ლევან კობიაშვილი ფეხბურთელების დაკავებაზე, საქართველოს ნაკრებსა და სფფ-ის ხელმძღვანელობაზე საუბრობს
რამდენიმე დღის წინ ლევან კობიაშვილი ბერლინთან მდებარე სამხედრო ბაზას ესტუმრა და საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც, ავღანეთში გამგზავრებამდე, გერმანიაში გადიან რამდენიმეთვიან მზადებას.

ივნისის ბოლოს ვეტერან ფეხბურთელს ბერლინის "ჰერტას" აკადემიასთან კონტრაქტი უმთავრდება, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდება და სფფ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. თუმცა, ამ თემების გარდა, ლევანს ქართულ ფეხბურთში მომხდარ მორიგ სკანდალზეც ველაპარაკეთ:

- წლებია, სკანდალების ეპიცენტრში არიან მსაჯები, ფეხბურთელები, კლუბები... ბოლო არ უჩანს ასეთ რაღაცებს და ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - პრევენციის მხრივ, ვაკეთებთ რამეს?! კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ იმ ხალხმა, ვის ხელშიც არის ქართული ფეხბურთი, ზომები მიიღონ? მხოლოდ სფფ ამ სენს ვერ უშველის, მაგრამ იმით მაინც დაინტერესდნენ, რისთვის იქმნება ქვედა ლიგებში მოასპარეზე გუნდები? ზოგიერთი თავის ადგილს ყიდის, სხვა პირდაპირ გადადის უმაღლეს ლიგაში და ა.შ. ასეთი არასპორტული ამბები ძალიან აზარალებს ქართული ფეხბურთის ისედაც სავალალო იმიჯს...

ასეთ სკანდალებთან კავშირში სულ ერთი და იგივე გვარები გვესმის, მაგრამ ისინი მაინც ფეხბურთში რჩებიან! სისტემური ცვლილებაა საჭირო, ქართული ფეხბურთი ერთხელ და სამუდამოდ რომ გათავისუფლდეს პიროვნებებისგან, ვისაც არაფერი ესაქმება ფეხბურთში, მხოლოდ ცუდი მოაქვს მისთვის და თავისი ინტერესებისთვის იყენებს! ასეთ ხალხს ეწირება უამრავი პატიოსანი ფეხბურთელი, მწვრთნელი თუ კლუბის წარმომადგენელი...

- ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, შსს-თან თანამშრომლობის გარდა, რა შეგვიძლიაო?!

- მხოლოდ ფედერაცია ვერ დაამარცხებს ამ სიბინძურეს, მაგრამ ლოდინით და ლაპარაკით - პროკურატურასთან სიამოვნებით ვთანამშრომლობთო, საქმე არ გაკეთდება. თანაც, შს მინისტრის მოადგილემ პირდაპირ თქვა, რომ ბოლო საქმეზე არავისთან უთანამშრომლიათ.

მერწმუნეთ, ეს არ არის ჩასაფრებული ადამიანის პოზიცია - ეს რეალობაა, რომელიც ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს აწუხებს!

- უფრო სასიამოვნო თემაზე გადავიდეთ - ქართველ სამხედროებთან სტუმრობა თქვენი ინიციატივა იყო?

- დიახ. ჯარისკაცებმა ჩემ სტუმრობაზე წინასწარ არაფერი იცოდნენ და ძალიან გაუხარდათ. საინტერესო და ემოციური დღე იყო, ფეხბურთზეც ბევრი ვილაპარაკეთ...150-მდე ქართველი ჯარისკაცი ამ სეზონში "ჰერტასთვის"ბოლო საშინაო მატჩზეც დავპატიჟეთ, რომელიც 16 მაისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება!

- "ჰერტას" აკადემიასთან თქვენი კონტრაქტი ივნისის ბოლოს იწურება და გერმანული მხარის სურვილის მიუხედავად, ხელშეკრულებას აღარ აგრძელებთ...

- ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო... ბუნდესლიგის კლუბში დაუმსახურებლად არავინ გამუშავებს, მაგრამ სასიამოვნოა, როცა კლუბი პატივს სცემს შენს არჩევანს, ხელს გიწყობს და გაგრძნობინებს, რომ მომავალშიც სიამოვნებით ითანამშრომლებს შენთან. კლუბის სტრუქტურაში მუშაობამ მაჩვენა ბევრი რამ, რასაც ფეხბურთელობისას არ ვაკვირდებოდი!

- უფრო კონკრეტულად?

- სულ მინდოდა, საფუძვლიანად შემესწავლა თანამედროვე ფეხბურთის მენეჯმენტი - მართვის დეტალები, რომელიც მთლიანობაში ქმნის წარმატებულ სისტემას... ორი წელიწადია, სპორტის მენეჯმენტის კურსები გავიარე. ასე რომ, თეორიაც ვიცი და "ჰერტაში" მუშაობით საჭირო პრაქტიკაც

გავიარე, რაც ძალიან წამადგება სამომავლო საქმიანობაში...

- სამომავლო გეგმები კი სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება... უკვე გაქვთ სამოქმედო გეგმა?

- ოფიციალურად საარჩევნო კამპანია არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ დაიწყება, მაგრამ უსაქმოდ არც აქამდე ვყოფილვარ - უკვე დიდი ხანია ვიცი, რა უნდა გავაკეთო წარმატების მისაღწევად.

ამდენი წლის შემდეგ გერმანიის მიტოვება რთულია, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის ჩემი ქვეყანა და ქართული ფეხბურთია! როგორც რიგით გულშემატკივარს, გული მწყდება, როცა სფფ-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან არასერიოზულ დამოკიდებულებას ვხედავ...

- რას გულისხმობთ?

- თუნდაც იმ ირონიულ სიტყვებს, რაც სფფ-დან გვესმის: "წელიწადი 31 დეკემბრამდე გრძელდება", "არჩევნები აუცილებლად გაიმართება 2015 წელს" და ა.შ. ეტყობათ, რომ მათთვის პრიორიტეტი მხოლოდ სუპერთასის მასპინძლობაა და არა ეროვნული ჩემპიონატი ან ბავშვთა ფეხბურთის განვითარება!

ზვიად სიჭინავა პირდაპირ ამბობს, რომ მისთვის მთავარია, არჩევნებში პლატინის დაუჭიროს მხარი, რადგან მის მიმართ გარკვეული ვალდებულებები აქვს... განვითარებულ ქვეყნებშიც და ფიფა-უეფაშიც არჩევნები ახალი სეზონის დაწყებამდე იმართება ხოლმე, ძველ თუ ახალ ხელმძღვანელობას საკმარისი დრო და რესურსი რომ ჰქონდეს მომავალი სეზონისთვის საკუთარი გეგმების განსახორციელებლად. სფფ-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა სულ ფიფა-უეფასკენ რომ იშვერს ხელს, იქნებ ამ ორგანიზაციებს სხვა რამეშიც მიბაძოს? შარშან შემოდგომაზე ვიცოდით, რომ ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2015 წლის მაისში ჩატარდებოდა.

ჩვენ კი, მაინცდამაინც 31 დეკემბერს ან იანვარში უნდა დავნიშნოთ. არადა, კლუბების უმეტესობის მომავალი გაურკვეველია, ზოგიერთი გუნდი ჩემპიონატის ჩამთავრებასაც ვერ ახერხებს... მთავარი სამართლიანი პრინციპია, თორემ არ ვამტკიცებ - თუ ახლა დაინიშნება არჩევნები, აუცილებლად მოვიგებ, გადადების შემთხვევაში კი დავმარცხდები-მეთქი.

- კლუბების პრობლემები ახსენეთ - ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდა შეცდომა იყო?

- სულ გვესმის - ასეთი დაძაბული ჩემპიონატი აქამდე არასდროს ყოფილაო. არადა, ზაფხულში, როცა 16-გუნდიან ჩემპიონატზე დაიწყეს ლაპარაკი, მიზეზად მასობრიობის გაზრდას ასახელებდნენ, არ მსმენია, ვინმეს ეთქვა - 16 გუნდი დაძაბულობის ასამაღლებლად გვჭირდებაო. ბოლო წლებში ეს პირველი შემთხვევაა, როცა უმაღლეს ლიგას გუნდი გამოაკლდა. უარესი მდგომარეობაა პირველ და მეორე ლიგებში... სეზონი ჯერ არ დასრულებულა და არავინ იცის, კიდევ რა მოხდება... რომელ დაძაბულობაზეა ლაპარაკი?!

- ქართულ ფეხბურთს არაერთი წარმატებული და პოპულარული სპორტსმენის რეპუტაცია შეუწირავს... არ გეშინიათ?

- რისკი ყოველთვის არის, მთავარია, სუფთა იყო და გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ! ჩვენს ფეხბურთს ახლა ყველაზე მეტად ნდობა და იმედი სჭირდება, რადგან დღეს მხოლოდ ნეგატივთან ასოცირდება.

ფიფა-ს რეიტინგში ნაჩვენები ანტირეკორდი - 139-ე ადგილიც კარგად აჩვენებს, რა მძიმე მდგომარეობაშიცაა ქართული ფეხბურთი. ევროპაში მხოლოდ მალტას, სან მარინოს და ანდორას ვუსწრებთ - საგანგაშო მეტი რაღა უნდა იყოს?! წარსულით უნდა ვამაყობდეთ, მაგრამ დღეს საამაყო არაფერი გვაქვს... ცვლილებები აუცილებელია, რადგან ხალხმა საბოლოოდ დაკარგა ქართული ფეხბურთის თავკაცების იმედი.

პიროვნებები უნდა ვემსახუროთ ფეხბურთს და არა - პირიქით! ჩვენ, ვინც მთელი ცხოვრება დავუთმეთ ფეხბურთს, ვალდებულნი ვართ, უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ!

- მზად ხართ ამისთვის?

- მარტო ამას ვერავინ შეძლებს - ვინც არ უნდა იყოს! ვეტერან ფეხბურთელ ვაჟა ჟვანიას უთქვამს - კობიაშვილმა გუშინ გაიხადა ბუცები და უკვე პრეზიდენტობა უნდაო... მე პირიქით მგონია - "გუშინდელმა" ფეხბურთელებმა უკეთ არ იციან, რა მოთხოვნებია თანამედროვე ფეხბურთში?!

"ჰერტას" აკადემიაში ბავშვთა მწვრთნელებსაც კი სპორტული მეცნიერების კუთხით აქვთ განათლება... ყველაზე მეტად ქართულ ფეხბურთს სწორედ ასეთი ხალხი სჭირდება... მეც ამიტომ გადავწყვიტე, ქართულ ფეხბურთს ჩემი გამოცდილება შევთავაზო და არჩევნებში მივიღო მონაწილეობა...

ჩემს გუნდს ცვლილებებისთვის საჭირო ენერგიაც აქვს, ცოდნაც და გამოცდილებაც. იმედია, მხარდაჭერაც გვექნება!

- ბოლოს, ნაკრებზეც ვთქვათ - გერმანიაში რა გამოხმაურება მოჰყვა საქართველოსთან მატჩს?

- უმეტესობას, ვისაც ნამატჩევს ველაპარაკე, მოეწონა საქართველოს თამაში. გერმანელები ფავორიტები იყვნენ და უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებს ცუდად არ უთამაშია - გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში იბრძოდა და შეტევასაც ცდილობდა.

ავტორი: რატი შელეგია

წყარო: kvirispalitra.ge

bondo
ყოჩაღ რატი...
გუჯა კახაძე
ბ-ნო რატი! გერმანელები მეორე ტაიმში რომ სეირნობდნენ და ჩვენ მაინც ვერაფერი შევძელით ეს თუ ვინმეს მოეწონა, ან დაგვცინა, ან ფეხბურთი არ იცის!!!!

ამ ქვეყანაში ილუზიებით ცხოვრება როდის მორჩება. ფეხბურთის ფედერაცია დამოუკიდებელი ორგანოა, თავისი დაფინანსებით, ჰოდა თვითონ მიხედონ საქმეს. სპორტის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოსახლეობისზოგად სპორტულ-გამაჯანსაღებელ მდგომარეობაზე. რა შეგვჭამეთ ამე ფეხბურთით და კალათბურთით. თუ რაიმე შემოსავალს მოიტანს, ბიზნესმენებმა ჩადონ ფული, თუ არა, კისერიც უტეხიათ. რაც ფეხბურთზე ფულია დახარჯული, მართლა აშენდებოდა 100 საწარმო. ფეხბურთს რამე ხეირი რომ ქონდეს, ივანიშვილი ჩადებდა ფულს. თუ ადრე რაღაც მიზეზით თითქოს გადაიფიქრა, ეხლა ყველაფერი მის ხელშია, ვინ უშლის.
me
gio სახელმწიფო არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და არც უნდა აფინანსებდეს ფეხბურთს და არც ერთ სპორტს, რომელიც ასე წარუმატებლად გამოვა. მივიდეთ სტადიონზე ვიყიდოთ ბილეთები, მაისური, ტელევიზიებით ტრანსლაცია და რავიცი ათასი სხვა რამეა ღითიც ნორმალურ პირობებში უნდა სულდგმულობდეს კლუბები. მოდი ყოველ ტურზე ერთი სტადიონი მაიც გავავსოთ ნებისმიერი კლუბის ამოვარჩიოთ და მერე ვნახოთ რას გვეტყვიან ახალს
gio
პროგრამის გარდა,ფულია სატშირო,სახელმციფო ფეხბურტს არ აფინანსებს,ტიტონ ფულის გამცემი კი არავინ არაა
Walkabout
მე მაინც მგონია რომ წარსულში კარგი ფეხბურთელობა, კაიკაცობა და პატრიოტიზმი არ უნდა იყოს იმისთვის საკმარისი რომ ფედერაციის პრეზიდენტი გახდე... ამისთვის უფრო მეტია საჭირო, სულ ცოტა მცირე პროგრამა ხომ მაინც უნდა გქონდეს რას გააკეთებ? თუ პროგრამა არ გაქვს ინტერვიუში მაინც თქვი რას გააკეთებ? თორემ რომ ამბობ ცუდადაა საქმეო და ფედერაცია არაფრის გამკეთებელიაო ეგ ჩვენც ვიცით, შენ ის თქვი შენ რას გააკეთებ! თორემ არაფერს კონკრეტულს არ ამბობ და იქნებ არც არაფერი იცი...)) თორემ პატიოსნებაში ეჭვი რომ არ მეპარება და მჯერავს რომ მონდომებული იქნები ეგ ზემოთაც დავწერე... და ეს მხოლოდ ლევან კობიაშვილს კი არა ყველა კანდიდატს ეხება, რომლებიც მარტო პრობლემებს ჩამოთვლია ხოლმე და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე არაფერს ამბობენ... მე პირადად ძალიან ბევრი კონკრეტული კითხვა მექნებოდა ფედერაციის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატთან და მიკვირს რომ ამას ჟურნალისტები არ ეკითხებიან...
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე