ლიგა 1. II ტური: ნეიმარი გოლი + პასით იწყებს [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპაში ნაკლებად აინტერესებდათ, რა ხდებოდა "კამპ ნოუზე", სადაც სუპერთასის კლასიკო იმართებოდა, ყველა მოუთმენლად ელოდა მატჩს გენგამში, სადაც პსჟ-ის რიგებში ნეიმარ ჯუნიორის დებიუტი შედგა - დებიუტი ბრაზილიელმა გოლითა და საგოლე პასით აღნიშნა, პარიზულმა კლუბმა კი უპრობლემოდ მოიგო - 3:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გახსოვთ, ალბათ, როგორც კი ნეიმარის ტრანსფერის ამბავი გაირკვა, მემფის დეპაიმ ბრაზილიელი საჯარიმო დარტყმების "ჩელენჯზე" გამოიწვია, ვნახოთ, ვინ მეტ საჯარიმოს გაიტანს ლიგა 1-შიო - ჰოლანდიელი სიტყვის კაცია, მან ამ სეზონში საჯარიმოებით ანგარიში უკვე გახსნა "რენთან" შეხვედრაში.

"ლიონს" ჯერ ქულა არ დაუკარგავს,
რადგან დეპაის გოლს მარიანო დიასის თავური მოჰყვა, ხოლო ბურიჟოს საჯარიმო "რენს" ქულის გადასარჩენად არ ეყო - 1:2.

აღსანიშნავია, რომ "რეალიდან" გადასულმა დიასმა ორ მატჩში უკვე 3 გოლი გაიტანა, "რენთან" მას თავისუფლად შეეძლო ჰეთ თრიკის შესრულება.

ბრუნო ჟენეზიო (ლიონი): "ამ ეტაპზე უმთავრესი შედეგია. ამიტომაც ამ მატჩისგან, ალბათ, მხოლოდ სამი ქულა დამამახსოვრდება. საერთოდაც, ბურთით თუ უბურთოდ თამაშში ბევრი რამ მომეწონა, კმაყოფილი ვარ".

* * *
კლაუდიო რანიერიმ I ტურში დუელი მარსელო ბიელსასთან წააგო, ახლა კი იტალიელის "ნანტმა" კაპიტულაცია რუდი გარსიას "მარსელთან" გამოაცხადა.

პრემიერლიგის მომგებმა მწვრთნელმა პირველ ნახევარ საათში ამოწურა შეცვლების ლიმიტი, მისმა გუნდმა კი გოლი მატჩის მიწურულს გაუშვა - ლუკას ოკამპოსმა იყოჩაღა, მაგრამ იყო მცირე თამაშგარეც.

კლაუდიო რანიერი (ნანტი): "ჩემს კარიერაში მსგავსი შემთხვევა არ მქონია, პირველ წუთებშივე შევცვალე სამი ფეხბურთელი. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ შემცვლელებმა გაამართლეს და მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. ბიჭების განწყობა საბრძოლოა, ფანები გვერდში გვიდგანან, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ".

რუდი გარსია (მარსელი): "სამი ქულა მოვიპოვეთ, ეს კი მთავარია. არც ის დაგვავიწყდეს, რომ არა ტეტერუშანუ, ჩვენ პირველ ტაიმშივე სოლიდური უპირატესობით დავწინაურდებოდით. ბოლოს დიდი ძალებით შეტევამ გაამართლა, გოლის ეპიზოდისას მეტოქის კარის სიახლოვეს "მარსელის" 7 ფეხბურთელი იყო".

* * *
სამი ცვლილება პირველ ტაიმში განახორციელა მარსელო ბიელსამაც და მერე მწარედ ინანა - მართალია, "სტრასბურთან" პირველი ორი შეცვლა არგენტინელმა იძულებით გააკეთა, მაგრამ მესამე უკვე ტაქტიკური იყო. 63-ე წუთზე კი "ლილის" გოლკიპერმა მაიკ მაინანმა გუნდი დაღუპა, როცა მეტოქეს ბურთი ზურგში ძალით გაარტყა, იგი მოედნიდან გააძევეს და ვინაიდან "ლილს" ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, კარში ფორვარდი ნიკოლა დე პრევილი ჩადგა. მან ერთი გოლი გაუშვა, შემდეგ კი ხელთათმანი მცველ იბრაჰიმ ამადუს გადაულოცა; ორი გოლიც ცენტრალურმა მცველმა გაუშვა...

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "თამაშს კარგად ვაკონტროლებდით. ბიჭებმა თავი კარგად წარმოაჩინეს და მე მხოლოდ მათი შექება შემიძლია. რაც შეეხება ფალკაოს, ის დიდი ფორვარდია. მბაპეს შესახებ კი ამას ვიტყვი - თუ მოთამაშისთვის კარგი გსურს, ხანდახან უნდა მოეფერო და ხანდახან დატუქსო".

* * *
ლეონარდო ჟარდიმმა ორივე ფორვარდი შეცვალა, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდან კილიან მბაპე არ ააყენა, კიდევ ერთი ნიშანი, რომ 18 წლის ტალანტი "მონაკოდან" მიდის. არ იყო მბაპე, მაგრამ ჩემპიონს სტუმრად იოტისოდენადაც არ გასჭირვებია "დიჟონთან", რაშიც დიდი წვლილი რადამელ ფალკაოს ჰეთ თრიკს მიუძღვის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურის ფაქტები

* ადამა ნიანემ (ტრუა) ელიტაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
* საიფ-ედინ ხაუიმ (ტრუა) ლიგა 1-ში პირველი გოლი ბურთთან პირველი შეხებით გაიტანა.
* "ტრუამ" "ნიცას" სტუმრად 19-მატჩიანი პაუზის შემდეგ მოუგო.
* ჩიპრიან ტეტერუშანუს (ნანტი) "მარსელთან" მატჩში 9 სეივი ჰქონდა, რაც ლიგა 1-ის დებიუტანტისთვის რეკორდულია ბოლო 10 სეზონის განმავლობაში.
* ლუკას ოკამპოსმა (მარსელი) ლიგა 1-ში 10 გოლი გაიტანა. აქედან 9 მას შემდეგ, რაც შეცვლაზე შევიდა.
* "ნანტის" თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ პირველ 25 წუთში განახორციელა სამივე ცვლილება. ასეთი რამ ბოლო 10 სეზონში მხოლოდ მეორედ მოხდა.
* "მარსელი" ბოლო 7 ტურია, რაც სტუმრად არ მარცხდება. ეს გუნდის საუკეთესო სერიაა 2015/16 წლების სეზონის შემდეგ.
* სულეიმან კამარამ "მონპელიეს" მაისურით მე-200 მატჩი ითამაშა ლიგა 1-ში.
* ტურში ორჯერ მოხდა, რომ პირველივე ტაიმში სამივე ცვლილება განხორციელდა - ეს ჯერ "ნანტმა" გააკეთა, შემდეგ - "ლილმა".
* "სტრასბურმა" შინ ლიგა 1-ში 2008 წლის თებერვლის მერე პირველად მოიგო.
* "მონაკომ" "ბორდოს" მიღწევა (2009 წ.) გაიმეორა - ზედიზედ მე-14 ტურში იმარჯვა, ახლა გუნდს აბსოლუტურ რეკორდამდე ერთი მოგება აშორებს.
* ნეიმარი (პსჟ) 2010 წლის მერე (ნენე) პირველი ბრაზილიელია, ვინც ლიგა 1-ის სადებიუტო მატჩშივე გაიტანა.
* ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში მე-7 მატჩში გაიტანა, ლა ლიგაში - მე-6 მატჩში, ლიგა 1-ში - პირველივეში.

ლიგა 1. II ტური

ნიცა-ტრუა 1:2
გოლები: 0:1 ნიანე (53), 1:1 პლეა (63-პენ), 1:2 ხაუი (85)

რენი-ლიონი 1:2
გოლები: 0:1 დეპაი (57), 0:2 მარიანო დიასი (74), 1:2 ბურიჟო (86)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - რაფაელი (61. ტეტე), მარსელო (87. დიაქაბი), მორელი, მარშალი - ტუსარი, დარდერი - ბ. ტრაორე, ფეკირი, დეპაი (80. კორნე) - მარიანო დიასი

ნანტი-მარსელი 0:1
გოლი: 0:1 ოკამპოსი (87)
მარსელი (4-3-3): მანდანდა - საკაი, რამი, როლანდო, ევრა - მაქსიმ ლოპესი (86. კაბელია), ლუიზ გუსტავო, ზამბო ანგისა (57. სანსონი) - ტოვენი, ჟერმენი, ნ"ჟიე (61. ოკამპოსი)

ამიენი-ანჟერი 0:2
გოლები: 0:1 კრიველი (27), 0:2 მანგანი (56)

ბორდო-მეცი 2:0
გოლები: 1:0 ვადა (44), 2:0 სანქარე (64)

კაენი-სტ. ეტიენი 0:1
გოლი: 0:1 ამუმა (67)

ტულუზი-მონპელიე 1:0
გოლი: 1:0 დურმაზი (43-პენ)

სტრასბური-ლილი 3:0
გოლები: 1:0 მარტენი (74), 2:0 ლიენარი (82-პენ), 3:0 გრიმი (88)
გაძევება: მაინანი (63. ლილი)

დიჟონი-მონაკო 1:4
გოლები: 0:1 ფალკაო (3), 0:2 ჟემერსონი (25), 0:3 ფალკაო (37), 1:3 საიდი (43), 1:4 ფალკაო (51)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - რონი ლოპეში (64. ტილემანსი), ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი - ფალკაო (80. კარილიო), დიაქაბი (83. ჟილ დიაში)

გენგამი-პსჟ 0:3
გოლები: 0:1 იკოკო (52 ს.კ.), 0:2 კავანი (62), 0:3 ნეიმარი (82)
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - ვერატი (80. პასტორე), ტიაგო მოტა, რაბიო (87. მატუიდი) - დი მარია, კავანი, ნეიმარი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული