დათა სიჭინავა: ...ამიტომაც არ წავედი "რუსთავიდან"

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშე დათა სიჭინავამ 22 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ჯაბა დვალთან ერთად ლიდერობს. "რუსთავის" შემტევი არ მალავს, რომ მისით უმაღლესი ლიგის გუნდები დაინტერესდნენ.

"ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზის გადმოცემის შემდეგ მენეჯერები და კლუბები დამიკავშირდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყურადღება და მიწვევები გამიხარდა, მაგრამ სუფთა ადამიანური მომენტი იყო - უმაღლესი ლიგის გუნდში თამაში სეზონის დასაწყისშიც შემომთავაზეს და ახლაც. საკმაოდ კარგი კლუბები მელაპარაკებოდნენ, მაგრამ "რუსთავს" ვერ მივატოვებდი - ვერც მაშინ და ვერც - ახლა.

ეს
კლუბი გვერდში ისეთ დროს დამიდგა, ახლა გუნდის მიტოვება ჩემგან სწორი საქციელი არ იქნებოდა. შეგნებულად არაფერს ვამბობ იმაზე, რომ "რუსთავთან" კონტრაქტი მაკავშირებს. აქ უფრო მნიშვნელოვანია ადამიანური მომენტები, რაც ყველანაირ კონტრაქტზე მაღლა დგას.

მეორე მხრივ, შუა სეზონში გადასვლაზე ფიქრით გონება არ მინდა დავიმძიმო და ავირიო, თორემ, რომ ვთქვა, ეროვნულ ლიგაში თამაში არ მინდა-მეთქი, ტყუილი იქნება. სეზონი რომ დამთავრდება, მერე დავფიქრდები, სად ვითამაშო.

"რუსთავი" ეროვნულ ლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია და მინდა, საგზური ამ გუნდთან ერთად მოვიპოვო", - ამბობს სიჭინავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული