პირველად 2008 წლის შემდეგ, "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში არც რაფაელ ნადალი იქნება და არც როჯერ ფედერერი

პირველად 2008 წლის შემდეგ "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში არ იქნება არც რაფაელ ნადალი და არც როჯერ ფედერერი. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2008 წლის ავსტრალიის ღიაზე დაფიქსირდა, როცა ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და ჟო-ვილფრიდ ცონგა შეხვდნენ ერთმანეთს.

გუშინ, შვეიცარიელი ლეგენდა ჯოკოვიჩმა გაუშვა შინ. ამ ჩოგბურთელების დაპირისპირებას დიდი ისტორია აქვს. გუშინდელი ნახევარფინალი საიუბილეო, მე-20 შეხვედრა იყო. აქედან ნახევარზე მეტი ფედერერს ჰქონდა მოგებული - 13:6. პირველად ჯოკოვიჩმა ფედერერი 2008 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე დაამარცხა. მაშინ სერბმა ნახევარფინალი სამ სეტში მოიგო და "დიდი სლემის" პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ტიტული დაისაკუთრა.

წელს ორივე მათგანმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. როჯერს მეორე წრეში ნამდვილი მარათონის გადატანა მოუწია ჟილ სიმონთან და მხოლოდ მეხუთე სეტში დაძლია ფრანგის წინააღმდეგობა. ჯოკოვიჩმა ნახევარფინალამდე მხოლოდ ერთი სეტი წააგო - მეორე წრეში ხორვატ ივან დოდიგთან, თუმცა ეს გაუგებრობა კონცენტრაციის დაკარგვას დააბრალა.

მატჩმა ნაწილობრივ გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი. თამაში მაღალ ტემპში მიდიოდა. უფრო აქტიურად ფედერერი გამოიყურებოდა, მაგრამ არც ჯოკოვიჩი რჩებოდა დაცვაში და ხშირად კარგად გადადიოდა შეტევაზე. სერბი ტრადიციულად ტვირთავდა მეტოქის ბექჰენდს, რომელიც როჯერს პერიოდულად არ უვარგოდა. გარდა ამისა, შვეიცარიელს ჩვეულებრივზე ნაკლებად ეხმარებოდა მოწოდება. ამ მხრივ სერბი უკეთ გამოიყურებოდა - პირველი მოწოდების სიზუსტე 63 პროცენტი ჰქონდა, პირველი მოწოდებზე მოგებული ქულები - 73 პროცენტი.

სასტარტო სეტში ჩოგბურთელები ძალიან კარგად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებებზე. გამონაკლისი იყო სასტარტო გეიმი, სადაც ჯოკოვიჩმა ზედიზედ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ბრეიკ-პოინტი აჩუქა, მაგრამ იქვე გამოასწროა სიტუაცია. ჩოგბურთელები მშვიდად მივიდნენ ტაი-ბრეიკამდე, სადაც სერბმა თითქმის იდეალური და უშეცდომო ჩოგბურთი აჩვენა, იმ დროს, როცა შვეიცარიელი გადამწყვეტ მომენტებში ბევრს ცდებოდა - 7:6(7:3).

მეორე სეტში მოვლენათა ჩვეული სვლა შეიცვალა. ორივეს მოწოდება გაუარესდა და მიღება გაუმჯობესდა. პირველი ბრეიკი ჯოკოვიჩმა გააკეთა, მაგრამ ამის შემდეგ მის თამაშში ჩავარდნა დაიწყო. მოკლე პერიოდში "ჯოკერმა" ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება და ფედერერი 1:2-დან 5:3 დაწინაურდა. მაგრამ როჯერს მაშინ უმტყუნა ნერვებმა, როცა სეტზე მოსაწოდებლად გაემზადა. სერბმა ტემპი დაიჭირა და იმდენი ქნა, რომ ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით ტაი-ბრეიკი აიცილა თავიდან - 7:5.

