როგორც რონალდინიო... ნეიმარის სუპერსტარტი და პირველი შეტევა "ბარსაზე"

AutoSharing Option
როგორი სტარტი აქვს ნეიმარ ჯუნიორს "პარი სენ-ჟერმენში"? - სუპერი! - ორი მატჩი - 3 გოლი და 3 საგოლე პასი, ორჯერვე მატჩის საუკეთესოს პრიზი. ფაქტია, პარიზიდან "ოქროს ბურთისკენ" მიმავალი გზა გამოჩნდა...

"პარკ დე პრენსზე" მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელის დებიუტს მოუთმენლად ელოდნენ და მანაც "ტულუზთან" უამრავჯერ მოხიბლა პუბლიკა. ბოლოს კი საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, მესის ან პელეს სტილში... როგორ ითამაშა ნეიმარმა? საკმარისია 6:2 მოგებული თამაშის ნახვა მხოლოდ 65-ე წუთიდან, ან სულაც ამ სუპერგოლის ნახვა, ანაც "ტულუზის" თავკაცის, პასკალ დიუპრას მოსმენა, რომელმაც თქვა -
ბრაზილიელის თამაშით აღფრთოვანებული ვარო. მეტოქის ფორვარდმა ანდი დელორმა კი დაამატა - "ნეიმარი ნამდვილი ფენომენია - ის, როგორც რონალდინიო, ვერ გაიგებ, რას შემოგთავაზებს, როცა ბურთს ფლობს. არ ვიცი, მისი შეჩერების გზები საერთოდ თუ არსებობს".

"მიხარია, რომ ზედიზედ მეორე კვირაა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მასახელებენ, მაგრამ ყველაზე მეტად პსჟ-ის თამაში მახარებს. პარიზში საოცარი ფანები არიან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე თბილად მიმიღეს, "პარკ დე პრენსზე" საოცარი ატმოსფერო იყო", - განაცხადა მატჩის გმირმა.

"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ულა შიშობს, რომ ნეიმარმა "პარი სენ-ჟერმენისთვის" ტიტული უკვე მეოთხე ტურისთვის მოიგო: "ძნელი წარმოსადგენია, რომ პარიზელებს ვინმე გაუძალიანდება".

ათიანის ათიანები

მართალია, ევროპის ტოპ-5 ლიგაში სამი ტური მხოლოდ საფრანგეთშია ნათამაშები, მაგრამ თავად 25 წლის ბრაზილიელს ჯერ ორი თამაში აქვს ნათამაშები და 3 გოლი და 3 საგოლე პასი არავის აქვს. "ტულუზთან" მატჩში ნეიმარი 118-ჯერ შეეხო ბურთს და 34-ჯერ მოიგო მინი-დუელი. ორივე მაჩვენებელი საუკეთესოა (ლიგა 1-ის ფორვარდისთვის საუკეთესო შედეგია ბოლო 10 წლის განმავლობაში).

Whoscored.com-მა ნეიმარის თამაში "გენგამთანაც" და "ტულუზთანაც" 10-ბალიანი სისტემით 10 ქულით შეაფასა. ასეთი რამ კი ძალიან იშვიათად ხდება. მან 6-6-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარისკენ. სადებიუტო მატჩში დრიბლინგი 11-ჯერ სცადა, "ტულუზთან" კი - 14-ჯერ. მიახლოებული შეფასება ევროპის ტოპ-5 ლიგაში მხოლოდ ბერლინის "ჰერტას" ავსტრალიელმა ლეგიონერმა მეტიუ ლეკიმ მიიღო, რომელმაც ბუნდესლიგის I ტურში დუბლი შეასრულა - 9,47 ბალი.

მხოლოდ ფლორიან მორისმა შეძლო (1997 წ.) პსჟ-ის მაისურით სადებიუტო ორ შეხვედრაში გოლების გატანა.

ნეიმარი და "ბარსელონა"

"ბარსელონადან" წასული ნეიმარი არ ივიწყებს ყოფილ გუნდსა და ქალაქს. თუ ბარსელონა თბილად მოიხსენია მორიგი ტერაქტის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა არ დაინდო და პირველად გააკრიტიკა ღიად: "ძალიან ვწუხვარ, რომ "ბარსელონას" ასეთი ხელმძღვანელობა ჰყავს. ეს ის ხალხი არ არის, რომელთაც "ბარსას" ხელმძღვანელი პოსტები უნდა ეკავოთ. ეს კლუბი გაცილებით მეტს იმსახურებს. როცა კატალონიაში გადმოვედი სათამაშოდ, თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე და მერე... კლუბში ჩემი მეგობრები რჩებიან, იქ ხომ 4 საოცარი სეზონი გავატარე. იმედი მაქვს, რომ "ბარსელონაში" სიტუაცია გამოსწორდება", - ციტირებს ნეიმარს "კუატრო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული