შეძლებს ლევერკუზენი დორტმუნდის გამწარებას?

გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრე დღეს, იდეალური მატჩით იწყება - შეხვედრით, რომელიც არა მარტო მე-18 ტურის ცენტრალური მატჩია, არამედ დიდი შანსია, რომ მთლიანად მეორე წრის მთავარი დაპირისპირებაც იყოს: პირველი წრის გამარჯვებული დორტმუნდის „ბორუსია“ „ლევერკუზენს“ სტუმრობს - გუნდს, რომელიც „მაინცთან“ ერთად, მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. შესაძლოა, არ გახსოვდეთ და აუცილებლად უნდა გაგახსენოთ, რომ პირველ ტურში „ლევერკუზენმა“ „ბორუსიას“ „ვესტფალენშტადიონზე“ მეტად უსიამოვნო მარცხი აგემა. მაშინ, 22 აგვისტოს, „ფარმაცევტებმა“ დორტმუნდელები 2:0 რომ დაამარცხეს, ვერავინ იფიქრებდა, რომ ვესტფალიელები სეზონის პირველ ნახევარს გრანდიოზულად ჩაატარებდნენ, მაგრამ BVB-მ იმ მარცხის მერე გრანდიოზული თამაშები ჩაატარა და პირველი წრე ათქულიანი უპირატესობით მოიგო. საერთოდაც, „ბორუსიას“ ჯერ მხოლოდ ორი წაგება აქვს და ერთი პირველი წრის პირველ ტურში „იგემა“, მეორე კი პირველი წრის ბოლო ტურში.

მაშინ, „ლევერკუზენთან“ წაგების მერე, „ბორუსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა თქვა, დიდი ხანია, ჩვენს ფეხბურთელებს ამდენი არაზუსტი პასი არ გაუკეთებიათო და გარკვეულწილად პესიმისტურადაც კი იყო განწყობილი. 22 აგვისტოს უკანასკნელი ოპტიმისტებიც კი ვერ იფიქრებდნენ იმას, რაც „დორტმუნდმა“ იმ წაგების მერე გააკეთა: იურგენ კლოპის ბიჭებმა 15-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხვეს და მხოლოდ მე-17 ტურშიღა დამარცხდნენ (აინტრახტთან 0:1) და დღეს BVB-ს უახლოეს მდევრებთან, „მაინცთან“ და „ლევერკუზენთან“ ათქულიანი უპირატესობა აქვთ.

„პირველ ტურში „ლევერკუზენთან“ ძალიან ცუდად ვითამაშეთ და შესაძლებლობების 50 პროცენტიც კი ვერ გამოვავლინეთ, - ამბობს კლოპი და იქვე დასძენს, - მიუხედავად იმისა, რომ პირველი წრე იდეალურად ჩატარეთ და დღესაც ლიდერები ვართ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩემი გუნდი ლევერკუზენში ფავორიტი იქნება.“

თუმცა კლოპის მოსაზრება ერთია, მთელი საფეხბურთო გერმანიისა კი - მეორე. „ბორუსიას“ აბსოლუტურად ყველა ექსპერტი ფავორიტად მიიჩნევს. თუმცა იურგენი იმასაც ამბობს, მეორე წრეში ძალიან ბევრ რამეს ვაპირებთო. მწვრთნელი, ფეხბურთელები და ხელმძღვანელები ერიდებიან ხმამაღლა საუბარს იმის შესახებ, რომ დორტმუნდი ჩემპიონობის ნომერ პირველი კანდიდატია. გუნდს არ თავდაჯერება აკლია და არც შემართება, მაგრამ კლოპი მუდმივად იმეორებს, ჩვენ მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ, ჯერ ადრეა ის, რომ ყოველ ღამე „ვერცხლის სინი“ გვესიზმრებოდესო.

„თუ წავაგებთ, ჩვენი უპირატესობა 7 ქულამდე შემცირდება, თუ მოვიგებთ, 13 ქულამდე გაიზრდება, მაგრამ მე ასეთი კალკულაციები ოდნავადაც არ მაინტერესებს,“ - აცხადებს დორტმუნდელთა თავკაცი. საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი კი უფრო კონკრეტდება: „ჩვენ ვიცით, რაც შეგვიძლია და თუ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ, შეუძლებელი არაფერი იქნება.“

„ლევერკუზენთან“ და კიდევ 2-3 საწყის მატჩში „ბორუსიას“ ერთ-ერთი ლიდერი, გამთამაშებელი შინჯი კაგავა არ ეყოლება. იაპონელი ნახევარმცველი აზიის თასზე ასპარეზობს და კლოპი იძულებულია, ფონს გასვლა პირველი წრის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე სცადოს. „სამწუხაროა, რომ კაგავა ვერ გვეხმარება, მაგრამ მის გარეშეც კარგად უნდა ვიასპარეზოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ „ბორუსია“ ერთ ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული,“ - ეს მაკარე რომან ვაიდენფელერის სიტყვებია, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა და დღეს დორტმუნდელთა კარს აუცილებლად დაიცავს. გამოჯანმრთელდნენ ახალგაზრდა ნახევარმცველი მარიო გიოტცე და თავდამსხმელი ლუკას ბარიოსიც. თუმცა, შესაძლოა, ამ უკანასკნელმა 90 წუთი ვერ იასპარეზოს, რის გამოც დიდი შანსია, კლოპმა ძირითად შემადგენლობაში პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ათამაშოს, ბარიოსი კი თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩართოს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში კაგავას, რომელიც ერთადერთი ცენტრალური თავდამსხმელის უკან თამაშობს ხოლმე, ეგვიპტელი მოჰამედ ზიდანი შეცვლის, რომელიც კლოპმა ამ დღეებში ძალიან აქო - ზიდანი თურმე ძალიან კარგ ფორმაში ყოფილა. რაც მთავარია, მოედანზე გასასვლელად სრულ მზადყოფნაშია „ბორუსიას“ ლიდერი ნური შაჰინი, რომელიც „კიკერის“ შეფასებების მიხედვით პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელია. „ლევერკუზენს“ უდიდეს პატივს ვცემ, რადგან წლებია, ეს გუნდი მაღალ დონეზე თამაშობს და ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მეორე წრის დაწყება მოგებით გვინდა. რაც უნდა იყოს, პირველ წრეში „ბაიერთან“ საკუთარ მოედანზე წავაგეთ და ახლა მინიმუმ შურისძიება გვინდა,“ - აცხადებს BVB-ს თურქი ნახევარმცველი.

ბალაკი ჯოკრის როლს ვერ გაცდება

დღევანდელი მატჩისთვის ლევერკუზენელებიც უდიდესი მონდომებით ემზადებიან, რადგან „ბაიერს“ შანსი ეძლევა, „ბორუსიასთან“ ჩამორჩენა შვიდ ქულამდე დაიყვანოს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლიდერი მეორე წრის სტარტზევე გაამწაროს, რაც ბევრი ექსპერტის აზრით, „ბორუსიას“ საკმაოდ დიდ დარტყმას მიაყენებდა. „ფარმაცევტების“ მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი შეგირდებისგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვს.

მიხაელ ბალაკი კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ფაქტია, რომ „დორტმუნდთან“ 90 წუთს ვერ გაუძლებს, რის გამოც ჰაინკესმა „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა კიდეც, მიხაელს მხოლოდ ცოტა ხანს ვათამაშებო. ბალაკისგან განსხვავებით, სრულფასოვნად გამოჯანმრთელდა და ფორმის აღდგენაც მოასწრო მეკარე რენე ადლერმა, რომელსაც პირველი წრის ბოლო ტურებში ტრავმა ჰქონდა და მას ახალგაზრდა ფაბიან გიფერი ცვლიდა. ტრავმის გამო მთელი პირველი წრე გაუცდა ლევერკუზენელთა მთავარ გოლეადორ შტეფან კისლინგსაც, რომელიც დღეს სავარაუდოდ სასტარტოში იქნება. ბალაკის პოზიციაზე კი „დონ იუპი“ ან ლარს ბენდერს ათამაშებს, ანაც არტურო ვიდალს. საინტერესოა, რომ ლარს ბენდერის ტყუპისცალი სვენი „ბორუსიას“ ღირსებას იცავს (ისიც საყრდენი ნახევარმცველია). ამრიგად, დღეს, „ბაი არენას“ მოედნის ცენტრში, შესაძლოა, ტყუპი ბენდერების დუელი ვიხილოთ.

ბოლო წლებში „ლევერკუზენი“ სეზონის პირველ ნახევარს ყოველთვის მაღალ დონეზე ატარებდა, მეორე წრეში კი სერიოზული პრობლემები ექმნებოდა ხოლმე. სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი იმედოვნებს, რომ „ფარმაცევტები“ ამჯერად მაინც შეძლებენ იმას, რომ მეორე წრე მინიმუმ პირველის დარად ჩაატარონ და რეგრესი არ განიცადონ. გუნდის მიზანი კონკრეტული და ნათელია: „ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გვინდა!“ - ამბობს „რუხი მგელი“. პრობლემა ისაა, რომ სამეულში მოხვედრა კიდევ ძალიან ბევრ გუნდს სურს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში არც დორტმუნდელებს და არც ლევერკუზენელებს არ უყიდიათ ისეთი ფეხბურთელები, ვისაც შეიძლებოდა, დღეს დებიუტი ჰქონოდა. „ბორუსიას“ საერთოდ არავინ შეიძინა, „ლევერკუზენმა“ კი ახალგაზრდები, ჰასოგაი და ბელარაბი იყიდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ სამომავლო ინვესტიციაა...

სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენი (4-4-2): ადლერი - შვააბი, მ. ფრიდრიხი, რაინარტცი, კასტრო - რენატო, ლ. ბენდერი, როლფესი, სემი - ჰელმესი, კისლინგი.

ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე (ან ზიდანი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი (ან ბარიოსი).

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!