მარიო ბასლერის სვეტი

თურმე როგორ ცდებოდა სუპერმარიო დორტმუნდის შემთხვევაში

თუკი საფეხბურთო გერმანიაში ვინმეზე შეიძლება ითქვას, მანიპულირებულ მატჩებთან შეხება არ აქვსო, პირველ რიგში ჩემზე, რადგან სეზონის წინ დიდი სისულელე მითქვამს. თუ გახსოვთ, ვამტკიცებდი, „შალკე“ გერმანიის ჩემპიონი გახდება-მეთქი...

თუმცა, თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მიზნისთვის დიდად არ ამიცილებია: სულ რაღაც 36 კილომეტრით შევცდი - გელზენკირხენიდან დორტმუნდამდე ხომ სწორედ 36 კილომეტრია. ახლა უკვე თამამად შემიძლია ფსონის ჩამოსვლაზე იმაზე, რომ გერმანიის ჩემპიონი ყველასათვის მოულოდნელად, მაგრამ აბსოლუტურად დამსახურებულად, „ბორუსია“ გახდება. ამით ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ იმას ხომ ნაღდად ჯობია, რაც ზაფხულში ვთქვი, როცა „შალკეს“ ჩემპიონობა ვიწინასწარმეტყველე.

ცხადია, მიუნხენის „ბაიერნი“ მეორე წრეში ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ „ვერცხლის სინი“ შეინარჩუნოს და დორტმუნდს ბევრჯერ მოუშლის ნერვებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მიუნხენელები ვეღარაფერს გახდებიან. „ბორუსიას“ უბრალოდ უკეთესი გუნდი ჰყავს, „ბორუსია“ უფრო ახალგაზრდული და შემართული, ძალიან მონდომებული გუნდია და ყველაფერთან ერთად, დღეს

დორტმუნდში უფრო დუღს ემოციები, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქში, მათ შორის, მიუნხენშიც.

თუნდაც მხოლოდ კევინ გროსკროიტცის მაგალითის მოყვანა რად ღირს. დორტმუნდელთა ახალგაზრდა გარემარბს ტელევიზორში რომ ვუყურებ ხოლმე, ისე უაზროდ ლაპარაკობს, რომ წარმოუდგენელია, ოდესმე ჭადრაკი ჰქონდეს ნათამაშები, მაგრამ ჩემთვის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გროკსროიტცი ძალიან გულახდილი ტიპია. საბოლოო ჯამში კი, ფეხბურთელის არასპორტულ ასპექტში შეფასებისას, ყველაზე მთავარი კრიტერიუმი სწორედ მისი გულახდილობაა - ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. ბუნდესლიგაში ყველა მოთამაშე კევინისნაირი გულახდილი რომ იყოს, გერმანიის ჩემპიონატი ასჯერ მეტ სიამოვნებას მოგვანიჭებდა.

ვაღიარებ, რომ კევინ გროსკროიტცის ფანი ვარ. ის არა მარტო ბუნდესლიგის ყველაზე გულახდილი ფეხბურთელია, არამედ ყველაზე ნაკლებად აქვს ტვინი დაბინძურებული და ყველაზე მეტად უნდა ფეხბურთის თამაში. თავს დავდებ, რომ ასეა! ეს არის ბიჭი, რომელიც ბავშვობაში ჯიბის ფულს მთლიანად იმაში იხდიდა, რომ დორტმუნდის თამაშებს დასწრებოდა. მაშინ კევინი „ვესტფალენშტადიონის“ სამხრეთ ტრიბუნაზე იჯდა, დღეს კი თვითონ თამაშობს მისთვის უსაყვარლეს კლუბში. ჩემი აზრით, დორტმუნდელთაგან „ვერცხლის სინს“ ყველაზე მეტად გროსკროიტცი იმსახურებს.

მოკლედ, შევთანხმდით, რომ გერმანიის ჩემპიონი „ბორუსია“ გახდება. არა მგონია, რომ „დორტმუნდს“ სერიოზული პრობლემები შეექმნას. საინტერესო ისაა, როგორ წარიმართება საჩემპიონო ზეიმი დორტმუნდში. საქმე იმაშია, რომ კაცი, ვინც „ბორუსიას“ „ვერცხლის სინი“ უნდა გადასცეს, გერმანიის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი რაინჰარდ რაუბალია, რომელიც იმავდროულად, „დორტმუნდის“ პრეზიდენტიც გახლავთ...

კიდევ ერთი კომიკური საკითხი: რაუბალმა „ვერცხლის სინი“ „ბორუსიას“ კაპიტანს უნდა გადასცეს. დორტმუნდელთა გუნდის თავი კი სებასტიან კელია - ფეხბურთელი, რომელსაც მართლა დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მხოლოდ როგორც პიროვნებას... კელს გერმანიის ნაკრებშიც უთამაშია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მაშინ ბუნდესმწვრთნელი იურგენ კლინსმანი იყო, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა. ამ შემთხვევაში კი მთავარი და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კელი მთელი სეზონი ტრავმირებულია და გადაბმულად ორი თამაშიც კი არ აქვს ჩატარებული. „ბორუსია“ კელის გარეშე ხდება გერმანიის ჩემპიონი და „ვერცხლის სინი“ კი მაინც სებასტიანმა უნდა აწიოს - თითქოს მთელი სეზონის განმავლობაში თავს იკლავდა ჩემპიონობისთვის ბრძოლით. იმედს ვიტოვებ, რომ გროსკროიტცი და სხვები კელს „ვერცხლის სინს“ მალე წაართმევენ და გერმანიის სპეცრაზმის ყველაზე მაგარი ასეულის დაცვით, გელზენკირხენისკენ აიღებენ გეზს, სადაც მაგრად იზეიმებენ...

ზოგადად კი, არა მარტო გროსკროიტცი, არამედ „ბორუსიას“ მთელი გუნდი აღმაფრთოვანებს. შაჰინები, კაგავები, გიოტცეები, ბარიოსები, ბენდერები, ჰუმელსები, სუბოტიჩები, შმელცერები - ღმერთო, როგორ ვცდებოდი ამ გუნდის შემთხვევაში. ზაფხულში ვფიქრობდი, რომ დორტმუნდელები მაქსიმუმ სამეულში მოსახვედრად იბრძოლებდნენ და საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც კი ვერ მოიპოვებდნენ. ახლა კი ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ BVB 2002 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ევროპის ელიტარულ საკლუბო ტურნირზე. ქედს ვიხრი გუნდის ბოსის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს წინაშეც. ხომ იცით, ეს კაცი „დორტმუნდის“ მთავარი შეფია და მას დორტმუნდის კანცლერსაც ეძახიან. სხვათა შორის, ერთხელაც არ გამოუთქვამს პროტესტი ამის გამო.

ახლა გაგიმხელთ, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა „ბორუსია“ ძალიან მაგრად გავაკრიტიკე, ვატცკემ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ცხადია, არ ვიტყვი, რაზე ვისაუბრეთ, ეს საიდუმლოა, ის კი მინდა ვთქვა, რომ ძალიან კაცური საუბარი გამოგვივიდა. მას მერე ვატცკეს დიდ პატივს ვცემ. 2003-2004 წლებში „დორტმუნდი“ გაკოტრების პირას იყო მისული, რადგან წინამორბედი ხელმძღვანელები საშინლად მუშაობდნენ, ბოსების ახალმა გუნდმა კი ყველაფერი დაალაგა.

პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ შესანიშნავი სეზონის შემდეგ, ჰუმელსებს, სუბოტიჩებს და სხვებს ინგლისური და ესპანური კლუბები იდეალური წინადადებებით მიმართავენ და მერე უკვე ყველაფერი მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპზე იქნება დამოკიდებული. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: კლოპს გუნდის მოტივირება შეუძლია. იურგენი ამას ყოველ უიქენდზე ამტკიცებს. კლოპი ცოტა გიჟია და ეს „დორტმუნდს“ უხდება კიდეც - დორტმუნდიც ხომ გაგიჟებულია ფეხბურთზე. თუ იურგენი გერმანიის ჩემპიონი გახდება, მერე მართლა ძალიან ძნელი იქნება მისი გაკონტროლება...

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია