გუშინდელი დღიდან ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი ოფიციალურად ჩადგა ქართული ძიუდოს სამსახურში, როგორც ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი
გუშინდელი დღიდან ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი ოფიციალურად ჩადგა ქართული ძიუდოს სამსახურში - სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" მასთან ხელშეკრულება გაფორმდა, როგორც ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელთან. ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ხელი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ მოაწერეს. ამ სამეულთან ერთად ხელმოწერის ცერემონიალს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერიც ესწრებოდა, რომელიც ავსტრიელის საქართველოში ჩამოყვანის ერთ-ერთი ინიციატორია - ეს კანდიდატურა მან შემოგვთავაზა. ხელშეკრულებით, ზაიზენბახერის ძირითადი ფუნქცია ეროვნული ნაკრების ფიზიკურად მომზადება იქნება, თუმცა ის სხვა ასაკობრივ ნაკრებებსაც მიხედავს, იზრუნებს ბავშვთა და, ზოგადად, ქართული ძიუდოს განვითარებაზე.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სოსო ლიპარტელიანია, ავსტრიელის პრეროგატივა კი ნაკრების მოსამზადებელი გეგმის შედგენა იქნება, ხოლო ქართველ მწვრთნელებს ამ დავალებების ცხოვრებაში გატარება დაევალებათ. ოღონდ ზაიზენბახერის მიერ შემუშავებულ პროგრამებს დამტკიცებამდე ადგილობრივ მწვრთნელთა საბჭო განიხილავს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, მასში ცვლილებებსაც მოითხოვს. ამდენად, ზაიზენბახერი უდაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, მაგრამ არა ერთპიროვნული მმართველი. ამასთან, შედეგებზე პასუხისმგებლობაც მას დაეკისრება. ავსტრიელის გეგმით ივარჯიშებენ ახალგაზრდული და ჭაბუკთა გუნდებიც, ოღონდ მათ შემთხვევაში შედეგებზე პასუხს უკვე მწვრთნელები აგებენ. ზაიზენბახერმა ახლანდელი ჩამოსვლისას თან ჩამოიტანა მზადების გეგმა, რომელიც საერთო სურათის გარდა, კონკრეტულ ფალავანთა მზადებასაც ითვალისწინებს, რაც მათი სამედიცინო გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაკეთდა.

ავსტრიელთან კონტრაქტი 1+6 სისტემით გაფორმდა ანუ ქართული მხარე მის ერთწლიან მუშაობას დადებითად თუ შეაფასებს, მაშინ თანამშრომლობას კიდევ ექვსი წლით გააგრძელებენ და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზეც მისი მომზადებული გუნდით წარვსდგებით. ზაიზენბახერისეული ფიზმომზადების მეთოდიკა რომ ძალიან ძნელია, ეს ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალზეც ითქვა, მაგრამ იქვე დაამატეს, რომ უამისოდ შედეგები არ იქნება და რომ ეს გადარჩენა-გადარჩევის პროცესია - ვინც გაუძლებს, კიდეც გადარჩება და შედეგებიც ექნებაო, ითქვა. ნაცვლიშვილმა შეგვახსენა, რომ სწორედ ზაიზენბახერმა დაიწყო მსგავსი რეფორმები უნგრეთში და იქაური ძიუდოს აღმასვლაც ამას დაუკავშირა. ავსტრიელის ღვაწლზე ვიზერმაც ილაპარაკა, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მადლობა გადაუხადა ავსტრიელის ჩამოყვანაში გამოჩენილი ინიციატივისთვის და ძიუდოს სამყაროში სამი წლის დაწყებულ რეფორმებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, საქართველომ არ ცვლილებებს მხარი ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ფაქტორი ამ დონის სპეციალისტის მოწვევასთან ერთად ჩვენებურ ძიუდოს სასიკეთოდ დაეტყობა.

"მოხარული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქართული ძიუდოს, ამ შესანიშნავი ფენომენის ნაწილი ვიქნები. საქართველოში ძალიან თბილად მიმიღეს. ვიცი, რომ არის გარკვეული წინააღმდეგობები ქართველ მწვრთნელთა მოსაზრებებში. ამიტომ წინა კვირას შევქმენით მწვრთნელთა ჯგუფი და ჩემს გამოცდილებას თქვენს სპორტსმენებს მათთან ერთად გავუზიარებ.

დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით ქართულ ძიუდოს იმ დონეზე მივიყვანთ, რასაც მათგან ქართველი ხალხი ითხოვს. აქ ძალიან ბევრ ტალანტს ვხედავ, მაგრამ თითეულ მათგანს დიდი წარმატებების მოსაპოვებლად ინდივიდუალური მომზადება სჭირდება. მჯერა, ახლანდელი კონტიგენტითა და მათთვის ჩვენი ცოდნის გადაცემით კარგ გუნდს შევქმნით" - განაცხადა ზაიზენბახერმა.

ხელმოწერის ცერემონიალზე ახალი წესების შესახებ ვიზერსაც ვკითხეთ, რომელიც ჯერ კიდევ დავა-კამათის საგანია. ვიზერი ამ რეფორმებით კმაყოფილია, მაგრამ ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ მაინც გეგმავს ახალ ცვლილებებს. "ჩვენ ძიუდოს წესებს კი არ ვცვლით, მას ჩამოვაცილეთ ის აგრესიული სტილი, რაც წარმატების, გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილით ჭიდაობიდან და სამბოდან შემოვიდა. ამით ვცდილობთ, მას დავუბრუნოთ ტრადიციული, ძველი სული, რაც იყო რეალურად. ამ ყველაფერს ძიუდოს სიკეთის, მისი სულის ასამაღლებლად ვაკეთებთ. პეკინში ძიუდო მეორე ადგილზე იყო ყველაზე წარმატებულ სახეობებში - მენეჯმენტით, მიდგომით, სპორტსმენთა ცოდნით. ამ რეფორმებამდე გვესმოდა კრიტიკა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის მიმოხილველთა მხრიდან იმის შესახებ, რომ ძიუდო დაუახლოვდა ჭიდაობას, რამაც გვაიძულა ამ ცვლილებების დაწყება.

ვიცით, რა არის კარგი ჩვენი სპორტისთვის და წინ მივდივართ. ამიტომ წესებში ცვლილებები ლონდონის შემდეგაც იქნება. ბუნებრივია, ვითვალისწინებთ კრიტიკასაც, თუმცა რეფორმები საკმაოდ რთული იყო. ბევრ ქვეყანას არ სურდა ეს ცვლილებები და ეს მათზე მტკივნეულად აისახა. ტექნიკური სტილის მიმდევარი ქვეყნებისთვის ეს პრობლემა არ იყო - ფეხში შესვლა აეკრძალათ მხოლოდ, მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის ეს მძიმე გადასატანი იყო, რადგან მათი ძიუდო ადგილობრივ ნაციონალურ ჭიდაობებს ემყარებოდა. ზაიზენბახერიც იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკური ძიუდოისტია მსოფლიოში" - გვითხრა ვიზერმა.

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"