მესამე სეტში ნოვაკმა ისევ შეძლო ნაადრევი ბრეიკის გაკეთება. სერბი თავის ძალებში აბსოლუტურად დარწმუნებული ჩანდა - მეტოქის გეიმებზე თავს არ იკლავდა და თავისი მოწოდების შენარჩუნებაზე ფიქრობდა. მაგრამ ფედერერმა ბოლოჯერ გაბრძოლება სცადა და გამოუვიდა კიდეც - ძალიან გრძელ მერვე გეიმში ბრეიკი გააკეთა... და იქვე ისევ წააგო თავისი გეიმი. ნოვაკმა პირველივე ცდაზე შეძლო მატჩზე ჩაწოდება - 6:4.

ასე რომ, ფედერერმა ვერ შეძლო შარშანდელი ტიტულის დაცვა. უფრო მეტიც, მან "დიდი სლემის" ზედიზედ მეოთხე ტურნირის ფინალს ვერ მიაღწია, რაც ბოლო რვა წელია არ მომხდარა. ნოვაკი კი მეოთხედ გავიდა "დიდი სლემის" ფინალში და თუ კვირას გადამწყვეტ მატჩს მოიგებს, რეიტინგში მეორე ადგილზე ფედერერს ჩაანაცვლებს.

გუშინ ქალებს შორის ორივე ფინალისტი გაირკვა. ერთი ნახევარფინალი კანონზომიერი შედეგით დასრულდა, მეორე - სენსაციით.

ნახევარფინალისტებიდან მხოლოდ კიმ კლაისტერსს ჰქონდა ნათამაშები ავსტრალიის ღიას ფინალში, თუმცა ეს შორეულ 2004 წელს მოხდა. მისი მეტოქისთვის, რუს ვერა ზვონარევასთვის ავსტრალიაში საუკეთესო შედეგი ნახევარფინალი იყო (2009). ბოლო შედეგებიდან გამომდინარე, მას შეეძლო უფრო მაღალ მიზნებზე ეფიქრა, რადგან მანამდე უიმბლდონისა და აშშ-ის ფინალში გასვლა შეძლო. გარდა ამისა, კლაისტერსის დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ ბელგიელი და რუსი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ზვონარევამ სამჯერ შეძლო კიმის დამარცხება.

მაგრამ ამ გათვლებს გუშინ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. ზვონარევამ პრაქტიკულად ვერაფერი დაუპირისპირა ბელგიელის აგრესიულ თამაშს. რუსის მოქმედება ერთფეროვანი იყო, ასეთ სტილში კი კლაისტერსის დამარცხება შეუძლებელია. თუმცა პირველი სეტის პირველივე გეიმში ზვონარევამ ბრეიკი გააკეთა, მაგრამ ეს მისი ერთადერთი წარმატება იყო მთელი მატჩის განმავლობაში. კლაისტერსმა მაშინვე დაიბრუნა დაკარგული, 4:3-ზე კი ისევ აიღო მეტოქის მოწოდება. ეს გეიმი გადამწყვეტი აღმოჩნდა პირველ პარტიაში - 6:3 ბელგიელის სასარგებლოდ.

კიდევ უფრო იოლად მოიგო კიმმა მეორე პარტია. რუსს ორად ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და შანსი ვერ გამოიყენა, კიმმა კი ორი ბრეიკი აიღო და ისევ 6:3 გაიმარჯვა. ამ მოგებით ბელგიელმა გაინაღდა რეიტინგში მეორე ადგილი. ჩოგბურთში დაბრუნების შემდეგ კლაისტერსი ასე მაღლა ჯერ არ ასულა.

ახლა კიმი ფინალში შეხვდება ჩოგბურთელს, რომელთანაც წელს უკვე მოასწრო წაგება - ჩინელმა ნა ლიმ კლაისტერსი სიდნეის ტურნირის ფინალში დაამარცხა, თანაც ორ სეტში. ასე რომ, აზიელი წელს ერთადერთი ჩოგბურთელია, ვისაც ჯერ ოფიციალური მატჩი არ წაუგია. თუმცა გუშინ ლი ახლო იყო კაროლინ ვოზნიაცკის წინააღმდეგ წაგებასთან. შარშან დანიელი და ჩინელი ასევე შეხვდნენ ერთმანეთს ავსტრალიის ღიაზე და ჩინელმა ორ სეტში გაიმარჯვა, თუმცა ეს 1/8 ფინალში მოხდა.

ამჯერად თითქოს გამარჯვება ვოზნიაცკის უნდა დარჩენილიყო. დანიელი თითქმის არ ცდებოდა დაცვაში, ჩინელს კი ძალა და სიზუსტე აკლდა. სწორედ ამის წყალობით მოიგო პირველ ჩოგანმა პირველი სეტი და მეორეში ბრეიკით დაწინაურდა.

მეორე პარტიის ბოლოს ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს - ნა ლიმ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ კაროლინმა იქვე დაიბრუნა უპირატესობა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. თითქოს ამით ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჩინელმა საკუთარი ძალების ირწმუნა, შესანიშნავი შეტევით მოიგერია მატჩბოლი და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ კორტზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ნა ლის დარტყმები უფრო ხშირად აღწევდა მიზანს, ვოზნიაცკი კი ანერვიულდა და შეცდომებს უმატა.

საბოლოოდ, მეორე სეტი მან ორმაგი შეცდომით დაასრულა, მესამეში მართალია ორჯერ გააკეთა ბრეიკი, მაგრამ ნა ლი დამაჯერებლად აკონტროლებდა სიტუაციას და ჩინელმა შანსი არ გაუშვა: ორსაათნახევრიან ბრძოლაში პირველივე მატჩბოლი გამოიყენა - 3:6, 7:5, 6:3. ასე შევიდა ლი ჩინური ჩოგბურთის ისტორიაში - ამ ქვეყნის პირველი წარმომადგენელი გახდა, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში გავიდა.

კაცები

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 7:6(3), 7:5, 6:4.

ქალები

1/2 ფინალი

ნა ლი (ჩინ, 9)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 3:6, 7:5, 6:3; კიმ კლაისტერსი (ბელ, 3)-ვერა ზვონარევა (რუს, 2) 6:3, 6:3.

სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
მინოლემ 38 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ვამაყობ, რომ ქართველი ვარ... ჩვენი ქვეყნის მენტალიტეტი სწორედ ესაა" - კვარაცხელია UEFA-ს ოფიციალურ საიტს ესაუბრა
სესკი რჩება - ფაბრეგასისა და "კომოს" ისტორია გრძელდება
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
"ვინ სჭირდება "არსენალს" მსოფლიოში დომინირებისთვის?" - მორგანმა კითხვაზე უპასუხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 რუსთავი. ფეხბურთის "მარილი" რასაც ჰქვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 2-1 მეშახტე. ღირსეულის გამარჯვება დებიუტანტთა "დერბიში"
"მილანმა" ალეგრი დირექტორებთან ერთად გადააყენა
არტეტამ განაცხადა, რომ შაბათს ევროპის ჩემპიონები გახდებიან - ფინალზე კვარაცხელიამ ისაუბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-2 იბერია 1999. გვიან გაიღვიძეს...
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" უკრაინელი კონკურენტი ეყოლება?
გატუზოს "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნავენ
გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებულია
ახალგაზრდული აშშ-ს და მოლდოვას დაუპირისპირდება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
20 წ. | როტაციით ჩილესთან
პირველად ისტორიაში - ესპანეთის სამუნდიალო განაცხადში "რეალის" ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა
"არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფერგიუსონს გვარდიოლაზე წინ აყენებს" - ჯეიმი კარაგერი