ფეხბურთი ოცნებების თამაშია და ნანის ოცნება ახლა მსოფლიოს ჩემპიონობაა
ლუიშ ნანი პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და გამოცდილი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ მან კარიერაში უკვე არაერთი კლუბი გამოიცვალა და წლებია, მაღალ დონეზე თამაშობს, ჯერ მხოლოდ 29 წლისაა.

მართალია, ნანიმ შესაძლოა თავიდან გაცემული ავანსები ბოლომდე ვერ გაამართლა, რაშიც დამნაშავე მისი პრობლემური ახალგაზრდული წლები, ცოტათი რთული ხასიათი და ტრავმებია, მაგრამ იგი მაინც მაღალი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელსაც გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

ლუიშ ნანი ევრო 2016-ზეც ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. ახლა ესპანურ "ვალენსიაში" ნანის ახალი თავგადასავლი დაიწყო, მისი კარიერის პრიმერადივიზონული ეტაპი და "ღამურებს" იმედი აქვთ, რომ უფრო დაღვინებული ფეხბურთელი იმ თამაშს აჩვენებს, რომლის ჩვენებაც მას შეუძლია და "მესტალიაზე" თავის პოტენციალს გამოავლენს. თავად ლუიშის განწყობაც ოპტიმისტურია.

- თქვენ უამრავი ტიტული გაქვთ მოგებული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. თუმცა იყო თუ არა ევროპის ჩემპიონატის მოგება ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული კრიერაში?

- დიახ, ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ტიტული ნაკრებთან ერთად მოვიგე და ის განსაკუთრებულია. ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ძალიან ვამაყობ, რომ ნაკრებს წარმოვადგენდი და ასეთ წარმატებას მივაღწიეთ. სიხარული და ბედნიერება, რომელიც ამან მოიტანა დიდებული გახლდათ და ფანებთან ერთად ბრწყინვალედ ვიზეიმეთ. მთელი ქვეყანა ამაყობს გუნდით, ჩვენ გვინდოდა, რომ ხალხისთვის სიამაყის საფუძველი მიგვეცა და ეს გამოგვივიდა.

- როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს იგებ, ალბათ განვლილ კარიერაზე გეფიქრება და იმ ყველაფერზე რაც აქამდე გამოიარეთ…

- ყოველთვის ბევრი ბრძოლა მიწევდა. ბავშვობიდან ასეთი რთული გზის გამოვლა მიწევდა და მივეჩვიე იმისთვის ბრძოლას, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ფეხბურთშიც ყოველთვის ძალიან ბევრი ბრძოლა მჭირდებოდა იმისთვის რომ დასახული მიზნებისთვის მიმეღწია. ყოველთვის მჯეროდა, რომ რაც მიზნად მქონდა, იმის მიღწევა შემეძლო. ამჟამად, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე, რადგან მხოლოდ მე ვიცი რამდენი შრომა დამჭირდა ამისთვის და რამდენი გამოვიარე. მაგალითად, ჩემ შვილს მინდა ვაჩვენო სად ვიყავი, სად დავიწყე, სად ვთამაშობდი და რამდენი ბრძოლა დამჭირდა. მინდა მას ვაჩვენო, რომ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ახლა მას შეიძლება მოეჩვენოს. მინდა ის კარგ ადამიანად ავღზარდო, რომელიც თავის მიზნებს დაისახავს და მომავალში მიაღწევს კიდეც და წარმატებული გახდება.

- ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი განვლილი გზა სამაგალითოდ შეიძლება გამოადგეთ იმ ბავშვებს, რომლებსაც მსგავსი სიტუაცია აქვთ?

- დიახ, მჯერა, რომ ჩემს წარსულს შეუძლია მათ ბევრი ასწავლოს. მათ შეუძლიათ გაიაზრონ, რომ ერთ დღეს შეიძლება ჩემნაირად იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი სსირთულე გვხვდება და მძიმე პერიოდების გამოვლა გვიწევს, ბრძოლა და ბედნიერების ძიება ყოველთვის უნდა გავაგრძელოთ. ოცნებები არ უნდა დავივიწყოთ და უნდა ვიბრძოლოთ მათთვის, რომ ბოლოს ყველაფრი კარგად დასრულდეს. ბრძოლის შემთხვევაში კარგი ამბები მოხდება კიდეც. თქმაც არ უნდა იმას, რომ ფეხბურთმა ბევრ სირთულეს ამარიდა და სწორ გზაზე დამაყენა, როდესაც პატარა ვიყავი. იმის თქმას არ ვაპირებ, რომ შეცდომა არ დამიშვია და არასწორი არაფერი გამიკეთებია. ასეთი შემთხვევები იყო და ეს ნორმალური გახლდათ იმ გარემოსთვის, სადაც ვიზრდებოდი. გარემოცვაც შესაბამისი გახლდათ, მაგრამ ეს ყველაფერი სწორ გზაზე დადგომაში დამეხმარა, ასეთი სიტუაციები შენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო. მთავარი ის იყო, რომ როდესაც საქმე ფეხბურთის თამაშს ეხებოდა, სხვა ყველაფერს გვერდზე ვდებდი და მხოლოდ ფეხბურთით მიტრიალებდა თავში. აი, ასე ავერიდე ცუდ რაღაცებს.

- საფრანგეთთან ევროპის ჩმეპიონატის ფინალში პორტუგალიამ დასაწყისშივე დაკარგა კრიშტიანო რონალდო და კაპიტანი თქვენ გახდით, ლიდერობა იტვირთეთ. რამ გაგიელვათ თავში, როდესაც კაპიტნის სამკლავური გაიკეთეთ?

- ეს სევდიანი და სამწუხარო მომენტი გახლდათ, რადგან იგი ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. ფეხბურთელი და ადამიანი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა ნაკრებისთვის და ბევრი კარგი აქვს გაკეთებული. შესაბამისად, როდესაც ის დაშავდა და მითხრა, თამაშს ვეღარ ვაგრძელებო, ძალიან დავმწუხრდი. ფინალში გასვლა და თამაში ყველასთვის განსაკუთრებული რამ გახლდათ, პირველ რიგში, მისთვის და ეს ტრავმა ყველასთვის ძალიან სამწუხარო იყო, მე მას ვუთხარი, რომ არ დავაღალატებდით, პირადად მე და ყველანი ყველაფერს გავაკეთებდით მოგებისთვის, რადგან ჩვენ ამას ვიმსახურებდით. რონალდოს ტრავმა გარკვეულწილად დაგვეხმარა კიდეც, რაგან ჩვენი მენტალური მდგომარეობა შეიცვალა და ყველანი ბოლომდე დავიხარჯეთ და, რაც შინაგანად დაგროვილი გვქონდა, ამოვუშვით. და გამოვიდა ისე, რომ გუნდი, რომელსაც გზად ამდენი პრობლემა შეექმნა, ჩემპიონი გახდა.

- მოგვიანებით კი რონალდომ თქვენ მოგებული ვერცხლის ბუცი გადმოგცათ…...

- ჩვენ თანაბარი რაოდენობის გოლი გავიტანეთ და ჯილდო მან მთლიანად მე დამითმო, ეს ძალიან სასიამოვნო საჩუქარი გახლდათ. ეს მისი მხრიდან შესანიშნავი ჟესტი გახლდათ, რომელმაც ჩემზე ემოციურად იმოქმედა. მან მითხრა: "მე ამას გაძლევ იმ ყველაფრისთვის, რაც ნაკრებისთვის გააკეთე და მოგებაში ძალიან დაგვეხმარე".

- ამ სეზონში კი ლა ლიგაში ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ითამაშებთ...…

- მე შევამოწმე, როდის გვიწევს პირველი დაპირისპირება და ეს მალე იქნება (18 დეკემბერს). ამაზე კრიშტიანოსთან ჯერ არ მილაპარაკია. ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, რადგან მადრიდის "რეალი" ძალიან ძლიერი კლუბია, რომელსაც შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. თუმცა ეს იქნება მატჩი, რომელსაც მთელი მსოფლიო შეხედავს და ჩვენ ამ შეხვედრის მოგება გვენდომება.

- თქვენ "ვალენსიას" ახალწვეული ხართ, კლუბის, რომელიც ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია...

- მე ძალიან მინდოდა ესპანეთში თამაში და ეს შანსი ძალიან კარგ დროს მივიღე ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში. ვფიქრობ, გუნდს შემიძლია დავეხმარო მტკიცე ხასიათითა და შემართული თამაშით. მინდა "ვალენსიას" მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. სეზონი მძიმედ დავიწყეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვითარება რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ.

- დავუბრუნდეთ სანაკრებო თემას. მიგაჩნიათ, რომ ამიერიდან პორტუგალიას უფრო დიდი პატივისცემითა და რიდით შეხედავენ მეტოქეები?

- ალბათ, მათი მხრიდან ეს ჭკვიაური იქნება, არა? (იცინის). თუმცა თუ ისინი ასე არ მოიქცევიან, არც ამაში იქნება პრობლემა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. ჩვენ იგივე შემართებით გავაგრძელებთ და, როგორც ყოველთვის, შევეცდებით, სიამოვნება მივიღოთ საკუთარი ფეხბურთით. ევრო 2016-ის მოგების მერე, კიდევ უფრო თავდაჯერებულები ვართ და ვიცით, რაც შეგვიძლია.

- ხომ არ ფიქრობთ, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებასაც?

- რასაკვირველია. მუნდიალის მოგება ახლა ჩვენი მთავარი მიზანია. როდესაც გამარჯვებებს აღწევ და თან ევროპის ჩმეპიონატს ტრიუმფით დაასრულებ, ეს შემართება და განწყობა ვერ შეგეცვლება, ასევე გაგრძელება და კიდევ უფრო მეტი გინდა. რა თქმა უნდა, არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ ყოველთვის გაიმარჯვებ, მაგრამ შემართება და განწყობა იგივენაირი რჩება. ფეხბურთი ოცნებების თამაშია და ჩვენ ოცნებას გავაგრძელებთ და, რა თქმა უნდა, შრომას, რომ ამ ოცნების ახდენა უფრო რეალური იყოს.ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალია საფეხბურთო სამყაროში რაც შეიძლება, დიდ სიმაღლეზე ავიყვანოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლუიშ ნანი ლისაბონის "სპორტინგში" მესამედ დაბრუნდა
35 წლის ასაკში ლუიშ ნანი მორიგ გუნდში გადაბარგდა
ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
რონალდომ სანაკრებო კარიერა სკანდალურად დაასრულა - მისმა დამ პორტუგალიელებს უვიცები უწოდა
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
38 წლის ასაკში ნანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
კიდევ ერთი ვარსკვლავი - ნანიმ ევროპა დატოვა და კარიერას MLS-ში აგრძელებს