სერია A. ტურის მიმოხილვა

ტურის სიმბოლური ნაკრები

ბუფონი (იუვენტუსი) - ლიხტშტაინერი (ლაციო), კანავარო (ნაპოლი), გასტალდელო (სამპდორია), კიელინი (იუვენტუსი) - გონსალესი (ლაციო), ლოდი (კატანია), ლიაჯიჩი (ფიორენტინა) - კავანი (ნაპოლი), კასანო (მილანი), დი ნატალე (უდინეზე).

ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი მეკარეა და სრულიად დამსახურებულად მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან დატვირთული იყო და ათეულობით დარტყმა მოიგერია, მაგრამ ორჯერ-სამჯერ კი ნამდვილად გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან. შესაძლოა, გაგიკვირდეთ - ორი "სეივის" გამო სიმბოლურში როგორ მოხვდაო, მაგრამ რომ არა ჯიჯის ბრწყინვალე რეაქცია, "იუვე" როგორც მინიმუმ ორ ქულას დაკარგავდა. როდესაც დიდ იტალიურ დერბიში კარს მშრალად შეინახავ და შენ გუნდს მინიმალურად გაამარჯვებინებ, ნამდვილად იმსახურებ რჩეულ ფეხბურთელთა შორის მოხვედრას. დაცვაში კიდევ ერთ ტურინელს, ჯორჯო კიელინის ვხედავთ, რომელმაც შესანიშნავად აუღო ალღო მარცხენა ფრთაზე თამაშს და "ინტერთანაც" საუკეთესო კუთხით წარმოჩინდა. სიმბოლური ნაკრების შეტევის ხაზზე კი ალბათ ნებისმიერი მწვრთნელი იოცნებებდა - გარემარბებად დი ნატალე და კასანო, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი კავანი. სამივე თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა, მათმა გუნდებმა კი სამ-სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

ტურის გმირები

დიახ, გმირები, რადგან XXV ტურში ორი ფეხბურთელის გამორჩევა მოგვიწევს. ერთი ედინსონ კავანი გახლავთ 'ნაპოლიდან", რომელმაც "რომას" დუბლი შეუსრულა და მის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა, მეორე კი ალესანდრო მატრი, ვინც დიდ იტალიურ დერბიში გამარჯვების გოლი გაიტანა. სხვა შემთხვევაში ალბათ მხოლოდ ურუგვაელს გამოვარჩევდით, მაგრამ დიდ დერბიში გადამწყვეტი სიტყვის თქმა რჩეულთა ხვედრია და მას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კავანიმ ორჯერ დაამწუხრა რომაული გუნდი და მიმკდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა ოცამდე გაზარდა. ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ გასულ ზაფხულს განხორციელებული ტრანსფერებიდან, ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მილანში' გადაბარგებასთან ერთად, სწორედ კავანის ტრანსფერი უნდა გამოვარჩიოთ. ჩემპიონატის ორი მესამედი მიილია, "ნაპოლი" კი კვლავაც მეორე ადგილზეა და ლიდერს კუდზე აზის - ამით ყველაფერია ნათქვამი.

ალესანდრო მატრიმ სულ რაღაც სამი შეხვედრა გამართა "იუვენტუსის' მაისურით და უკვე ორჯერ გახდა ტურის გმირი. ფენომენალური შედეგია და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა ისევე შეიყვარონ გუნდის გულშემატკივრებმა, როგორც მეორე ალესანდრო უყვართ, გვარს არ დავასახელებთ.

საგულისხმოა, რომ მატრი ტურის სიმბოლურ გუნდში ვერ მოხვდა, მაგრამ გმირად მაინც შევრაცხეთ. ამას აქვს თავისი ლოგიკა - შესაძლოა, ისე ვერ იფრინა როგორც სხვა ფორვარდებმა, მაგრამ მისმა გოლმა დიდი იტალიური დერბის ბედი გადაწყვიტა.

ტურის უიღბლო

სამუელ ეტოოს რომ ხუთი მეტრიდან ცარიელ კარში ბურთის შეგორება შეუძლია, იმედია ამაში ყველანი დარწმუნებულნი ვართ. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "იუვენტუსთან" შეხვედრაში სწორედ ამ დისტანციიდან ვერ გაიტანა გოლი და რაც კიდევ უფრო საკვირველია, ცარიელ კარში. მატჩის 89-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "ინტერმა" ერთ-ერთი უკანასკნელი იერიში წამოიწყო, რასაც ეტოოზე გაკეთებული ბრწყინვალე გადაცემა და ამ უკანასკნელის გაუგონარი უზუსტობა მოჰყვა. ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი - ორიოდე წუთში, ეტოო პირისპირ დარჩა ბუფონთან და ბურთს ფეხი ააცილა. აი ასე გაანიავა აფრიკელმა ორი საგოლე მომენტი და სამივე ქულა "იუვენტუსს" დაუტოვა.

ტურის მოულოდნელობა

ზოგადად, "ფიორენტინას' მიერ "პალერმოს" ძლევაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ მიმდინარე სეზონის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, ფლორენციელთა წარმატება სწორედაც რომ გაგვიკვირდა. თანაც, სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდებმა სიცილიაში გაიმარჯვეს, იქ, სადაც ყველას უჭირს თამაში. შედეგი იქით იყოს და ტოსკანელებმა მაღალი დონის ფეხბურთი გვიჩვენეს, ისეთი, რომელიც აღარც კი გვეგონა თუ შეეძლოთ. ნამატჩევს სერბი სპეციალისტი უაღრესად კმაყოფილი იყო:

"ტერიტორიულ, სათამაშო უპირატესობას ვფლობდით და სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ და თითოეულ შეხვედრაში მააქსიმალურად დავიხარჯოთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემადგენლობით დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია, მთავარია ეს ფეხბურთელებმაც დაიჯერონ. ამ კუთხით სერიოზული პრობლემები გვქონდა და ვხედავ, რომ უკეთესობაა".

ტურის ფრაზა

მაურიციო ძამპარინი (პალერმოს პრეზიდენტი): "ყველაფერში დელიო როსია დამნაშავე, რაიმე უნდა მოუხერხოს დაცვას, რადგან ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი".

ციფრები და ფაქტები

- ჯორჯო კიელინიმ მეორასე შეხვედრა ჩაატარა "იუვენტუსის" მაისურით, მოჰამედ სისოკომ კი მეასე;

- "ნაპოლის" 1993 წლის შემდეგ არ ჰქონდა "რომასთან" გასვლითი თამაში მოგებული;

"უდინეზეს" უკვე რვა თამაშია არ წაუგია და ეს სერია ალბათ მომდევნო ტურშიც გაგრძელდება - "სტადიო ფრიულის" ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი, "ბრეშა" სტუმრობს.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა