როი ჰოჯსონი სქემებს ხაზავს და მეტოქეებს შიფრავს
ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იმდენად კარგად თამაშობს, რომ "სამი ლომის" მომავალ მატჩებს მარტო ინგლისელთა ფანები კი არა, მთელი საფეხბურთო სამყარო დიდი ინტერესით ელოდება.

ბრაზილიური ფიასკოს მერე ინგლისელებმა ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს, პროცესში კი 15 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს. როი ჰოჯსონის ბიჭებს ჯერ ლიტვასთან საკვალიფიკაციო მატჩი აქვთ 27 მარტს "უემბლიზე", შემდეგ კი 31 მარტს ტურინში, "იუვენტუს სთედიუმზე" ამხანაგურად ესტუმრებიან იტალიას, რომელთანაც მუნდიალზე ჯგუფში წააგეს.

ჰოჯსონმა შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა, რომელიც კი გაგაცანით, მაგრამ მას მერე იმდენმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, რომ გამოცდილ სპეციალისტს სიის მნიშვნელოვნად გადახალისება მოუხდა. ამ და არამარტო ამ თემაზე ინგლისის ნაკრების გარშემო ახლა უნდა ვისაუბროთ.

რასაკვირველია, უპირველესი "თემა" ჰარი კეინია, რომელიც საუცხოო ფორმაში იმყოფება და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, 21 წლის თავდამსხმელს უკვე 29 გოლი აქვს გატანილი, 43 მატჩში. ასეთი შედეგიანი ამ სეზონში ვარსკვლავურ პრემიერლიგაში არც ერთი თავდამსხმელი არ არის.

ჰარი კეინის პროგრესი შეუმჩნევლად არავის რჩება და მასზე ჰოჯსონიდან დაწყებული, "ტოტენჰემის" კონკურენტი გუნდების ფეხბურთელებით დამთავრებული, ყველა საუბრობს.

"ვფიქრობ, კეინით მთელი ქვეყანა აღფრთოვანებულია. სიურპრიზი იქნებოდა, ნაკრებში რომ არ მოხვედრილიყო" - განაცხადა ჰოჯსონმა.

"მან ორი-სამი საფეხურით წინ წაიწია, თანაც უფრო და უფრო უმატებს. იგი ძალიან ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ, დიდი მომავალი აქვს" - ამბობს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მაიკლ კერიკი.

"ჩელსის" მცვლი გარი კეჰილი: "დაიწყებს თუ არა ჰარი ძირითად შემადგენლობაში, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ ის უკვე ნამდვილი პროფესიონალია და მზადყოფნაშია. ნაკრებში დიდი კონკურენციაა, ჩვენ ამჟამად განაცხადში 4 უმაღლესი კლასის თავდამსხმელი გვყავს".

ჰარი კეინი: "ნაკრებში მოხვედრაზე ყოველთვის ვოცნებობდი, ბავშვობიდან მოყოლებული".

ახალგაზრდა თავდამსხმელი აქამდე ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და გუნდს ზაფხულში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაშიც ძალიან დაეხმარა.

კერიკსა და კეჰილს თუ დავუბრუნდებით, პირველმა კომენტარი ნაკრებში დაბრუნებაზეც გააკეთა, ხოლო მეორემ "ჩელსის" შემადგენლობაში კურტ ზუმასთან კონკურენციაზე. კერიკმა, რომლის სანაკრებო დებიუტიც 2001 წელს შედგა, ინგლისის ღირსება 2013 წლის ოქტომბრის მერე პირველად უნდა დაიცვას. ისიც იცით, რომ ექსტოტენჰემელი ტრავმირებული იყო და მინდორს არც ისე დიდი ხნის წინ დაუბრუნდა, შესაბამისად, შოტლანდიასთან და სლოვენიასთან შეხვედრებიც გამოტოვა.

"ძალიან უსიამოვნო გახლდათ ამ მატჩების გამოტოვება, მაგრამ ამას უნდა შეეგუო და გადაიტანო. ჩემი ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ, ახლა ყველაფერი კარგადაა და ძალიან მიხარია ნაკრებში დაბრუნება. მშვენიერი გრძნობაა, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის და გინდა, უბრალოდ, მინდორზე გახვიდე და ფეხბურთი ითამაშო. ახლა სწორედ ასეთი მომენტია" - თქვა კერიკმა.

გარი კეჰილი: "კლუბში ძირითად შემადგენლობას დავუბრუნდი. რამდენიმე თამაშით განაცხადს მიღმა დავრჩი, თუმცა თავი დავხარე და შემართებით მუშაობა გავაგრძელე, იმისთვის, რომ ჩემი ადგილი დამებრუნებინა. როდესაც დიდი გუნდის წევრი ხარ, სერიოზული კონკურენციისთვისაც მზად უნდა იყო. "ჩელსიში" ჩემი მოსვლის დღიდან სწორედ ასეა. კონკურენტები მუდამ არიან, მაგრამ მე, უბრალოდ, თამაშს და მუშაობას ვცდილობ. ახლა ეს კარგად გამომდის და მიხარია. შევეცდები, ნაკრებსაც დავეხმარო".

უიღბლო სტარიჯი და დაბრუნებულები

ჰოჯსონმა შემადგენლობაში რამდენიმე ძველი სახე დააბრუნა. მათ შორის უნდა ყოფილიყო დანიელ სტარიჯიც, რომელიც სწორედ სანაკრებო შეკრებისას დაშავდა სექტემბერში, მერე ტრავმა გაუმიზეზდა, ბევრი იწვალა, მაგრამ მინდორს დაუბრუნდა და წესით, ნაკრებსაც უნდა დაბრუნებოდა. გამოძახებულიც გახლდათ, მაგრამ... "ლივერპულის" თავდამსხმელი ისევ დაშავდა.

ბირმინგემის "ასტონ ვილას" გავარდნა ემუქრება, მაგრამ ფაბიან დელფს მწვრთნელი ისევ ენდობა და ასევე ტრავმამორჩენილი ნახევარმცველი კვლავაც ნაკრებშია.

ინგლისის ღირსების დაცვის პატივი წილად ხვდათ "ტოტენჰემის" კაილ უოკერსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფილ ჯონსს. ჰოჯსონმა გადაწყვიტა, რომ ისინი ისევ იმსახურებდნენ მიწვევას.

იღბლიანი დებიუტანტი

სტარიჯის ნაცვლად, ჰოჯსონმა ფორვარდის მოწვევა არ ისურვა. შესაძლოა, ეს იმიტომ, რომ გარეთ დარჩენილებიდან გული ხელმეორედ აღარავის დაწყვეტოდა.

თან ინგლისის ნაკრების თავკაცს თავდასხმაში არჩევანი გაუადვილდა, ახლა იგი კეინს, უეინ რუნისა და დენი უელბეკს შორის უფრო თავისუფლად გაანაწილებს სათამაშო დროს.

სამაგიეროდ, ჰოჯსონმა გაახარა კიდევ ერთი ტოტენჰემელი რაიან მეისონი, რომელიც ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ჯერ "დეზების" ძირითად გუნდში მიიღებდა ასეთ ნდობას, ხოლო მერე, ასე მალე და ამ კონკურენციის პირობებში, ინგლისის ნაკრებში მოხვდებოდა. 23 წლის ნახევარმცველს მიმდინარე პრემიერლიგაში 23 მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან 22 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

ვინ არ არის...

ინგლისში ახალი თავდამსხმელების ბუმია და ბევრი ჩარლი ოსტინის გამოძახებასაც ელოდა, მაგრამ ჰოჯსონმა "ქუინზ პარკის" ფორვარდს არ დაუძახა. მან ადრე "ბარნლის" დენი ინგსზეც აღნიშნა, ვაკვირდებით და მომავალში ვნახოთო.

აღარც საიდო ბერაჰინოა, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" ფორვარდი ჰოჯსონმა 21-წლამდელთა ნაკრებს დაუტოვა, რომელსაც ჩეხეთთან და გერმანიასთან ელოდება მატჩები. ახალგაზრდულ ნაკრებს დაუბრუნდა "არსენალის" უკანახაზელი კალუმ ჩემბერსიც, ამ უკანასკნელის თანაკლუბელები ჯეკ უილშირი და ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი კი ტრავმების გამო არ არიან. ბუნებრივია, არ გვიკვირს რიკი ლამბერტის არყოფნა, რომელმაც ძალიან მოუკლო.

სტიუარტ დაუნინგს კი გული დაწყდებოდა, რადგან გამოძახების იმედი ჰქონდა, მაგრამ ისევ არ აქცევენ ყურადღებას.

ლუკ შოუს არყოფნის მიზეზი კი ტრავმაა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ მიიღო. მწვრთნელს ისიც გამოძახებული ჰყავდა და მერე ყოფილი საუთჰემპტონელის ჩანაცვლება დენი როუზით მოუხდა. ამ ცვლილებამ და ზოგადად, ცვლილებებმა გამოიწვია ის, რომ ნაკრებში ყველაზე მეტი (5) წარმომადგენელი ახლა "ტოტენჰემს" ჰყავს.

მეკარეები

უიღბლობა გოლკიპერებსაც გადაედოთ. "ვესტ ბრომვიჩიხ" ბენ ფოსტერი მუხლის ტრავმის გამო ერთი თვე იუქმებს და სანამ ჰოჯსონი იმაზე ფიქრობდა, ვინ მოეწვია მესამე მეკარედ, "საუთჰემპტონის" კარის დარაჯი ფრეიზერ ფორსტერიც დაშავდა.

ჯო ჰარტის დუბლიორი რობერტ გრინი იქნება, მესამე მეკარედ კი 22 წლის ჯეკ ბატლენდი მოგვევლინება. "სტოკის" საკუთრებაში მყოფი გოლკიპერი 2012 წელს ერთი ტაიმით უკვე იცავდა ნაკრების კარს, სწორედ იტალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში.

ჰოჯსონი ამბობდა, ბატლენდი კარგი ბიჭია, მაგრამ აჯობებს, ამჯერად ახალგაზრდულში ითამაშოს და ძირითად ნაკრებზე ფიქრით ყურადღება არ გაეფანტოსო, მაგრამ სხვა გზა აღარ დარჩა.

თავად ჰოჯსონი

ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტი ჰოჯსონს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერე ეწურება, მაგრამ ეტყობა, რომ დარჩენა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვისაც სურს. 67 წლის სპეციალისტს კონკრეტული არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი განწყობით და მინიშნებებით იმის მიხვედრა შეიძლება, რომ კიდევ ერთ მუნდიალზე სურს ბედის ცდა.

"ამჟამად მინდა ვიცოდე, რომ ყველაფერი კარგად მიდის და ხარვეზები არ გვაქვს. კონცენტრაცია უახლოეს მატჩებზეა საჭირო. იმედი მაქვს, როდესაც საფრანგეთში გავემგზავრებით - და მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოვხვდებით - კარგ თამაშს ვაჩვენებთ და კმაყოფილები ვიქნებით. ამაზე წინ გახედვა ახლა არ არის საჭირო" - თქვა ჰოჯსონმა.

ინგლისის ნაკრების დამრიგებელს პრემიერლიგის კლუბების ევროსარბიელზე წარუმატებელი თამაშის შესახებაც ჰკითხეს აზრი:

"პრემიერლიგა ბრწყინვალე ჩემპიონატია და დიდებული ფეხბურთელები გვყავს. თუმცა ეს არ გაძლევს იმის გარანტიას, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენელ გუნდს აუცილებლად მოუგებ. რასაკვირველია, კლუბებს და მთლიანად პრემიერლიგას არ სურთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ადგილი დაიკარგოს, მაგრამ თუ ამ სტატუსისა და სიტუაციის შენარჩუნება გინდა, სტაბილურად უნდა დააგროვო ქულები. ამ სეზონში ეს არ გამოვიდა" - განაცხადა ჰოჯსონმა.

ინგლისის ნაკრების გადახალისებული შემადგენლობა

მეკარეები: ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი), რობერტ გრინი (ქპრ), ჯეკ ბატლენდი (სტოკი)

მცველები: ლეიტონ ბეინსი (ევერტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ნათანიელ კლაინი (საუთჰემპტონი), კირან გიბსი (არსენალი), ფილ ჯაგიელკა (ევერტონი), ფილ ჯონსი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენი როუზი (ტოტენჰემი), კრის სმოლინგი (მანჩესტერ იუნაიტედი), კაილ უოკერი (ტოტენჰემი)

ნახევარმცველები: როს ბარკლი (ევერტონი), მაიკლ კერიკი (მანჩესტერ იუნაიტედი), ფაბიან დელფი (ასტონ ვილა), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), რაიან მეისონი (ტოტენჰემი), ჯეიმს მილნერი (სიტი), რაჰიმ სტერლინგი (ლივერპული), ანდროს თაუნსენდი (ტოტენჰემი), თეო უოლკოტი (არსენალი)

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ტოტენჰემი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენი უელბეკი (არსენალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
[VIDEO] რეკორდების წვიმა - ბრინჯაოსთვის სახალისო მატჩში ინგლისმა საფრანგეთს სძლია
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
"ბაიერნი" კეინთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
"მერე რა, რომ მუნდიალზე არ ითამაშა?! იამალზე და კეინზე უკეთესი იყო და "ოქროს ბურთს" ხვიჩას მივცემდი" - ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით