სამწუხაროდ, მოლოდინი გამართლდა: უამინდობამ ეროვნული ჩემპიონატის XXII ტურიც დააზარალა
სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა: XXII ტურის წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ რომელიმე მატჩის გადადება არავის უნდა გაჰკვირვებოდა. ისიც ვთქვით, რომ ზამთრის ბოლო თვე არც გვეპუება და არც "წასვლა" უნდაო და ზედ ტურის წინა ღამეს, თებერვალმა "კუდიც მოიქნია"!

საბედნიეროდ, შაბათს გვიანღამით მოსულმა თოვლმა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში ჩასატარებელ მატჩებს შეუქმნა პრობლემა და ლიხსაქეთ დაგეგმილი სამი შეხვედრის ნაცვლად, გუშინ მხოლოდ ერთი ჩატარდა ("ვიტ ჯორჯია"-"სამტრედია"). ამ შემთხვევაში კი "მშველელად" თემქაზე მდებარე სპორტკომპლექს "შატილის" სტადიონის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოგვევლინა; ოღონდ, სტადიონის დირექციასაც დიდი მადლობა ეკუთვნის - გუშინ დილიდანვე თოვლის გადაწმენდა დაიწყეს და ამ გარჯის წყალობით მატჩი ჩატარდა.

სამწუხაროდ, გუშინ დაგეგმილი მეორე თბილისური შეხვედრა გადაიდო: ეროვნულ სტადიონზე "დინამოსა" და "ბაიას" დაპირისპირება 14 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მოედანი დათოვლილი იყო და მატჩიც სხვა დროს ჩატარდება. ერთი შეხედვით, თამაშის დაწყებისთვის თბილისში ჰაერის ტემპერატურაც "მაღლა და მაღლა" მიდიოდა, თოვლიც, ალბათ, "ნელ-ნელა" დნობას დაიწყებდა. მაგრამ, ჩვენი აზრით, თამაშის გადადება ალბათ მაინც სწორი გადაწყვეტილება იყო: იმის გარდა, რომ "დინამოსა" და "ბაიას" ფეხბურთელებს თოვლ-ჭყაპსა და ტალახში მოუწევდათ ბურთაობა, ჩვენი უმთავრესი საფეხბურთო სარბიელის მოედნის საფარი რა მდგომარეობაში იქნებოდა, ადვილი წარმოსადგენია. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ სტადიონზე უნდა უმასპინძლოს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატებს და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ეროვნულის" ბალახის საფარს მოფრთხილება მართლაც სჭირდებოდა.

"დინამო"-"ბაიას" მატჩი როდის გაიმართება, ჯერჯერობით უცნობია; სამაგიეროდ, ტურის კიდევ ერთი გადადებული მატჩი დღეს ჩატარდება: "სპარტაკისა" და "სიონის" დაპირისპირებას ისევ და ისევ "შატილმა" უნდა უმასპინძლოს! მოკლედ, კიდევ კარგი, ყოფილი "სიხარულის" სტადიონი "შემოგვემატა" (2010 წლის მიწურულს), თორემ დედაქალაქში გადადებული მატჩების სიმრავლე მერე უნდა გენახათ.

ისე კი, შეგახსენებთ, რომ "სპარტაკისა" და "სიონის" შეხვედრა, გუშინ გორში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უკვე შაბათსვე გვაცნობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელმა ნოდარ კაკულიამ, რომ ეს მატჩი ორშაბათს გაიმართებოდა. არადა, "არასრული ტურის" მიუხედავად გუშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: ზედიზედ მეორე გამარჯვებით "ვიტ ჯორჯიამ" თავისთვის აშკარად "შესაფერის" მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა; თუმცა მთავარი თემა მაინც ლიდერის შეცვლა იყო.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ზესტაფონმა" ორი უპასუხო გოლი გაუტანა "ოლიმპს" და ცხრილის სათავეშიც ამჟამად გია გეგუჩაძის გუნდი მოექცა. "ზესტაფონსა" და "ოლიმპს" ერთნაირი ქულები აქვთ, თუმცა იმერულ კლუბს ყველა "დამატებითი მაჩვენებლით" უპირატესობა აქვს. აქვე, უპრიანი იქნება ფეხბურთის მოყვარულთ საქართველოს 2010-2011 წლების XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რეგლამენტი შევახსენოთ. კერძოდ, მეოთხე პუნქტის ("ჩემპიონატის ჩატარების პირობები") მეოთხე პარაგრაფის მიხედვით, უმაღლეს ლიგაში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით: 1) ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა; 2) უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში მეტი გოლი აქვს გატანილი); 3) ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა; 4) ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა; 5) ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა. ჰოდა, სატურნირო ცხრილს თუ კარგად გაეცნობით, "ზესტაფონს" ყველა ზემოთნახსენები პუნქტით უპირატესობა აქვს "ოლიმპთან".

ამას გარდა, არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი, თანაც არცთუ უმნიშვნელო ფაქტიც: "ოლიმპთან" შედარებით "ზესტაფონს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. თუმცა, "ზესტაფონს" უკვე ამ კვირაშივე ექნება იმის შანსი, რომ თავის ერთ-ერთი კონკურენტთან სხვაობა უფრო გაზარდოს: XIX და XX ტურის გადადებული შეხვედრები (შესაბამისად, "ზესტაფონი"-"ტორპედო" და "სპარტაკი"-"სამტრედია") 3 მარტს უნდა ჩატარდეს. ანუ, მომდევნო ტურის მატჩებამდე (6 და 7 მარტს რომ უნდა გაიმართოს), მხოლოდ ერთადერთი გადადებული შეხვედრა გვექნება ("დინამო"-"ბაია"); ისე კი, თებერვალი რომ მართლაც არასაფეხბურთო თვეა, ზედიზედ მეორე წელიწადია ვრწმუნდებით: შარშან, მეორე ეტაპის დასაწყისში, როცა მაშინაც მოულოდნელად თოვლი წამოვიდა, რუსთავში, ბოლნისსა და თბილისში ჩასატარებელი ოთხი მატჩი გადაიდო.

P.S. შაბათს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელები ამ კლუბის ფან-კლუბის წევრებმა მოინახულეს. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, "დინამოს" ერთგულმა ქომაგებმა ("გლადიატორებმა") თავიანთ საყვარელ გუნდს სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადეს. "გლადიატორებისა" და ფეხბურთელების გულახდილი შეხვედრისას გამოითქვა რწმენა, რომ თითოეული დინამოელი მომავალ მატჩებში გამარჯვების მისაღწევად თავს არ დაზოგავს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...