საქართველოს ნაკრების მცველმა თურქეთიდან რუსეთში გადაბარგების მიზეზებზე ღიად ისაუბრა
ალეკო ამისულაშვილის თურქული "ქაისერიდან" რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარში" გადასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რუსებმა მას კვირის ტრანსფერებში გამორჩეული ადგილი მიაკუთვნეს.

საქართველოში კი ტრანსფერს დებატები მოჰყვა - რატომ გადავიდა "კაისერიდან" ნახევარი წლის შემდეგ ასე მოულოდნელად, რატომ მიატოვა შოთა არველაძე და იყო თუ არა მის გადაწყვეტილების მთავარი მოტივი ფინანსური დაინტერესება? - ეს კითხვები უპასუხოდ რომ არ დარჩენილიყო, ალეკოს თურქეთში დავუკავშირდით, სადაც უკვე ახალ კლუბ "კრასნოდარში" ვარჯიშობს.

- ბევრი რამ გვაქვს გადასამოწმებელი. შევიტყვეთ, რომ "კრასნოდარამდე" მოსკოვის "ლოკომოტივი" გიწვევდა, ზამთარში რამდენჯერმე დაგიკავშირდნენ და გუნდში ოფიციალური წერილი გააგზავნეს, რომ მოლაპარაკების დაწყებას აპირებდნენ, თურქები კი მოლაპარაკებაზე არც წავიდნენ, ზაფხულამდე გვაცალეთო.

- დიახ, ასე იყო. მოლაპარაკება დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. პირადად მე იური კრასნოჟანი დამიკავშირდა, "ლოკომოტივში" მივდივარ და თუ წამოხვალო. ავუხსენი, რომ "ქაისერი" ისე არ გამომიშვებს, ფულია გადასახდელი-მეთქი, შემდეგ კი დაინტერესება არც თურქული კლუბისთვის დამიმალავს და ავუხსენი, რომ წასვლა მეც მსურდა.

- "ქაისერში" ზაფხულში ჩაირიცხე და ასე მალე წასვლა რატომ გადაწყვიტე?

- იმიტომ რომ ოჯახი თურქეთს ვერ შეეგუა. უამრავი ფაქტორი იყო, ენის ბარიერიც საკმაოდ რთული დასაძლევი გამოდგა, მშვენიერ ქალაქში ვცხოვრობდით, მაგრამ ცხოვრების სპეციფიკური სტილი იყო და ამითაც გაგვიჭირდა.

- გულახდილად რომ ვთქვათ, ბევრს გაუჩნდა კითხვა, კონფლიქტი ხომ არ მოგივიდა გუნდში, ან შოთა არველაძესთან?

- როგორ გეკადრებათ, რა კონფლიქტი, შოთაც და მისი ოჯახიც ჩემს ოჯახს თავს გადაყვა, ყველანაირად გვეხმარებოდნენ და რომ იცოდეთ, შეპირებულზე მეტიც მომცა. იგივეს ვიტყვი გუნდზე, რა კონფლიქტი, "ქაისერში" თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ თურქეთთან შეგუება გამიჭირდა.

- კლუბის ხელმძღვანელებს ესეც უთხარი?

- რა თქმა უნდა, წასვლა მინდა და ოჯახის მომავალზეც ვფიქრობ-მეთქი. დასამალი რა მაქვს.

- კი მაგრამ, შოთა ამბობს, რომ შენი მოულოდნელი წასვლის გამო, ცენტრალური მცველის დამატებას ვეღარ ახერხებს.

- კლუბს ჩემი პოზიცია წინასწარ დავუფიქსირე, რომ წასვლას ვაპირებდი. მათ თავისი პოზიცია დააფიქსირეს, ჩვენ შენი გაშვება არ გვსურს, გაგიშვებთ, თუ გადაიხდიანო. ასე რომ, "ქაისერისთვის" ჩემი გადასვლა მოულოდნელი როგორ იყო, როდესაც ეს ლაპარაკი დეკემბერში დაიწყო. კლუბის ბრალია, დროულად რომ არ იფიქრეს შემცვლელის აყვანაზე.

- კლუბს ჩემი გაშვება არ სურდაო, მაშინ როგორ წახვედი?

- კონტრაქტში იყო ასეთი პუნქტი: თუ დაინტერესებული კლუბი კონკრეტულ თანხას გადაიხდიდა, "ქაისერს" დავტოვებდი და ასეც მოხდა. "ლოკომოტივი" თურქებს ევაჭრა, მაგრამ ვერ შეუთანხმდა, "კრასნოდარმა" კი თანხა შეუვაჭრებლად გადაიხადა.

- ანუ სამი მილიონი ევრო?

- დიახ, კონტრაქტში სწორედ ეს თანხა ეწერა. ეს ცხოვრებაა, ფეხბურთელი ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება, სულ აქეთ-იქით დადის, ამაში საწყენი არაფერია.

თანაც ასეთი მომენტი იყო, "კრასნოდარს" ამბიცია გაუჩნდა, ძლიერ გუნდს აკეთებენ და ახლა თუ ვერ გადავიდოდი, ზაფხულამდე მე არავინ დამელოდებოდა. რუსეთში მომდევნო სატრანსფერო ფანჯარა ხომ აგვისტოში იხსნება და მე არავინ დამელოდებოდა. ჩემი და "კრასნოდარის" სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, მე თურქეთიდან წასვლა მსურდა, კლუბს კი ჩემი სარფიანი პირობებით დამატება. რა არის ამაში მიუღებელი?

- შოთას თუ ელაპარაკე?

- რა თქმა უნდა, აბა, კი არ გამოვიპარე? უმადური არასდროს ვყოფილვარ და ყველგან ვიტყვი, რომ ამ კაცმა ბევრი სიკეთე გამიკეთა, სიმართლე გითხრათ, ძნელი წარმოსადგენი იყო, საკმაოდ მწირი ბიუჯეტით ნახევარ წელიწადში ასეთ ძლიერ გუნდს თუ ჩამოაყალიბებდა. ადამიანურად მისი მესმის, შესაძლოა, ნაწყენი დარჩა, მაგრამ გაუჭირდა ჩემს ოჯახს შეუგუება და რა მექნა? კლუბს ანგარიშს რომ ვუწევდი, ასე დავრჩი ნალჩიკში რამდენიმე წელი და ჩემი კარიერა ისე ვერ ავიწყე, როგორც შეიძლებოდა. ვფიქრობდი, ამდენი გამიკეთეს, და უხერხულია, ახლა ფეხი დავკრა და წავიდე-მეთქი. მაგრამ სულ კლუბის ინტერესით ვერ ვიცხოვრებ.

წამოსვლას, ერთადერთი, შოთას გამო განვიცდი, უნიჭიერესი და გულიანი კაცია, მაგრამ ვფიქრობ, ჩემს მიყვანას მაინც არ ინანებს, ისევე როგორც კლუბი - შოთამ ისეთი ფეხბურთელი მიიყვანა, რომელშიც არაფერი გადაუხდიათ და ექვს თვეში 3 მილიონი ევროთი ახეირა. ამ თანხით კი ბევრი კარგი მოთამაშის ყიდვაა შესაძლებელი. ფეხბურთი კი დღეს ბიზნესია. კლუბს დეკემბერშივე რომ გავეშვი და შემცვლელი მიეყვანათ, მწვრთნელს პრობლემა არ შეექმნებოდა. სხვათა შორის, ახალ კონტრაქტს თურქებიც მთავაზობდნენ და საკმაოდ სარფიანი პირობებით, მაგრამ იქ გაჩერება აღარ შემეძლო.

- სარისკო არ არის ქართველი მწვრთნელის გუნდიდან იქ წასვლა, სადაც არ იცი, ახალი დამრიგებელი რა თვალით შემოგხედავს?

- რუსეთში კარგად მიცნობენ და 3 მილიონ ევროს ჰაერში არ ყრიან. თუმცა, რაც უნდა დიდი ფული გადაიხადონ, ყოველ ახალ გუნდში უნდა დაამტკიცო, რომ ძირითადში თამაშს იმსახურებ.

- და მაინც, შენი ტრანსფერის შემდეგ ყველას პირზე აკერია, "კრასნოდარში" ფულის გამო გადავიდაო.

- ნებისმიერი პროფესიის ადამიანი სამუშაოს უკეთესი შემოსავლის მისაღებად თანხმდება და ფეხბურთელები სხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ? რატომ მიდიან "ბარსელონადან", ან "რეალიდან" "მანჩესტერ სიტიში", ან "ჩელსიში"? რა, რობერტო კარლოსი ოცნებობდა ბავშვობიდან მახაჩყალის სტადიონზე ეთამაშა, თუ რუდ გულიტი - გრზონოში ესეირნა? რა თქმა უნდა, "კრასნოდარში" უფრო მეტი შემომთავაზეს, ვიდრე "კაისერში", მაგრამ ამ შემოთავაზებამდე მე და ჩემი ოჯახი უკვე ვფიქრობდით, თურქეთიდან დროზე წავიდეთო. რომ არა შეუგუებლობა, "კაისერიდან" ზედმეტი ორი მანეთის გამო არ წავიდოდი.

სხვა სფეროში თუ 65-70 წლამდე შეიძლება დასაქმდე, ჩვენს პროფესიაში მაქსიმუმ 15-20 წელი გაჩერდები და კარიერის შემდგომი ცხოვრებისთვის საფუძველი დროულად უნდა ჩაიყარო. მე თუ ამას არ გავუწევ ანგარიშს, დავრჩები იმ უნიჭიერესი ფეხბურთელებივით, რომლებსაც ტაშს უკრავდნენ, მაგრამ ძალიან უჭირთ. ამ დროს არსებობს კლუბის და ფეხბურთელის ინტერესი, ჩემი და ჩემი ოჯახის ინტერესი კლუბისაზე მაღლა რომ დავაყენე, გასაკვირი და დასაძრახია? მე სხვაგვარი მოქცევის უფლება არც მქონდა, რა კარიერის შემდეგ ბავშვთა ფეხბურთში რომ დავსაქმდე, შემოსავლით უზრუნველყოფილი ვიქნები?

- ფორუმებზე ამოვიკითხე გულშემატკივართა სატკივარი, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი პროვინციულ გუნდში გადადის და არ დაიკარგოსო.

- ოთხი წლის წინ ყაზანის "რუბინი" არ იყო პროვინციული გუნდი, ან მახაჩყალის "ანჟი", სადაც რობერტო კარლოსი ჩაიყვანეს? ჩემთვის ყველა დეტალს მნიშვნელობა ჰქონდა, ამ შემთხვევაში წავედი იქ, სადაც არც ენობრივი ბარიერი შემაწუხებს, ქვეყანასაც მეტ-ნაკლებად ვიცნობ და სადაც ბევრად უფრო ამბიციური კლუბი მელის. "კრასნოდარის" ამბიცია ჩემთვის ძალიან მნიშვცნელოვანი ფაქტორი გამოდგა, კლუბი მეპატრონე რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ოცეულში შედის, რუსული ფეხბურთი კი დღეს უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე თურქული და ამაში არავინ შემეკამათოს. დღეს რუსული პრემიერლიგა ევროპის საუკეთესოთა ექვსეულში მაინც შედის და ჯერ კიდევ საკითხავია, საფრანგეთის ლიგაა უკეთესი თუ რუსეთის. ამ ორი ქვეყნის გუნდების ბოლოდროინდელ მიღწევებს გადავხედოთ და პასუხის გაცემა გაგვიადვილდება და უკეთეს ლიგაში, უკეთეს პირობებში გადასვლაზე რომელი გიჟი ამბობს უარს?

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსებისთვის ახლა ხმაურიანი ტრანსფერებით საკუთარი ჩემპიონატის პიარაქციას ატარებენ: რობერტო კარლოსი და რუდ გულიტი მართლა ყველას სალაპარაკო გახდა, თურქეთიდან შენი წამოყვანით კი თითქოს ხაზს უსვამენ, თურქებზე მაღლა ვდგავართო.

- შესაძლოა, ბოლო დროს ისეთი ტრანსფერები განახორციელეს, ასეთი აზრი ბევრს გაუჩნდა. თუმცა, ჩემთვის მთავარია, ფეხბურთი მაღალ დონეზე ვითამაშო.

state
ვიცი თურქები და თურქული ცხოვრების სტილი.... ამიტომ ამისულაშვილს ვეთანხმები... ან ვინ ვარ რომ არ დავეთანხმო... კაცია და ქუდი ხურავს... წარმატებები....
mimino
100% მართალია ამისულაშვილი და არც შოთაა გაუგებარი–მას ყველაზე მეტად ესმის ალბათ ალეკოსი.თვითონაც ალბათ გადავიდოდა ასეთ შემთხვევაში
giorgi
მართალია ეს ბიჭი, რა გინდათ? ბობსლეის გუნდში ხომ არ გადასულა, საფეხბურთო გუნდში გადავიდა და სადაც უკეტესად იქნება იქ ხომ თამათითაც უკეთ ითამაშებს. შოთა და აჩი როგორ მოხვდნენ თურქეთში? ეგრე არ იყო? დინამოს დისკვალიფიკაცია მისცეს და ესენიც ტრაბზონში გაიჩითნენ. ტრაბზონი მაშინ მაჩანცალა იყო
nukri
კარგი სტატიაა და ალეკოსაც ვეთანხმები 100%-ით.
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო