დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - აქ პრემიერლიგის მატჩიც გაფუჭდებოდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წარუმატებელი სტარტის შემდეგ სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ძირითადი შემადგენლობა შეცვალა. გია მანჯგალაძე ტრავმირებული იყო და მის ნაცვლად გიორგი დათუნაიშვილს ნახევარდაცვაში მცველი გურამ კასრაძე (საკადრო პრობლემების გამო წლეულს სამივე მატჩი ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაატარა) შეუწყვილა.

სამტრედიელთა შემადგენლობაში აღარ იყვნენ გიგი მჭედლიშვილი და გიორგი ბერიაშვილი, რომელთაც სათადარიგოთა სკამზე ადგილი გიორგი ახალაძემ და გურამ სამუშიამ გაუცვალეს.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უფრო მობილიზებული და მონდომებული "სამტრედია" ჩანდა, ხოლო მასპინძლებს ცეცხლი აკლდათ. ლოგიკური იყო, ანგარიშიც სტუმრებმა რომ გახსნეს.

მეორე ნახევარში სურათი შეიცვალა. მასპინძლები შედარებით გააქტიურდნენ.
მოედანზე შეცვლაზე შესული ვაკო თევდორაძე და პაპუნა ფონიავა ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ დინამოელებმა მხოლოდ ერთი რეალური სახიფათო მომენტი შექმნეს და ისიც ვერ გამოიყენეს. მასპინძელთა მოშიშვლებულ დაცვაში სუსტი წერტილი რამდენჯერმე ჩემპიონმაც მოძებნა, თუმცა შანსებით ვერც მან ისარგებლა.

საბოლოოდ, "სამტრედიამ" მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო საჩემპიონო სეზონში - ბათუმელები 1:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება გაიფორმა.

მთლიანობაში კი, მატჩი დაბალ ტემპში რომ მიმდინარეობდა და სანახაობრივი მხარეც აშკარად მოიკოჭლებდა, ეს გასაკვირი არც იყო - მოედნის საფარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ინგლისის პრემიერლიგის მატჩებიც რომ ჩატარდეს, იქაური ტრადიციული მაღალი ტემპი აქაც დაიკარგება...

მატჩის სტენოგრამა
6' - კარში იაროსლავ კვასოვი ურტყამდა, თუმცა მიზანს ააცილა.
9' - საჯარიმოს სიახლოვიდან დავით რაჟამაშვილმა დაარტყა, მაგრამ უშედეგოდ.
17' - შეტევაში კარგად ჩაერთო რუდოლფ სუხომლინოვი და კარის წინ მარტო დარჩენილი გურამ სამუშია მოძებნა, მაგრამ ცენტრალურმა მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და ბათუმელები აშკარა გოლისგან იხსნა.
30' - ჟოვინიო ფლამარიონის შორეული დარტყმა ძლიერი მაგრამ არაზუსტი გამოდგა.
34' - გოლი! "სამტრედიას" აქტიურობამ შედეგი გამოიღო. საჯარიმოსთან ბურთი მიიღო გურამ სამუშიამ, ცენტრისკენ დაიძრა, თორნიკე თარხნიშვილს გაცდა, გელა გოგიტიძემ დაზღვევა ვერ მოასწრო და "მოჭრილი" დარტყმით ანგარიში გაიხსნა - 0:1.
40' - ჟოვინიომ კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილი პაპუნა ფონიავა მოძებნა, რომელსაც ჯემალ გოგიაშვილი ჩაუწვა ფეხებში და ვითარება განმუხტა.
64' - სამტრედიელებს სწრაფი შეტევის განვითარების შანსი ჰქონდათ - 3 შემტევი მასპინძელთა 3 მცველის წინააღმდეგ, თუმცა სწორი გაგრძელება ვერ მოიძებნა და ბათუმელები გადარჩნენ.
67' - მასპინძელთა რეალური შანსი. ფონიავამ მარჯვენა ფლანგზე "კედელი" გაუთამაშა ვაკო თევდორაძეს, რომელმაც კარის წინ კვასოვი მოძებნა, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმული მიზანს ასცდა.
79' - ბათუმელები მეორე გოლს გადაურჩნენ! კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთი ანატოლი ტიმოფეევს ხელიდან გაუვარდა, მაგრამ გოგიაშვილმა მახვილი კუთხიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო.
90+2' - სუხომლინოვის მიერ 25 მეტრიდან დარტყმული ჯარიმა "კედელს" მოხვდა, ბურთი გიორგი დათუნაიშვილს მიუგორდა, რომელმაც მიზანს ააცილა.

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. III ტური
19.03. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1
გოლი: 0:1 გ. სამუშია (34)
ბათუმი (4-2-3-1): ტიმოფეევი - ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი - შონია, თარხნიშვილი - ჯოვინო ფლამარიონი (61. თევდორაძე), ქავთარაძე (46. კენედი), ფონიავა - კვასოვი (77. კვანტალიანი).
სათადარიგოები: რ. ტაკიძე, ფარტენაძე, გორელიშვილი, ნ. მგელაძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - სუხომლინოვი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე (88. მჭედლიშვილი) - კასრაძე, დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, გ. სამუშია (72. დ. ჯიქია) - ჩაგელიშვილი (80. ბერიაშვილი).
სათადარიგოები: დაუშვილი, მთივლიშვილი, ნინუა, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: ჩაგელიშვილი (39), გოგიაშვილი (63), თარხნიშვილი (65)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

მომდევნო ტური
1-ლი აპრილი
შუქურა-კოლხეთი
ლოკომოტივი-ტორპედო
დილა-საბურთალო

2 აპრილი
სამტრედია-დინამო (თბ)
ჩიხურა-დინამო (ბთ).

ეროვნული ლიგა 2. III ტური
ვიტ ჯორჯია-გაგრა 0:4
სიონი-ცხინვალი 2:1
მერანი-მეშახტე 5:0
გურია-სამგურალი 1:0
რუსთავი-ზუგდიდი 1:1

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სიონი 3 3 0 0 5-1 9
2. მერანი 3 2 1 0 8-1 7
3. ვიტ ჯორჯია 3 2 0 1 6-4 6
4. გაგრა 3 1 1 1 4-2 4
5. რუსთავი 3 1 1 1 6-6 4
6. მეშახტე 3 1 1 1 4-8 4
7. გურია 3 1 0 2 3-5 3
8. სამგურალი 3 1 0 2 4-6 3
9. ცხინვალი 3 0 1 2 4-7 1
10. ზუგდიდი 3 0 1 2 1-5 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მერაბ
რატომ ღია ტექსტით არ წერ, რომ ამ სტადიონზე და ამ საფარის გამოყენებით ფეხბურთის მატჩის ჩატარებაზე უფლების მიცემა სფფ-ს მხრივ არის მავნებლობა და განგებ ფეხბრუთელთა ჯანმრთელობის ხელყოფის მცდელობა? რატომ თავის სახელს არ არქმევ ყველაფერს?
სინდისი მთლად დაკარგა იაშვილმა, მუჯირმა და კობიაშვილმა?
M.S.
19:34 20-03-2017
0
მატჩის შემდგომ კომენტარებს რატო არ წერთ? არცერთ სტატიაში არ წერია
0

სიახლეები პოპულარული