმა სხვა ჩოგბურთელები გაიყვანეს, ვიდრე პირველ დღეს იყო გამოცხადებული. ATP-ის რეიტინგის მეორე ასეულში მყოფი ნედოვესოვი ფონინის უპირისპირდებოდა. ყაზახმა კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

უკრაინაში დაბადებულმა 28 წლის ჩოგბურთელმა მეხუთე სეტამდე მიიყვანა საქმე, სადაც ფანტასტიკური სცენარი გათამაშდა. ნედოვესოვმა 4:1 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ ფონინიმ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო, თუმცა ამით მისი წარმატებები დასრულდა. ნედოვესოვმა პარტიაში მესამე ბრეიკი შეასრულა და უპრობლემოდ შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება. 3:2 და ყაზახეთმა კიდევ ერთხელ შექმნა ისტორია. მისი შემდეგი მეტოქე ავსტრალია იქნება. თამაში "მწვანე კონტინენტზე" გაიმართება, მაგრამ ეს ყაზახეთის ნაკრებს ნამდვილად არ აშინებს.

არგენტინისა და ბრაზილიის დაპირისპირება ნებისმიერ სპორტში მეტად ემოციური გამოდის. გამონაკლისი არც ჩოგბურთი ყოფილა. ამ წყვილში ძალები თითქმის თანაბარი იყო. ბრაზილიამ თავისი მრისხანე დუეტის - ბრუნო სოარეშისა და მარსელო მელოს წყალობით 2:1 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ მესამე დღეს გადამწყვეტი ქულა ვერ აიღო.

არანორმალური მატჩი ითამაშეს ლეონარდო მაიერმა და ჟოაო სოუზამ. პირველი ორი სეტი არგენტინელმა ტაი-ბრეიკებზე მოიგო, შემდეგ კი ორჯერ 5:7 დამარცხდა. მეხუთე სეტი მარათონული გამოდგა. ჩოგბურთელებმა მთელ მატჩს 6 საათი და 42 წუთი (!) მოანდომეს და მაიერმა შეძლო ბოლო პარტიის მოგება - 15:13. თუ არ ჩავთვლით უიმბლდონზე ჯონ ისნერისა და ნიკოლა მაუს ეპიკურ შეხვედრას, ეს იყო ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი.

ამის შემდეგ კორტზე ფედერიკო დელბონისი და ტომაშ ბელუჩი გავიდნენ. მათი მატჩი სიბნელის გამო გადაიდო და გუშინ დასრულდა. არგენტინელმა ოთხ სეტში მოიგო და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.

ენდი მარეიმ მაქსიმუმი გააკეთა ბრიტანეთის ნაკრების დასამარცხებლად. გუნდის ლიდერმა გადამწყვეტი ქულა მოუტანა მასპინძლებს, როცა ჯონ ისნერი დაამარცხა. საინტერესოა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ენდიმ მხოლოდ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება. სხვათა შორის, ამერიკელი ცუდად არ გამოიყურებოდა - შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ნერვიულად უტევდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გლაზგოში საჩოგბურთო ზეიმი შედგა. ამ მატჩისას განსაკუთრებული ატმოსფერო იყო. მაყურებლებმა ათ წუთში დაიტაცეს ყველა ბილეთი და ყველამ უდიდესი სიამოვნება მიიღო უმაღლესი დონის ჩოგბურთისგან.

ბრიტანეთი მეოთხედფინალში შინ მიიღებს საფრანგეთს და არ არის გამორიცული, კორტის საფარად ბალახი აირჩიოს, რადგან მატჩი ივლისში გაიმართება.

TOP10-ის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კანადისა და იაპონიის მატჩში. როგორც წესი, მილოშ რაონიჩისა და კეი ნიშიკორის მატჩები თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობს. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა აღმოჩნდა, რომელშიც ყველაფერი მეხუთე პარტიაში გადაწყდა. აქ იაპონელი უფრო მხნედ გამოიყურებოდა და დამსახურებლად გაიმარჯვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საბოლოო მოგებისთვის, რადგან ვასეკ პოსპიშილმა მეხუთე შეხვედრაში სამ სეტში მოუგო გო სოედას.

კანადა მეოთხედფინალში ბელგიაზე გავიდა, რომელმაც ტურნირი მოქმედი ჩემპიონის - შვეიცარიის გარეშე დატოვა. აქაც ყველაფერი მეხუთე მატჩმა გადაწყვიტა. ბელგიელებს დასჭირდათ თავიანთი ლიდერის, დავიდ გოფენის გამოყენება, რომელმაც პირველი ორი დღე ტრავმის გამო გამოტოვა. თუმცა ბელგიელს დიდად დაძაბვა არ დასჭირვებია, რადგან მოკრძალებული მეტოქე, ადრიენ ბოსელის სახით, სამ სეტში დაამარცხა.

1/8 ფინალი

გერმანია-საფრანგეთი 2:3

ბრიტანეთი-აშშ 3:2

ჩეხეთი-ავსტრალია 2:3

ყაზახეთი-იტალია 3:2

სერბეთი-ხორვატია 5:0

ბელგია-შვეიცარია 3:2

არგენტინა-ბრაზილია 3:2

კანადა-იაპონია 3:2

1/4 ფინალი

ბრიტანეთი-საფრანგეთი

ავსტრალია-ყაზახეთი

არგენტინა-სერბეთი

ბელგია-კანადა

მატჩები 17-19 ივლისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?