...მანამდე

სტერნი ნიუიორკელი ებრაელის ოჯახში 1942 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. NBA-ს ის პირველად 1966 წელს ერთ-ერთი იურიდიული ფირმის კონსულტანტად მუშაობისას დაუახლოვდა. დევიდმა 1978 წელს საკალათბურთო ასოციაციის გენერალურ საბჭოში შეაღწია, ორ წელიწადში კი ლიგის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშნეს. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი, სტერნი, 1984 წლის 1 თებერვლიდანაა.

პოსტზე მან ლარი ობრაიენი შეცვალა და ასოციაციის ისტორიაში რიგით მეოთხე კომისარი გახდა. ესოდენ დიდი ორგანიზაციის ბოსად ყოფნა ყოველთვის ძნელია, იოლი NBA-ს საჭესთან ყოფნა არც სტერნისთვის იქნებოდა, მაგრამ საოცარი მენეჯერული თვისებებით და ორგანიზატორული ნიჭით მან შეძლო ასოციაციის განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო.

ამ ხნის განმავლობაში NBA-ში იცვლებოდნენ კალათბურთელები, მწვრთნელები, გუნდები, თანამდებობის პირები, შეთანხმებები, ხელფასები... ძალიან ბევრი რამ, მაგრამ არ იცვლებოდა მხოლოდ დიდი ბოსი - დევიდ სტერნი.

გუნდები

პოსტზე მუშაობის დასაწყისშივე დევიდს ბრალს სდებდნენ, რომ მისი ნებართვით ლიგა პრივილეგიას ანიჭებდა მსხვილი მეგაპოლისების გუნდებს. სტერნსაც არასოდეს რცხვენოდა ეღიარებინა, რომ საერთო წარმატებისთვის საჭირო იყო ძლიერი გუნდების მოზიდვა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ქალაქებიდან.

რამდენიმე გუნდი გაქრა NBA-ს რუკიდან, მაგრამ სამაგიეროდ გაჩნდნენ ახლები, დიდი მეგაპოლისებიდან. ამასთან, გუნდების რაოდენობა სულაც გაიზარდა 23-დან 30-მდე. სტერნის მოსაზრებით, აშშ-ს მსხვილი ქალაქების გუნდები ყოველთვის მოაგროვებენ იმაზე უფრო დიდ აუდიტორიას, თუნდაც არ ეთამაშა მათ რიგებში MVP-ს, ვიდრე სიმპათიური, მაგრამ ადგილობრივი მნიშვნელობის გუნდები.

სტერნის პოლიტიკას საზოგადოდ NBA-ს კლუბები არ დაუზარალებია. 1984 წელს NBA-ს ყველა კლუბის ღირებულება ერთად აღებული 400 მილიონი დოლარი იყო, დევიდის პოსტიდან წასვლის შემდეგ კი ამ ფასად ლიგის ყველაზე ღარიბ კლუბსაც ვეღარ შეიძენდით.

კალათბურთელთა

უფლებები

სტერნი ამბობდა, რომ ლიგის პოპულარობა არა მენეჯერების, მწვრთნელების და საზოგადოდ გუნდების, არამედ კალათბურთელების პოპულარობაზეა დამოკიდებული.

`განსაკუთრებით კაშკაშა ვარსკვლავები მხოლოდ პარკეტზე კი არა, მის მიღმაც უნდა ბრწყინავდნენ", - მიაჩნდა მას. სპონსორული კონტრაქტები კალათბურთელებს 1984 წლამდე თითქმის არ ჰქონდათ და შესაბამისად, მათ შემოსავალს ამ მიმართულებიდან არაფერი არ ემატებოდა.

სტერნის მხარდაჭერით კი მოთამაშეებმა ყინული დაძრეს და მალე მთელი ამერიკის სარეკლამო ბაზარზე NBA-ს კალათბურთელების მასშტაბური შეჭრის მოწმენი გავხდით. რა თქმა უნდა, გვარიანად გაიზარდა კალათბურთელთა ხელფასების ოდენობაც.

NBA ტელევიზიაში

მაგრამ სტერნის მთავარ წარმატებად ლიგის სატელევიზიო ინტერესების გაზრდა მიიჩნევა. კომისარს ესმოდა, რომ ყველაზე მეტად ლიგის პოპულარობა სწორედ ტელევიზიებზე იყო დამოკიდებული. 1984 წლამდე NBA-ს ფინალური სერიის მატჩებისაც კი მხოლოდ ვიდეოჩანაწერი გადიოდა ტელევიზიით.

მისი მოსვლიდან მალევე კი მოხდა მნიშვნელოვანი გაღვევა ამ თვალსაზრისით. 80-იანი წლების მიწურულს უკვე პლეი ოფის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი გადაიცემოდა. ახლა ხომ საერთოდ NBA-ს ნებისმიერი მატჩის რეპორტაჟი ძვირფასია ტელევიზიებისათვის. ადრე ბევრი კითხულობდა, რა საჭიროა ამ მატჩების პირდაპირი რეპორტაჟიო, მაგრამ ამის მთქმელს ახლა სერიოზულად აღარც მოუსმენენ.

ლოკაუტები

1984 -2014 წლებში ხუთჯერ დაფიქსირდა ლოკაუტი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. იქ სადაც დიდი ფული ტრიალებს, ყოველთვის ჩნდება პრეტენზიები ამ ფულის გაყოფის შესახებ. სტერნის ეპოქაში კი ლიგაში მოვიდა უზარმაზარი ფინანსური შემოსავლები რეკლამიდან, ტელევიზიიდან და უბრალოდ მფლობელებისგან.

რამდენჯერმე ეს ფულადი ულუფა იოლად განაწილდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ლიგა და პროფკავშირი ერთმანეთს შუბლით მიეხალნენ და დათმობას არაც ერთი აპირებდა. ყველაზე მოკლე ლოკაუტი სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა, ყველაზე დიდმა კი ლამის ნახევარი სეზონი შეიწირა, თუმცა სეზონის გადადება არცერთხელ გახდა საჭირო, რაც დიდწილად სწორედ ჩვენი წერილის გმირის დამსახურება გახლდათ.

დრაფტი

სტერნის მიერ შემოტანილი ერთ-ერთი სიახლეთაგანი და იმავდროულად პირველი სკანდალის მომტანი იყო დრაფტის პროცედურის შეცვლა. თუ იქამდე პირველ ნომერს იღებდა მხოლოდ ყველაზე უარესი გუნდი თითოეულ კონფერენციაში, ახალი წესით ის ჩაანაცვლა ლატარიამ. ამ მეთოდმა მაშინვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა.

თავიდან, მბრუნავ ბარაბანში ეყარა კონვერტები და იქიდან იღებდნენ ნომრებს. ამაზე გავრცელდა ხმები, რომ კონვერტები ინიშნებოდა. შემდეგ კონვერტები შეცვალეს ბურთულებით, მაგრამ ამ ბურთულებს დახურულ კარს მიღმა იღებდნენ და პუბლიკას მხოლოდ შედეგებს აცნობდნენ. რაც ისევ ტოვებდა კითხვის ნიშნებს.

ბურთი და სამქულიანი დისტანცია

სტერნმა სცადა მატჩში ქულების დაგროვებისთვის ხელი შეეწყო. მისი ინიციატივით 1994 წელს სამქულიანი დისტანცია შემცირდა 7,24-დან 6,7 მეტრამდე, თუმცა ჩათვალეს, რომ ამან ვერ იმუშავა და სამ წელიწადში სამქულიანის ხაზი ისევ ძველ მანძილს დაუბრუნდა. თუ ეს სამქულიანი დისტანცია ზოგს მოსწონდა და ზოგს არა, სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ბურთი არავის არ მოსწონებია. ასეთი ბურთი სტერნის ინიციატივით 2006 წელს შევიდა არენაზე. პროტესტი უმალ გამოთქვეს ვარსკვლავებმა - დუეინ უედმა, სტივ ნეშმა, დირკ ნოვიცკიმ. ატყდა აჟიოტაჟი და NBA-ს ხელმძღვანელები გამოტყდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ჯობდა მოთამაშეებთან გაევლოთ კონსულტაცია.

ბრძოლა დოპინგთან

სტერნმა NBA-ს კომისრის პოსტზე მოსვლისთანავე ბრძოლა გამოუცხადა დოპინგს, მაგრამ ბევრი მას სწორედ ამ ბრძოლის გამო აკრიტიკებდა. ოპონენტები თვლიან, რომ დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა არ მიმდინარეობდა სათანადო მასშტაბებით. კალათბურთელი წელიწადში მხოლოდ 4 -ჯერ გადის დოპინგტესტს, სპორტსმენს წინასწარ ატყობინებენ დოპინგზე დაგეგმილი გასინჯვის შესახებ.

არ არსებობს ბიოლოგიური პასპორტები. აშშ-ს კონგრესმაც მოითხოვა NBA-სგან დოპინგტესტზე პრაქტიკაში სისხლის ანალიზის ჩაბარების შემოღება და სიმაღლეში ზრდის ჰორმონებზე მოთამაშეთა გადამოწმება, რაც არ ხდებოდა.

დიდების დარბაზში

`ლიგა რომ დღესდღეობით ასეთ პოზიციებზეა, უაღრესად პოპულარულია და მხოლოდ და მხოლოდ ვითარდება - პირველ ყოვლისა სწორედ დევიდ სტერნის დამსახურებაა. იგი ყველაზე საჭირო ადამიანი იყო კალათბურთის ისტორიაში", - თქვა ლეგენდარულმა მწვრთნელმა პატ რაილიმ.

სტერნს არა მხოლოდ კალათბურთის, საერთოდ, ამერიკის ისტორიაში საუკეთესო მენეჯერთა შორის იხსენიებენ. რა გასაკვირია, რომ ის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

ვასილ ბალახაძე

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ესპანიოლთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა