გუნდი მოძველებული ტაქტიკით

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მთავარი აღმოჩენა "ნაპოლია", გუნდი, რომელსაც მაქსიმუმ ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა - სამხრეთელები, არც მეტი არც ნაკლები, საჩემპიონო მარათონში ჩაებნენ. ამას თავად ნეაპოლელებიც არ ელოდნენ, მაგრამ მიიღეს გამოწვევა და დღეს გუნდის თითოეულ ფეხბურთელს მიზნად სკუდეტოს მოპოვება აქვს დასახული. მთავარი მწვრთნელი შედარებით მოკრძალებულ კომენტარებს აკეთებს, მაგრამ გამორიცხულია, რომ ჩემპიონობაზე ისიც არ ფიქრობდეს. ვალტერ მაძარი უდავოდ წლის სპეციალისტია - საშუალო და საშუალოზე ოდნავ მაღალი კლასის ფეხბურთელებით სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდი შექმნა, რაზეც თვით აურელიო დე ლაურენტისი ვერ იოცნებებდა - საკმაოდ ამბიციური და ოპტიმისტი საფეხბურთო მოღვაწე, "ნაპოლის" პრეზიდენტი.

ვალტერ მაძარი იმ იშვიათად სპეციალისტთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც სამი მცველით ათამაშებენ გუნდს. 3-5-2 ტაქტიკა თითქოს მოძველებულია და ყველასგან მივიწყებული, მაგრამ სენიორ ვალტერმა მას აქტუალობა დაუბრუნა. იცით ალბათ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მანევრირებადი ტაქტიკური მონახაზია - თავდაცვისას ტრანსფორმირდება და 5-3-2 ხდება, შეტევაში კი პირვანდელ სახეს იბრუნებს. სათქმელად ადვილია, მაგრამ შესასრულებლად ძალიან რთული, ამად არის, რომ ბევრმა სპეციალისტმა თქვა ამ სქემაზე უარი და უფრო მარტივი გზა აირჩია. როდესაც მთელი შეხვედრის განმავლობაში სქემა ცვლილებებს განიცდის, გუნდის თამაშში ხარვეზების და შეცდომების ალბათობა ერთი-ორად იზრდება. თუმცა, თუ მექანიზმი კარგად მუშაობს და ხარვეზი მინიმალურია, ტაქტიკა ძალიან ეფექტურია და ამართლებს. სწორედ ასე ხდება "ნაპოლის" შემთხვევაში, რაც მაძარის დამსახურებაა. სენიორ ვალტერს ერთი საინტერესო თვისებაც აქვს, შეუძლია საშუალო კლასის ფეხბურთელისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს და ისე აათამაშოს, შეიძლება თავად მოთამაშესაც გაუკვირდეს. მაგალითად, კრისტიან მაჯო ერთ-ერთი საუკეთესო მცველია სერია A-ში, მაგრამ რამდენჯერაც ეროვნული ნაკრების ამუნიცია მოირგო, იმდენჯერ შერცხვა. არადა, როდესაც მთელი სეზონი სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს ფეხბურთელი და ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ამპლუაში, ბუნებრივია, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყურადღებასაც იქცევს. სწორედ ასე მოხვდა მაჯო "სკუადრა აძურას" ბოლო სამატჩო განაცხადში და გერმანიის წინააღმდეგ თითქმის ერთი ტაიმი დაჰყო მოედანზე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სუსტი იყო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში და გერმანელ შემტევებთან ძალიან დაიჩაგრა - სისწრაფეშიც დაჯაბნეს და პოზიციურადაც არაერთი შეცდომა დაუშვა. სამაგიეროდ, დაბრუნდა "ნაპოლიში" და "რომასთან" გასვლით პაექრობაში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. მაჯო თავად ისაუბრებს ამ ყველაფერზე:

"კარგად ვიცი, რომ გერმანიასთან საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენე და ამას ყველაზე მეტად მე განვიცდი. კარგ ფორმაში ვარ და არ ვიცი, რატომ ვერ გამოვავლინე შესაძლებლობები. ფაქტია, რომ გუნდში გაცილებით უკეთ გამოვიყურები და საიმედოდ ვასპარეზობ. მართალია, "ნაპოლიში" ნახევარმცველი ვარ, მაგრამ დაცვითი ფუნქციების შესრულება ჩემი პირდაპირი მოვალეობაა და მიკვირს, რომ ნაკრებში თამაში არ გამომდის. იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრაში უკეთ წარმოვჩინდები".

საკითხავია, მიეცემა კი მაჯოს კიდევ ერთი შანსი ნაკრებში, თუმცა დღევანდელი ჩვენი თემა არა ნაკრები, არამედ "ნაპოლია" - ამიტომ, კიდევ ერთხელ გადავცეთ სიტყვა კრიატიანს, რომელიც სკუდეტოზე ღიად და "ურცხვად" საუბრობს: "შემთხვევით შეიძლება ოთხი და ხუთი ტურის შემდეგ იყო სატურნირო ცხრილის სათავეში, მაგრამ როდესაც ჩემპიონატის სამი მეოთხედი უკან არის მოტოვებული, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. ჩვენს წინ მხოლოდ "მილანია" და მიზანი ამ გუნდის გადასწრებაა. მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ჯაბანნი. მეტსაც გეტყვით, ვფიქრობ, რომ დღესდღეობით, "ნაპოლი" უფრო ძლიერია, ვიდრე "მილანი". შესაბამისად, ერთი სული გვაქვს როდის დადგება 29 თებერვალი და უმთავრეს კონკურენტს მისსავე მოედანზე დავამარცხებთ. ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს და პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

მაძარი ძალიან გულახდილია ჟურნალისტებთან ურთიერთობისას და აღიარებს, რომ ასეთი აღმასვლა თავადაც არ ჰქონდა დაგეგმილი, შესაბამისად, "ნაპოლის" მეორე ადგილი მისთვისაც სიურპრიზია. ერთი ხანობა, სამხრეთელთა თავკაცი თითქოს დაბნეულიც იყო და კომენტარის გაკეთება უჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში დალაგდა და უკვე იცის, რა უნდა და რისკენ მიისწრაფვის:

"გუნდის სათავეში მოსვლის დღიდან იმაზე ვზრუნავ, რომ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესო და კომპონენტები დავხვეწო. ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი ისეთი მოგებული თამაშის შემდეგ, რომელშიც ცუდად ვიასპარეზეთ და პირიქით, მახარებდა კარგი თამაში თუნდაც წაგებულ პაექრობაში. ასეთი მიდგომით მოვედით დღემდე და შედეგიც სახეზეა. ამიტომ, მომავალშიც აღებული კურსით ვაპირებ სვლას და მჯერა, რომ კიდევ უფრო დიდ შედეგებს მივაღწევთ. სკუდეტო? - ტემპის დაგდებას არ ვაპირებთ და გამომდინარე აქედან, რატომაც არა..."

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა