ეროვნული ლიგა. XXII ტურის წინ: უცნაური, ხანგრძლივი, უფავორიტო...

AutoSharing Option
წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ, ცოტა არ იყოს, უჩვეულო ტური გველოდება! "უჩვეულო" იმიტომ, რომ XXII ტური... ოთხ დღეზე იქნება "გაწერილი". ანუ ეს ტური ხუთშაბათს დაიწყება, პარასკევსა და შაბათს გაგრძელდება და კვირას დასრულდება! თანაც, არც იმის აღნიშვნა უნდა დაგვავიწყდეს, რომ XXII ტურის ხუთივე მატჩს საკმარისზე მეტი სატურნირო ინტრიგა აქვს.

მოკლედ, მოლოდინი დიდია, მით უფრო, რომ რამდენიმე დაპირისპირება თამამად შეიძლება "ექვსქულიან მატჩად" მივიჩნიოთ! ახლა კი, სჯობს, თანმიმდევრულად მივყვეთ და ამ მართლაც "გრძელვადიანი" XXII ტურის ყველა მატჩის ირგვლივ ვისაუბროთ.

ოღონდ ერთ რამეზე ახლავე უნდა შევთანხმდეთ: ამ ტურში ხუთივე წყვილი ისე თანაბრად არის დაკომპლექტებული, რომ ტერმინები, "ფავორიტი" თუ "აუტსაიდერი", აშკარად უადგილოდ გვეჩვენება! ისე, მართლაც უცნაური სიტუაციაა: როგორც უნდა დასრულდეს ეს ხუთივე მატჩი, არც ერთი შედეგი არ უნდა გაგვიკვირდეს...

დილა-საბურთალო
ამ ტურის პირველმა მატჩმა ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი: წარუმატებლობის შემთხვევაში "დილა" კიდევ უფრო გაიუარესებს სატურნირო მდგომარეობას, აი, "საბურთალო" კი IV ადგილის დაკავების ერთ-ერთი რეალური კანდიდატიც გახდება. IV ადგილი კი შემთხვევით არ გვიხსენებია: იმის გათვალისწინებით, თუ რა გუნდები არიან გასული საქართველოს თასის მეოთხედფინალში (12-13 სექტემბერს რომ უნდა გაიმართოს), ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ეროვნული ლიგის მეოთხეადგილოსანმა მომავალ ზაფხულს ევროპალიგაზე იასპარეზოს.

მოკლედ, გიორგი ჭიაბრიშვილის შეტევაზე ორიენტირებულ გუნდს საკმარისზე მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეს სეზონის დარჩენილ მატჩებში; თანაც, საინტერესოა, თუ რამდენად სტაბილურად ითამაშებს "საბურთალო", ამ ახალგაზრდულმა გუნდმა ხომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ შეძლო ზედიზედ 2 მატჩის მოგება!

საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი პირველ წრეში მოხდა, როცა "საბურთალომ" ჯერ "ლოკომოტივი" დაამარცხა საშინაო მატჩში, მერე კი სტუმრად "დილას" მოუგო. ვნახოთ, გამეორდება თუ არა სიტუაცია ახლაც; არადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "დილას" საქმეები ნელ-ნელა კი არა, უკვე სწრაფი ტემპით მიდის უკან და უკან. ჰოდა, თუ ასე გაგრძელდა, გორელთა გუნდს პლეი-აუტში მონაწილეობა არ ასცდება, იქ კიდევ, ორმატჩიან დუელში, არავინ იცის, რა მოხდება...

ლოკომოტივი-ტორპედო
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში რამდენიმე მატჩი დასრულდა მოულოდნელი შედეგით, მაგრამ, ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ ერთ-ერთი ყველაზე "უცნაური" შედეგი წინა ტურში დაფიქსირდა, როცა დედაქალაქურ "დერბიში" "საბურთალომ" 6 (ექვსი!) უპასუხო გოლი გაუტანა "ლოკომოტივს".

არადა, შეგახსენებთ, რომ მანამდე "ლოკომოტივმა" ერთობ დამაჯერებლად და სავსებით დამსახურებულად მოუგო ეროვნული ლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, თბილისის "დინამოს"! მოკლედ, "საბურთალოს" მსგავსად, "ლოკომოტივიც" არასტაბილურობით გამოირჩევა მიმდინარე სეზონში და ამ ყველაფერს, ჩვენი აზრით, ობიექტური მიზეზებიც აქვს და... სუბიექტურიც! ამ მიზეზების ჩამოთვლას ახლა არ შევუდგებით, თუმცა, იმას კი ვიტყვით, რომ "ლოკომოტივს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რეალურად რომ ხელეწიფება ევროტურნირების საგზურის მოპოვება...

ძალიან რთული ამოცანის წინაშეა მასპინძელთა თავკაცი გიორგი დევდარიანი: ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, "ტორპედოს" წინააღმდეგ ოპტიმალური შემადგენლობაც უნდა შეარჩიოს და, რაც მთავარია, წინა ტურში განცდილი მართლაც კოშმარული მარცხის მერე, თავისი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად, სრულ რეაბილიტაციაზეც უნდა იფიქროს!

კიდევ ერთი ინტრიგა იმაშიც მდგომარეობს, რომ "ლოკომოტივი" თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს ხვდება, რომელთანაც უკვე... 13 წელიწადია არ მოუგია!..

არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს დედაქალაქში ვიზიტი "ტორპედოსათვის": კახა ჩხეტიანის გუნდმა III წრე ზედიზედ 2 მოგებით კი დაიწყო, მაგრამ, ბევრისთვის მოულოდნელად, ქუთათურებმა წინა ტურში "კოლხეთთან" საშინაო მატჩში დაკარგეს ქულები. ჰოდა, ამ წაფორხილების გამოც არის, საჩემპიონო რბოლაში თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა უკვე 5 ქულა რომ გახდა...

სამტრედია-დინამო (თბ)
შესავალში აღვნიშნეთ, რომ ამ ტურის ხუთივე მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს; თუმცა, ეს წყვილი მაინც გამორჩეულად საინტრიგოდ მიგვაჩნია: მოქმედი ჩემპიონი ეროვნული ლიგის ლიდერისა და, საერთოდაც, ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის წინააღმდეგ!

III წრეში 3 ტურია ჩატარებული და ერთადერთი გუნდი "სამტრედიაა", სამივე მატჩი რომ მოიგო; ეგ კი არა, გია ცეცაძის გუნდი ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს კიდევ უფრო უკეთესი სერიით, ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 5 მოგებით ხვდება; აი, რაც შეეხება თბილისის "დინამოს", კახა კაჭარავას გუნდმა ორივე საშინაო მატჩი ერთიმეორეზე შთამბეჭდავი ანგარიშით (და - თამაშითაც) კი მოიგო, მაგრამ "ლოკომოტივთან" წაგებულ შეხვედრაში ნამდვილად ვერ დატოვა ჩემპიონობისათვის მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილება...

ვიდრე ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაზე ვიტყოდეთ, სადღეისო სატურნირო მდგომარეობაზეც უნდა ვთქვათ; ერთი შეხედვით, "დინამო" დამაჯერებლად ლიდერობს ეროვნულ ლიგაში, მაგრამ "სამტრედიამ" რომ გატეხოს ნავსი და მიმდინარე სეზონში პირველად შეძლოს ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება, აი, მაშინ კი, მართლაც დაიძაბება ბრძოლა ჩემპიონობისათვის!

მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის ჩატარებული ორივე მატჩი საინტერესოდ წარიმართა; I წრეში, როცა "დინამომ" ბექა მიქელთაძისა და საბა ლობჟანიძის გოლებით სამტრედიაში გაიმარჯვა, სწორედ აქედან დაიწყო კიდეც კახა კაჭარავას გუნდის მართლაც შთამბეჭდავი, ათმატჩიანი წაუგებელი სერია (ზედიზედ 8 მოგებით). თუმცა, ბევრად უფრო დასამახსოვრებელი იყო ამ გუნდებს შორის გამართული II წრის შეხვედრა, რომელიც, ჩვენი აზრით, მიმდინარე სეზონში, ჯერჯერობით, უდავოდ, საუკეთესო მატჩად უნდა მივიჩნიოთ!

შეგახსენებთ, ღირსეული მეტოქეების იმ მართლაც დრამატულ დაპირისპირებაში ორივე გუნდმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა და ხუთგოლიანი სანახაობაც ვიხილეთ! პირველ ტაიმში "დინამო" დომინირებდა და ლოგიკურიც იყო, ორბურთიანი უპირატესობა რომ მოიპოვა.

გოლებიც უნდა ვახსენოთ, ბაჩანა არაბულმა და ლუკა ლოჩოშვილმა, თავური დარტყმებით რომ გაიტანეს ზუსტად შესრულებული "სტანდარტულების" შემდეგ; ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, "სამტრედია" ამ თამაშის "შემოტრიალებას" თუ შეიძლებდა, მაგრამ სტუმართა აშკარად დამუშავებულმა კომბინაციებმა შედეგი მოიტანა: გიორგი მჭედლიშვილისა და გიორგი დათუნაიშვილის ზუსტი დარტყმების შემდეგ "სამტრედიამ" ანგარიში გაათანაბრა!

თუმცა, არც "დინამო" თამაშობდა ანგარიშის შენარჩუნებაზე, მაგრამ სტუმართა გამოცდილმა მეკარემ, ომარ მიგინეიშვილმა, სულ მცირე, ოთხჯერ იხსნა თავისი გუნდი აშკარა ხიფათისაგან; ამ სანახაობრივი მატჩის კულმინაცია კი არბიტრის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე მოხდა, როცა ლაშა თოთაძის ზუსტი პასის შემდეგ ბაჩანა არაბულმა ეფექტური დარტყმით თავისი ყოფილი გუნდის კარში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა...

ჩიხურა-დინამო (ბთ)
წინა სეზონი ორივე ამ გუნდმა წარმატებით ჩაატარა: გარდამავალ ჩემპიონატში "ჩიხურამაც" და ბათუმის "დინამომაც" დამსახურებულად დაიკავეს საპრიზო ადგილებიც და, შესაბამისად, ევროტურნირების საგზურებიც; თუმცა, მიმდინარე სეზონში სიტუაციაც რადიკალურად შეიცვალა და, რაც მთავარია, ორივე გუნდის წინაშე დასახული მიზნებიც.

ანუ დღესდღეობით ისეთი მდგომარეობაა, რომ "ჩიხურა", ძალიან დიდი ალბათობით, მთავარ აქცენტს თასის გათამაშებაზე გააკეთებს, ბათუმის "დინამოს" პროგრამა-მაქსიმუმიც და პროგრამა-მინიმუმი კი, რაღა თქმა უნდა, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს.

შარშანდელთან შედარებით, ამ ორივე გუნდის წარუმატებელ ასპარეზობას კი "მოეძებნება" ობიექტური მიზეზები, თუმცა, არამხოლოდ ჩვენი აზრია, რომ "ჩიხურასაც" და ბათუმის "დინამოსაც" ბევრად უკეთ შეუძლიათ ასპარეზობა...

შუქურა-კოლხეთი
ამ ოთხდღიანი ტურის დასკვნითი მატჩიც უდიდეს ინტერესს იწვევს და ეს იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს აუტსაიდერები უპირისპირდებიან; ერთი შეხედვით, "შუქურას" სატურნირო მდგომარეობა უიმედოდ მოჩანს, პლეი-აუტის ზონაში მყოფ "კოლხეთს" ხომ 11 ქულით ჩამორჩება.

თუმცა, ქობულეთელთა გუნდმა III წრეში ჩატარებულ სამივე მატჩში შეძლო გოლის გატანა. ეგ კი არა, "შუქურამ" წინა ტურში სტუმრად ქულის აღებაც მოახერხა "ჩიხურასთან" დაპირისპირებაში. ფაქტია, რომ ახალი მწვრთნელის, გიორგი შაშიაშვილის მოსვლის შემდეგ "შუქურას" მდგომარეობას მთლად უიმედო აღარ ეთქმის, თუმცა, მოგებებიც რომ აუცილებელია, არც ეს უნდა იყოს ვინმესთვის სადავო საკითხი - ქობულეთელთა გუნდს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს...

არავინ იცის, თუ როგორი სატურნირო მდგომარეობა ექნებოდა "კოლხეთს", ეს გუნდი საშინაო მატჩებს მშობლიურ ქალაქში რომ ატარებდეს; აღარაფერს ვამბობთ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას წინაშე მდგარ ლამის ყოველდღიურ პრობლემაზეც: წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო ფოთელთა გუნდს ხომ, ფაქტობრივად, არც ერთი მატჩი არ უთამაშია მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით.

ჰოდა, ამის გამოც არის, რომ ასე გაგრძელდა "კოლხეთის" მოუგებელი სერია: ფოთელთა გუნდს ეროვნულ ლიგაში უკვე 7 მატჩია არ მოუგია...

ეროვნული ლიგა. XXII ტური
10 აგვისტო
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 20:30. LIVE "II არხზე" 
დილა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =1 -2, 7-5
დისკვალიფიკაცია
ალექსანდრე კვახაძე (დილა)
I-II წრე 0:1, 1:0

11 აგვისტო
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 18:00
ლოკომოტივი-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
32: +7 =9-16, 23-41
I-II წრე 1:1, 0:2

12 აგვისტო
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 18:00
სამტრედია-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
35: +5 =3 -27, 22-85
დისკვალიფიკაცია
ლაშა თოთაძე (დინამო)
I-II წრე 0:2, 2:3

13 აგვისტო
ივანწმინდა. 18:00
ჩიხურა-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
10: +4 =3 -3, 9-6
დისკვალიფიკაცია
ლაშა ჩიკვაიძე (ჩიხურა)
I-II წრე 0:1, 0:0

ბათუმი. "რაგბი არენა". 20:00
შუქურა-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
8: +2 =3 -3, 11-14
დისკვალიფიკაცია
ვარლამ კილასონია (კოლხეთი)
I-II წრე 2:4, 0:0

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
dinamo samtrediashi tankebis wamoyvana ar dagaviwydet.. xo gagapazores.. mtelma saqatrvelom uyura pirvel arxze rogor waartvit samtredias chempionoba
goga
15:25 11-08-2017
0
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2017
#
გუნდი
1
დინამო (თბ)
22
16
2
4
39
50
2
ტორპედო
22
13
5
4
15
44
3
სამტრედია
23
13
5
5
12
44
4
ლოკომოტივი
22
10
3
9
8
33
5
ჩიხურა
22
10
3
9
-4
30
6
საბურთალო
23
10
3
10
4
33
7
დინამო (ბთ)
23
8
2
13
-9
26
8
დილა
22
5
7
10
-9
22
9
კოლხეთი 1913
22
4
7
11
-18
19
10
შუქურა
23
2
5
16
-38
11