ლიგა 1. III ტური. საფრანგეთში "მონაკოსა" და ნეიმარს ვერ აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
ნეიმარმა პარიზული დებიუტი დიდებულად აღნიშნა - მის ანგარიშზე ორ-ორი გოლი და პასია, ხოლო პსჟ-მა 10 კაცით შეძლო "ტულუზის" განადგურება - 6:2. პსჟ, "მონაკო" და "სენტ ეტიენი" ქულების დაუკარგავად ლიდერობენ.

"მეცთან" მატჩის 78-ე წუთზე რაშიდ ღეზალმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა რადამელ ფალკაო, კოლუმბიელი გასცდა მეკარეს და სეზონის მე-5 გოლი ცარიელ კარში გაიტანა. ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა, რადგან "მონაკომ" 1:0 მოიგო და ლიგა 1-ის ყველა დროის რეკორდიც მოხსნა
- ზედიზედ 15 ტურში იმარჯვა (12 გასულ სეზონში და 3 ახალში). წინა რეკორდი - 14 გამარჯვება ჩემპიონატში - "ბორდოს" ეკუთვნოდა (2009 წ.). შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს საკლუბო სასჯელი ადევს და იგი ლეონარდო ჟარდიმმა მეცში საერთოდ არ წაიყვანა.

წაგების მიუხედავად, უნდა აღვნიშნოთ 18 წლის გაბონელის, აბლი ჟალოს დიდებული დებიუტი, მოედნის ასეთი ხედვით იშვიათად თუ ვინმე გამოირჩევა ლიგა 1-ში.

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ლიგა 1-ის მატჩების მოგება ყოველთვის ძნელია. კარგად ვითამაშეთ, თუნდაც, პირველ 30 წუთში, როცა უამრავი შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმში თამაშის ტემპი ავაჩქარეთ, მეტი მობილურობა და ინტენსივობა კი გადამწყვეტი აღმოჩნდა. სამი ქულითა და ახალი რეკორდით გახარებულები ვართ. ფალკაო შესანიშნავ ფორმაშია, იმედი მაქვს, ეს ფორმა დიდხანს გაჰყვება".

"ლიონმა" ზედიზედ მესამე ტურში გამარჯვება ვეღარ შეძლო და "ბორდოს" 3:3 დაუზავდა. აღსანიშნავია, რომ ეს თამაში, ისევე, როგორც პირველი ტურის შეხვედრა "მონაკოსა" და "ტულუზს" შორის, ქალაქ ულინსში გაიმართა. "ლიონის" ვერმოგების მიზეზი ისიც არის, რომ 36-ე წუთზე მას ნახევარმცველი სერხი დარდერი გაუძევეს.

ბრუნო ჟენეზიო (ლიონი): "იმედგაცრუებულები ვართ, რადგან სამი ქულა ასე ახლოს იყო, მაგრამ თამაშში იყო საოცარი გოლებიც, ფეკირის შორეული დარტყმა და მეტოქეთაგან მალკომის ორივე გოლი".

როგორც იქნა, მოიგო ლუსიენ ფავრის "ნიცამ", რომლის რიგებშიც პირველად ითამაშა უესლი სნეიდერმა. "ნიცამ" "ალიანც რივიერაზე" "გენგამს" აჯობა - 2:0.

აი, "სენტ ეტიენი" კვლავ ქულის დაუკარგავად ასპარეზობს. ესპანელი ოსკარ გარსიას გუნდს ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა - "მწვანეებს" ჯერ გოლიც კი არ გაუშვიათ. ლიგა 1-ში პირველი მოგება იზეიმა კლაუდიო რანიერიმ, ემილიანო სალას ერთადერთი გოლით "ნანტმა" სტუმრად "ტრუა" დაამარცხა.

პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტი ფეხბედნიერი ვერ აღმოჩნდა "მარსელისთვის", რომელმაც "ველოდრომზე" "ანჟერთან" (1:1) დაპირისპირებაში მოულოდნელად ქულები დაკარგა. ამით რუდი გარსიას კრებულმა პირველად დაკარგა სეზონში ქულები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს წითელი ბარათი მიიღო, კვლავ საუკეთესო იყო მარსელელთა რიგებში ლუკას ოკამპოსი, რომელმაც გუნდს დიმიტრი პაიეს არყოფნა არ აგრძნობინა.

ფაქტები
  • რადამელ ფალკაომ (მონაკო) ლიგა 1-ის ბოლო 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა
  • ნაბილ ფეკირმა (ლიონი) გოლი 54 მეტრის დისტანციიდან გაიტანა, თუმცა 2013 წელს საბერ ხალიფას რეკორდი (64 მეტრი) ვერ მოხსნა
  • "ტრუამ" ლიგა 1-ის ბოლო 21 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო
  • "ნიცამ" ლიგა 1-ში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა
  • "სენტ ეტიენმა" ზედიზედ სამი მატჩი თებერვლის მერე პირველად მოიგო
  • "ლიონმა" სეზონის პირველი სამი მატჩი ბოლოს 36 წლის წინათ მოიგო
  • მარსელო ბიელსას ბოლო 4 საშინაო მატჩიდან ორი ლიგა 1-ში "კაენთან" წაგებით დასრულდა
  • "მარსელი" ლიგა 1-ში 14 თამაშია არ დამარცხებულა - 8 მოგება, 6 ფრე. ბოლოს "მარსელი" გასულ სეზონში, 27-ე ტურში დამარცხდა პსჟ-სთან - 1:5


მეცი-მონაკო 0:1
გოლი:
0:1 ფალკაო (78)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - რონი ლოპეში (46. კარილიო), ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო, ლემარი - ა. დიაქაბი (66. ღეზალი), ფალკაო (90. ტილემანსი)



ლიონი-ბორდო 3:3
გოლები
: 1:0 ფეკირი (10), 2:0 ტეტე (23), 2:1 მალკომი (41), 3:1 ბ. ტრაორე (74), 3:2 ლერაგერი (88), 3:3 მალკომი (91)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მარშალი (74. მ. დიაქაბი) - დარდერი, ტუსარი - ბ. ტრაორე, ფეკირი, დეპაი (65. კორნე) - მ. დიასი (44. ფერი)
გაძევება: დარდერი (36)

მონპელიე-სტრასბური 1:1
გოლები
: 0:1 საადი (24), 1:1 კონგრე (72)

ნიცა-გენგამი 2:0
გოლები
: 1:0 პლეა (45), 2:0 ვალტერი (47)

რენი-დიჟონი 2:2
გოლები
: 1:0 მუბელე (14), 2:0 მუბელე (46), 2:1 კვონი (51), 2:2 ტავარეში (91-პენ)

სტ. ეტიენი-ამიენი 3:0
გოლები
: 1:0 ბამბა (13-პენ), 2:0 დაბო (41-პენ), 3:0 დაბო (67)

ტრუა-ნანტი 0:1
გოლი
: 0:1 სალა (81)
გაძევება: ავაზიემი (34. ნანტი)

ლილი-კაენი 0:2
გოლები
: 0:1 და სილვა (5), 0:2 სანტინი (69)



მარსელი-ანჟერი 1:1
გოლები
: 1:0 ნ'ჟიე (17), 1:1 ეკამბი (70)
მარსელი (4-3-3): მანდანდა - სარი, რამი, როლანდო, ამავი (64. დორია) - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო, სანსონი (77. კაბელია) - ტოვენი, ნ"ჟიე (38. ჟერმენი), ოკამპოსი
გაძევება: ოკამპოსი (93)



პსჟ-ტულუზი 6:2
გოლები
: 0:1 გრადელი (18), 1:1 ნეიმარი (31), 2:1 რაბიო (35), 3:1 კავანი (74-პენ), 3:2 ჟულიენი (78), 4:2 პასტორე (82), 5:2 კურზავა (84), 6:2 ნეიმარი 92)
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა - ვერატი, ტიაგო მოტა (69. პასტორე), რაბიო - დი მარია (86. დრაქსლერი), კავანი (85. ლო სელსო), ნეიმარი
გაძევება: ვერატი (69)



ბომბარდირები: 5 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 3 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), კლინტონ ნ'ჟიე (მარსელი), ედინსონ კავანი (პსჟ), ნეიმარი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული