ევროპალიგა. მეტოქე: სპლიტის "ჰაიდუკი" დროებით პირველია

AutoSharing Option
4 აგვისტოს სპლიტის "ჰაიდუკმა" გორის "დილასთან" საპასუხო მატჩამდე შინაურ პირველობაზე IV ტურის მატჩი გამართა.

იგორ ტუდორის ბიჭები მთავარ ლიგაში აღზევებულ "ჰრვატსკი დრაგოვოლიაცს" დაუპირისპირდნენ.

"პოლიუდზე" მხოლოდ 8 ათასამდე ქომაგმა მოიყარა თავი, რაც იმ გარემოებითაც უნდა აიხსნას (მარტო "დილასთან" მარცხს რომ არ მივაწეროთ), რომ "დრაგოვოლიაცი" დიდი ინტრიგის შემქმნელი ვერ იქნებოდა...

მასპინძელთა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა ფრანკო ანდრიაშევიჩი, რომელიც ქართულ გუნდთან შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ათამაშა 19 წლის ტომისლავ კიშის ნაცვლად.

ტუდორის სვლამ გაამართლა - 22 წლის ანდრიაშევიჩმა დაახლოებით 7-8 მეტრიდან ზუსტი დარტყმით გახსნა
ანგარიში. საგოლე კომბინაციაში იმავე კიშმა და მარკო ბენკუნმაც მიიღეს მონაწილეობა.

პირველი ტაიმი მთლიანად "ჰაიდუკის" უპირატესობით წარიმართა. ტუდორის გუნდს სხვა ეპიზოდებშიც შეეძლო გოლის გატანა. ისე კი, ონლაინრეპორტაჟისას იქაურმა ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა - "ჰაიდუკის" ფეხბურთელები თავს არ იკლავენ, ეტყობა, "დილასთან" თამაშზე უფრო ფიქრობენო...

მეორე ტაიმში სპლიტელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. თავი კვლავ ფრანკო ანდრიაშევიჩმა გამოიჩინა.

ამჯერად, მან ტინო სუშიჩის კუთხური აქცია გოლად, რითიც ცხადი გახდა, რომ "ჰაიდუკი" გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვებდა და "დილასთან" მატჩამდე გაწყობას შედარებით გამოიკეთებდა. თუმცა 75-ე წუთზე დანიელ ზლატარმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლო და მასპინძელი თამაშის ბოლომდე მაინც ანერვიულა...

ერთი სიტყვით, "ჰაიდუკმა" მაინც მოიგო და პირველ ადგილზე წამოსკუპდა, ოღონდ, 5 აგვისტოს ზაგრების "ლოკომოტივას" აქვს სათამაშო...

გიორგი გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირის 1000 წვრილმანი: რაღაცნაირი და ბრჭყვიალა
იმედიანი ზაფხული, ახალი "დილა" და ნუკრი რევიშვილის დაბრუნება

ჰაიდუკი-დილა. გამოხმაურება: ხორვატებმა რევიშვილი და ილურიძე გამოარჩიეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული