ალექსანდრე მეტრეველი: უფროსების წარმატება ახალგაზრდებისთვის მაგალითი და სტიმულია
საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი ამ ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატებმა ამას წინათ ქართული ჩოგბურთის თავკაცად კიდევ ოთხი წლით აირჩიეს. ბატონ ალექსანდრეს გუშინ, ფაქტობრივად, მილეული სეზონის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

-მიმაჩნია, რომ წარმატებული სეზონი გვქონდა, - გვითხრა მან. - ფედერაციის თასის გათამაშებით დავიწყებ: ჩვენმა ქალებმა წარმატებებს მიგვაჩვიეს. რამდენიმე წელია, ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში, სადაც უძლიერესი გუნდები იყრიან თავს, ადგილს ვინარჩუნებთ. წლეულს დავამარცხეთ ბულგარეთი (ეს უკვე - მეორედ) და სამხრეთი აფრიკა, ხოლო დიდ ბრიტანეთთან წავაგეთ.

- ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უფრო დიდ შედეგზე ფიქრი თუ შეიძლება, ვიდრე პირველ ზონაში ადგილის შენარჩუნებაა...

- ორი წელიწადია, ფედერაციის თასის გათამაშებას ვესწრები და ჩვენი ქალთა ნაკრები (სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, სოფიო ქვაცაბაია, კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი, გუნდის უფროსი ლალი ზერეკიძე) ყოველთვის შემართებით იბრძვის. გოგონები შეჯიბრებაზე მხოლოდ ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად არ მიემგზავრებიან - ამბიციებიც აქვთ და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ თუნდაც ერთი საფეხურით დაწინაურდნენ, მაგრამ ეს ძალიან რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. ბევრი რამ არის დამოკიდებული წილისყრაზე, რომელ ჯგუფში ვიქნებით. ცხადია, წინსვლის შანსები გვაქვს, მით უმეტეს, რომ ბოლო თვე-ნახევარია, ქართველი ჩოგბურთელი ქალები რეიტინგში დაწინაურდნენ: სოფიო შაფათავამ რამდენიმე ტურნირში ძლიერ მეტოქეებს სძლია და 190-ე ადგილზე გადაინაცვლა, ოქსანა კალაშნიკოვა წყვილებში 45-ე საფეხურზე აღზევდა, წარმატებები აქვთ სოფიო ქვაცაბაიას, მარიამ ბოლქვაძეს. ამ უკანასკნელმა ბათუმში ქალთა 10.000-იანი შეჯიბრება მოიგო, უიმბლდონის ტურნირზე კი 18-წლამდელებში წყვილთა ფინალს უწია. გაისად ჩვენი გუნდი ფედერაციის თასზე თებერვალში ითამაშებს. სავარაუდოდ, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, მაგრამ ზუსტი თარიღი უცნობია.

- ვაჟთა ნაკრებზე რას იტყვით?

- იცით, რომ ჩვენი გუნდი დევისის თასზე დიდი ხნის განმავლობაში ევროაფრიკული ზონის მესამე ჯგუფს ტკეპნიდა. შარშან მეორე ჯგუფში გადავინაცვლეთ. წლეულს პირველი მატჩი შინ დანიასთან დავთმეთ, მერე კი ზიმბაბვე დავამარცხეთ და ზონაში ადგილი შევინარჩუნეთ, რაც სულაც არ ყოფილა წარუმატებლობა. დღეს ევროპაში ძალიან ბევრია ვაჟთა ძლიერი გუნდები, რომლებსაც ჩვენზე უკეთესი შესაძლებლობები აქვთ. ამის მიუხედავად, პირველ ზონაში აღსაზევებლად ვიბრძოლებთ. გაისად დევისის თასზე 3-5 თებერვალს თბილისში ფინეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელი მონაცემებით, სუომელები ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ დათმობას არ ვაპირებთ. სხვა თუ არაფერი, შინ ვთამაშობთ. საკუთარი კედლებისა და გულშემატკივრის ფაქტორი კი ბევრს ნიშნავს.

ნაახალწლევს დევისის თასის სამასპინძლოდ მომზადებას დავიწყებთ. შეჯიბრების მაღალ დონეზე ორგანიზებასთან ერთად უდიდესი ყურადღება, ცხადია, ნაკრების წევრთა ოსტატობის დონისა და გუნდის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას დაეთმობა. მოგეხსენებათ, ჩვენი ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც წლეულს რიოს ოლიმპიადაზე იასპარეზა, ბოლო დროს მეტი შემართებითა და წარმატებით თამაშობს პრესტიჟულ ტურნირებში - რეიტინგში მასზე ბევრად წინ მდგომ ჩოგბურთელებს ამარცხებს. დარწმუნებული ვარ, მისთვის ეს არ არის შესაძლებლობების ზღვარი - პირველ ასეულში საგრძნობი დაწინაურება ძალუძს.

გიორგი ცივაძემაც მოუმატა თამაშს. გასულ კვირას ჩიმკენტში წყვილთა შორის 10.000-იანი ტურნირი მოიგო, ერთეულებში კი ორი წრე გაიარა. ალექსანდრე მეტრეველსაც საგრძნობლად ჰქონდა გაუმჯობესებული ოსტატობა და რეიტინგიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ავტოავარიაში მოხვდა. ამჟამად სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და, დარწმუნებული ვარ, კორტებს მალე დაუბრუნდება.

- წლეულს გაზაფხულზე მან ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. პოზიცია ხომ არ შეუცვლია?

- ვერაფერს გეტყვით, პირადად არ მილაპარაკია. ზიმბაბვესთან მატჩის წინ გუნდის უფროსი ირაკლი ლაბაძე და კაპიტანი დავით კვერნაძე ესუბრნენ, ნაკრებში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. მწყობრში მისი დაბრუნების შემდეგ რა მოხდება, ვერ გეტყვით.

- ბევრი ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი უსახსრობის გამო უცხოურ ტურნირებზე ვერ მიემგზავრება, ამიტომ შინ გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებს მათ დასაოსტატებლად დიდი მნიშვნელობა აქვს.

- გეთანხმებით, ამიტომაც გვინდა, რომ გაისად ქალთა და ვაჟთა რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი გავმართოთ, თუმცა მათს რაოდენობას დაზუსტებით ჯერ ვერ გეტყვით. როგორც გითხარით, 3-5 თებერვალს თბილისში დევისის თასზე ფინეთის ნაკრებს მივიღებთ. წარმატების შემთხვევაში, მეორე წრეში ლიტვის ნაკრებსაც დედაქალაქში ვუმასპინძლებთ. ეს კი ხარჯებთან არის დაკავშირებული. ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. ყოველ შემთხვევაში, თვის ბოლომდე ყველაფერი დაზუსტებით გვეცოდინება.

- ახალგაზრდებზე არაფერი გვითქვამს.

- გასულ უქმეებზე იტალიაში ახალგაზრდების მასტერსზე 16-წლამდელებში მარიამ დალაქიშვილმა პირველი ადგილი დაიკავა. ეს უდიდესი წარმატებაა. მან ამ შეჯიბრებამდე ბაქოში 18-წლამდელთა ასპარეზობაც მოიგო ერთეულებსა და წყვილებში. წლეულს სხვა ტურნირებზეც ისახელა თავი. ასევე იყოჩაღეს ანა შანიძემ, ნიკა დავლიანიძემ, ვაჟა შუბლაძემ, ზურა ტყემალაძემ, დავით ჭელიძემ და სხვებმა, ისინი საჩოგბურთო ქვეყნების წარმომადგენლებს კონკურენციას უწევენ, რეიტინგებიც საგრძნობლად გაიუმჯობესეს. ეროვნული გუნდის წევრების საერთაშორისო სარბიელზე კარგი გამოსვლა მათთვის მაგალითი და სტიმულია. ნიჭიერი თაობა მოდის, უკეთესი შედეგები გვექნება, ოღონდ სათანადო ხელშეწყობაა საჭირო. იმედია, სამერმისოდ ჩვენი ბიუჯეტის განსაზღვრისას ახალგაზრდების წარმატებებსაც გაითვალისწინებენ.

-სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ ორ თვეზე მეტია დარჩენილი...

-დეკემბერში ყველა ასაკში საქართველოს პირველობებს გავმართავთ, რომლის შედეგებითაც გოგონებსა და ვაჟებში ნაკრებ გუნდებს ჩამოვაყალიბებთ, რომლებიც იანვარში თანატოლთა ევროპის ზამთრის პირველობებში ითამაშებენ.

გვერდი მოამზადა

ვაჟა დანელიამ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს