საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვოლგას" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა
საქართველოს ნაკრებისა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ გუნდის მეორე და მესამე შეკრებებს შორის დრო გამონახა და ნიჟნი ნოვგოროდში რამდენიმე დღით "შეირბინა", რათა ვიზისა და საბინაო საკითხები გადაეჭრა. სწორედ ამ პერიოდში გოგიტას "ვოლგას" ოფიციალური საიტისთვის ინტერვიუ ჩამოართვეს.

- გოგიტა, რამ გადაგაწყვეტინათ ნიჟნი ნოვგოროდის კლუბში გადმოსვლა?

- წინა სეზონის დასრულებასთან ერთად ნალჩიკის "სპარტაკთან" კონტრაქტიც ამომეწურა. წინადადება "ვოლგადან" მივიღე და მალევე გადავწყვიტე, ამ გუნდის შემადგენლობაში მეასპარეზა.

- თქვენ "ვოლგასთან" ერთად უკვე მეორე შეკრება მოიარეთ, მაგრამ გუნდის შემადგენლობაში ყოველთვის არ იყავით. რა მიზეზით?

- დიახ, სრულფასოვნად შეკრებების გავლა არ დამცალდა. თავიდან გუნდს საბუთების საკითხის მოსაგვარებლად მოვწყდი, შემდეგ კი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გავემგზავრე, რომელიც ამხანაგურ მატჩს სომხეთის ეროვნულ გუნდთან მართავდა.

- სომხებთან თამაშს როგორ შეაფასებთ?

- ეს შეხვედრა ფაქტობრივად ორი შემადგენლობით ჩავატარეთ. საერთო ჯამში, ნორმალურად ვითამაშეთ და მოგებამ განწყობა აგვიმაღლა. გეტყვით, რომ ეროვნულ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის - თემურ ქეცბაიას მოსვლის დღიდან სულ უფრო უკეთ და უკეთ ვთამაშობთ. წაუგებელი სერია ცხრა მატჩამდე გავზარდეთ და მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები პროგრესის გზაზეა.

- გოგიტა, განვლილ შეკრებებზე ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

- პირველი შეკრების წინ მოსკოვში გავჩერდით. ჩემი ოთახის კარი გავაღე თუ არა, სახტად დავრჩი. ვხედავ... ბენძი! ჩვენ ხომ არცთუ დიდი ხნის წინ გროზნოს "ტერეკში" ერთად ვთამაშობდით და მაშინვე ვუთხარი: "აქაც შენ ხარ? სადღა დაგემალო?!"

- ახალ მწვრთნელთან მუშაობა როგორ წარიმართა?

- ომარ თეთრაძის ვარჯიშები საკმაოდ დინამიურია. მისი დარიგებები კი ცალკე საუბრის თემაა. როცა ოთარი საკონტროლო მატჩების დეტალურ განხილვას მართავს, უმალ ჩანს, რომ ამ ადამიანს უდიდესი საფეხბურთო სკოლა აქვს გავლილი და უმაღლეს დონეზე უთამაშია. ყოველ ვარჯიშზე სწორედ ამ გამოცდილებას გვიზიარებს და უნივერსალური საფეხბურთო ენით გვანათლებს. ამასთან, თეთრაძე ფანტასტიკური მოტივატორია.

"ვოლგას" კიდევ ერთ მწვრთნელს სერგეი ტრუბიცინს ნალჩიკიდან ვიცნობ და ამრიგად, აქაური გარემო ჩემთვის უცხო არაა.

- შეკრებაზე გუნდმა რამდენიმე მატჩი უცხოურ გუნდთან გამართა. განსხვავდებოდნენ ისინი რუსულ სპარინგ-პარტნიორებისგან?

- დიახ, ევროპელებთან უფრო ხისტი თამაში გვქონდა. თანაც, რუსული გუნდები ჩვენთვის კარგად ნაცნობია. სამწუხაროდ, თებერვლის ბოლოს ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში ვერ მივიღე მონაწილეობა. იმედი მაქვს, ესპანეთში ყოფნისას გუნდში პირველიდან ბოლო დღემდე სრულად დავიხარჯები.

- რას მოელით მომავალი ჩემპიონატისგან?

- როდესაც გუნდი პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში გადადის, როგორც წესი, თავიდან უჭირს იმ რიტმთან შეგუება, რომელსაც ელიტური ტურნირი კარნახობს. ამიტომაც, დღეს ჩვენი ამოცანაა - გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მომავალ გამოცდებს პირველივე ტურიდან მომზადებული შევხვდეთ.

- ახალი ჩემპიონატი უჩვეულო სისტემით ჩატარდება. ამაზე რა აზრის ხართ?

- როგორც გადაწყვიტეს, ისე უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, ახალი სისტემა გათამაშებას ელფერს შემატებს და უფრო არაპროგნოზირებადს გახდის. რაც შეეხება სეზონში მხოლოდ ერთი სატრანსფერო "ფანჯრის" არსებობას, ეს ალბათ მწვრთნელებისთვის თავის ტკივილი იქნება. გუნდებს ორი "ფანჯარა" სჭირდებათ, რათა გაძლიერება სეზონის მსვლელობის დროსაც შეძლონ.

- რამდენად პრინციპული იქნება თქვენთვის ნალჩიკის "სპარტაკის" ან მოსკოვის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ თამაში, რომელსაც სათავეში იური კრასნოჟანი ჩაუდგა?

- ჩემთვის კრასნოჟანი ისეთივე მწვრთნელია, როგორიც ნებისმიერი სხვა. ნალჩიკისთვის მან ძალიან ბევრი გააკეთა და ამის არდანახვა არ შეიძლება. თუმცა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ნალჩიკის "სპარტაკის" ფეხბურთელების გარჯის გარეშე მწვრთნელი ვერაფერს გახდებოდა.

კრასნოჟანის ახალ გუნდთან, "ლოკომოტივთან" თამაში ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ტოპ-გუნდებთან. ასეთი მატჩებისთვის განსაკუთრებული განწყობით ემზადები. ეს მოტივაციისა და ფსიქოლოგიის საკითხია.

ნალჩიკელებთან თამაში ჩემთვის ალბათ ყველაზე პრინციპური იქნება. ყაბარდო-ბალყარული კლუბის გულშემატკივრები ჩემ მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილნი, რის გამოც ამ ქალაქში ჩასვლა და ნაცნობ სტადიონზე თამაში სასიამოვნო იქნება.

- ხელში გაზეთის ახალი ნომერი გიჭირავთ. როგორც ჩანს, "ანჟიში" რობერტო კარლოსის გადასვლის ცნობამ გაგაოცათ...

- წარმოდგენა მიჭირს - კაცი, რომელიც "რეალში" თამაშობდა, კარიერას მახაჩყალაში დაასრულებს. უცნაური ამბავია. ამასთან, ეს ტრანსფერი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ აქაური ფეხბურთი ვითარდება. კლუბებს მატერიალური შესაძლებლობები გაუუმჯობესდათ. რუდ გულიტი "ტერეკს" გაწვრთნის - ეს ხომ ძალიან მაგარია?!

ასეთი ოსტატების მოზიდვა უდიდესი სტიმულია რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ფეხბურთის განვითარებისთვის. ამასთან, ეს საუკეთესო პიარ-აქციაა - მთელი მსოფლიო გაიცნობს "ანჟისა" და "ტერეკს".

- როგორ ფიქრობთ, ასეთი ვარსკლავები "ვოლგასაც" წაადგებოდნენ?

- კარლოსის დონის ფეხბურთელის გუნდში ყოფნა, დანარჩენი მოთამაშეების პროფესიონალური ზრდისთვის უდიდესი იმპულსია. რომ იყოს შესაძლობლობა, ამ დონის ვარსკლავის ყოლა "ვოლგასაც" არ აწყენდა.

- ცნობილია, რომ "ვოლგას" თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე "ბარსელონას" ქომაგობს. თქვენ ვის გულშემატკივრობთ?

- ვიზიარებ მარცვალაძის შეხედულებას. თავად მითხარით, როგორ შეიძლება "ბარსელონას" არ უგულშემატკივრო? მათი ფეხბურთი - ჭეშმარიტი ხელოვნებაა! მათ თამაშს ისე უნდა უყურო, როგორც თეატრალურ წარმოდგენას.

- სეზონის წინ "ვოლგას" შემადგენლობა საკმაოდ გადახალისდა. თქვენი აზრით, რამდენად გამოცდილი და ძლიერია ახლა გუნდი?

- ფეხბურთელების შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, კარგი შემადგენლობა გვყავს. ამ გუნდში გადმოსვლისას მრავალი ნაცნობი სახე აღმოვაჩინე. ნიჟნინოვგოროდელ ქართველებთან საფეხბურთო მოედანზე ურთიერთობა ყველასთან მქონია. ჩვენი სამშობლო ხომ პატარაა და ფეხბურთელები ერთმანეთს ვიცნობთ.

თუმცა, ჩემთვის არაფერს ნიშნავს ის, რომ "ვოლგაში" ჩემი თანამემამულეები მრავლად თამაშობენ. ჩვენ ყველანი ერთი გუნდი უნდა ვიყოთ და არამარტო საკუთარ თავზე, პარტნიორზეც უნდა ვიზრუნოთ. ნიჟნი ნოვგოროდისთვის კარგი ნალჩიკის მაგალითი იქნება - უნდა შევქმნათ ერთიანი გუნდი და აქ ნაციონალიზმი საჭირო არაა. ჩვენ ყველა - "თეთ-ლურჯები" ვართ.

- დაბოლოს, რას ეტყვით "ვოლგას" გულშემატკივრებს, კლუბის ისტორიაში პირველი პრემიერლიგური სეზონის წინ?

- ჩემპიონატისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებით. ვფიქრობ, გულშემატკივრები დაინახავენ ჩვენ გარჯას. ძალიან გვინდა, რომ ნიჟნი ნოვგოროდის ფეხბურთის ქომაგები ჩვენ გვერდით არა მარტო გამარჯვების, დამარცხების დროსაც დაგვიდგნენ. ასე ერთად ნებისმიერი მიზნის მიღწევას შევძლებთ.

ესაუბრნენ სერგეი კოზუნოვი და ანდრეი სორვაჩევი

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი