ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა

ივანიშევიჩმა 7-წლიანი შესვენების შემდეგ პროფესიულ ტურში ითამაშა

ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ქალი ჩოგბურთელები გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის - ფედერაციის თასის პირველი ეტაპისთვის ემზადებიან, კაცები კი ATP-ის სამ ტურნირზე არკვევენ ურთიერთობას, თუმცა ამ კვირას წამყვანი ჩოგბურთელები ისვენებენ და კორტზე მხოლოდ ათეულის მიღმა მყოფ მოთამაშეებს ვხედავთ.

იოჰანესბურგში საყოველთაო ყურადღებას იპყრობს კანადელი მილოშ რაონიჩი, ვინც ავსტრალიის ღიას ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა და მელბურნში ყველას აჯობა ეისების რაოდენობითა და მოწოდების ძალით.

რაონიჩმა პირველ წრეში 75 წუთი მოანდომა მეორე ნომრად განთესილ იენ-ჰსუნ ლუს დამარცხებას. კანადელმა 14 ეისი მოაწოდა და სამიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ამასთან, ტაივანელს მეტოქის გეიმის აღების ერთი შანსიც არ ჰქონია. სხვათა შორის, 20 წლის რაონიჩმა იოჰანესბურგის ტურნირი, ისევე როგორც ავსტრალიის ღია პირველობა კვალიფიკაციიდან დაიწყო.

კანადელის მსგავსად, ასევე 14 ეისი ჩააწოდა კიდევ ერთმა ახალგაზრდა ჩოგბურთელმა, მასპინძელმა კევინ ანდერსონმა. ამის წყალობით მან შვეიცარიელი სტეფან ბოლი დაამარცხა.

ეისების მხრივ დღის ლიდერი გახდა დასტინ ბრაუნი - მას 15 "სუფთა" მოწოდება დაუგროვდა ფლორან სერას წინააღმდეგ. სხვათა შორის ბრაუნი კიდევ ერთი მაჩვენებლით გახდა ლიდერი - ყველაზე ნაკლები დრო დახარჯა შემდეგ წრეში გასასვლელად - 54 წუთი.

ზაგრების ტურნირზე, პირველ რიგში, აღსანიშნავია რადეკ შტეპანეკის გამარჯვება - ჩეხმა კვალიფიკაციიდან გასული სტეფან კუბეკი 58 წუთში გაანადგურა, ამასთან სულ რაღაც ერთი ეისი ჩააწოდა, სამაგიეროდ, ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა. საერთო ჯამში, ჩეხმა, რომელიც ამჟამად რეიტინგის პირველი ორმოცდაათეულის მიღმა იმყოფება, იოლად მოიპოვა მეორე წრის საგზური. შტეპანეკი და კუბეკი მეოთხედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჩეხი წინაა - 3:1.

პირველი წრის შეხვედრა წააგო ადგილობრივი პუბლიკის მთავარმა იმედმა ივო კარლოვიჩმა. ხორვატ გიგანტს 32-მა ეისმაც ვერ უშველა დანიელ ბრანდსის წინააღმდეგ, რომელსაც ზუსტად ორჯერ ნაკლები ეისი დაუგროვდა.

ორივე ჩოგბურთელი ამ მატჩში ძალიან კარგად აწვდიდა, რადგან ორსაათიან მატჩში სულ სამი ბრეიკ-პოინტი დაფიქსირდა (ორი გერმანელს ჰქონდა, რომელთაგანაც ერთი გამოიყენა). საერთო ჯამში, საკუთარ მოწოდებაზე უფრო დამაჯერებლად გრძნობდა თავს ბრანდსი, რომელმაც გამარჯვება მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გაინაღდა, სადაც მეტოქეს მხოლოდ ერთი ქულა დაუთმო.

სანტიაგოს ტურნირში მეორე დღიდან ჩაება ერთი-ერთი მთავარი ფავორიტი დავიდ ნალბანდიანი. განთესვის ლიდერს პირველ წრეში სამი სეტის თამაში დასჭირდა თანამემამულე კარლოს ბერლოკის წინააღმდეგ. თამაში ორი საათი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში გამარჯვებულმა რვიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ბერლოკმა კი 11 ასეთი შანსიდან რვა გაუშვა ხელიდან.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა მეორე არგენტინულ დერბიში. ტურნირს გამოეთიშა მეორე ნომრად განთესილი ხუან მონაკო. ის ორი საათი და 44 წუთი ებრძოდა მაქსიმო გონსალესს. ფავორიტმა მეტოქეზე ერთით მეტი გათამაშება მოიგო, მაგრამ მონაკოს გამარჯვებაში ეს ვერ დაეხმარა.

დღის ბოლო მატჩში ტურნირს გამოეთიშა ჩილელი გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშე, ათენის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი ნიკოლას მასუ. მან ყველასთვის უცნობ ბრაზილიელ კაიო ზამპიერისთან ორ სეტში წააგო. მართალია, მესამე პარტიის ჩატარება საჭირო არ გახდა, მაგრამ მატჩი მაინც ორსაათნახევრამდე გაიწელა. ბრაზილიელმა მეტოქეზე ერთით მეტი ბრეიკი (სამი ორის წინააღდეგ) გააკეთა და ამის ხარჯზე გაიმარჯვა.

დავუბრუნდეთ ზაგრების ტურნირს, სადაც მეორე სათამაშო დღეს საყოველთაო ყურადღება იყო მიპყრობილი ლეგენდარული ხორვატი გორან ივანიშევიჩის მისამართით. უიმბლდონის ყოფილმა ჩემპიონმა პროფესიულ ტურში დაბრუნება მოისურვა და წყვილთა თანრიგში თანამემამულე მარინ ჩილიჩთან ერთად ითამაშა.

დაბრუნება უიღბლო გამოდგა. ხორვატულმა დუეტმა სლოვაკურ წყვილთან (ფილიპ პოლაშეკი-იგორ ზელენაი) ორ ურთულეს სეტში წააგო - 6:7(4), 4:6. მატჩი საათსა და 19 წუთს გაგრძელდა.

"პრობლემები მქონდა მოწოდებასა და მიღებაზე. ათი პროცენტით უკეთ რომ ჩამეწოდებინა, ვფიქრობ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა. არ მეგონა, თუ ჩემი მთავარი იარაღი - მოწოდება მიღალატებდა.

მაგრამ ეს მატჩი სასარგებლო იყო ჩილიჩისთვის ერთეულთა მატჩების წინ კორტთან შესაჩვევად. მეც კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშის დონითა და დარბაზში ატმოსფეროთი.

ATP-ში თამაშს არ გავაგრძელებ - ეს ერთი ცდაც საკმარისია. ეს იყო მზადების ეტაპი ვეტერანთა ტურის შეჯიბრებებისთვის", - ასე შეაფასა თავისი გამოსვლა 39 წლის ივანიშევიჩმა, რომელმაც 2004 წლის შემდეგ პირველად ითამაშა პროფესიულ ტურში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში