ეროვნული ლიგა 2: სატურნირო ინტრიგა აქაც აქტუალურია

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ნემსაძემ დათა სიჭინავა დააჯილდოვა
ეროვნული ლიგის გათამაშების მსგავსად, ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონატიც ახალი ფორმატით ტარდება და სატურნირო ცხრილში აქაც ერთობ საინტრიგო სიტუაციაა.

შეგახსენებთ, რომ რანგით მეორე ლიგიდან "უფრო ზემოთ" ავტომატურად აღზევდება პირველადგილოსანი, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები კი პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან ეროვნულ ლიგაში VIII და IX ადგილებზე გასულ გუნდებს. რაც შეეხება დაქვეითებას, ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო ადგილზე გასული გუნდი III ლიგაში გადაინაცვლებს, ხოლო VIII და IX ადგილებზე გასულ გუნდებს პლეი-აუტის მატჩები ელოდებათ.

ისევე, როგორც მთავარ ლიგაში, ეროვნულ ლიგა 2-შიც ახლახან დაიწყო III წრე და იმის მიუხედავად, რომ სეზონის დასრულებამდე 15 ტურია დარჩენილი, გარკვეული დასკვნების გაკეთება ახლავე შეიძლება...

უპირობო ფავორიტი
სეზონის დაწყებამდეც ვწერდით, რომ ეროვნულ ლიგაში აღზევების ნომერ პირველი კანდიდატი "მერანი" უნდა ყოფილიყო და მარტვილელთა გუნდიც ამართლებს უპირველესი ფავორიტის სტატუსს!

"მერანმა" თითქმის შეინარჩუნა შარშანდელი ბირთვი და იმის მიუხედავად, რომ ძალიან მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, დამაჯერებლად ლიდერობს სატურნირო ცხრილში.

ამ ზაფხულს "მერანს" კიდევ ორი წამყვანი ფეხბურთელი (აკაკი შულაია, ანდრო გიორგაძე) დააკლდა, მაგრამ გიორგი მიქაძის დამოძღვრილი გუნდი კვალავაც აგრძელებს თავის ხანგრძლივ წაუგებელ სერიას; იმის გარდა, რომ "მერანი" შედეგიანად ასპარეზობს (საშუალოდ, 2 გოლი მეტოქის კარში), ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება უკანახაზელთა სტატისტიკური მონაცემები.

თავად განსაჯეთ: განვლილ 21 ტურში გუნდმა მხოლოდ 10 გოლი გაუშვა, რაც ორივე მეკარის, ახალგაზრდა გიორგი კულუასა და გამოცდილი ზურაბ მამალაძის დამსახურებაც გახლავთ.

საერთოდაც, "მერანი" ყველა რგოლში კარგად არის დაკომპლექტებული და ამის დასტურად გუნდის ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელების ჩამოთვლაც გამოდგება: სერგი ორბელაძე, დავით მაისაშვილი, რევაზ გეწაძე, ლაშა ჩალაძე, ვაჟა ლომაშვილი, შოთა ჯიქია, დავით მაისაშვილი, კიჭი მელიავა.

სასიამოვნოა, რომ ქრონიკული ტრავმების მერე კვალავაც შედეგიანად ათამაშდა უდავოდ ნიჭიერი ცენტრფორვარდი რევაზ ბარაბაძე, რომელმაც I-II წრეში ჩატარებულ 15 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

სტაბილურობა და კარუსელი
ისე, ვიდრე სხვა გუნდებზე ვისაუბრებთ, ერთი საინტერესო ტენდენციაც გვინდა აღვნიშნოთ; გიორგი მიქაძე უკვე ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ ეს სპეციალისტი უკვე მეორე წელიწადია "მერანის" თავკაცი გახლავთ. იმავეს თქმა შეიძლება ვარლამ კილასონიაზე ("რუსთავი"), გია გიგატაძეზე ("სამგურალი") და ანატოლი პისკოვეცზე ("გაგრა"), ასევე მეორე წელიწადია, წარმატებით რომ მუშაობენ თავიანთ გუნდებში.

ეროვნული ლიგა 2-ის წლევანდელ გათამაშებაში კიდევ ერთი გუნდია, სადაც სეზონის მსვლელობისას მთავარი მწვრთნელი არ გამოცვლილა: გამოცდილი სპეციალისტის, კობა ჟორჟიკაშვილის (არანაკლებ გამოცდილი სპეციალისტი რამაზ მუმლაძე რომ ეხმარება) ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონი" უმოკლეს დროში აპირებს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას.

ცხრილის ზედა ხუთეულში სწორედ ის გუნდები არიან, სადაც მთავარ მწვრთნელებს ენდობიან და შედეგიც სახეზეა...

აი, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებში კი სეზონის დაწყებიდან არაერთი
You must have Flash Player installed in order to see this player.
სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა, ზოგან კი სულაც სამჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი - მაგალითად, "ზუგდიდში", სადაც სეზონი ბესიკ შეროზიამ დაიწყო. შემდეგ ის მამუკა ჭკადუამ ჩაანაცვლა, III წრიდან კი უკვე დავით მახარაძე შეეცდება, გუნდს ადგილი შეუნარჩუნოს ეროვნულ ლიგა 2-ში.

ასეთივე სიტუაციაა "მეშახტეში", სადაც ჯერ კახა გოგიჩაიშვილი გახლდათ მთავარი მწვრთნელი, შემდეგ - მალხაზ ფორჩხიძე, II წრის ბოლოსკენ კი ტყიბულელთა გუნდის გადარჩენა ახალგაზრდა სპეციალისტს, გიორგი ჭელიძეს დაევალა. სეზონის დასაწყისშივე მოხდა სამწვრთნელო გადაადგილება "ცხინვალში" (გოჩა ჩიქოვანი რომ მალხაზ ლაცაბიძემ ჩაანაცვლა) და "გურიაში" (გია ჩხაიძის ნაცვლად გია გურული მივიდა).

სულ ახლახან კი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა "ვიტ ჯორჯიაშიც": ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბი დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა თენგიზ კობიაშვილმა და მისმა ასისტენტმა დავით დიღმელაშვილმა.

სხვათა შორის, ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში "ვიტ ჯორჯიამ", როგორც იქნა, შეწყვიტა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია და ამ მატჩში "ვეტერინარებს" უკვე ახალი მწვრთნელები მოძღვრავდნენ: ახალგაზრდა სპეციალისტი ლაშა ფირცხალაიშვილი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებს, მისი ასისტენტი კი გამოცდილი მერაბ კოჭლაშვილი იქნება, რომლისთვისაც "ვიტ ჯორჯია" უცხო გუნდი ნამდვილად არ არის...

უმაღლეს ლიგასაც დაამშვენებდნენ!..
ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებში არაერთი ისეთი ფეხბურთელი ასპარეზობს, სხვადასხვა დროს წარმატებით რომ გამოდიოდნენ უმაღლეს ლიგაში. "მერანის" ფეხბურთელები ზემოთ უკვე ვახსენეთ და ახლა სხვებზეც ვთქვათ, რომელთაც არც გამოცდილება დაეწუნებათ და არც - ოსტატობა!

აი, თუნდაც "სიონის" გამოცდილი ფეხბურთელები ვახსენოთ: 35 წლის ალექსანდრე კოშკაძე, 37 წლის დავით სვანიძე, 25 წლის ზვიად სიხარულია და გუნდის ორი ახალწვეული, 32 წლის ლაშა ჯაფარიძე და 28 წლის გულვერდ თომაშვილი.

ბოლნისური გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელზე ცალკე უნდა ვთქვათ: 32 წლის ჯაბა დვალი, ისე, როგორც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის დროს, აქაც საუკეთესო ბომბარდირობას უმიზნებს და საერთოდაც, ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახლავთ!

Sportall.Ge
ფოტოზე: ალექსანდრე კოშკაძე და ჯაბა დვალი

სხვა გუნდებშიც მრავლადაა ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის "ცნობადი სახეები": 34 წლის გიორგი ნერგაძე, 34 წლის გაგა ჩხეტიანი (ორივე - "სამგურალი"), 32 წლის გოჩა ხოჯავა, 36 წლის ლევან აკობია, 29 წლის ბესიკ ჩიმაკაძე (სამივე - "რუსთავი"), 28 წლის ნიკა მაისურაძე ("ცხინვალი"), 26 წლის ჯონი შეროზია, 27 წლის გურამ გურეშიძე (ორივე - "ვიტ ჯორჯია"), 25 წლის გიორგი ნადირაძე ("გაგრა"), 36 წლის მირზა მერლანი, 31 წლის ზვიად მეტრეველი, 29 წლის მიხეილ ალავიძე (სამივე - "რუსთავი"), 28 წლის ლევან შარიქაძე, 28 წლის ალექსანდრე შენგელია (ორივე - "გურია").

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გამოცდილი ფეხბურთელების გარდა, ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებში არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელიც გამოდის და რამდენიმე მათგანს სისტემატურად იწვევდა საქართველოს ნაკრების 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე.

დაბოლოს, კიდევ ერთ ფეხბურთელზეც, რომელიც დღესდღეობით ბომბარდირთა დავას ლიდერობს: "რუსთავის" 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ 20 მატჩში 17 გოლი გაიტანა, თანაც, ამ 17 გოლის უმრავლესობა მართლაც ეფექტურად შესრულებული "სტანდარტულებიდან".

ისე, ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში მართლაც არ გვახსენდება საჯარიმო დარტყმების მსგავსი უბადლო შემსრულებელი: დათა სიჭინავას, ფაქტობრივად, ყოველი მეორე "სტანდარტული" ხომ მეტოქეთა მეკარეთათვის უდიდესი ხიფათის მომასწავებელია.

სხვათა შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგა 2-ის I და II წრის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ დათა სიჭინავა დასახელდა! "რუსთავის" ლიდერს კი ეს საპატიო პრიზი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ გადასცა...

P.S. ეროვნულ ლიგა 2-ში რამდენიმე მართლაც გამორჩეული ლეგიონერიც თამაშობს, თუმცა ამ თემაზე სხვა დროს იყოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ხოო აბა კიი ეს დირექტორები აკლია უმაღლეს ლიგას და ტემპი აიწევს მატჩების გავარტყი ინგლისის პრემიერ ლიგას::))) რეებს აბრახუნებ ავტორ? საერთოდ დადიხარ მატჩებზე ეროვნუი ლიგის???
opaaaa
12:29 09-08-2017
0
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2017
#
გუნდი
1
დინამო (თბ)
22
16
2
4
39
50
2
ტორპედო
22
13
5
4
15
44
3
სამტრედია
23
13
5
5
12
44
4
ლოკომოტივი
22
10
3
9
8
33
5
ჩიხურა
22
10
3
9
-4
30
6
საბურთალო
23
10
3
10
4
33
7
დინამო (ბთ)
23
8
2
13
-9
26
8
დილა
22
5
7
10
-9
22
9
კოლხეთი 1913
22
4
7
11
-18
19
10
შუქურა
23
2
5
16
-38
11