იტალიის რეკორდსმენი წარსულსა და მომავალზე
ჯანლუიჯი ბუფონი ცოტა ხნის წინათ სერია A-ს ყველა დროის რეკორდსმენი გახდა - მან კარი "მშრალად" 974 წუთის განმავლობაში შეინახა. ჯიჯიმ ფანების მიერ ინტერნეტის მეშვეობით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

- მართალია, რომ თამაში ნახევარმცველად დაიწყეთ? როგორ აღმოჩნდით ამის შემდეგ კარში?

- დიახ, მართალია. ვფიქრობ, ყველა ბავშვი ოცნებობს გოლების გატანაზე, ვიდრე ბურთების მოგერიებაზე. ცოტა ხნით თავდამსხმელიც ვიყავი. სხვათა შორის, არც ისე ცუდად ვთამაშობდი. მეკარედ მართლაც შემთხვევით ვიქეცი, მამამ მიბიძგა. თან მინდოდა კამერუნელი მეკარის, თომას ნკონოსავით ვყოფილიყავი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა და კამერუნი კარგად თამაშობდა, თანაც სენსაციურად კარგად. ნ'კონო კი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

- მამათქვენი ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა, ის და დედათქვენი ბირთვის მტყორცნელები იყვნენ. მათ ბურთის კარგად სროლაც ხომ არ გასწავლეს?

- მამაც, დედაც, დაც... ყველანი ბირთვის მტყორცნელები იყვნენ. ამ საკითხზე დისკუსია არასდროს გვქონია. დედამ ერთ-ერთი რეკორდი დაამყარა, მამაც კარგი იყო. ასე რომ, ძალიან სპორტულ ოჯახში ვიზრდებოდი. დამეხმარა თუ არა ეს? ვფიქრობ, რომ კი. ასეთ დროს უფრო სერიოზულად უყურებ სპორტს და ოჯახის მხარდაჭერასაც გრძნობ, რაც მნიშვნელოვანია.

- ვინ იყვნენ თქვენი ბავშვობის გმირები?

- ძალიან ბევრი ფავორიტი მყავდა, მაგრამ კონკრეტულად ერთის გამორჩევა გამიჭირდება. ვახსენე ნ'კონო, ასევე ძალიან მომწონდა მისი თანაგუნდელი როჟე მილა. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ხოლმე კამერუნის თამაშებს. აგრეთვე, ჩოგბურთის დიდი ფანი გახლდით, მიყვარდა ლენდლი, ედბერგი, რაფტერი...

- რამდენადაც ვიცით, თქვენი პროფესიონალური დებიუტი "პარმას" მაისურით "მილანთან" შეხვედრაში შედგა, გუნდთან, რომელსაც ვეა, ბაჯო, სავიჩევიჩი ჰყავდა. მაშინაც ასე თავდაჯერებული იყავით და ხმამაღლა ესაუბრებოდით მცველებს?

- ეს ბრწყინვალე დღე და შესანიშნავი გამოცდილება გახლდათ. ოცნება ავიხდინე, რომლისკენაც დიდი ხანი მივდიოდი და ამაზე ვმუშაობდი. კარგი მატჩი მქონდა, გოლი არ გამიშვია. ვუყვიროდი თუ არა მცველებს? ვფიქრობ, კი. მეკარის საქმე ესეც არის, მუდმივი კომუნიკაცია მცვველებთან.

- 2001 წელს თქვენს ცხოვრებასა და კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა - 52 მილიონი ევროს სანაცვლოდ "იუვენტუსში" გადახვედით. რამდენად ბედნიერი იყავით? თანაც, მეკარეში ამდენი არასდროს არავის არ ჰქონდა გადახდილი...

- ძალიან სასიამოვნო გახლდათ. პრობლემაც არ მქონია და წნეხიც არ მიგრძვნია, რადგან სატრანსფერო თანხებთან, ფასებთან ფეხბურთელებს ნაკლები შეხება გვაქვს, ეს კლუბების და ბაზრის საქმეა. "იუვე" მოვიდა ჩემ სანახავად და თქვა: "ჯანდაბა, ეს ბუფონი მართლა ფენომენი ყოფილა" (იცინის) და ამდენი გადაიხადა. ყველაფერი მარტივია.

5 მილიონი რომ გადაეხადათ და არა ამხელა თანხა, ცხადია, ტრანსფერს ამხელა გამოხმაურება არ ექნებოდა. არადა, კარგი მეკარე კარგი გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი თავდამსხმელი. ზოგჯერ ისეთივე ძვირიც. გადავიდოდი თუ არა "იუვეში" მხოლოდ 5 მილიონის სანაცვლოდაც? დიახ, გადავიდოდი! თუმცა, არა მგონია, "პარმა" ამით დიდად ბედნიერი დარჩენილიყო.

- დაახლოებით 10 წლის წინათ დეპრესია გქონდათ და მინდორზე გასვლაც კი დისკომფორტს გიქმნიდათ. პაუზა რატომ არ აიღეთ? და ვინ იცოდა ამის შესახებ?

- ამის შესახებ ჩემმა მეგობრებმა და თანაგუნდელების ნაწილმა იცოდა, ვისთანაც განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მქონდა. ისიც არ ვიცოდი, ღირდა თუ არა და უნდა მელაპარაკა თუ არა ამაზე ვინმესთან, როგორც ვიგრძნობდი ასეთ დროს თავს. შემდეგ გავიაზრე, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება შემეძლო და ამაზე საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ავიღე პაუზა... პასუხისმგებლობას ვგრძნობდი თანაგუნდელებზე, კლუბის წინაშე... ასევე, ევროპის ჩემპიონატი მოდიოდა. საბოლოო ჯამში, ფსიქოლოგთან გასაუბრების გარდა, ფეხბურთის თამაში ძალიან დამეხმარა, ისევე, როგორც ძვირფასი ადამიანების გამხნევება, მხარდაჭერა და გვერდში დგომა.

- რამდენად დიდი დარტყმა გახლდათ კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ "იუვენტუსის" გარშემო დატრიალებული ამბები? თითქოს, ამან იტალიის ნაკრები შთააგონა და თქვენ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეთ. კალჩოპოლი რომ არა, თქვენი აზრით, მუნდიალზე მაინც იმარჯვებდით?

- პროფესიონალური თვალსაზრისით, ცხადია, წარმატებების და ტიტულების ჩამორთმევა და გადახაზვა ძალიან რთული მისაღები გახლდათ, ეს გამანადგურებელი იყო. დიახ, გარკვეულწილად - მოტივაციის მომცემიც.

გერმანიაში ჩასვლისას ყურადღების ცენტრში ვიყავით. ჩვენ კი ამ გაუგებრობის ფონზე, გვსურდა განსაკუთრებულად გვეთამაშა და გვეჩვენებინა, რაც შეგვეძლო. თუმცა, მაშინ არ მეგონა, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას შევძლებდით. რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ამაზე კალჩოპოლიმ, ვერ გეტყვით.

- რომელია თქვენი საუკეთესო "სეივი"? მუნდიალის ფინალში ზინედინ ზიდანის თავურის შემდეგ ცალი ხელით მოგერიებული ბურთი?

- საუკეთესო? ჰმ... ზიდანისთვის აღებული ბურთი? დიახ, ეს უმნიშვნელოვანესი "სეივი" გახლდათ, თუმცა რამდენად საუკეთესო იყო, არ ვიცი.

- ერთი შეხედვით, არავისი არ გეშინიათ, მაგრამ რომელი ფეხბურთელს დაასახელებთ ურთულეს მეტოქედ?

- საუკეთესო მოთამაშე, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია, რონალდოა, ბრაზილიელი. ნამდვილი ჩემპიონი, დაუჯერებლად ძლიერი ფეხბურთელი. იტალიელს რაც შეეხება, ყველაზე დიდი ჩვენს ფეხბურთში რობერტო ბაჯო გახლდათ.

- ანტონიო კონტე ფეხბურთელი უფრო შთამბეჭდავი გახლდათ თუ მწვრთნელი? უცნაური ხომ არ იყო, რომ გწვრთნიდათ ის ადამიანი, რომელთან ერთადაც თამაშობდით?

- როგორც გუნდელი, კონტე დიდებული გახლდათ, ძალიან ქარიზმატული და ყველასთვის სამაგალითო, მინდორზეც და მის მიღმაც. როგორც მწვრთნელი, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. იყო თუ არა ეს უცნაური? არა, საერთოდ არა. მას თავიდანვე ჰქონდა შესაბამისი თვისებები.

- იშვიათად გვინახავს ფეხბურთელი, რომელიც თქვენსავით შემართებით მღერის ქვეყნის ჰიმნს. რაზე ფიქრობთ ხოლმე ამ დროს? და კარაოკეზეც ასეთი მონდომებული ხართ?

- ვფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერი და დაფასებული ვარ, რადგან იმდენად გამიმართლა, რომ საშუალება მაქვს, ჩემი ქვეყანა წარმოვადგინო. კარაოკე (იცინის)? ყველაფერი სიმღერაზეა დამოკიდებული.

- ყველაზე დიდი ხუმარა, რომელთან ერთადაც გითამაშიათ, ჯენარო გატუზოა?

- დიახ, რინო... ჩვენ ისევ ახლო ურთიერთობა გვაქვს და ვმეგობრობთ. მას ყოველთვის შეუძლია გამაცინოს. ოჰ, რინო, რინო...

- ფეხბურთელი რომ არ გამოსულიყავით, რას გააკეთებდით?

- წარმოდგენა არ მაქვს. იმიტომ, რომ ბავშვობიდან მოყოლებული, ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი და ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ეს ოცნება არ ამხდენოდა. სხვა რამეზე არასდროს მიფიქრია.

- თქვენ და იკერ კასილიასი ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარეები ხართ. რომელ ორ გოლკიპერს გამოარჩევდით სამომავლოდ?

- ძალიან მომწონს ჯო ჰარტი. ის ჯერ ახალგაზრდაა და შეუძლია დიდი გოლკიპერი დადგეს. სხვებს შორის მომწონს ბელგიელი ტიბო კურტუაც.

- თქვენ უკვე ყველაზე მეტი მატჩი გაქვთ იტალიის ნაკრებში ჩატარებული. ბრაზილიის მუნდიალი თქვენთვის მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. მეექვსე რუსეთი იქნება. აპირებთ თუ არა 2018 წელს რუსეთში გამგზავრებას?

- დიახ, რატომაც არა. თუმცა ამაზე ჯერ სერიოზულად არ მიფიქრია და ვნახოთ, რა მოხდება.

დოსიე

ჯანლუიჯი "ჯიჯი" ბუფონი

დაიბადა: 1978 წ. კარარა (ტოსკანა, იტალია)

კარიერა: 1995-2001 - პარმა; 2001-დან - იუვენტუსი

იტალიის ნაკრები: 155 თამაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო