შოთა თოფურია: რუმინეთი ძლიერი, მაგრამ მაინც ყველაზე სასურველი მეტოქეა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წლების სეზონის გამარჯვებული "სტუ-თელასი" გახდა. "ენერგეტიკოსებმა" ჩემპიონატის მთავარი ჯილდო ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში "ტატიშვილის" დამარცხებით (5:4) მოიპოვეს.

ტურნირის ორგანიზატორ SBM-ის სპორტულმა დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ მართალი თქვა - ლიგის ფინალმა ყველას აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს საფუძველი, ფუტსალი წარმატებული გუნდური სახეობა გახდესო...

სეზონის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალზე, ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელები დააჯილდოეს. საუკეთესო მოთამაშედ "სტუ-თელასისა" და საქართველოს ნაკრების წევრი შოთა (კუმანა) თოფურია დაასახელეს, რომელიც, ამავე დროს, 24 საგოლე პასით "საუკეთესო ასისტენტიც" გახდა.

"სასიამოვნოა პირადი ჯილდოები, მაგრამ ჩემპიონობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს, გადამწყვეტ მატჩში "ტატიშვილის" დარი ძლიერი გუნდის დამარცხების შემდეგ. ის მთელი ჩემპიონატის მანძილზე ლიდერობდა, მაგრამ ბოლოს შევძელით მობილიზება და ბრძოლის, ერთიანობის ხარჯზე გავიმარჯვეთ და ღირსეული ჩემპიონები გავხდით", - ამბობს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.

12 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩში ბუქარესტში რუმინეთს ესტუმრება, ხოლო 26-ში თბილისში მიიღებს და პირველად არსებობის ისტორიაში, შეეცდება ევროფორუმზე მოხვედრას. თოფურიას სანაკრებო თემაზეც ველაპარაკეთ:

"ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "სტუ-თელასმა" ვარჯიშები არ შეაჩერა და მხოლოდ ახლა დავისვენეთ, ისიც - მცირე ხნით. გუნდი რუსეთში ტურნირზე იმყოფებოდა, ნაკრების წევრები კი ავთო ასათიანმა დაგვასვენა, მაგრამ ვარჯიში არ შემიჩერებია. მალე გუნდიც შეიკრიბება და მერე სანაკრებო თამაშებიც დაიწყება.

ჩვენ საკმაოდ კარგი მეტოქე გვყავს - რუმინეთი ევროპის ჩემპიონატზე სულ თამაშობს, მსოფლიო რეიტინგში 22-ეა და მაღალი დონის ნაკრებად ითვლება. საფრანგეთს, ხორვატიას, ჩეხეთსა და პოლონეთს მისნაირი რეიტინგი არ აქვთ, მაგრამ უფრო პროგრესირებადი გუნდები არიან.

რუმინელებთან შეხვედრა უფრო მეტად ამიტომ გვსურდა, რადგან მათი ლიდერები უკვე ასაკში
You must have Flash Player installed in order to see this player.
შევიდნენ, 33-34 წლისანი არიან და გუნდიც ოდნავ "დამძიმდა". ბოლოს ელიტრაუნდიდან სასწაულით გავიდა. 7 წამით ადრე ფინეთთან 3:5-ს აგებდნენ, მაგრამ მეტოქის შეცდომებით ისარგებლეს, ანგარიში გაათანაბრეს და პლეი-ოფში გავიდნენ. სუსტი მეტოქე არ არის, ეს სადავო არ უნდა იყოს და მისი დამარცხება ურთულესი საქმე იქნება".

თოფურია გახარებულია, რომ ფუტსალის ნაკრების მიმართ ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა:

"ჩვენი ნაკრების წინსვლა ძალიან კარგია, მაგრამ არანაკლებ სასიხარულოა ხალხის დამოკიდებულების აშკარა შეცვლაც. იყო დრო, ჩვენი თამაშები არავის აინტერესებდა, ახლა კი, შესარჩევ მატჩებსა და ელიტრაუნდებზე ახალი სპორტის სასახლე ივსებოდა. ეროვნული ჩემპიონატიც აშკარად გამოკეთდა. ნაკრებზე გავლენას ესეც ახდენს.

ეს ყველაფერი წინა თაობების დამსახურებაც არის, რომლებმაც, გაჭირვებისა და უყურადღებობის მიუხედავად, ფუტსალი აქამდე მოიტანეს, იმავე "იბერიის", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალამდე გააღწია...

მაგრამ სანაკრებო ტურნირები მაინც სხვა ემოციებს იწვევს. ხალხი ყველაფერს ხედავს და აფასებს - ჩვენ ერთსულოვანი, მებრძოლი ნაკრები გვყავს და გულშემატკივარიც ამიტომ გამოგვიჩნდა. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

იმედია, რუმინეთთან გასვლით თამაშს კარგი შედეგით დავასრულებთ, საპასუხო შეხვედრაზე კი დარბაზი ისევ გაივსება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ყველა გავიხარებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული