ჟენევაში ევროპის კლუბთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის სხდომას ქართული კლუბების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
7-8 თებერვალს ჟენევაში ევროპის კლუბთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოდან "დინამოს" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე და "ვიტ ჯორჯიას" სპორტული დირექტორი დავით თავართქილაძე დაესწრნენ.

ევროპის კლუბთა ასოციაცია (ECA) საყოველთაოდ ცნობილი G14-ის ბაზაზეა დაფუძნებული და მას მიუნხენის "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე ხელმძღვანელობს. საქართველოდან ამ გაერთიანებაში სამი კლუბია გაწევრიანებული - "დინამო" ორდინარული წევრია, "ზესტაფონი" და "ვიტ ჯორჯია" კი - ასოცირებული.

სხდომის მთავარი თემა ECA-სა და ფიფას შორის დიდი ხნის წინ დაწყებული უთანხმოებაა. ევროპის კლუბთა ასოციაციის მიზნებზე რუმენიგემ ვრცლად ილაპარაკა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა. მან ფიფას ავტორიტარულ მმართველობაში დასდო ბრალი და მას მსოფლიოს ჩემპიონატიდან მიღებული შემოსავლების კლუბებისთვის უფრო უხვად განაწილება მოსთხოვა.

ცნობისთვის, ფიფამ კლუბებს სამხრეთაფრიკული მუნდიალის ამონაგებიდან 40 მილიონი აშშ დოლარი გაუნაწილა, რაც რუმენიგეს ეცოტავება. კლუბებმა ფული იმის მიხედვით მიიღეს, თუ რომელმა მათგანმა უფრო მეტი ფეხბურთელი მიავლინა უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე. ამის გარდა, კლუბებისთვის გადასაცემი თანხა იმის მიხედვითაც დაიანგარიშეს, კლუბის კუთვნილმა ამა თუ იმ მოთამაშემ როგორი წარმატებით იასპარეზა მუნდიალზე და ვისი ქვეყნის ნაკრებმა რამდენი დღე გაატარა სამხრეთ აფრიკაში.

ყველაზე მეტი, ჯამურად თითქმის 6 მილიონი დოლარი ინგლისურმა კლუბებმა მიიღეს, 5 მილიონამდე – გერმანულებმა და ასე შემდეგ. კონკრეტულ კლუბებს შორის კი "ბარსელონა" ლიდერობს 866 ათასი დოლარით, მეორეზეა "ბაიერნი" 772 ათასით, მესამეზე კი "ჩელსია" 762 ათასით.

ECA -მ უკვე მიაღწია იმას, რომ ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალის შემოსავლიდან ფიფა კლუბებს უკვე 70 მილიონ დოლარს გაუნაწილებს, მაგრამ რუმენიგესა და მის თანამებრძოლებს უფრო მეტის მიღწევა სურთ. კერძოდ, კლუბებმა ნაკრებში ფეხბურთელების დაშავებისთვის სოლიდური კომპენსაცია მიიღონ; ეროვნულ გუნდში გამოძახების სანაცვლოდ კი კლუბებს თანხა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის კი არა, შესარჩევი და ამხანაგური მატჩებისთვისაც გადაუხადონ. გარდა ამისა, რუმენიგე ფიფასგან კომპენსაციას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შემოსავლიდანაც მოითხოვს.

სიტყვით ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელები და კლუბების წარმომადგენლებიც გამოვიდნენ. თითქმის ყველა მათგანმა ფიფას მონოპოლიაზე ილაპარაკა და კლუბების შემოსავლის გაზრდის სხვა გზებიც დასახა. ერთ-ერთი ესპანური კლუბის წარმომადგენელმა დამსწრეთ შესთავაზა იდეა, რომ ტოტალიზატორებმა მოგება კლუბებს უნდა გაუნაწილონ, რადგან თავად სწორედ კლუბების სახელის გამოყენებით შოულობენ დიდ ფულს. როგორც გაირკვა, ესპანეთსა და ინგლისში კანონმდებლები ამ პროექტზე უკვე აქტიურად მუშაობენ.

დამსწრეთ პიერლუიჯი კოლინამაც მიმართა. სახელოვანმა იტალიელმა არბიტრმა თქვა, რომ ევროთასების მატჩებზე ორი დამატებითი მსაჯის დანიშვნამ გაამართლა, რადგან ისინი სადავო სიტუაციებში მართებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ფიფას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რუმენიგეს მიმართა, რა საჭიროა ასეთი მკვეთრი განცხადებები, ერთი ოჯახი ვართ და დიალოგს მივმართოთო. პასუხად რუმენიგემ თქვა, რომ იოზეფ ბლატერსა და მის გუნდთან დიალოგი შეუძლებელია. სხდომას უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინოც დაესწრო, რომელმაც საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

უქმად არც ქართველთა შვეიცარიულ ვიზიტს ჩაუვლია. ტყავაძემ და თავართქილაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს და თავიანთი კლუბების სახელით ევროპის კლუბთა ასოციაციის ყველა მოთხოვნა გაიზიარეს.

თავართქილაძე ესაუბრა პოლონელ ოლივერ იანოშს, რომელიც ECA -ში აღმოსავლეთევროპულ კლუბებს კურირებს და ორგანიზაციის ერთ-ერთი რეგიონული სხდომის თბილისში ჩატარება შესთავაზა. ეს იდეა იანოშს მოეწონა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ხორცშესხმა სულაც არ არის გამორიცხული.

"ვიტ ჯორჯიას" სპორტულმა დირექტორმა თბილისში რუმენიგეც მოიპატიჟა, მაგრამ ECA-ს პრეზიდენტისგან მოუცლელობის გამო თავაზიანი უარი მიიღო. სამაგიეროდ, რუმენიგე ძალიან გაახარა თავართქილაძის საჩუქარმა - "ლელოს" ფოტოკორესპონდენტ ალექსანდრე კოტორაშვილის მიერ 1979 წელს თბილისში გადაღებულმა ფოტოებმა. მაშინ ჩვენს დედაქალაქში საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი გაიმართა, გერმანელებმა 3:1 მოიგეს, ორი გოლი კი რუმენიგემ გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს