სერია A. XXIII ტური: როგორც ჩანს, დელ ნერიმ უბრალოდ აღარ იცის, რა თქვას პრესკონფერენციებზე და ისღა დარჩენია, მსაჯები აკრიტიკოს

სერია A-ს XXIII ტურის პირველ პაექრობაში ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ორი ქულა დაკარგა და ძალიან კარგი შანსი მისცა მდევრებს, რომ ქულათა სხვაობა ორით შეემცირებინათ. თუმცა, მდევრებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს, პირიქით, მაგალითად "ნაპოლიმ" სულაც მარცხი განიცადა და კიდევ უფრო დაშორდა "მილანს". თავდაპირველად სწორედ ნეაპოლელებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა და შემდეგ "იუვენტუსის" მორიგ მარცხზე გადავიდეთ...

"ნაპოლი" მაინც სახლის გუნდად რჩება და ეს მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია. ფაქტია, რომ ვალტერ მაძარის გუნდი სახლში და გასვლაზე რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. სახლში ძალიან თამამია, აგრესიული, მიზანსწრაფული და მეტოქის კარზე დაგეშილი, გასვლაზე კი შებოჭილი და ცოტა შეშინებული. "კიევო" კარგ ფორმაშია, გასვლაზე "ბრეშას" 3:0 მოუგო და ზედ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერიც მიაყოლა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თამაში სწორედ ვერონელთა უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური შედეგით დასრულდა. მასპინძელთა ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა - ანგარიში მოსკარდელიმ გახსნა, რომელმაც გრძელი გადაცემა დაიმორჩილა და მახვილი კუთხიდან ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა. მეორე გოლი კი სარდოს ანგარიშზეა, მეტოქის საჯარიმოში შეირბინა, გზად ერთი მეურვე ჩამოიცილა და ნეაპოლელთა კიპერი უშანსოდ დატოვა. მატჩის შემდეგ, მაძარი იმედგაცრუებული იყო:

"უნდა ვაღიარო, რომ მეტოქემ უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ გასვლაზე თამაში და ეს დიდ პრობლემებს გვიქმნის. თუ გვინდა, რომ სეზონი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დავასრულოთ, ასეთ მატჩებში აღარ უნდა დავკარგოთ ქულები. "კიევო" ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე, მაგრამ არ მეგონა თუ თამაშს ასე იოლად დავთმობდით. მეტოქემ მოედნის ცენტრში გვაჯობა, რამაც განაპირობა კიდეც მატჩის სცენარი. გადატვირთული კალენდარი? - ამაზე არაერთხელ მისაუბრია და აღარ განვმეორდები. სატრანსფერო პერიოდში 2-3 მაღალი კლასის ფეხბურთელის გადაბირება მსურდა, მაგრამ არ მოხერხდა და ისღა დაგვრჩენია, არსებული კონტიგენტით გავიდეთ ფონს".

ტურინის "იუვენტუსმა" მორიგი მარცხი განიცადა, ამჯერად სიცილიაში "პალერმოსთან". შეხვედრა მასპინძელთა დიდი უპირატესობით დაიწყო, რაც ჯიჯი ბუფონის კარში გატანილ ორ გოლში აისახა. პირველ ეპიზოდში ხავიერ პასტორემ ითამაშა შესანიშნავად: მოედნის ცენტრში ორი მეურვის მოტყუება მოახერხა, მეტოქის ნახევარზე გადავიდა და გრძელი გადაცემით ფაბრიციო მიკოლი მოძებნა, ამ უკანასკნელმა შესანიშნავად მიიღო ბურთი და მეორე შეხებით კარის ჩარჩოში გადაგზავნა.

მეორე გოლი მილიაჩოს ანგარიშზეა, რომელმაც ტურინელთა საჯარიმოში შეირბინა და თავური დარტყმით დალაშქრა ბუფონის კარი. აი ამის შემდეგ კი თამაშმა სიცილიელთა მხარეს გადაინაცვლა და თამაშის ბოლომდე ასეც გაგრძელდა. მარტო ალესანდრო მატრის სამი-ოთხჯერ მაინც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში იშვიათი უზუსტობა გამოავლინა.

მთლიანობაში, კარგად გაისარჯა ალესანდრო დელ პიერო, არაერთი ზუსტი გადაცემა გააკეთა და თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, კლაუდიო მარკიზიომ გამოიჩინა თავი და მიჯრით მეორე შეხვედრაში შეძლო შედეგიანი დარტყმის განხორციელება. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოხდა და თამაშის სურათიდან გამომდინარე, თითქოს ანგარიშიც უნდა გათანაბრებულიყო, მაგრამ...

აშკარაა, "იუვენტუსს" თავდასხმაში უჭირს და ლუიჯი დელ ნერიც ამაზე ამახვილებს ყურადღებას: "მთლიანობაში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ძალიან ცუდი პერიოდი გვიდგას და თავდაუზოგავად ვშრომობთ, რომ წარუმატებელი სერია შევწყვიტოთ. არ მჩვევია მსაჯებზე საუბარი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ რიგ ეპიზოდებში არბიტრმა აშკარად დაგვჩაგრა. ერთ-ერთ ეპიზოდში "პალერმოს" მცველმა ჩეზარე ბოვომ ხელით ითამაშა და მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა, მაგრამ რატომღაც ასე არ მოიქცა. ადრეც არაერთხელ შემინიშნავს, რომ სადავო სიტუაციებში არბიტრები ჩვენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ."

როგორც ჩანს, დელ ნერიმ უბრალოდ აღარ იცის, რა თქვას პრესკონფერენციებზე და ისღა დარჩენია, მსაჯები აკრიტიკოს. აქვე დავძინოთ, რომ "პალერმო"-"იუვენტუსის" პაექრობას გამოცდილი რეფერი: ემილიო მორგანტი მოემსახურა.

მოულოდნელად დაკარგა ქულები "რომამ", რომელსაც "ბრეშა" ესტუმრა. კლაუდიო რანიერი ფრთხილ კომენტარებს აკეთებდა, მეტოქეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ასეთ დროს, გუნდი განსაკუთრებულად საშიშიაო. მართალიც აღმოჩნდა - XXII ტურში "ბრეშა" საკუთარ მოედანზე "კიევოსთან" განადგურდა, რამაც მარიო ბერეტას სკამი შეიწირა. ჯუზეპე იაკინის დებიუტი წარმატებული გამოდგა, რომში აუტსაიდერის სტატუსით ჩასულმა "ბრეშამ" ქულის აღება მოახერხა. პირველ ტაიმში მასპინძლებს არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. რანიერიმ გარისკა და ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად სამი ნომინალური თავდამსხმელი დააყენა. შეტევის წინა ხაზზე მარკო ბორიელო და მირკო ვუჩინიჩი მოქმედებდნენ, მათ უკან კი ფრანჩესკო ტოტი. დიახ, კაპიტანი დირიჟორი გახლდათ და უკნიდან თამაშობდა. რომაელთა პრაქტიკულად ყველა იერიშს სწორედ ტოტი იწყებდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი იყო.

რომაელებმა მეორე ტაიმის სტარტზე გახსნეს ანგარიში, შედეგიანი დარტყმის ავტორი კი მარკო ბორიელო გახლავთ. მან სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარის ბადეში. 69-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "ბრეშა" ერთ-ერთ იშვიათ კონტრშეტევაზე გადავიდა და ანგარიში გაქვითა - მარცხენა ფრთიდან გაკეთებული მაღალი გადაცემის შემდეგ, ედერმა თავი დაუხვედრა ბურთს და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა. კლაუდიო რანიერიმ მეტოქეს კომპლიმენტები უძღვნა:

"რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი და უნდა შევურიგდეთ ბედს. ბევრი მომენტი გვქონდა და მეტი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ფორვარდებს მიზანმა უმტყუნა. "ბრეშამ" მხოლოდ ორჯერ შემოგვიტია ხეირიანად, ერთხელ მეკარემ იყოჩაღა, მეორე იერიში კი გოლით დასრულდა. გაუმართლათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გარჯას ხაზი უნდა გადავუსვათ. პირიქით, შესანიშნავად ითამაშეს დაცვით ფაზაში და კარგად გადაკეტეს ზონები. ამასთან, მუდმივად მზად იყვნენ, რომ სახიფათო კონტრშეტევა განეხორციელებინათ. დასანანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლები წინ გველის."

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა "უდინეზემ" მოულოდნელად "ბოლონიასთან" დაკარგა ქულები; "სამპდორია" სულ წახდა და სახლში "კალიარისთანაც" წააგო; კახა კალაძის "ჯენოა" "ფიორენტინასთან" დამარცხდა, რამაც სინიშა მიხაილოვიჩის სკამი გადაარჩინა; "პარმამ" მთელი შეხვედრის განმავლობაში უტია "ლეჩეს" და მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გოლი გაუშვა. ბოლოს, ცხრილსაც გადავხედოთ.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 23 14 6 3 39-18 48

2. ნაპოლი 23 13 4 6 36-22 43

3. ლაციო 23 12 5 6 29-21 41

4. რომა 22 11 6 5 32-25 39

5. ინტერი 21 11 5 5 36-24 38

6. პალერმო 23 11 4 8 38-29 37

7. უდინეზე 23 11 4 8 37-30 37

8. იუვენტუსი 23 9 8 6 37-29 35

9. კალიარი 23 9 5 9 27-23 32

10. კიევო 23 7 9 7 25-22 30

11. ფიორენტინა 22 7 7 8 22-23 28

12. სამპდორია 22 6 9 7 20-23 27

13. ჯენოა 22 7 6 9 18-21 27

14. ბოლონია 22 7 8 7 24-30 26

15. პარმა 23 6 7 10 22-29 25

16. ლეჩე 23 6 6 11 22-39 24

17. კატანია 23 5 8 10 19-30 23

18. ჩეზენა 23 5 6 12 17-29 21

19. ბრეშა 23 5 4 14 18-31 19

20. ბარი 22 4 5 13 14-34 14

ბომბარდირები: 17 – კავანი (ნაპოლი); 15 – დი ნატალე (უდინეზე); 13 – ეტოო (ინტერი), იბრაჰიმოვიჩი (მილანი), დი ვაიო (ბოლონია).

"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"