ავსტრალიის ღია პირველობა: თანამემამულე დავიდ ფერერთან მატჩში ტრავმით შეწუხებულ მსოფლიოს პირველ ჩოგანს ექიმის რჩევები ვერ დაეხმარა

ავსტრალიის ღია პირველობის გუშინდელი დღის მომიხილვა ბოლოდან უნდა დავიწყოთ. გუშინდელი პროგრამის ბოლო მატჩში ერთმანეთს რაფაელ ნადალი და დავიდ ფერერი ხვდებოდნენ. ესპანელთა ურთიერთშეხვედრებში ნადალს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა - 11:3. ბოლოს ფერერმა რაფას დამარცხება თავისი კარიერის საუკეთესო სეზონში - 2007 წელს ამერიკის ღია პირველობაზე შეძლო.

მიმდინარე ტურნირზე დავიდი ერთგვარად შეუმჩნევლად გავიდა მეოთხედფინალში, თუმცა მაღალი დონის ჩოგბურთს აჩვენებდა. უბრალოდ, მას გზად ერთი განთესილი ჩოგბურთელიც არ შეხვედრია. როცა ენდი მიურეს ჰკითხეს - როგორ განვითარდებოდა ამ მატჩში მოვლენები, ბრიტანელმა უპასუხა, რომ ხანგრძლივი ბრძოლა იყო მოსალოდნელი. უკვე მეორე გეიმმა (20 წუთი (!) გაგრძელდა) დაგვანახა, რომ მართლაც დაძაბული დაპირსპირების მოწმენი ვიქნებოდით. ფერერი არაფერში ჩამოუვარდებოდა ნადალს, თითქმის უშეცდომოდ თამაშობდა უკანა ხაზზე და წარმატებით მიდიოდა შეტევაში. მესამე გეიმის შემდეგ რაფა რაღაცამ შეაწუხა და კორტზე ექიმი გამოიძახა.

მთელი მატჩის განმავლობაში აშკარად ჩანდა, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი დისკომფორტს განიცდიდა და ექიმი პერიოდულად მიდიოდა მასთან რჩევების მისაცემად. ერთადერთი, რაშიც ფერერი მოიკოჭლებდა, ნერვების მოთოკვა იყო. პირველი ბრეიკის შემდეგ მაშინვე დათმო საკუთარი მოწოდება, 5:3-ზე კი სეტზე ვერ ჩააწოდა. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფერერმა თავი ხელში აიყვანა და მოიგო პირველი პარტია, რომელიც საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

ნადალი რომ წესრიგში არ იყო, იქიდანაც ჩანდა, რომ იშვიათ ლამაზ დარტყმებზე ემოციას არ გამოხატავდა, არ ყვიროდა ტრადიციულ vamos-ს და მუდმივად დაღვრემილი უყურებდა ტრიბუნას, სადაც მისი გუნდის წევრები ისხდნენ. მიუხედავად ამისა, მეორე სეტი რაფას ბრეიკით დაიწყო. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ამის შემდეგ ნადალი ზედიზედ რვა გეიმს (!) წააგებდა. თითქმის ყველა გეიმში იბრძოდა, ჰქონდა გეიმბოლები და ბრეიკ-პოინტები, მაგრამ ფერერი ერთხელაც არ დაიბნა და თავისი ჩოგბურთის თამაში გააგრძელა.

პაუზებისას დავიდი პერიოდულად გახედავდა რაფას, თითქოს ელოდა, რომ ის თამაშიდან მოიხსნებოდა. ასეთი რამ შარშან ამავე სტადიაზე მოხდა, როცა ნადალმა ენდი მიურეისთან მატჩი ვერ დაასრულა. მას შემდეგ ესპანელს "დიდ სლემზე" არც ერთი მატჩი არ წაეგო, მაგრამ გუშინ შეწყდა ეს სერია. ნადალმა პატივი სცა თანამემამულეს და მატჩი ბოლომდე ჩაამთავრა, მესამე სეტში ისევ ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ რაფა არ იყო ამ მატჩის მომგები. 6:4, 6:2, 6:3 - ფერერმა თავის კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

რაფამ ვერ შეძლო "დიდი სლემის" ზედიზედ მეოთხე ტურნირის მოგება და არაკალენდარული "სლემის" (ჟურალისტებმა მას "რაფა-სლემი" უწოდეს) შესრულება, რაც მამაკაცთა ჩოგბურთში 1969 წლის შემდეგ არ მომხდარა.

უფრო ადრე გაირკვა მესამე ნახევარფინალისტი, რომელთანაც ფერერს მოუწევს ფინალის საგზურისთვის ბრძოლა. ტურნირის მთავარი სენსაცია, ცონგასა და სიოდერლინგის მძლეველი უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი მორიგ გამოცდას აბარებდა ენდი მიურეის წინააღმდეგ. აქამდე ეს ჩოგბურთელები ერთხელ - ოთხი წლის წინ, დევისის თასზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ბრიტანელმა იოლად გაიმარჯვა.

პირველივე გეიმში დოლგოპოლოვმა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ მარტივ სიტუაციაში ვერ შეძლო მისი რეალიზება. ენდიმ ამის გამო დასაჯა მეტოქე, 4:1 დაწინაურდა, თუმცა პარტიის იოლად აღება არ გამოუვიდა. უკრაინელმა ბრძოლა გაუმართა მიურეის და სეტის ბედი ბოლოსკენ გადაწყდა - ენდიმ დიდი გაჭირვებით აიცილა თავიდან ტაი-ბრეიკი - 7:5.

თანაბარი ჩოგბურთი მომდევნო სეტში გაგრძელდა და მისი ბედი პრაქტიკულად ერთმა გათამაშებამ გადაწყვიტა - დოლგოპოლოვმა მეოთხე გეიმში 40:15-ზე ისევ იოლი ბურთი ვერ ჩააგდო და ბრეიკი გააკეთებინა მეტოქეს. შოტლანდიელმა უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა - 6:3.

მიურეის თითქოს იოლად უნდა მიეყვანა გამარჯვებამდე საქმე, რადგან მესამე პარტიაში ბრეიკით დაწინაურდა. ამ მომენტში უკრაინელი ძალიან ბევრს ცდებოდა, დაღლაც დაეტყო... მატჩი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, როცა დოლგოპოლოვს მეორე სუნთქვა გაეხსნა. მან გაათანაბრა ანგარიში და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. იქ დაბნეულმა მიურეიმ ცუდად ითამაშა და ტურნირზე პირველი სეტი წააგო - 6:7(3:7).

უკრაინელმა მესამე სეტში გარდატეხა შეიტანა, მაგრამ მთლიანად მატჩში ამის გაკეთება ვერ შეძლო. მიურეი გონს მოეგო და მეოთხე პარტიის სტარტზე ზედიზედ 14 (!) გათამაშება მოიგო, 4:0-ის შემდეგ კი ოდნავ მოეშვა, დოლგოპოლოვი მეტოქეს გამოეკიდა, მაგრამ დაწევა ვერ მოახერხა - 6:3.

მეორე ნახევარიფინალური წყვილი გაირკვა ქალთა ბადეში. გუშინდელი შეხვედრები ორ სეტში დასრულდა და ორივეში ფავორიტებმა იძალეს.

რუსმა ვერა ზვონარევამ ისე დაიწყო პეტრა კვიტოვასთან მატჩი, რომ იქ წესით ბრძოლა არ უნდა ყოფილიყო. ჩეხის ათმა შეცდომამ მსოფლიოს მეორე ჩოგანს სულ მცირე დროში 4:0 დაწინაურების საშუალება მისცა. კვიტოვა მხოლოდ მცირე ხნით გამოვიდა კრიზისიდან და ზედიზედ ორი გეიმი აიღო. მას შეეძლო ამ სერიის გაგრძელება, მაგრამ რუსი დროულად გაქტიურდა და ნახევარ საათში პირველი სეტი მოიგო - 6:2.

მეორე პარტიის დასაწყისი პირველს ჰგავდა: ზვონარევა თავიდანვე 3:0 დაწინაურდა და აქ მოხდა უცნაური რამ - ჩეხმა რუსის ამ გაქცევას ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით უპასუხა. ვერას სიტუაციის გამოსასწორებლად განსაკუთრებული გზების ძებნა არ დასჭირვებია, რადგან კვიტოვას წარმატებული თამაში დასრულდა, შეცდომებს უმატა და ზვონარევამ სამი გეიმის აღებით - 6:2, 6:4 გაიმარჯვა.

ამის შემდეგ კორტზე კიმ კლაისტერსი და აგნიეშკა რადვანსკა გავიდნენ. ბოლო მატჩებში ბელგიელი ფავორიტის თამაში მაინც და მაინც ხარისხიანი არ ყოფილა - კიმი 30-40 უნებლიე შეცდომას უშვებდა. თუმცა პირველი სეტის სტარტზე კიმს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა - ორმაგი ბრეიკით 4:1 გავიდა წინ. ერთი ბრეიკი პოლონელმა დაიბრუნა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ მოასწრო - 3:6.

მეორე სეტში რადვანსკამ თავიდანვე წინ არ გაუშვა მეტოქე, მიუხედავად იმისა, რომ კლაისტერსს თითქის ყველა გეიმში ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.

კიმმა 3:2-ზე შეძლო მორიგი ბრეიკის გაკეთება და როგორც ჩანს, ნაადრევად დარწმუნდა თავის გამარჯვებაში. ამან ბელგიელს ცუდი სამსახური გაუწია და რადვანსკამ 5:4-ზე სეტზე ჩაწოდების შანსი მიიღო. პოლონელი 30:0 დაწინაურდა და ისევ შეტრიალდა პარტიის ბედი - ამჯერად კლაისტერსის სასარგებლოდ. ტაი-ბრეიკზეც დაძაბული ბრძოლა იყო იქამდე, სანამ კიმმა ოდნავ არ მოუმატა თამაშს და შემოკლებული გეიმი თავის სასარგებლოდ არ დაასრულა - 6:3, 7:6(7:4).

კაცები

1/4 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 7)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 6:4, 6:2, 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 5)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 7:5, 6:3, 6:7(3), 6:3.

1/2 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 7)-ენდი მიურეი (ბრიტ, 5); როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3).

ქალები

1/4 ფინალი

ვერა ზვონარევა (რუს, 2)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 25) 6:2, 6:4; კიმ კლაისტერსი (ბელ, 3)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 12) 6:3, 7:6(4).

1/2 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ნა ლი (ჩინ, 9); ვერა ზვონარევა (რუს, 2)-კიმ კლაისტერსი (ბელ, 3).

"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
"ის ამ ჯილდოს იმსახურებს" - პოჩეტინომ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს - "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელის უცნაური ამბავი
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა