დიდოსტატმა მაია ლომინეიშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა
ანაკლიაში მოჭადრაკე ქალთა საქართველოს ჩემპიონატზე დიდოსტატმა მაია ლომინეიშვილმა თორმეტიდან 6 პარტია მოიგო, ხუთი ყაიმით დაამთავრა, მოაგროვა 8,5 ქულა და კარიერაში ჩემპიონის ტიტული მეხუთედ დაიმსახურა.

- ტურნირზე უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, ფაქტობრივად, ყველა გამოდიოდა, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა ძაგნიძის გარდა, რომლებიც ამჟამად ფიდეს ქალთა გრან-პრის ბოლო ეტაპისთვის ემზადებიან, - გვითხრა მაია ლომინეიშვილმა. - მართალია, შარშანდელის მსგავსად, საპრიზო სამეულში მოხვედრას ვვარაუდობდი, მაგრამ ოქროს მედალს თუ მოვიპოვებდი, არ მეგონა. მე ხომ ბოლო ერთი წელიწადია, ობიექტური მიზეზების გამო სერიოზულად არ მივარჯიშია - ბევრ დროს მართმევს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა, თან შარშან აპრილში ოჯახი შევქმენი და საჭადრაკო დაფასთან უწინდებურად დიდი ხნით დასაჯდომად ვეღარ ვიცლი. ამიტომაც დავკარგე რეიტინგში 100 ქულაზე მეტი.

როგორც ვიცი, ჩემი მეტოქეები ნაყოფიერად ვარჯიშობდნენ. არც არის გასაკვირი, რადგან ჩემპიონატზე საკმაოდ მაღალი საპრიზო ფონდი იყო დაწესებული, თან ჩემპიონი ეროვნულ ნაკრებში ადგილს იბევებდა, მედალოსნებს კი ჭადრაკის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

- როგორც ვიცი, ანაკლიაში ყველაზე გვიან ჩახვედი.

- დიახ. გოგონებთან ერთად ვერ წავედი, რადგან 9 იანვარს უნივერსიტეტში გრანდიოზული ღონისძიება გვქონდა და წინა დღეებში პარტიების ნაცვლად სტუმრებისთვის მენიუებს ვარჩევდი. თუმცა, ხუთი-ექვსი მეცადინეობის ჩატარება მაინც მოვასწარი. დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ გამიმართა ხელი.

ჩემპიონატში 13 მოჭადრაკე მონაწილეობდა. რადგანაც კენტი რიცხვი იყო, ყოველ ტურში ერთ-ერთ ჩვენგანს უნდა დაესვენა. ორგანიზატორებსა და მოასპარეზეებს ვთხოვე, პირველი ტაიმ-აუტი ჩემთვის დაეთმოთ, რომ 12-ტურიანი მარათონის წინ დასვენება მომესწრო. უარი არ უთქვამთ - ჩემს თხოვნას ანგარიში გაუწიეს, რისთვისაც ყველას მადლობელი ვარ.

- მისთვის უჩვეულო დებიუტებს თამაშობდაო, მითხრეს.

- სხვა რა გზა მქონდა. როგორც აღვნიშნე, ჩემპიონატისთვის ნორმალურად მომზადება ვერ მოვასწარი, ამიტომ იმ დებიუტების გამოყენებაზე უარი ვთქვი, რომლებსაც აქამდე ვეყრდნობოდი. ჩემთვის უჩვეულო ე4-ის თამაში დავიწყე. ყოველმხრივ ვცდილობდი, მეტოქეთა წისქვილზე წყალი არ მიმეშვა. უმთავრესად გამომივიდა კიდეც, თუმცა მე-5 ტურში შავებით მარიამ დანელიასთან პაექრობისას სიძნელეებს წავაწყდი. დებიუტის შემდეგ უსიამოვნო პოზიცია მივიღე. კრიტიკულ სიტუაციაში ჩემს ახალგაზრდა კოლეგას ერთი-ორი ზუსტი სვლა რომ ეთამაშა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ორმხრივ ცაიტნოტში მარიამმა ეს სვლები ვერ შენიშნა, რითაც საშუალება მომცა, პარტია შემომებრუნებინა და მომეგო კიდეც.

იმ დღეს ფორტუნა ჩემს მხარეს იყო. საერთოდ, გამართლების გარეშე, კარგი მომზადებითაც ტურნირს ვერ მოიგებ. ამ ჩემპიონატზე კი "კაისა" აშკარად მწყალობდა. თუმცა, მე-7 ტურში სოფიო ნიკოლაძესთან ორთაბრძოლისას, მანაც მაქცია ზურგი და დავმარცხდი. ეს იყო ჩემი ერთადერთი წაგება ამ შეჯიბრებაზე. მერე უშუალო კონკურენტებს ვაჯობე და გავიმარჯვე კიდეც.

- ბოლო ტურში ნინო ხურციძესთან უკეთესი პოზიცია გქონდა, ყაიმს კი დასჯერდი. რატომ?

- როგორც გითხარით, ჩემპიონატში საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ, ამიტომ მათთან საბრძოლველად დიდი ენერგია იყო საჭირო, რადგან ყველა პარტიაში ბოლომდე ვიხარჯებოდი, დავიღალე კიდეც. მას შემდეგ, რაც ბოლოსწინა ტურში მირანდა მიქაძეს ვძლიე, ბოლო პარტიაში ჩემპიონობისთვის ყაიმიც მყოფნიდა. არ გავრისკე ხურციძესთან პაექრობისას - ყაიმზე შევუთანხმდი; შეჯიბრების დამთავრების შემდეგ მადლობა გადავუხადე მირანდას, რომელმაც ჩემს ორ კონკურენტს სძლია და მშვიდი ფინიშის საშუალება მომცა.

- ტურნირებისას თილისმად ზოგი რას იყენებს, ზოგი - რას. შენ?

- მე ასეთი რამეების არ მჯერა. ეს იყო მხოლოდ, რომ ანაკლიაში მეუღლემ წამიყვანა მანქანით. ჩემმა დედამთილმა იცის, რომ თამაშისას ტკბილეული მიყვარს, ამიტომ ანაკლიაში იმ დღეების სამყოფი თავისი ხელით გაკეთებული კომპოტები გამატანა. ძალიან გამომადგა. წყლის მაგივრადაც მას ვსვამდი. გოგონებმა იხუმრეს, დედამთილის ნახელავი დოპინგად გამოგადგაო.

- სამომავლოდ რას აპირებ?

- უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, კულტურისა და სპორტის სფეროში თსუ-ს წარმომადგენლად დავინიშნე, რაც სამუშაოს მომიმატებს, მაგრამ ვეცდები ჭადრაკისთვისაც მეტი დრო გამოვნახო. ჩემპიონობით ეროვნულ ნაკრებში ადგილი დავიბევე.

წლეულს ევროპისა და მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებში მოგვიწევს თამაში და თანაგუნდელთა დაღალატება არ ივარგებს. ვიასპარეზებ ქალთა კონტინენტის პირველობაზეც, რომელსაც, შესაძლოა, თბილისმა უმასპინძლოს. რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაც მაქვს დაგეგმილი. ვნახოთ.

- ვაჟთა ჩემპიონატის შედეგებზე რას იტყვი?

- დავით ზარქუას ვულოცავ ჩემპიონობას. უნდა ვაღიარო, რომ ფინალურ ოთხეულში სამი ახალგაზრდა ოსტატის მოხვედრა მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. არადა, 16 საუკეთესოში ხომ ლევან ფანცულაიასთან ერთად მაღალი რეიტინგის მქონე მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, კონსტანტინე შანავა, თამაზ გელაშვილი და თორნიკე სანიკიძეც იყვნენ. ეს ჩემპიონატი კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენი დიდოსტატებისთვის. საღად უნდა შეხედონ იმ ფაქტს, რომ ახალი თაობა იზრდება, მოდის. შეუცვლელი არავინაა. ზარქუას დიდი ხანია ვიცნობ, ნიჭიერი მოჭადრაკეა. იმედია, იგი უფრო აიმაღლებს ოსტატობას და სანაკრებო მოღვაწეობასაც სასახელოდ შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!