[ოთხშაბათის საკითხავი] უნდა წავიდეს თუ არა ვაისი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ერთი მოგებაც კი არ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. შედეგი ისეთია, კარგს ვერაფრით უწოდებს კაცი. ასე იყო, არის და იქნება: მას შემდეგ, რაც ეს დალოცვილი ფეხბურთი არსებობს, რა საკადრო რესურსიც უნდა ჰყავდეს, გუნდის შედეგზე პირველი და მთავარი პასუხისმგებელი პირი მაინც მწვრთნელია.

ქართულ საფეხბურთო კულუარებში უკვე ამბობენ, ფეხბურთის ფედერაცია სლოვაკ მწვრთნელს ახალ კონტრაქტს უმზადებსო და იქვე საწინააღმდეგო მოსაზრებასაც გაიგონებთ...

ჩვენ გამოძიებას თავი ვანებოთ და ათვლის წერტილად ავიღოთ დღევანდელი დღე. "პრო და კონტრას" პრინციპით გავარკვიოთ, უნდა დარჩეს თუ არა ვლადიმირ
ვაისი
ეროვნული გუნდის დამრიგებლის პოსტზე...

რატომ უნდა დარჩეს?
დავიწყოთ იქიდან, რომ ვლადიმირ ვაისმა აუცილებლად უნდა ჩაამთავროს მიმდინარე შესარჩევი ციკლი. სხვანაირად რომ მოხდეს, ახალი მწვრთნელი სანამ სიტუაციაში გაერკვევა, ციკლიც დასრულდება.

ვაისი უნდა დარჩეს თუნდაც შემდეგ ციკლში იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ნაკრები ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებითაც გუნდი ვერ ახტება თავზე მაღლა. მას არ აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. ასე რომ, ტოპ-მწვრთნელის მოყვანა შედეგს ვერ მოგვცემს, საშუალო დონეს კი ვაისიც აკმაყოფილებს.

სლოვაკ მწვრთნელს არ აქვს შედეგი, მაგრამ მან რამდენჯერმე დაამტკიცა თავისი სამწვრთნელო კლასი. რაღა შორს მივდივართ, მოლდოვასთან მატჩი ავიღოთ. თუ არ გადავუხვევთ ოდინდელ საფეხბურთო ჭეშმარიტებას და ჩავთვლით, რომ მეორე ტაიმს იგებს მწვრთნელი, მაშინ თუნდაც კიშინიოვური შეხვედრის მეორე ნახევარში ვაისი შესანიშნავი იყო.

ფაქტები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. მან ორი შეცვლა გააკეთა და ორივე, რომ იტყვიან, "ათიანში" გაარტყა. გიორგი მერებაშვილმა და ვაკო ყაზაიშვილმა გოლები გაიტანეს. საერთოდაც, ვაისის შეცვლებმა თამაში საჩვენოდ შეცვალა. კარგი ტაიმები საქართველოს ნაკრებს თითქმის ყველა შეხვედრაში ჰქონდა...

ერთი შეხედვით, სლოვაკი მწვრთნელი რბილი კაცია, მაგრამ გარეშე თვალისთვის მაინც მას აქვს დისციპლინა საქართველოს ნაკრებში. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს და არ მგონია, შიგნით მკვეთრად სხვა სურათი იყოს.

ვაისმა იცის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. მაგალითად, ჩემი აზრით, მან ამ ეტაპზე ძალიან რთულ ამოცანას გაართვა თავი და სწორად იყენებს გიორგი არაბიძეს, ეს კი იოლი საქმე სულაც არ არის - ჯერ, ფეხბურთელის ხასიათიდან და მერე მისი თამაშის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.

მას რამდენჯერმე შეუძლია თამაშის გადაწყობა და არ მიეკუთვნება მშიშარა მწვრთნელთა კატეგორიას.

რატომ უნდა წავიდეს?
ქვეთავის პირველი წინადადება ძალიან მოკლე, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ტევადი გამოვა. ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს არ აქვს შედეგი. ეს კი ნებისმიერი მწვრთნელისთვის განაჩენია.

მეორე ფაქტორი - არასტაბილურობა. პრაქტიკულად, არ ყოფილა ვაისის ფორმაციის ნაკრებისათვის მატჩი, რომლის ტაიმებიც გუნდს თანაბრად ჩაეტარებინოს. ერთხელ და ორჯერ რომ მომხდარიყო ეს, მაშინ კიდევ თვალს დახუჭავდა კაცი ან ტენდენციად არ შერაცხავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გარემოებამ სისტემატური, სწორედაც ტენდენციის ხასიათი მიიღო.

თუნდაც, მოლდოვასთან მატჩი გავიხსენოთ. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები საერთოდ არ იყო მინდორზე. მეორე ნახევარში გამოსწორებულმა თამაშმა კი მოსაგებად არ იკმარა და მოლდოვიდან ის შედეგი ვერ ჩამოვიტანეთ, რომელიც ყველას ძალიან გვსურდა.

სასტარტო შემადგენლობის შერჩევა სლოვაკი მწვრთნელის სუსტ წერტილად მიმაჩნია. სწორედ ასეთ დასკვნას გამოვიტანთ, თუ დავაკვირდებით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოღვაწეობას.

მოლდოვასთან მატჩს კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ. ის ძალიან ბევრი რამის გამო იყო ნიშანდობლივი და, თითქოს, საქართველოში ვაისის მუშაობას სრულად ასახავდა. დარწმუნებული ვარ, სლოვაკ სპეციალისტს სწორად რომ შეერჩია სასტარტო შემადგენლობა, მოლდოვაში აუცილებლად გავიმარჯვებდით.

კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარულია. მისი მიხედვით, ქვეყნის მთავარი გუნდი დღეს ძალიან მოკრძალებული შესაძლებლობების მქონეა და სულაც არ სჭირდება უცხოელი მწვრთნელი, რომელიც ქართველზე მეტ ხელფასს აიღებს.

მორიგი მიზეზი ის არის, რომ ბევრის აზრით, "ქართველს ქართველისა უკეთესად ესმის".

ვნახოთ, როგორ განვითარება მოვლენები. ფაქტია, მწვრთნელი დღეს არ არის საქართველოს ნაკრების ერთადერთი პრობლემა და, შეიძლება, არც პირველია, მაგრამ რას ვიზამთ - ზოგადად, პოსტი და თანამდებობაა ისეთი, გინდა თუ არა, პირველად მას უნდა მიადგე.

ვაისი ვაისად და, რა ვუყოთ იმას, ევროპულ ტოპ-ლიგებში ქართველი ფეხბურთელები საერთოდ რომ აღარ თამაშობენ? ან იმას, საქართველოს ნაკრების არაერთ წევრს ჰაერივით რომ სჭირდება სათამაშო პრაქტიკა თავის კლუბში.

ან იმას რა ვუშველოთ, რომ ჩვენი ფეხბურთელების მოზრდილი წილი პროგრესზე მეტად იმაზე რომ ფიქრობს, როგორ იშოვოს დღეს იმაზე ცოტა მეტი, ვიდრე აქვს და არად დაგიდევთ იმ შედეგს, რომელიც ამ გაქცევას შეიძლება მოჰყვეს. ვგულისხმობთ არასაფეხბურთო ქვეყნებში კარიერის გაგრძელებას...

ამ შემთხვევაში ვაისი უფრო სიტუაციის მძევალი და მსხვერპლია, მაგრამ მწვრთნელი ხელისგულზე ჩანს და მისი მუშაობაც ყველასთვის განსჯის თემაა. არ ვიცი, რას ფიქრობს ვაისი, მაგრამ მე ასე მგონია: თუ ის დარჩა ეროვნულ გუნდში, მაშინ საქართველოს ნაკრებში რაღაცები უნდა შეიცვალოს.

ქვეყნის მთავარი კრებული ყველასია და ვაისისგან ცოტა მეტ გამჭვირვალობასაც ვისურვებდით. ფაქტია, რუტინული პრესკონფერენციები საქმეს ვერ შველის. კითხვის ნიშანი ბევრია. იქნებ უკეთესი ყოფილიყო, ერთად გვემსჯელა საქართველოს ნაკრების ჭირსა და ლხინზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 38 /
სახლი შენდება საუძვლიდან იწყება...ჩვენთან გასახდელი არ აქვს ბავშვებს...და ფორმაზე სხვა რამეზე ზედმეტია ლაპარაკი....
Duru
22:43 27-07-2017
0
ქართველი ფეხბურთელები როდესაც ტემპის მომატებას ახერხებენ მაშინვე სახიფათო მომენტებს ქმნიან. ფედერაციამ გამოაცხადოს ტენდერი მწვრთნელზე, რომელიც ნაკრების წევრებს სისწრაფის მომატებაში დაეხმარება!
1,2,3,5,8...
11:58 15-06-2017
0

სიახლეები პოპულარული