"სპარტაკთან" ნათამაშები ფრეს გამო კახა კაჭარავა უკმაყოფილოა, მაგრამ არ ნერვიულობს
ზამთრის სატრანსფერო ეტაპზე განხორციელებული მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების შემდეგ გულშემატკივარს აინტერესებდა, რას წარმოადგენს თბილისის ახალი "დინამო". გუშინ გუნდმა სრული შემადგენლობით ვერ ითამაშა: მცირე ტრავმის გამო მატჩი მეკარე გიორგი ლორიამ და შოთა კაშიამ გამოტოვეს, გიორგი ციმაკურიძე განაცხადში ვერ მოხვდა, თემურ ღონღაძეს, პეტარ ელიჩსა და ზურაბ არზიანს კი განაცხადში მხოლოდ შემდეგი ტურისთვის შეიყვანენ. თუმცა მოედანზე ისედაც მრავალი ახალწვეული იყო - "დინამოს" ძირითადში ექვსმა ახალმა ფეხბურთელმა ითამაშა.

"სპარტაკს" არანაკლები პრობლემა ჰქონდა: მთავარმა მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ ვერ ათამაშა "დინამოდან" იჯარით დამატებული გიორგი მამუჩიშვილი და გუნდის ლიდერი ვალერი ბოლქვაძე, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო.

პირველი შთაბეჭდილებით, "სპარტაკთან" ნაჩვენები ფეხბურთით "დინამოს" ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება. თუმცა ამის მიზეზი ზემოთ ნახსენები მოთამაშეების არყოფნა და გუნდის აშკარა შეუთამაშებლობაა. ცხრა ახალი ფეხბურთელის დამატების შემდეგ ეს მოსალოდნელიც იყო.

არადა, "დინამოს" ურიგოდ არ დაუწყია და უკვე მე-7 წუთზე ანგარიშის გახსნა მართებდა: ჩეხ ირჟი ჰომოლას ახლო მანძილიდან კარის აღება შეეძლო, მაგრამ სოსო გრიშიკაშვილმა ბურთი ნახტომით მოიგერია. "სპარტაკის" კაპიტანი სიცხიანი თამაშობდა და ამის მიუხედავად ცხინვალელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

"სპარტაკმა" "დინამოს" შეტევები შეაჩერა და რამდენჯერმე მწვავე კონტრშეტევა წამოიწყო. ძალიან აქტიურობდა ყოფილი დინამოელი ზვიად მეტრეველი, რომელიც მეტოქის დაცვას მოსვენებას არ აძლევდა. 23-ე წუთზე მეტრეველი "დინამოს" მცველებს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, თორნიკე ზარქუას შორეულ კუთხეში დაურტყა და ანგარიში გახსნა.

გოლმა "დინამო" გამოაცოცხლა და ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა: 29-ე წუთზე ალეკო კოშკაძის დარტყმული ბურთი გრიშიკაშვილმა მოიგერია, კარის წინ მარტო დარჩენილმა მარკო მაროვიჩმა და რობერტინიომ კი დამატება ვერ მოახერხეს. ერთ წუთში ლევან კაკუბავას მიერ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ქარმა მიმართულება შეუცვალა და ცხრიანისკენ წავიდა - გრიშიკაშვილმა თავისიანები ერთხელაც იხსნა, თუმცა ძელს შეეჯახა და მოედანზე მხოლოდ ექიმების დახმარებით დაბრუნდა.

ტაიმის მიწურულს "სპარტაკის" მცველები უხეშად შეცდნენ, მაგრამ კარის წინ დარჩენილი რობერტინიო და დიმიტრი ტატანაშვილი ბურთს ვერ შეწვდნენ.

44-ე წუთზე ანგარიში მაინც გათანაბრდა: სემირ ჰაჯიბულიჩმა საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად დაარტყა და სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა - 1:1.

ვერ გეტყვით, რა დაემართა მეორე ტაიმში "დინამოს", მაგრამ რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ "სპარტაკმა" შექმნა. ცხინვალელები უფრო მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. შორიდან ცდილობდნენ კარის აღებას მიხეილ ჯიშკარიანი და ნიკა მგელაძე, 73-ე წუთზე კი მეტრეველს "სპარტაკის" დაწინაურებაც შეეძლო: მან ჰომოლასა და მაროვიჩის აშკარა შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ზარქუამ აჯობა, დამატებაზე კი ბურთს ტიერი კლოვისმა ვერ მიუსწრო და "დინამო" გადარჩა. ჩემპიონობისთვის მებრძოლმა "დინამომ" უმნიშვნელოვანესი ორი ქულა დაკარგა.

მატჩის შემდეგ "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა უკმაყოფილებას არ მალავდა: "მეორე ტაიმში ცხინვალელებმა რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, ჩვენს მომენტს კი ვერ ვიხსენებ - უკმაყოფილო ვარ... არის თუ არა ყველა ახალწვეული დატოვების ღირსი, დრო გვიჩვენებს. გასათვალისწინებელია, რომ შეუთამაშებლები არიან. რაც შეეხება ჰომოლას, "დინამოში" პირველად ითამაშა, სულ ათი დღეა, ჩვენთან ვარჯიშობს, მოუმზადებელი იყო და საკუთარი შესაძლებლობებს ვერც გამოავლენდა. ჰაჯიბულიჩზეც ამას ვიტყვი. თუმცა მათი მჯერა და არ ვნერვიულობ."

ბადრი კვარაცხელია, ცხინვალის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი: "გასვლაზე ასეთ გუნდთან ფრე ჩვენთვის წარმატებაა. თავდადებისთვის ბიჭებს მადლობას ვუხდი. ფორტუნა ჩვენკენ რომ ყოფილიყო, მოვიგებდით კიდეც."

13.02.11 თბილისი, ეროვნული სტადიონი. 700 მაყურებელი

დინამო-სპარტაკი 1:1

გოლი: 0:1 მეტრეველი (23), 1:1 ჰაჯიბულიჩი (44. რობერტინიოს პასით)

''დინამო'' '' სპარტაკი''

4-2-3-1 4-2-3-1

ზარქუა გრიშიკაშვილი

კაკუბავა გ. სეფიაშვილი

თომაშვილი ტეტუნაშვილი

ჰომოლა ბოიომო

მაროვიჩი ჭაფოძე

კვეკვესკირი მგელაძე

ედნილსონი კაკაშვილი

რობერტინიო მ. ჯიშკარიანი

ჰაჯიბულიჩი კლოვისი

კოშკაძე უგრეხელიძე

ტატანაშვილი მეტრეველი

''დინამო''

46. კვეკვესკირი – კახელიშვილი

86. ედნილსონი - სიხარულიძე.

სათადარიგოები: ნადირაძე, კვარაცხელია, ხმალაძე, ფირცხალავა, თექთურმანიძე.

''სპარტაკი''

82. ჯიშკარიანი - ბარაბაძე.

სათადარიგოები: დაუშვილი, ალავიძე, ბუზალაძე, ლობჟანიძე, ჯაყელი.

გაფრთხილება: სეფიაშვილი (21), კაკაშვილი (45), მეტრეველი (72)

არბიტრი: ლ. სილაგავა.

otar
თუ შეიძლება რომ შემადგენლობას ნომრებიც მიუწეროთ რომ ვიცოდეთ რომელი ფეხბურთელი რა ნომერია
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო