საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ თამაშის შეფასება "ლოკომოტივისა" და "სამტრედიას" ყოფილ თავკაცს ვთხოვეთ
საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ "ლოკომოტივისა" და "სამტრედიას" ყოფილ თავკაც გელა სანაიას შევეხმიანეთ და თამაშის შეფასება ვთხოვეთ.

- ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველში საქართველოს ნაკრებმა ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ითამაშა, მატჩის მეორე ნახევარში განხორციელებულმა შეცვლებმა კი ჩვენი თამაში საგრძნობლად შეასუსტა, რაც სულაც არ არის გასაკვირი. საბედნიეროდ, მეტოქის შეტევებს გავუძელით და გავიმარჯვეთ. სასიხარულოა, რომ ჩვენი ნაკრების დაუმარცხებელი სერია გრძელდება.

- საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო?

- შევთანხმდეთ, რომ ჩვენი გუნდის თამაშზე ძირითადად, პირველი ტაიმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, რადგან საუკეთესონი კადრები მოედანზე სწორედ ამ დროს გვყავდა. საწყის 45 წუთში კი სომხეთის ნაკრებს დამაჯერებლად ვაჯობეთ და ორბურთიანი უპირატესობითაც ლოგიკურად დავწინაურდით. იმ ხარისხით, რაც პირველ ტაიმში ვაჩვენეთ, სავსებით შესაძლებელია უფრო ძლიერ გუნდებთან წარმატებისთვის ბრძოლა.

- კონკრეტულად რა დადებითი და უარყოფითი მხარეები დაინახეთ საქართველოს ნაკრების თამაშში?

- მეორე ტაიმში დაცვაში რამდენიმე ისეთი შეცდომა დავუშვით, სომხეთზე ძლიერი მოწინააღმდეგე ამისთვის აუცილებლად დაგვსჯის. პირველი ტაიმში კი, ვფიქრობ, ბიჭებმა მწვრთნელის ყველა დავალება შეასრულეს. გამოჩნდა, რომ ჩვენს გუნდს თავის დაცვასთან ერთად შეტევაც შეუძლია, რაშიც ქართველ გულშემატკივარს აქამდე ეჭვი ეპარებოდა. თანაც, ქაოსურად კი არა, აზრიანად და კომბინაციურად ვუტევდით, კარგად ვიყენებდით ფლანგებს, რაც თანამედროვე ფეხბურთში ასე მნიშვნელოვანია.

საბედნიეროდ, გუნდში ჯერ კიდევ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც თამაშის გაძღოლა და გამწვავება შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრების კოზირებზე მუშაობას გააგრძელებს და ჩვენს მოთამაშეებს დადებითი თვისებების გამოვლენაში ხელს შეუწყობს, ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად კი დრო კიდევ აქვს დარჩენილი. მთლიანობაში, ნამდვილად დავინახე ის პოტენციალი, რომლითაც ხორვატიასთან დადებით შედეგზე ფიქრი შეგვიძლია.

- ფეხბურთელები ახსენეთ და, საქართველოს ნაკრებიდან ვის გამოარჩევდით?

- მიხარია, რომ ჯანო ანანიძე კარგ ფორმაშია და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნაკრებში ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე თამაშობს; ლევან კობიაშვილი მწვრთნელმა მარცხენა ფლანგზე დააყენა, რაც უდავოდ გამართლებული იყო. ლევანი ფლანგზე ყოველთვის პროდუქტიულია და ამჯერადაც ასე იყო. მისი შეტევითი პოტენციალის გამოყენება ნაკრებში ყოველთვის ვერ ხერხდებოდა, ახლა კი, საბედნიეროდ, კობიაშვილი წინ თავისუფლად მიდიოდა და საგოლე პასიც შეასრულა.

მიხარია, რომ ბუბა დაუშვილის პროგრესი გრძელდება და მისი სახით ნაკრებს მაღალი დონის საყრდენი ეზრდება; კარგია, რომ დავით სირაძემ ისევ გაიტანა, მომეწონა აკაკი ხუბუტია და ორივე მეკარე. სასიამოვნოა, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებში დამაჯერებლად გამოიყურება, რაც იმას ნიშნავს, რომ არცთუ ისე წყალწაღებული ჩემპიონატი გვაქვს და შრომა და მონდომება საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებსაც დაუფასდებათ.

- საქართველოს ნაკრების რომელმა რგოლმა ითამაშა ყველაზე საიმედოდ?

- პირველ ტაიმში თანაბრად დაბალანსებული გუნდი გვყავდა, მეორეში კი, შეცდომების მიუხედავად, ჩვენმა დაცვამ მაინც ბევრი იშრომა.

- როგორ ფიქრობთ, მეორე ტაიმში დაცვაზე აქცენტის გაკეთება ქეცბაიას არჩევანი იყო თუ სომხებმა გვაიძულეს?

- ხშირად მწვრთნელის გადაწყვეტილება მეტოქის მიერ თავსმოხვეული სცენარითაა ნაკარნახევი და მგონია, რომ საქმე სწორედ ამ შემთხვევასთან გვქონდა. რომ არა წამყვანი ფეხბურთელების შეცვლა, საქართველოს ნაკრებს აუცილებლად ექნებოდა უპირატესობის განმტკიცების რეალური შანსი, შესუსტებული შემადგენლობით კი ეს ვერ შევძელით.

- შეცვლაზე შესულ ფეხბურთელთაგან თავი არავინ დაგამახსოვრათ?

- მეორე ტაიმში ისეთი ქაოტური თამაში იყო, ძნელია ვინმეს გამორჩევა, მაგრამ სხვებზე მეტად ლევან კაკუბავა მომეწონა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ შედეგზე სომხებმა უფრო გააკეთეს აქცენტი?

- შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქეცბაიამ ამდენი შეცვლა 2:0-ის შემდეგ განახორციელა. რომ არა ორბურთიანი უპირატესობა, შესაძლოა, მას წამყვანი მოთამაშეების ნაწილი არც შეეცვალა. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მიზანთან მეტოქეზე გაცილებით ახლოს იყო და სომხეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ექსპერიმენტები ალბათ ამიტომაც გადაიფიქრა.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ორი კურდღელი დავიჭირეთ – გავიმარჯვეთ კიდეც და საქმეში ბევრი ფეხბურთელიც ვნახეთ. თემურმა ორივე მთავარი ამოცანა შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მატჩზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად უნდა ვისაუბროთ. იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა ამხანაგური იყო, გამარჯვება ყველას გვინდოდა, თუნდაც მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე...

- მატჩის შედეგი ლოგიკურად მიგაჩნიათ?

- იმის მიუხედავად, რომ სომხეთს საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ნაკრები ჰყავს და ამ გუნდს ურიგოდ არც ჩვენ წინააღმდეგ უთამაშია, შედეგი სავსებით ლოგიკურია, დღესდღეობით სომხეთზე უკეთესი ნაკრები გვყავს.

- თუ გვაქვს იმის რესურსი, რომ ნაკრების შემადგენლობა გაძლიერდეს?

- ვერ ვიტყვი, რომ ნაკრების მიღმა ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია დარჩენილი, მაგრამ ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე გუნდს უდავოდ გააძლიერებდნენ. მალხაზ ასათიანს კი კვლავაც ნაკრების წევრად განვიხილავ. მთავარია, მან ახალი კლუბი დროულად იპოვოს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდს მომავალშიც დიდ სამსახურს გაუწევს. მთავარი მაინც მწვრთნელის ფაქტორია. მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში თემური საქმით ამტკიცებს, რომ მწირი რესურსით მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეუძლია.

- მთლიანობაში, ჩვენი ნაკრების თამაშში პროგრესს თუ ხედავთ?

- პროგრესი ცალსახად გვაქვს, მაგრამ გულშემატკივარი ეიფორიას არ უნდა მიეცეს და გუნდს წარმოუდგენელი ამოცანები არ უნდა დაუსახოს. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და შედეგები აუცილებლად მოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა