სამი ერის ჩემპიონი ისევ დამარცხდა. ახალი ზელანდიის ნაკრებმა ველინგთონში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს ზედიზედ მეორედ მოუგო - 31:17...
ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა 31:17

ახალი ზელანდია (15-9) მულიაინა, ჯეინი, სმითი, ნონუ (კრადენი 73), რეინჯერი (დაგი 63), კარტერი, ვიპუ (ქოუანი 63). (1-8) ვუდკოქი, მეალამუ (ფლინი 73), ო.ფრენქსი (ბ.ფრენქსი 76), თორნი, დონელი (ვაითლოქი 63), კაინო, მაკქოუ (მესამი 73), რიდი

4ლ: მულიაინა, ნონუ, რიენჯერი, დაგი. 3ს: კარტერი (2), ვიპუ. ა: კარტერი

სამხრეთ აფრიკა: (15-9) კირშნერი, დე ფილიერსი (ეპლონი 41), ფური, ულიფიე, ჰაბანა, სტეინი, იანუარი (პინარი 54). (1-8) სტენკამპი, სმიტი, ფან დერ ლინდე (ბრ.ბოთა 42), როსუ (ბეკერი 54), მეტფილდი, ბურხერი, ლავი, სპისი (კანკოვსკი 70)

2ლ: როსუ, ბურხერი. 2გ,ს: სტეინი

მსაჯი: ალან როლანი (ირლანდია)

სამი ერის ჩემპიონი ისევ დამარცხდა. ახალი ზელანდიის ნაკრებმა ველინგთონში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს ზედიზედ მეორედ მოუგო - 31:17. "ოლ ბლექსმა", ისევე, როგორც პირველ შეხვედრაში, ოთხი ლელო მიითვალა და ერთი პრემიალური ქულაც ირგუნა.

თამაშის დასაწყისი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა პირველი მატჩის საწყის წუთებს. მატჩის არბიტრმა მე-4 წუთზე ამჟამად სინბინში გაუშვა "ბოკეს" დისკვალიფიცირებული მეორეხაზელის, ბაკის ბოთას ნაცვლად მოთამაშე დენი როსუ, რომელმაც ახალზელანდიელთა კაპიტან რიჩი მაკქოუს ფერდში ჭვინტი უთავაზა.

მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენეს და კაცნაკლულ "ბოკეს" ორი ლელო გაუტანეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეპიზოდმა მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. ირლანდიელი არბიტრი სამხრეთაფრიკელებს აშკარად არ სწყალობდა და ისეთი შთაბეჭდილებე შეიქმნა, რომ სტუმრები მეტოქის 16 მორაგბეს ეთამაშებოდნენ.

ასეც რომ არ ყოფილიყო, ახალი ზელანდიის ნაკრებმა აფრიკელები თითქმის ყველაფერში დაჯაბნეს. "ბოკეს" შეტევები უფერული, ყოველგვარ ფანტაზიას მოკლებული იყო. კარგად ჩანდა, რომ "ოლ ბლექსისთვის" მეტოქის თამაში გადაშლილი, ბოლომდე ყურადღებით წაკითხული წიგნი იყო.

იმის თქმაც შეიძლება, რომ სამხრეთაფრიკელებს ცოტა გაუმართლათ კიდეც, რადგან ახალზელანდიელთა მგეზავი დენ კარტერი იმ დღეს ჩვეული ფეხჩუბინობით ვერ გამოირჩეოდა. მან სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო (12 ქულა) ვერ გაიტანა.

როგორც უკვე ვთქვით, სამხრეთაფრიკელები თამაშის დასაწყისშივე ათი წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. მასპინძლებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მე-7 წუთზე ჯერ შუამარბმა მაა ნონუმ გახსნა ანგარიში, ოთხ წუთში კი ცხრა ნომრის პირი ვიპუს წამოწყებული შეტევა ფეხმარდმა ფულბეკმა მალილი მულიაინამ დაასრულა ლელოთი. კარტერმა ორივე შემთხვევაში გარდასახვა არაზუსტად დაარტყა - 10:0. ეს ანგარიში 31-ე წუთამდე შენარჩუნდა. კარტერმა კარში პირველად ზუსტად სწორედ ამ დროს დაარტყა და საჯარიმოთი სხვაობა 13 ქულამდე გაზარდა.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა სხვაობის შესამცირებლად. 37-ე წუთზე მეტოქის ოცდაორმეტრიანი ზონის ხაზთან დერეფანში აგდებული ბურთი მესამეხაზელმა ფრანსუა ლავმა ცხრა ნომერ რიკი იანუარის ჩამოუგდო. ამან ცრუ მანევრით ორ მეტოქეს შორის გასხლტომა მოახერხა და ჩათვლის მოედნამდე რამდენიმე მეტრი დააკლდა. რაკიდან ბურთი გრძელ ფრთაზე უკნიდან შეტევაში ჩართულ დენი როსუს გაუტანეს. მისი გაჩერება მასპინძლებმა უკვე ვეღარ შეძლეს და ნაკრებში მოხვეჭილი საიუბილეო, 50-ე კეპი ლელოთი აღნიშნა. "ბოკეს" მგეზავმა მორნი სტეინმა გარდასხვა ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა - 7:13. ასე დამთავრდა პირველი ტაიმი.

დაკარგული არაფერი იყო. თამაშის სათავისოდ შემობრუნება სამი ერის მოქმედ ჩემპიონს რეალურად შეეძლოა. მით უფრო, რომ შესვენების შემდეგ, ორ წუთში სტეინმა ანგარიშში სხვაობა საჯარიმოთი სამ ქულამდე შეამცირა - 10:13. "ბოკემ" თითქოს საკუთარ თამაშს მიაგნო, მაგრამ ... აქედან მოყოლებული, 70-ე წუთამდე მთლიანად მასპინძლები დომინირებდნენ. მათ ორი ლელო გაიტანეს და მეტოქეს საშუალება არ მისცეს, მონაგრისთვის რამე შეემატებინათ.

46-ე წუთზე ახალზელანდიელებმა მესამე ლელო გაიტანეს. რამდენიმეფაზიანი შეტევა მარჯვენა ფრთაზე განახორციელეს, მეტოქის მოთამაშეები რაკში უხვად ჩაითრიეს და მერე, უეცრად იერიშის მიმართულება შეცვალეს. ბურთი მარცხნივ გრძელ ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს და სამი ერის გათამაშების დებიუტანტმა, გარემარბმა რენე რეინჯერმა ლელო ალამთან ახლოს გაიტანა. კარტერმა ვერც ამჯერად გარდასახა - 18:10.

ხუთ წუთში ახალზელანდიელებმა ისევ საჯარიმო გამოიმუშავეს და საკმაოდ არახელსაყრელი პოზიციიდან კარში დარტყმა ცხრა ნომერმა პირი ვიპუმ ითავა. მან ანგარიშში სხვაობა თერთმეტ ქულამდე გაზარდა - 21:10.

მატჩის მშვენება რენე რეინჯერის ნაცვლად შესული იზრაელ დაგის ლელო იყო. ის თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო და ორ წუთში დიდოსტატური ლელო გაიტანა. დაგმა ბურთი მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში მარცხენა ფრთაზე მიიღო. მეტოქეთა გარემოცვაში ეულად დარჩენილი არ დაიბნა, ცრუ მოძრაობით ჯერ პიერ სპისს და ვიქტორ მეტფილდს დაუძვრა ხელიდან, მერე ხუთრო სტენკამპი და შეცვლაზე შესული გარემარბი ხიო ეპლონიც დატოვა უსაქმოდ. სამხრეთაფრიკელთა ლელოში შეჭრილს კიდევ ორი მოწინააღმდეგე წაეპოტინა, მაგრამ უშედეგოდ. კარტერმა ამჯერად გარდასხვა გაიტანა - 31:10.

მატჩის ბოლო ათ წუთში "ბოკე" გამოცოცხლდა. შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა რუან პინარმა გუნდის თამაშს მეტი სიხალასე, მრავალფეროვნება შემატა. შედეგად, სამხრეთაფრიკელთა ერთ-ერთი შეტევა 73-ე წუთზე მესამეხაზელმა სხლაკ ბურხერმა ლელოთი დაასრულა. სტეინმა გარდასახა - 17:31.

"ბოკემ" მეტის მოხერხება ვეღარ შეძლო. სამხრეთაფრიკელებმა ანტირეკორდი დაამყარეს - ზედიზედ გამართულ ორ შეხვედრაში რვა ლელო გაუშვეს. მსოფლიოსა და სამი ერის ჩემპიონებისთვის კატასტროფული მაჩვენებელია.

მომავალ უქმეებზე "ბოკე" ბრისბენში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. საინტერესოა, შეძლებს სამხრეთაფრიკელთა თავკაცი პიტერ დე ფილიერსი დემორალიზებული გუნდის მობილიზებას?

სამი ერი

24 ივლისი

ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა

31 ივლისი

ავსტრალია-ახალი ზელანდია

7 აგვისტო

ახალი ზელანდია-ავსტრალია

21 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია

28 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

4 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

11 სექტემბერი

ავსტრალია-ახალი ზელანდია

7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება