გელა გომელაურის "ვიტ ჯორჯიადან" წასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ დილიდანვე გავრცელდა, მოგვიანებით კი მან ინტერვიუზე თანხმობა გვითხრა...

გელა გომელაურის "ვიტ ჯორჯიადან" წასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ დილიდანვე გავრცელდა, მოგვიანებით კი მან ინტერვიუზე თანხმობა გვითხრა და თავადაც დაადასტურა, რომ გადადგომა თვითონ გადაწყვიტა, ოღონდ ის აღარ უთქვამს – რატომ (მისი თქმით, წასვლა "ბანიკამდე" განიზრახა). ვეტერინართა აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა 0:6-ის მიზეზებზეც ისაუბრა, თუმცა სხვა საქმეა, გაიზიარებს თუ არა გულშემატკივარი მის არგუმენტებს.

მოკლედ, მკითხველის სამსჯავროზე გელა გომელაურთან ინტერვიუა...

თუმცა, სანამ ინტერვიუზე გადავიდოდეთ, მოკლედ შეგახსენებთ, რომ "ვიტ ჯორჯიაში" იგი თავდაპირველად, დუბლების მწვრთნელად მუშაობდა, მთავარ გუნდში კი გასული სეზონის მსვლელობისას გადაიყვანეს და მისი ხელმძღვანელობით "ვიტ ჯორჯიამ" საქართველოს თასი მოიგო.

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ ასეთი ანგარიშით დამარცხება სირცხვილია?

- ნება მომეცით, პრესისა და გულშემატკივრების პოზიცია არ გავიზიარო. რაღა თქმა უნდა, 0:6 არავისთვისაა სასიამოვნო, მაგრამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. ბუნებრივია, მარცხზე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ არალოგიკური ნამდვილად არაფერი მომხდარა. თავს უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ ილუზიონისტი არ ვარ, რომ ერთ თვეში სასწაული ჩავიდინო.

ეს იგივეა, ფრონტის წინა ხაზზე ჯარისკაცი დაშლილი იარაღით რომ გაუშვა და თან უბრძანო, იარაღიც ააწყვე, გაისროლე კიდეც და თავიც დაიცავიო. ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რაც ჩვენ საკმარისი არ გვქონდა. დამერწმუნეთ, ერთ წელიდადში "ვიტ ჯორჯიას" ეს შემადგენლობა ძალიან ბრძოლისუნარიანი იქნება.

- კი მაგრამ, ისიც ხომ შეიძლება, მოუმზადებელი ჯარისკაცი საერთოდ არ გაუშვა ომში?! თქვენც ამდგარიყავით და ერთი წლის შემდეგ გეთამაშათ ევროპის ლიგაზე. ნუთუ აუცილებელი იყო ასეთი გუნდით ევროტურნირზე თამაში?

- დიახ, იმიტომ რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მძიმე დარტყმის გარდა, სასიცოცხლოდ აუცილებელი გამოცდილებაც მიიღეს, რომელიც ახლო მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. ჭაბუკ მოთამაშეს ოდესმე ხომ უნდა ჰქონდეს დებიუტი ევროთასებზე?!

- გასაგებია, რომ უფრო ძლიერ გუნდს შეხვდით, მაგრამ ნუთუ არ შეიძლებოდა, ღირსეულად მაინც წაგეგოთ?

- ეს ნამდვილად შეგვეძლო, მაგრამ თავის მართლებაში ნუ ჩამომართმევთ და და გარკვეულმა გარემოებებმა მაინც შეგვიშალა ხელი. პირველ ტაიმში ბიჭებმა თავდადებით იბრძოლეს, მაგრამ კვარაცხელიაზე წესების დარღვევისთვის მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ამას გარდა, იმავე კვარაცხელიამ რეალური საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან, მეორე გოლმა კი გუნდი ბოლომდე გატეხა.

შეგვეძლო, თავიდანვე დაცვითი ტაქტიკა აგვერჩია და მინიმალური ანგარიშით დამარცხებაზე მაინც გვეზრუნა, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შემთხვევაში მინიმუმ, 0:10-ს წავაგებდით.

როგორც იცით, წინა სეზონის დასრულებისთანავე "ვიტ ჯორჯია" ექვსმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, ამას ხურცილავას ტრავმაც დაემატა და ძირითად შემადგენლობაში არაერთი გამოუცდელი მოთამაშე მოხვდა – მიქაბერიძეს, ადამაძეს, მაისაშვილსა და გურეშიძეს გასულ სეზონში ძირითადში სულ რამდენიმე მატჩი აქვთ ჩატარებული, ამას დაუმატეთ ბეჭვაია, კლიმიაშვილი და კვარაცხელია, რომლებიც სულ ახლახანს გამოჯანმრთელდნენ და ოპტიმალურ ფორმაში არ არიან. პრობლემები განსაკუთრებით დაცვაში იგრძნობოდა და ეს არცაა გასაკვირი, ერთმანეთთან შესათამაშებლად ყველაზე ცოტა დრო ჩვენს მცველებს ჰქონდათ. განსაკუთრებით ახალგაზრდა ჭანკვეტაძე გააკრიტიკეს, რომელმაც ნამდვილად ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მერწმუნეთ, მას დიდი მომავალი აქვს და მალე ამაში ყველა დარწმუნდება.

მოკლედ, 0:6 მართლაც უსიამოვნო ანგარიშია, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, სირცხვილს ვერ ვგრძნობ. ვამაყობ იმით, რასაც "ვიტ ჯორჯიაში" მივაღწიე. ვგულისხმობ გასულ სეზონს, როცა გუნდი ჩემი ხელმძღვანელობით უფრო კომბინაციურად ათამაშდა და საქართველოს თასიც დამსახურებულად მოიპოვა. ის შემადგენლობა რომ შეგვენარჩუნებინა, "ბანიკის" დამარცხების შესანიშნავი შანსიც გვექნებოდა. თუმცა რას ვიზამთ, რაც მოხდა, მოხდა...

- "ვიტ ჯორჯიადან" საკუთარი ნებით წახვედით თუ კლუბის პრეზიდენტ რუხაძის გადაწყვეტილებით?

- ეს მთლიანად ჩემი სურვილი იყო.

- გუნდიდან წასვლა "ბანიკთან" მატჩის შემდეგ გადაწყვიტეთ თუ მანამდე?

- ამის თაობაზე პრეზიდენტს ცოტა ხნის წინ, ევროტურნირების დაწყებამდე ვუთხარი, მაგრამ მაშინ შევთანხმდით, რომ ამ თემას ევროთასებზე ასპარეზობის შემდეგ მივუბრუნდებით. "ბანიკთან" შეხვედრის შემდეგ კი გულახდილად ვისაუბრეთ და ერთმანეთს თბილად დავშორდით. "ვიტ ჯორჯიას" გულშემატკივრად აუცილებლად დავრჩები.

- ადრე არაერთხელ გითქვამთ, რომ "ვიტ ჯორჯიაში" მუშაობა მოგწონდათ და შორსმიმავალი გეგმებიც გქონდათ. აქედან გამომდინარე იბადება კითხვა: მაშ რატომ მოისურვეთ წასვლა?

- მაპატიეთ, მაგრამ ამის კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

- მხოლოდ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მიდიხართ თუ "ვიტ ჯორჯიას" საერთოდ ტოვებთ?

- "ვიტ ჯორჯიასთან" უკვე აღარაფერი მაკავშირებს.

- სხვა კლუბებიდან რაიმე კონკრეტული წინადადება ხომ არ გაქვთ?

- ჯერჯერობით, არა ჩემი მომავალი საქმიანობის შესახებ კი მაშინვე გეტყვით, როცა ახალ ადგილზე მუშაობას შევუდგები. ამ ეტაპზე ბავშვთა ფეხბურთში დაბრუნებას არ ვაპირებ, ჩემი სურვილი უმაღლეს ლიგაში მუშაობაა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა