მთავარი ევროპამდე მისვლაა და სწორედ ეგ ჭირს

გეგეჭკორი თავისუფალია, შემოთავაზებებზე პასუხს კი არ ჩქარობს

ბათუმის "დინამომ" სეზონი ჩინებულად დაასრულა. ამაში თავისი წვლილი გუნდის ახალწვეულებმაც ითამაშეს - ანატოლი ტიმოფეევმა, დავით კვირკველიამ, გუჯა ლობჯანიძემ, თორნიკე თარხნიშვილმა და ლევან გეგეჭკორმა. მათ ლევან ხომერიკის გუნდი აშკარად გააძლიერეს.

22 წლის ფლანგის ნახევარმცველის, ლევან გეგეჭკორის კარგი თამაში აღმოჩენა არ ყოფილა - მარტვილის "მერანის" გაზრდილი, რომელმაც გია ცეცაძის ნაკრებში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ბათუმელთა ბრინჯაოში გვარიანი წილიც დაიდო. უნივერსალი, რომელსაც არც შრომისმოყვარეობა აკლია და არც სისწრაფე, შეტევებში ჩართვა და "ფანტაზისტობაც" ეხერხება, ბევრ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა...

დარჩება თუ არა ბათუმის "დინამოში", რომელ ევროპულ ქვეყანაში იწვევენ და რატომ გახდა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტიდან" წამოსვლის მიუხედავად, უფრო თავდაჯერებული. ამას შეიტყობთ ლევან გეგეჭკორის ინტერვიუდან, რომელიც მან "ლელოს" მისცა...

- სეზონი ბათუმის "დინამოსთვის" და, აქედან გამომდინარე, თქვენთვისაც, მშვენივრად დასრულდა.

- უსტადიონო და უბაზო გუნდისთვის ეს იდეალური შედეგი იყო. მიხარია, ყველაფერი ასე კარგად რომ დასრულდა. ევროპის ლიგაზე თამაში გუნდისთვის დიდი სტიმული იქნება.

- ბრინჯაოს ფინალში დედაქალაქელი "დინამო" დაამარცხეთ, რაც თბილისში იოლი ნამდვილად არ იყო...

- ...არ იყო, მაგრამ ჩანდა, რომ ჩვენ უფრო მონდომებითა და სტიმულით ვთამაშობდით. ეს არ იყო უბრალო გამართლება, რადგან დამეთანხმებით, რომ ბრინჯაოს ფინალში მეტოქეს ვაჯობეთ. საწყენი ისაა, რომ თბილისის "დინამო" ისეთი ძლიერი არ ჩანდა, როგორც წინა წლებში.

- როგორც შევიტყვეთ, სეზონთან ერთად ბათუმის "დინამოსთან" თქვენი კონტრაქტის ვადაც ამოიწურა...

- დიახ, ასეა, კონტრაქტი დამიმთავრდა და იმედი მაქვს, მომავალ წელს უკეთეს ჩემპიონატში ვითამაშებ.

- უცხოეთში წასვლას იმედოვნებთ?

- თუნდაც საქართველოში რომ დავრჩე, იმედია, 10-გუნდიანი ჩემპიონატი უკეთესი დონის იქნება. თუმცა, დასამალი რა არის, ევროპაში თამაშის დიდი სურვილიც მაქვს და იმედიც.

- წლის დასაწყისში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" ისინჯებოდით, მაგრამ საქართველოში დაბრუნებამ მოგიწიათ. ასეთი ამბების შემდეგ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ბევრ ფეხბურთელს უქრება...

- შესაძლოა, გაგიკვირდეთ და საკუთარი თავის რწმენა სწორედ ამ სინჯების შემდეგ უფრო გამიჩნდა. როცა წამოვედი, ითქვა, რომ მცირე ტრავმაც მქონდა. მაგრამ დაბრუნების რეალური მიზეზი სხვა რამ იყო. გუნდს პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე ვახლდი, საკონტროლო შეხვედრებიც ჩავატარე და ამის შემდეგ მეორე ეტაპზე გასამგზავრებელთა სიაში შემიყვანეს, მაგრამ მეორედ აღარ წამიყვანეს. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ასე მგონია, ეს ფინანსურმა უთანხმოებამ გამოიწვია.

- ასე რატომ ფიქრობთ?

- სხვა რა უნდა ვიფიქრო, როდესაც რუსები პირად კონტრაქტზე დამელაპარაკნენ? გუნდს თუ არ აინტერესებ, კონტრაქტზე არათუ არ დაგელაპარაკება, ამ თემას საერთოდ არც გიხსენებს და არც შეკრებაზე გასამგზავრებელთა სიაში შეგიყვანს.

- სისწრაფე, ჯანი და გამძლეობა გაქვს, მაგრამ "ზენიტში" საკუთარ ნაკლსაც უკეთ დაინახავდით...

- იქ სამი საკონტროლო შეხვედრა "ბეტისის", "კადისისა" და მოსკოვის "სპარტაკი 2-ის" წინააღმდეგ ჩავატარე და ტრაბახის გარეშე ვიტყვი, რომ არავის დავუჩაგრავარ. მოვინდომე და ფიზიკურადაც არ გამჭირვებია. "ზენიტში" ბევრი ცნობილი ფეხბურთელის გვერდით ვითამაშე და ვიგრძენი, რომ მათ დონეზე თამაში შეუძლებელი არ იყო და ადაპტაციის შემდეგ ამას მეც მოვახერხებდი. ჩემზე ორი თავით მაღლა ნამდვილად არავინ იდგა. ალბათ, მთავარი ევროპელების ტემპთან შეგუებაა, რაც დროთა განმავლობაში პრობლემა არ უნდა იყოს. მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამ არის...

- რას გულისხმობთ?

- ევროპამდე ან რუსეთამდე მისვლას. ქართველებისთვის კი სწორედ ეს ჭირს. ჯერ ერთი, ძველებური სახელიც აღარ გვაქვს და მეორე მხრივ, ჩვენი პასპორტით შესვლა იოლი არ არის.

- თავისუფალი აგენტის სტატუსით უცხოეთში წასვლის რეალური შანსი თუ გაქვთ?

- ჩემს თავს გადამხდარმა ამბებმა სიფრთხილეს შემაჩვია და სანამ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ, მანამდე არ და ვერ ვიტყვი, რომ ესა თუ ის ვარიანტი რეალურია.

- ანუ პირდაპირ კონტრაქტის გაფორმებას არავინ გთავაზობთ?!

- რამდენიმე ქართული გუნდი ჩემს პასუხს ელოდება. მაგრამ მე უცხოეთში წასვლა მსურს.

- მართალია, თითქოს თბილისის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო" გიწვევენ?

- ჯერ ვერ ვიტყვი, რომელი მათგანია კონკრეტული. რეალური და ნაღდი ახლა მხოლოდ ბათუმის "დინამოს" შემოთავაზებაა, რომელსაც კონტრაქტის გაგრძელება სურს. მაგრამ პასუხს არ ვჩქარობ, რადგან ევროპაში წასვლის იმედი არ დამიკარგავს. საქართველოში სამ კლუბში მითამაშია და ყველგან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. მაგრამ ძალიან მინდა, რომ აქედან გავაღწიო.

- წესით, ტრანსფერში მენეჯერი უნდა გეხმარებოდეთ. თქვენ არ გყავთ მენეჯერი?

- პოლონელ მენეჯერთან ვთანამშრომლობდი, ახლა კი არავინ მყავს. მასთან კავშირი დღემდე მაქვს და პოლონეთში და სხვა ევროპული ქვეყნის გუნდში მოწყობით მაიმედებს. თუმცა, ჯერ არ ვიცი, ეს ტრანსფერი გამოვა? ამიტომ ვამბობ - დამიდონ კონტრაქტი და თანამშრომლობაზე ხელს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოვაწერ.

გვერდი მოამზადა

მერაბ მამულაშვილმა

განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს