გიორგი ყიფიანი: ჩვენ რობოტები არ გვჭირდება!

AutoSharing Option
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველო-შვედეთის მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

5 ივლისს, "მიხეილ მესხზე" გამართულ შეხვედრაში ქართველმა 19-წლამდელებმა მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლიეს და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

- U19. საქართველო-შვედეთი 2:1 - თამაში, რომელსაც გადატრიალება შეუძლია [VIDEO]

გიორგი ყიფიანი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
- დიდი მადლობა ჟურნალისტებს! დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ჩვენსავით ნერვიულობდა. ამიტომ ყველას გილოცავთ! ეს გამარჯვება ყველასია! ჯგუფიდან გასასვლელად შვედეთთან მოგება იყო საჭირო. თოთოეულმა ფეხბურთელმა საამისოდ ყველაფერი გაიღო და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა,
რთული თამაში იყო, მაგრამ ეს ევროპის ჩემპიონატია...

- დღევანდელ შეხვედრაში უკეთ გამოჩნდა გუნდის შეტევითი პოტენციალი, ვიდრე პორტუგალიასთან. ეს მეტოქის დონემ განაპირობა?
- ჯგუფში 4 თანაბარი ძალის გუნდია. ფეხბურთელების მიმართ მინდა გამოვხატო პატივისცემა - პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ყველა ვფიქრობდით, რომ უკეთ შეგვეძლო თამაში, მოთამაშეებმა კი საკუთარი თავის ირწმუნეს და თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს.

- გვაქვს რესურსი, რომ ხარისხი თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესოთ?
- ახლა მთელი ყურადღება ჩეხეთთან მატჩისთვის მომზადებას დაეთმობა და უკეთ თამაშს ვეცდებით. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ძალების აღდგენა შევძლოთ და თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს.

- შემდეგი მატჩი საკმაოდ ძლიერ ჩეხეთთან გველის და გუნდი ძალების აღდგენას მოასწრებს?
- ჩვენ თანამედროვე აპარატურა და ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს, ძალები რომ აღვიდგინოთ, თუმცა ეს მაინც თითოეული ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

- ეპიზოდებში არაბიძე გუნდური ფეხბურთიდან ხომ არ იყო ამოვარდნილი?
- არაბიძეს, ჩაკვეტაძესა და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს საკუთარი ხელწერა აქვს. შესაძლოა, გიორგის რამდენჯერმე უფრო მარტივად შეეძლო თამაში, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ არაბიძე მატჩიდან იყო ამოვარდნილი. გიორგიმ შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარა და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. უბრალოდ, მე მას ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გუნდური თამაშია პრიორიტეტი.

გვინდა, ფეხბურთელთა ინდივიდუალური თვისებები გუნდურს შევუხამოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება არა რობოტები, არამედ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს გამოადგებიან.

- არაბიძესთან ურთიერთობა რთულია?
- ჩემს გუნდში არავის აქვს განსაკუთრებული პრიორიტეტი. რაც შეეხება კონკრეტულად არაბიძეს, ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ჩემთან ან თანაგუნდელებთან ურთიერთობა უჭირდეს.

- რამდენიმე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. გუნდში დისციპლინის პრობლემაა?
- დისციპლინის პრობლემა არ გვაქვს, ფეხბურთი ემოციური თამაშია და მიმაჩნია, რომ ეს ბარათებიც ემოციების ფონზე მივიღეთ.

- ჯგუფიდან გასვლის შანსზე რას იტყვით?
- შანსები ნამდვილად არის. ჩვენი მიზანი უცვლელია - საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გასასვლელად იბრძვის.

კლას ერიკსონი, შვედეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
- იმედგაცრუებული ვარ. პირველ ტაიმში კონცენტრაცია გვაკლდა ან ზედმეტად ვნერვიულობდით და სწრაფი გოლი გავუშვით. მეორე ნახევარში უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა საქართველომ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ ასაკში უმაღლესი დონის ტურნირზე ვთამაშობთ და უფრო მეტი ყურადღება გვმართებდა, ჩვენ კი კონცენტრაცია დაგვაკლდა. მიზანი ნახევარფინალში გასვლა იყო, რადგან ჯგუფში 4 თანაბარი დონის გუნდია. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
კოხრეიძე რატომ არ მოგწონთ ძალიან კარგად დაიხარჯა და კარგის მეტი არაფერი არ ითქმის მასზე, ბოლომდე იბრძოდა ყველა ბურთზე, უიმედო ბურთზეც კი ბრძოლობდა. არც არველაძე იყო ცუდი კარგად შემოვიდა. იტოკში მომწონს ამ გუნდის შემართება ყველას წარმატებას ვუსურვებ.
roma
09:57 08-07-2017
0
ჩეხები გამოგვცდიან. ბურთის დაჭერა და კომბინაციური თამაში, დალაგება , რასაც ქვია სათამაშო დისციპლინა აკლია გუნდს, ეს კი სამწვრთნელო შტაბის პრეროგატივაა. ვნახოთ, სწრაფი გოლი გვინდა თან 2, ტორე ბოლო 20 წუთი დავდგებით და შეტევის თავი აღარ გვექნება. აუცილებლად არველაძე უნდა დააყენოს თავიდანვე და და მალის ფრთაა გასაძლიერებელი, თორე არაფერიც არ გამოვა. მაგარი ძაღლი გუნდია ჩეხეთი ტრადიციულად, გერმანიისა არ იყოს ბოლომდე დგანან. წარმატებები. იტლიელმა მსაჯმა დაგვაღალატა.
vaso
12:54 07-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული